ქრისტიანი ვარ, რაფაელი მქვია
წმინდა მოწამეები. კუნძული მიტილენე (ლესბოსი) ცნობილი იყო როგორც ანტიკურ, ისე ქრისტიანულ სამყაროში. 47 წმინდანს უცხოვრია ამ მიწაზე.
ამ კუნძულმა უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის მას შემდეგ, რაც აქ მოიპოვეს ნაწილნი წმინდა მოწამეთა: რაფაელისა, ნიკოლოზისა და ირინესი. სოფელ თერმის ზემოთ, ბორცვზე, რომელსაც კარიესის ღვთისმშობელს ეძახიან, საუკუნეების მანძილზე აძოვებდნენ ფარას. ერთი პატარა ეკვდერის გარშემო მიმოფანტული იყო ნათელი ქვები, რომლებიც მოწმობდნენ, რომ ოდესღაც აქ წმინდა სავანე იყო. აქ ხშირად საოცარ კეთილსურნელებას გრძნობდნენ. ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს ამოდიოდნენ ქრისტიანები და ლიტურგიას იხდიდნენ. მწყემსები და სოფლელები ჰყვებოდნენ უცნობ მონაზონზე, რომელსაც ზოგჯერ ხელთ საცეცხლური ეპყრა და მიახლოებისას უჩინარი შეიქმნებოდა ხოლმე. უნახავთ არამიწიერი ბრწყინვალება თვითონ ეკვდერის თავზე. ზოგჯერ ბორცვიდან გალობის და ზარების რეკვის ხმა ისმოდა.
1917 წელს თურქეთის მმართველმა ადგილობრივ პოლიციას ამ ამბის გამოძიება უბრძანა. უფროსმა, მას მერე, რაც საკუთარი თვალებით დაინახა ის ბერი, გამოძიებას თავი ანება.
თერმელი ბარბარე ჰყვებოდა, რომ ეს არამიწიერი ბერი ბავშვობაში უნახავს. ერთხელ თურმე საყვარელი ბატკნის ძებნაში კარიესამდე მივიდა. ამ დროს მიუახლოვდა უცნობი მღვდელი. ბავშვმა ჰკითხა: - მამაო, ჩემი ბატკანი ხომ არ გინახავსო. ბერმა გაუღიმა და გაქრა. იმწამსვე მისკენ ისკუპა ბატკანმა. გოგონას უცნობ ბერზე გვიანობამდე არავისთვის უთქვამს - ეშინოდა, გიჟად არ ჩამთვალონო.
70 წლის ჰერაკლია აქ 1959 წელს მოვიდა, წმინდა ნაწილების მოპოვებიდან 9 წლის მერე. მან მონასტრის იღუმენიას საოცარი ამბავი უამბო. მისმა ღარიბმა მშობლებმა გოგონა ერთ მდიდარს მისცეს მსახურად. 15 წლის გოგონას ხშირად აიძულებდნენ, მიტილენედან თერმამდე 14 კმ ფეხით გაევლო და იქ გროშების ფასად ზეთისხილის კრეფაში მიხმარებოდა სხვა ფერმერებს. "ბატონმა ვირის წაყვანა დამავალა, - ჰყვებოდა იგი, - ერთ დღეს, ზეთისხილის კრეფისას, კოკისპირული წვიმა წამოვიდა... გაისმა ჭექა-ქუხილის ხმა, ამოიჭრა ქარი. მკრეფავები თავშესაფრისკენ გაიქცნენ, მეც მათ მივყევი და თან ზეთისხილით დატვირთულ ვირს მივათრევდი. უეცრად ვირმა წაიფორხილა და წაიქცა. ვერ წამოვაყენე. შეშინებულმა ყვირილი დავიწყე: "ჩემო ღვთისმშობელო, ჩემო წმინდაო ანგელოზო, გადამარჩინეთ, შემიწყალეთ". ღვთისმშობლის საყდართან ვეებერთელა მუხის ხის წინ ვიდექი. უეცრად მაღალი, ძველებურად შემოსილი მღვდელი დავინახე. მითხრა "ნტურ" ანუ "გაჩერდი". მოვიდა ჩემთან. გავიფიქრე: - რა უცნაურია, რომ მის გარშემო არ წვიმს-მეთქი. "ნუ გეშინია, - დამამშვიდა, - ქრისტიანი ვარ, რაფაელი მქვია". წამისყოფაში გამომართვა ტვირთი და ვირის უნაგირზე მოათავსა, რაღაცნაირად მიამაგრა, ისე, რომ არ მიუბამს. მერე მითხრა: - პირდაპირ ბილიკს გაჰყევი და ნურაფრის შეგეშინდებაო. ჩემთან ერთად ორი-სამი ნაბიჯი გადადგა და უჩინარი შეიქმნა საკვირველი ნათლის ბრწყინვალებაში, რომელიც ზეცამდე აღწევდა. გონს მოვედი, მივხვდი, რომ იგი წმინდანი იყო, ჯვარი გამოვისახე და ჩემი ვირით სოფელში წავედი.
1921 წელს, საბერძნეთსა და თურქეთს შორის მოსახლეობის გაცვლის მერე, ეს ფერდობი, ადრე თურქებს რომ ეკუთვნოდა, მარანგასების ლტოლვილ ოჯახს მისცეს. 1959 წელს ოჯახის დედის, ანჟელიკას აღთქმისაებრ, აქ პატარა ტაძარი ააშენეს. სამ ივლისს, საძირკვლის გათხრისას, მუშები საფლავს წააწყდნენ - შიგ ადამიანის ძვლები აღმოაჩინეს, რომლებიც კეთილსურნელებდნენ. თავი ჩასვენებული იყო ქვის ბალიშში, სხეულიდან დაახლოებით 25 სმ-ის მოშორებით. ხელები ჯვრის სახით ჰქონდა მკერდზე, როგორც ლოცვისას, პატიოსან თავის ქალას ყბის ძვლები აკლდა. საფლავში ასევე იპოვეს ჯვრიანი ბიზანტიური კერამიკული ფირფიტა.
ბრიგადირმა დუკას თსოლაკისმა ძვლები ტომარაში უპატიოდ ჩაყარა. როცა ტომრის აწევა მოისურვა, ძვრა ვერ უყო. მეორედაც სცადა აწევა და ხელი დაუდამბლავდა. მეორე მუშამ, ლეონიდასმა, ტომარას ფეხი წაჰკრა და გაუშეშდა. შეშინებულმა ბრიგადირმა გაიფიქრა, ალბათ წმინდანიაო და ჯვრის გამოსახვა მოისურვა. ხელი დაემორჩილა. მაშინვე სოფელში გასწიეს და მღვდელს პანაშვიდის გადახდა სთხოვეს. მღვდელმა უარი უთხრა: - მისი სახელიც კი არ ვიციო. იმავე ღამეს წმინდანი გამოეცხადა ამ მღვდელს და ზოგიერთ იქაურს და აუწყა, რომ მისი სახელია რაფაელი და დაიბადა კუნძულ ითაკაზე. ამგვარ სიზმრებს ხედავდნენ ადგილობრივი მცხოვრებნი რამდენიმე თვის განმავლობაში, ზოგჯერ - ერთსა და იმავე სიზმარს ერთსა და იმავე ღამეს ორი ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ადამიანი. თითოეულ ამგვარ სიზმარში წმინდანი ეუბნებოდა: "მე წმინდა მოწამე რაფაელი ვარ, ძვლები რომ აღმოაჩინეთ - ჩემია. 1463 წლის 9 აპრილს თურქთა ხელთაგან მოწამებრივად აღვესრულე. მე ის მონაზონი ვარ, საუკუნეების მანძილზე ხალხს რომ აცოცხლებდა..."
გავიდა რამდენიმე კვირა მას შემდეგ, რაც წმინდანმა სიზმრეულ ჩვენებებში დაიწყო გამოცხადება. მალე მისი ცხოვრებაც გამომჟღავნდა. ერისკაცობაში მას გიორგის ლასკარდიდისი ერქვა და შეძლებული ოჯახის შვილი იყო. კარგი განათლება მიიღო, ერთხანს ჯარში მსახურობდა, მერე ბერად შედგა. მალე მღვდლად დაასხეს ხელი და ათენის ერთ-ერთ ეკლესიაში გაგზავნეს. შემდეგ კი მსოფლიოს საპატრიარქოს არქიმანდრიტი გახდა. ერთხელ საღვთისმეტყველო კონფერენციაზე გაგზავნეს საფრანგეთში, სადაც გაიცნო ბერძენი სტუდენტი ნიკოლოზი. რაფაელმა მისი ცხოვრების არჩევანზე დიდი გავლენა მოახდინა. ნიკოლოზი ბერად აღიკვეცა და მალე დიაკვნადაც აკურთხეს. არქიმანდრიტი რაფაელი და ნიკოლოზი დამეგობრდნენ და ერთმანეთს აღარ გაშორებიან.
როცა 1453 წელს კონსტანტინოპოლი თურქებმა აიღეს, ისინი მიტილენეში გაიქცნენ, რომელიც ჯერ არ იყო ოკუპირებული და ღმრთისმშობლის შობის მონასტერში დასახლდნენ. მათ გარშემო ნელ-ნელა შეიკრიბნენ ბერები. კუნძულის მმართველი თურქებს ხარკს უხდიდა და სულთანიც ხელს არ ახლებდა. 1462 წელს სულთანმა კუნძული მაინც დაიპყრო. 1463 წელს თერმში პატარა ჯანყი მოხდა და ოკუპანტები მონასტერში შემოვიდნენ. ვნების შვიდეულის პარასკევს თურქებმა შეიპყრეს წინამძღვარი რაფაელი, დიაკვანი ნიკოლოზი, მონასტერში დამალული თერმის თავკაცი ბასილი ოჯახით და მასწავლებელი თეოდორე. დანარჩენი ქრისტიანები ტყეში გაიფანტნენ.
ბასილის ქალიშვილს, 12 წლის ირინეს, ხელი მოჰკვეთეს და ცდილობდნენ, ამით მისი მშობლებისთვის ეთქმევინებინათ აჯანყებულთა ადგილსამყოფელი. შეძრწუნებული მშობლები უცქერდნენ, როგორ შეწვეს ცოცხლად მათი ქალიშვილი დიდი თიხის ქვაბში, მაგრამ არავინ გაუციათ. ბასილი, მისი ცოლი და თეოდორეც მოწამებრივად აღესრულნენ.
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს თურქებმა სასტიკად სცემეს წმინდა რაფაელს. თმითა და წვერით ათრიეს. რამდენჯერმე ხიშტი ჰკრეს, ხეზე ფეხებით ჩამოკიდეს და ყბა გაუხერხეს, რის მერეც ის გარდაიცვალა. მეგობრისა და წინამძღვრის ტანჯვის შემხედვარე ხეზე მიბმულ დიაკონ ნიკოლოზს გული გაუსკდა. მონასტერი მტერმა გადაწვა და წავიდა. შემდეგ ღამეს ორმა მონაზონმა, მთებში რომ იმალებოდნენ, მოიყვანა სოფლის მოხუცი მღვდელი და წესი აუგეს მოწამეებს. წმინდა რაფაელი ტაძრის ცენტრალურ ნაწილში დაკრძალეს. 500 წელზე მეტი იქაურები ყოველწლიურად ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს მოილოცავდნენ მათ საფლავებს.
მას შემდეგ, რაც მოიპოვეს მათი წმინდა ნაწილები, წმინდა რაფაელი, ნიკოლოზი და ირინე მრავალს გამოეცხადნენ. ზოგჯერ ერთად მოდიან, ზოგჯერ - სათითაოდ. უფროსებს უფრო მეტად ძილში ეცხადებიან, ბავშვებს - ზოგჯერ ცხადშიც. უფრო ხშირად ხალხი წმინდა რაფაელს ხედავს. მათივე თქმით, იგი მაღალი, შუახნის ბერია, შავი ხუჭუჭა თმით, ოდნავ მოდრეკილი ცხვირით, მოკლე, ჭაღარაშერეული შავი წვერით და ცისფერი თვალებით. ზოგჯერ სრულად შემოსილი ეცხადება, უფრო ხშირად უბრალო ბერის სამოსით. წმინდა ნიკოლოზი მასზე დაბალია, სრული, ქერათმიანი, ირინე კი ისეთივეა, როგორიც მაშინ, როცა აწამეს: 12 წლის სუსტი გოგონა, უფრო ხშირად აცვია ყვითელი კაბა, თმა კი ორ გრძელ ნაწნავად აქვს შეკრული.
წმინდა რაფაელი ერთ-ერთ პირველს გამოეცხადა ეკატერინე ლიტრას. 1997 წელს, როცა ის დედა მაგდალინამ (ვისი წიგნითაც მოგითხრობთ მიტილენეს სიწმინდეებზე) მოინახულა, 80 წელს იყო მიღწეული და შინ პატარა ხატსაწერი სტუდია ჰქონდა. იგი ავტორია წიგნისა: "საუბრები ახალგამოჩენილ მოწამე რაფაელთან..."
წიგნი მიტილენელი ეპისკოპოსის იაკობისა და არქიმანდრიტ ამბროსის წინასწარმეტყველებებით იწყება და მასში მოთხრობილია წმინდა რაფაელის გამოცხადებები და დარიგებები, ის, რაც პირადად მას ეხება და ასევე ახალდაფუძნებული მონასტრის მშენებლობას.
"ეკატერინესთან სტუმრობა ძალზე საინტერესო გამოდგა, - ჰყვება დედა მაგდალინა, - ეს სახლი თითქოს ღიაა ყველასთვის. ირგვლივ ბავშვები დარბოდნენ, მეზობლები მის სამზარეულოში თავს შინაურულად გრძნობდნენ. მოდიოდნენ მასთან ბერიკაცები და დედაბრები სადილსა და ვახშამზე. ეკატერინე მათ მშვიდად და სიყვარულით ემსახურებოდა. ვკითხე, მოხუცები შენთან სადილისთვის რატომ მოდიან-მეთქი. მითხრა, - მას შემდეგ, რაც წმინდა რაფაელმა დაიწყო გამოცხადება (1960-იან წლებში), დამარიგა: შენ საკმაოდ გაქვს არსობის პური და ყოველდღე უნდა გამოკვებო გლახაკებიო.
ეკატერინე ჰყვებოდა, მოწამეთა წმინდა ნაწილების მოპოვების შემდეგ მთელი სამი წელი მათი საფლავებიდან მირონის სურნელი იფრქვეოდა. ეკატერინე მთელ მსოფლიოში გზავნის მონასტრის ნაკურთხი წყლით გაჟღენთილ ბამბის პატარა ფთილებს. ერთმა კიბოთი დაავადებულმა ავსტრალიელმა დედაკაცმა ეკატერინესგან კონვერტით მიიღო ბამბის ფთილა. მთელ ოთახს კონვერტიდან ამოფრქვეული მირონის სურნელი მოედო. ქალმა ამ ბამბის პატარა ნაჭერი გადაყლაპა და განიკურნა.
ერთ საინტერესო ამბავს მოჰყვა ეკატერინე. წმინდა რაფაელის მონასტერში ორი სნეული მღვდელი მოვიდა განკურნების იმედით. ისინი სამხატვრო სახელოსნოში ესტუმრნენ ეკატერინეს, საიდანაც ჩანდა ხატების კუთხე. ისინი წმინდა რაფაელზე საუბრობდნენ. უეცრად წმინადნი ხატების წინ მდგარი გამოეცხადათ და აკურთხა ისინი, მერე კი უჩინარი შეიქმნა. სამივემ დაინახა წმიდანი. მღვდლებმა მაშინვე იგრძნეს, რომ განიკურნენ. ეკატერინემ მერე ის ადგილი შემოზღუდა, სადაც წმინდანი იდგა.
საინტერესოა მიტილენეს მონასტრის აღორძინების ისტორია. წმინდა ნაწილების მოპოვების შემდეგ წმინდა რაფაელმა გამოცხადებით ზოგიერთ ქრისტიანს უთხრა, რომ მონასტრის აღორძინებას სათავეში უნდა ჩაუდგეს დედა ევგენია, რომელიც ადრე ქიოსზე მონასტრის იღუმენია გახლდათ. თვითონ ევგენიასაც გამოეცხადა წმინდა რაფაელი და იგივე აუწყა. დედა ევგენია დათანხმდა ამ მორჩილებას და უკვე 1963 წელს მონასტერმა ოფიციალური სტატუსი მიიღო. ახლა მონასტერში ორმოცამდე მონაზონია, ბევრი მათგანი დედა ევგენიამ წმინდა რაფაელის გამოცხადებითა და თხოვნით მიიღო.
წმინდა ღირსმოწამე ოლიმპიადა და დანი მისნი. წმინდანთა საფლავების შორიახლო მოიპოვეს წმინდა მოწამე ოლიმპიადას ნაწილები. მისი ცხოვრება ჩვენებით მოუთხრო ეკატერინეს წმინდა რაფაელმა და დაადასტურა, რომ აქ ადრე დედათა მონასტერი იყო, რომელიც XIII საუკუნეში დაანგრიეს მეკობრეებმა. მათ ხეზე ჩამოკიდეს და ცოცხლად დაწვეს დედა ევფროსინია, 30 მონაზონი გააუპატიურეს და მოკლეს მათი იღუმენია, დედა ოლიმპიადას დიდი სანთლებით წვავდნენ და ყურებში გავარვარებულ ლურსმნებს უყრიდნენ. მისი წმინდა ნაწილები სხვებთან ერთად ტაძრის ლუსკუმაში ინახება. ტაძარში დაცულია ნაწილი ყავარჯნებისა და ჩაჩქანისა, რომლებიც აქ განკურნებულმა ერისკაცებმა და შეწევნამიღებულმა სამხედროებმა დატოვეს. უმეტეს ნაწილს დები ცალკე ოთახში ინახავენ. ტაძარში, სადაც ყავარჯნებია, მიწაში ჩაფლულია ის ვეებერთელა ქვაბი, რომელშიც აწამეს წმინდა ირინე.
როგორც ამბობენ, სნეულებთან უმეტესად წმინდა რაფაელი მიდის და აუწყებს განკურნებას. გთავაზობთ ხუთ სასწაულს იღუმენია ევგენიას წიგნიდან.
პირველი სასწაული. 1959 წელს, როცა წმინდა რაფაელის ნაწილები მოიპოვეს, სოფელ თერმში ერთი დედაკაცი, პარასკევა, სიკვდილის პირას იყო მისული. მისი სამი ქალიშვილი კარიესში, ეკვდერში მივიდა და შეწევნა სთხოვა ახალგამოჩენილ წმინდანს. იმავე ღამეს ამ დედაკაცს დაესიზმრა ვინმე ბერი, რომელმაც უთხრა: "მოდი, თაყვანი ეცი ჩემს ნაწილებს და განგკურნავ". დილით ქალიშვილებმა დედა ეკვდერში მიიყვანეს, ეამბორნენ წმინდა ნაწილებს და ქალი სრულიად გამოჯანმრთელდა.
რწმენით განკურნება. ამის მერე მალევე სასწაული შეემთხვა კარიესელ ბასილიკას. მას საშინელი ტკივილები ჰქონდა მუცლის არეში და ოპერაციისთვის ემზადებოდა. წინა დღეებში წავიდა ეკვდერში, ილოცა ღვთისმშობლის ხატისა და წმინდა რაფაელის ნაწილთა წინაშე და სახლში დაბრუნდა. ქმარი და მამამთილი გაუწყრნენ, ასეთმა დასუსტებულმა წასვლა როგორ გაბედეო. ბასილიკას ატირებულს ჩაეძინა. ძილში წმინდა რაფაელი გამოეცხადა (იგი საწოლთან იჯდა): "ნუ ტირი, ბასილიკა. მე წამებით მომკლეს ქრისტესთვის, შენ კი ჩემ გამო გამოგლანძღეს. მე მათ ვაჩვენებ, რომ ცდებიან. წმინდა რაფაელმა რამდენიმეჯერ ჯვარი გამოსახა ბასილიკას მტკივან მუცელზე და უთხრა: - ჯანმრთელი ხარ. იარე შენი გზით, ჩემო შვილო. მე კიდევ გიშუამდგომლებ ღვთის წინაშე. დილით ქალმა თავი კარგად იგრძნო, გამოჯანმრთელდა.
ავსტრალიელი მორჩილი. იღუმენია ევგენია ჰყვებოდა, რომ მისი ერთი მონაზონი, ავსტრალიაში გაზრდილი მარიამ ადამაკისი, წმინდა რაფაელის შუამდგომლობით მოვიდა. ერთხელ ღამით, როცა იღუმენია ლოცულობდა, უეცრად დაინახა, რომ უცხო ქვეყანაში, უცხო ოთახში იდგა. იმავე ოთახში მუხლმოდრეკით ლოცულობდა უცნობი გოგონა. წმინდა რაფაელი, რომელიც იქვე ოთახში იყო, მიუბრუნდა დედა იღუმენიას და უთხრა: - შენ უნდა მიიღო მარიამიო. შემდეგ გოგონას მხარზე მსუბუქად უბიძგა და უთხრა: "წადი, შენ იქ კარგ საძოვარს იპოვიო". გონს რომ მოვიდა, იღუმენიამ სიზმარი დებს მოუყვა. რამდენიმე თვე ელოდნენ მარიამის მოსვლას. რადგან არც მისი გვარი იცოდნენ და არც მისამართი, ბუნებრივია, ვერ უკავშირდებოდნენ. როცა მარიამი ბოლოს და ბოლოს მოვიდა, მანაც მოჰყვა თავისი ხლვა. ზედმიწევნით აღწერა იგივე სცენა, რომელიც იღუმენიასთან ერთად იხილა შორეულ ავსტრალიაში.
ტუბერკულოზისგან განკურნება. 1961 წლის სექტემბერში მიტილენელი მარიამი თავისი ქმრისთვის ლოცულობდა, რომელიც ტუბერკულოზის ბოლო სტადიით იტანჯებოდა. ერთ საღამოს მხურვალედ შესთხოვა წმინდა რაფაელს ქმრის განკურნება. მიეძინა. ძილში წმინდა რაფაელი იხილა ოქროს კოლოფით ხელში. ის მივიდა მის ქმართან, ილოცა და ჯვარი გადასახა. მარიამმა წაიჩურჩულა: - ცოტა ხანს კიდევ იყავი ჩემს სახლშიო. წმინდანმა უპასუხა: - მე უნდა წავიდე, კიდევ ერთი კაცი მყავს განსაკურნებელიო და უჩინარი შეიქმნა. მარიამის ქმარმა მეორე დღეს სრულიად ჯანმრთელმა გაიღვიძა. ექიმებმაც დაადასტურეს მისი სრული განკურნება.
დამწვრობისგან განკურნა. ერთი ბერძენი ჰყვებოდა: 1969 წელს ჩემმა შვილმა კოსტასმა თავის ორ მეგობართან ერთად საშინელი დამწვრობა მიიღო - გაუსკდათ მდუღარე ცხიმიანი ქვაბი. ექიმებმა - ვერ გადარჩება. ღვთის სასწაულით თუ გადარჩა, პარალიზებული და მეხსიერებადაკარგული დარჩებაო. მთელი გულით დავუწყე ვედრება წმინდა რაფაელს, შევთხოვე, შეიწყალე ჩემი შვილი და თუ ეს შეუძლებელია, დაე, ღმერთმა ამ საღამოსვე წაიყვანოს იგი და ორივე დაგვიხსნას ამ სატანჯველისგან-მეთქი.
იმავე ღამეს ძილ-ღვიძილში ვიხილე თეთრანაფორიანი წმინდა რაფაელი, რომელმაც მითხრა: "მაგდალინა, კოსტასი განიკურნება და კვალიც არ დარჩება დამწვრობისა, ისე დაბრუნდება შინო". ჩემმა შვილმაც იმავე ღამეს ნახა წმინდა რაფაელი, მას მოეჩვენა, რომ წმინდანმა თავიდან ფეხამდე გააძრო გაშავებული ტყავი და უთხრა: "შენ უკვე ჯანმრთელი ხარო". კოსტასმა დაიწყო გამოჯანმრთელება და ორ კვირაში საავადმყოფოდან გამოეწერა ყოველგვარი ნაიარევის გარეშე! ექიმებმა აღიარეს, რომ უდიდესი სასწაული მოხდა.
ჰეპატიტისგან განკურნება. ერთი ბერძენი მამაკაცი ჰყვება: "42 წლის ვიყავი და ქრონიკული ჰეპატიტის განსაკუთრებული ფორმით ვიტანჯებოდი, რომელიც ღვიძლის ციროზით მთავრდება. ვიცოდი, რომ უახლოეს მომავალში სასწაული თუ არ მოხდებოდა, მოვკვდებოდი. გაზეთებში წავიკითხე წმინდა რაფაელის შესახებ. მივედი მონასტერში, ვილოცე, მაგრამ მაშინვე არ განვუკურნივარ, ალბათ იმიტომ, რომ ნაკლებად რელიგიური ვიყავი და ბავშვობიდან არ ვზიარებულვარ.
შინ დავბრუნდი, ოთახში ხატები დავკიდე. ღმერთს, ღვთისმშობელსა და მოწამე რაფაელს შევთხოვდი განკურნებას. რამდენიმე დღის შემდეგ წერილი მივიღე ჩემი ნაცნობის, ლესბოსელი ეკატერინე ლიტრასგან. მწერდა, რომ გამოეცხადა წმინდა რაფაელი და სთხოვა, ჩემთვის წერილი მოეწერა. სამჯერ მეთქვა აღსარება, სამჯერ ვზიარებულიყავი და განვიკურნებოდი. ასეც მოვიქეცი. იმავე წლის ივნისის ბოლოს 26, 27 და 28 ივნისს სიკვდილის პირას მყოფს სამჯერ გამომეცხადა წმინდა რაფაელი. თითოეულ ამ დღეს, საღამოს მიძინებულს გამომეღვიძა და მომესმა ხმა, რომელიც მეტყოდა, ოთახში წმინდა რაფაელი იმყოფებაო. მთელი არსებით ვგრძნობდი მის სიახლოვეს, ვგრძნობდი, როგორ მეხებოდა მტკივნეულ ადგილზე, თუმცა ვერაფერს ვხედავდი გაქვავებული. ამ სამი გამოცხადების გარდა არაფერი მომხდარა, მაგრამ სწორედ მათ შემდეგ სრულიად გამოვჯანმრთელდი. სპეციალისტებმა და ჩემმა პირადმა ექიმმა, წლობით რომ თვალს ადევნებდნენ ჩემი ავადმყოფობის განვითარებას, ჩამიტარეს ანალიზები, რენტგენული გამოკვლევა და დაადასტურეს გამოჯანმრთელების ფაქტი, რის გამოც სიცოცხლის ბოლომდე ვარ ღვთისა და მისი წმინდანის მადიდებელი".
წმინდა ირინეს გამოცხადება. ათენის საავადმყოფოში იწვა ფეხმოტეხილი კაცი. საშინელი ტკივილებით შეწუხებული ევედრებოდა წმინდანებს და შეწევნას სთხოვდა. შუაღამისას გამოეცხადა 12 წლის ირინე, ყვითელკაბიანი, ნაწნავიანი და უთხრა: "ასე ძლიერ რად წუხხარ? განა არ იცი, რომ წმინდა რაფაელმა გაცილებით საშინელი ტკივილი დაითმინა, ვიდრე შენ ახლა? უნდა ეცადო, ყველაფერი, დიდი ვაჟკაცობით დაითმინო". წამის მერე კი დაუმატა: "თუმცა, ჩვენ მაინც დაგეხმარებითო". ჯვარი გამოსახა და უჩინარი შეიქმნა. კაცს კი ტკივილი საგრძნობლად შეუმცირდა.
მთავარანგელოზ მიქაელის მონასტერი. ქალაქ მიტილენეს ჩრდილო-დასავლეთით, ერთი საათის სავალზე, სოფელ მანდამადოსში მდებარეობს მონასტერი, რომელსაც ტახიარხეს ("მთავარანგელოზი") ეძახიან და წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელზეა აგებული. არაბი მეკობრეები ხშირად ესხმოდნენ თავს კუნძულ კრეტის მცხოვრებთ. მათი გამოჩენისას მოსახლეობა კუნძულის სიღრმეში იმალებოდა. მეკობრეებმა ეს იცოდნენ და ცდილობდნენ გაერკვიათ მათი ადგილსამყოფელი. მთავარანგელოზ მიქაელის მონასტერში რამდენიმე მონაზონი იყო დატოვებული მონასტრის მისახედად. გაზაფხულზე მიტილენეში მოსული მეკობრეები ბერებს დაემუქრნენ, - დაგხოცავთ, თუ საიდუმლო სოფლებს არ მიგვასწავლითო. მონასტრის ძმებმა ხალხის გაცემას სიკვდილი არჩიეს. მეკობრეებმა ყველა ამოხოცეს ერთი ბერის გარდა, რომელიც მეზობლად ბორცვზე მუშაობდა. მონასტერში დაბრუნებულს საშინელი სურათი დახვდა. ბერი სახურავზე ავიდა და გახედა - მტერი წავიდა თუ არაო. სარკინოზებმა ბერი შეამჩნიეს და მის მოსაკლავად მობრუნდნენ. მათ წინ გაჩნდა მთავარანგელოზი მიქაელი და მონასტერს აბობოქრებული წყალი შემოარტყა, რომ მეკობრეებს მასთან მისვლა ვერ შეძლებოდათ. ზოგიერთი ცნობით, ისინი წყალში ჩაიხრჩვნენ. ბერმა სულიერი ძმები მიწას მიაბარა, სისხლისგან გადაწითლებული მიწა მოზილა და მთავარანგელოზ მიქაელის რელიეფური ხატი გამოძერწა. ხატი დღემდე ინახება მონასტრის ტაძარში და სასწაულთმოქმედად ითვლება.
აქვე გვსურს ერთი წმინდა ხატიც ვახსენოთ. წმინდა ლუკა მოციქულის დახატულად ითვლება სოფელ აითაზოს ტაძარში დასვენებული ღვთისმშობლის ხატი.
წმინდა თეოდორე ბიზანტიელი. ქალაქ მიტილენეს პორტის შორიახლოს არის დასვენებული წმინდა ნაწილები წმინდა თეოდორე ბიზანტიელისა. წმინდა თეოდორე 1774 წელს დაიბადა, თურქების ბატონობის დროს. მართლმადიდებელი ბერძენი გახლდათ და მოწაფე იყო იმ მხატვრისა, რომელსაც სულთანმა სელიმ III-მ დაავალა თავისი სასახლის მოხატვა კონსტანტინოპოლში. სასახლესი ყოფნის ოთხი წლის განმავლობაში თეოდორე მუსლიმანთა გავლენის ქვეშ მოექცა და ისლამი მიიღო. მაგრამ როცა კონსტანტინოპოლს ჭირის ეპიდემია მოედო, ჩაფიქრდა იმაზე, რომ მოკვდავია და ღვთის უარმყოფელი. გაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ დაიჭირეს და სასახლეში დააბრუნეს. ბოლოს და ბოლოს, გემზე დადგა მეზღვაურად და კონსტანტინოპოლიდან კუნძულ ქიოსზე გაქცევა მოახერხა. ქიოსზე მღვდელმთავარ მაკარი კორინთელთან მივიდა და დიდად შეინანა თავისი განდგომილება. ხანგრძლივი მონანიების, მარხვისა და ლოცვის მერე ნება მისცეს ზიარებისა და ბერად აღკვეცისა. მაგრამ თეოდორესთვის ეს საკმარისი არ იყო. მას სურდა საჯაროდ უარეყო ისლამი. მეუფე მაკარი ეუბნებოდა, ეს აუცილებელი არ არის, რადგან უკვე შეინანეო. ჩემთვის არაფერია ადამიანთა წინაშე წარდგომა, მაგრამ ღვთის წინაშე ასეთი ცოდვით მისვლა უბრალო რამე არ არისო, ამბობდა.
1795 წელს 21 წლის ასაკში მამა თეოდორემ თურქული ტანსაცმელი გადაიცვა და ქალაქ მიტილენეში თურქი მაგისტრატის წინაშე გამოცხადდა. თავიდან ფესი მოიძრო, იატაკზე დააგდო და შესძახა: - თქვენ მაიძულეთ მუჰამედისა მერწმუნა და ქრისტე უარმეყო. ახლა გიბრუნებთ თქვენს მუჰამედს და უკან მიმაქვს რწმენა ქრისტესიო. მამა თეოდორე დილეგში ჩააგდეს, ხელები შეუკრეს და სასტიკად სცემეს. რამდენიმე დღის შემდეგ წარადგინეს ხელისუფლების წინაშე იმის დასადასტურებლად, რომ მუსლიმანია. მან ახლაც გაიმეორა, ქრისტიანად დავიბადე და ქრისტიანად მოვკვდებიო. ამის მერე რამდენჯერმე სცემეს, რიყის ქვით გაგუდეს, ყელში წამახვილებული მარგილები ჩასჩარეს, ტანი ცეცხლით მოუწვეს. ბოლოს კი ფიქრისთვის დრო მისცეს. მაგრამ თეოდორემ ქრისტიანობის უარყოფა არ ისურვა და 17 თებერვალს ჩამოახრჩვეს. სამი დღე ეკიდა მისი უსულო სხეული ქრისტიანთა დასაშინებლად. მერე კი თურქებმა ქრისტიანებს მისი დაკრძალვის ნებართვა მისცეს.
წმინდა თეოდორემ სიკვდილისთანავე სასწაულთმოქმედება დაიწყო. მისი წმინდა ნაწილებით ლიტანიით მსვლელობამ მრავალგზის იხსნა კუნძული ეპიდემიისას. ადგილობრივი ქრისტიანები დღემდე ზეიმობენ მის ხსენებას, მიაქვთ ყვავილები და სამრეკლოზე მკვეთრი ფერებით მოხატულ ფარნებს დგამენ. 1888 წელს ახალდანიშნულმა ფაშამ გამოიკითხა, ასე ვის ეთაყვანებოდნენ ქრისტიანები და წმინდა თეოდორეს თაყვანისმცემა აკრძალა. მეორე დღეს იგი თავის საწოლში მკვდარი იპოვეს. ეს ქრისტიანებმა და მუსლიმანებმაც ღვთის ნიშნად მიიღეს, როგორც სასჯელი წმინდანის უპატივისცემულობის გამო.