წმინდა კეთილმსახური მეფის თამარის ურიცხვი გამარჯვებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავი ბასიანის ბრძოლაში მოპოვებული ბრწყინვალე ძლევაა.
როცა თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი საქართველოსკენ დაძრა, რუმის სულთანი რუქნადინი დარწმუნებული იყო, რომ გაიმარჯვებდა. ეგონა, ქართველთა მხედრობა, მის ჯართან შედარებით მცირერიცხოვანი, მტერთან შებმას ვერ გაბედავდა და თავდაცვას მიმართავდა. ცხადია, ასე არ მოხდა. ქართველი ერი ბრძოლის სამზადისს შეუდგა.
რუქნადინს ელჩის ხელით თამარის წერილი მიუტანეს, რომელშიც ეწერა: "შენ ოქროსა მევირეთა სიმრავლისად მინდობილ ხარ, ხოლო მე არცა სიმდიდრესა და არცა ძალსა სპათა ჩემთასა, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა და ჯვარსა წმიდასა, რომელი შენ ჰგმე. აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობაი ჩემი წინამოგებებად შენდა. იყავ ნება ღმრთისა, ნუ შენი! სამართალი მისი, ნუ შენი!"
შეტევაზე ქართველები გადავიდნენ. რუქნადინს ფიქრადაც არ მოსდიოდა, რომ ამას გაბედავდნენ და თქვა: "მტერი თავისი ფეხით მოდის, რათა ჩემს მახვილზე წამოეგოსო".
ქართველებმა საბრძოლო პოზიციები დაიკავეს. დაინახეს თუ არა ქართველთა მოიერიშე მხედრობა, რუქნადინის მოლაშქრეებმა "დააგდეს სადგომი მათი, და სიმაგრეთა მიმართეს, რამეთუ მიავლინა მათ ზედა ღმერთმან შიში დიდი". ქართველები დაედევნენ და გარემოიცვეს მტერი. "იქმნა ომი ფიცხელი და ძლიერი", რომელიც დიდხანს გაგრძელებულა. დანაკარგი ორივე მხრივ დიდი იყო, მაგრამ "უმეტეს სულტნისა სპანი მოისვროდეს".
ხანგრძლივ ბრძოლაში ცხენები დაუხოცეს ივანე მხარგრძელს, ზაქარია გაგელს, შალვა და ივანე ახალციხელებს "და სხუათა მრავალთა თავადთა". როგორც კი მოლაშქრეებმა ქვეითად მებრძოლი "თვის-თვისნი პატრონნი" იხილეს, ყველანი ჩამოქვეითდნენ და მათ მხარდამხარ ეკვეთნენ მტერს.
დავით სოსლანმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: თურქ-სელჩუკთა პირისპირ ჩამოქვეითებული რაზმები დატოვა, ცხენოსანი მოლაშქრეები კი მტრის ფრთებზე გადააჯგუფა. მარცხენა ფრთას თვითონ ჩაუდგა სათავეში, მარჯვენაზე ზაქარია მხარგრძელი განაწესა. ერთდროულად შეუტიეს მტერს. "ვითარ მგელნი ცხოვართა, ეგრეთ შეუცვივდეს ურიცხვთა მათ სპათა სულტნისათა... სცეს რისხვა ღვთისა, განხეთქნეს რაზმნი მათნი და ივლტოდნენ სულტანისანი".
ამით ისარგებლეს ქვეითად მებრძოლმა ქართველებმა, ამხედრდნენ და გაქცეულ მტერს დაედევნენ. "ჰხოცდეს, ჩამოჰყრიდეს და იპყრობდეს". ამ შეხლა-შემოხლაში თურქ-სელჩუკნი "ურთიერთას დასთრგუნვიდეს".
გამარჯვებული ქართველები თამართან ერთად "მხიარულითა პირითა" მივიდნენ ვარძიაში და "ჯეროვანი მადლობა შესწირეს" ღმერთს. "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" ავტორი აცხადებს: "განკვირვებულ ვარ, თუ ვითარითა წყალობითა მოხედა სამკვიდრებელსა თვისსა ღმერთმან და ვარძიისა ღვთისმშობელმან, ვითარ უვნებელად დაიცვა მის წინაშე და მისი შევედრებული ერი ქართველთა".
ცხადია, ბასიანის ბრძოლაში გამარჯვებას მხოლოდ ქართველთა სამხედრო ძლიერება არ განაპირობებდა. "უკუეთუ უფალმან არ აღაშენა სახლი, ცუდად შვრებიან მაშენებელნი მისნი. უკუეთუ უფალმან არ დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილავნი მისნი", - ვკითხულობთ ფსალმუნში. ღმერთი გვწყალობდა. ყოვლისმპყრობელი და ყოვლისშემძლე უფლის ზრუნვა სასწაულებით გამოვლინდა.
"ქართლის ცხოვრება" მოგვითხრობს: ბრძოლისას ქართველებს ძალზე გასჭირვებიათ. მაშინ ევლოგი სალოსს, "წინაშე თამარისა მწირველს", სამგზის აღუპყრია ხელი ზეცად და მიწაზე დამხობილა. შემდეგ ისევ აღმართულა და ღვთისთვის მადლობა შეუწირავს. როდესაც ამგვარი საქციელის მიზეზი უკითხავთ, უპასუხია: "რაჟამს დავეცემოდი, კნინღა მიდრკენღა სპანი ჩვენნი, ხოლო აღვხლტი რა, მოსცა ღმერთმან ძლევა სპათა ჩვენთა".
წმინდა მეფე თამარის სახელს კიდევ ერთი სასწაული უკავშირდება. ერთ-ერთი დატყვევებული სულთანი თამარს თავისთან უხმია, ის კი მის ფერხთით დაცემულა - გველივით იკლაკნებოდა და ხმას ვეღარ იღებდა. გონს რომ მოსულა, უთქვამს: "რომელი არს თავსა ზედა თამარისასა, მან ჰყო ძლევა ესე ჩვენ ზედა და აწცა შევშინდი მის მიერო". მემატიანე დასძენს: "ხოლო ჟამსა მას იყო ხატი მთავარანგელოზისა მიქაელისა თავსა თამარისასა მკიდარე".
ასე შეიტყვეს ქართველებმა, რომ ფიცხელ ბრძოლაში მთავარანგელოზი მიქაელი შესწევიათ. მართალია, თავად ვერ ხედავდნენ განცხადებულად, მაგრამ, სამაგიეროდ, მისი ხილვით ზარდაცემული მტერი შედრკა და დაუძლურდა.
სასწაული ღვთის განგების იარაღია, რომლითაც კიდევ უფრო ნათელი ხდება ის მარადიული და ურყევი ჭეშმარიტება, რომ უფალი ზრუნავს, "უფალი მეფობს", "უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი