სასწაულთა ხილვისკენ სწრაფვა იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანი ხიბლშია
სასწაულად იწოდება გარეგნულად გამოხატული საკვირველი, უჩვეულო, შთამბეჭდავი მოვლენა, რომელსაც ადამიანის გონება ვერ სწვდება, ამიტომაც ამბობენ სასწაულზე - მიუწვდომელიაო.
წმინდა წერილში უფლის მიერ აღსრულებული სასწაულის უამრავი მაგალითია. ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაც მდიდარია მოციქულების, ეკლესიის მოძღვრების, ღირსი მამებისა თუ წმინდა ხატების მიერ აღსრულებული სასწაულებით. ეს იმას მიანიშნებს, რომ სასწაულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მართლმორწმუნე ქრისტიანთა ცხოვრებაში. რა მნიშვნელობა აქვს სასწაულს, რატომ იწოდება სასწაული ზეციურ ნიშნად და საქმედ, როგორი დამოკიდებულება უნდა იქონიოს ადამიანმა სასწაულების მიმართ? - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება წმინდა დიდმოწამე ქეთევანის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი რაზმაძე.- სიტყვა სასწაული მომდინარეობს სიტყვებიდან: "სწავლა", "განსწავლა", ანუ ნიშნავს, რომ განსასწავლად მოგვეცა. ჭეშმარიტი, ღვთისაგან დაშვებული სასწაული ადამიანის რწმენაში განსწავლას, განმტკიცებას, ხშირად კი ჭეშმარიტებაზე დამტკიცებას, ე.ი. ჭეშმარიტ სჯულზე მოქცევას ემსახურება. ეს იმას მიანიშნებს, რომ ღვთიური წარმომავლობის სასწაულთა ხილვა აუცილებელიცაა იმისათვის, რომ ადამიანმა ირწმუნოს ღვთის არსებობა და ცხონების გზას დაადგეს. ყოველ კაცში ღვთისაგან რწმენის მცირედი ნაწილი მაინც არის ჩადებული. სწორედ ამ ნაპერწკლის გაღვივებას ემსახურება ნებისმიერი ღვთიური სასწაული: "ნიში ხილული ქმედებაა, რომელიც რაღაც იდუმალსა და უხილავზე მიუთითებს", - ბრძანებს წმინდა ბასილი დიდი სასწაულთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ ხილული ზებუნებრივი მოვლენა-სასწაული წარმოგვიჩენს მისი აღმსრულებლის - ღმერთის ძალას და მის ყოვლისშემძლეობას. აქედან გამომდინარე, სასწაულის ხილვამ ადამიანს ცნობისმოყვარეობა კი არ უნდა აღუძრას, არამედ ღვთის უსაზღვრო გულმოწყალების, მისი ყოვლისშემძლეობის რწმენა ჩაუნერგოს. ღვთიური სასწაულების ხილვამ უამრავი ადამიანი მოაქცია ქრისტიანულ რჯულზე, ამის არაერთი მაგალითია. ერთ-ერთ უდიდეს სასწაულმოქმედ მამას, გრიგოლ ომარიტელს, რომელსაც წმინდა ეკლესია 1-ელ იანვარს იხსენებს, კამათის დროს ებრაელებმა მოსთხოვეს, გვანახე იესო ქრისტეო. მან ილოცა და ქრისტე გამოეცხადათ. ამ უდიდესი სასწაულის ხილვამ მრავალი ადამიანი მოაქცია.
- ღვთიური სასწაულების გარდა ცრუ - ბოროტი სულისგან მომდინარე სასწაულებიც ხომ მრავლად ხდებოდა და ხდება დღესაც?
- ჯერ კიდევ წმინდა წერილში უამრავი მაგალითია ცრუ სასწაულებისა, რომლებიც ბოროტის მანქანებით ხდებოდა. ეს სასწაულები იყო არა მაცხოვნებელი, არამედ სულის დამღუპველი და წარმწყმედელი. მოციქულთა საქმე მოგვითხრობს პითონის - ბოროტისგან შეპყრობილი ერთი დედაკაცის ამბავს. ეს ქალი მრავალ ცრუ სასწაულს ახდენდა და ადამიანებს სიმახინჯეებს ასწავლიდა. იგი ქალაქ ფილიპეში ყოფნის დროს მოციქულ პავლეს და შილას შეხვდა. მისდევდა მათ და იძახდა: "ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, რომლებიც გაუწყებენ თქვენი ხსნის გზებს!" (საქმე მოც. 16,17), ე.ი. აღიარებდა მათ ჭეშმარიტი ღმერთის მსახურად და მქადაგებლად. პავლე მოციქული მიუბრუნდა უწმინდურ სულს, რომელიც ქალის ბაგით მეტყველებდა და უთხრა: - იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მისგანო, და ისიც იმწამსვე გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალი სრულ სიმართლეს ამბობდა, პავლე მოციქულმა უარყო, რადგან ეშმაკისაგან მოდიოდა. ბოროტი სულის მსახურისგან კი უფალს განდიდება არ სჭირდება. თვით სიმართლე და თავის მსახურთა მეშვეობით აღსრულებული სხვა სასწაულები ბოროტ სულს სჭირდება ადამიანის ნდობის მოსაპოვებლად, დასამონებლად, კაცის ღმერთთან დასაშორებლად და თავის ნებაზე სათამაშოდ.
ცრუ სასწაულებს ახდენენ ნათელმხილველები, წინასწარმეტყველები თუ სხვა ჯურის მისნები. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის სახელით მოქმედებენ და აცხადებენ, რომ სასწაულმოქმედების უნარი ღმერთმა უბოძათ, სინამდვილეში ასე არ არის; ნებისმიერ მათგანს სასწაულის მოხდენის ძალას ეშმაკი ანიჭებს. მათი სახით უხილავად თვით ეშმაკი მოქმედებს, ღვთის სახელით მოქმედება კი შესანიღბად სჭირდებათ, რადგან ამ გზით გაცილებით უადვილდებათ ადამიანთა ცდუნება. ამიტომ გვაფრთხილებს უფალი: "ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცდუნებს თქვენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან: მე ვარ ქრისტე და მრავალს აცდუნებენ". და კიდევ: "აღდგნენ ქრისტე მტყუვარნი და ცრუ წინასწარმეტყველნი და ჰყოფდნენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშნებსა, ვიდრე ცდუნებამდე..." (მათე 14,24).
- წმინდა წერილში სასწაული ხშირად იწოდება ზეციურ ნიშნად, ასევე მოხსენიებულია სიტყვებით - საქმე ან ძალნი. რა იგულისხმება ამ სიტყვებში?
- სასწაული იწოდება ზეციურ ნიშნად, რადგან გვაიძულებს, ჩავწვდეთ, ჩავუღრმავდეთ, თუ რას ნიშნავს იგი - რაზე მიანიშნებს და რას ითხოვს მათგან, ვისთვისაც ის განხორციელდა. რაც შეეხება სასწაულის მეორე სახელწოდებას - ძალნი, იგი საღვთო ძალას, საღვთო ძლევამოსილებას გულისხმობს.
როდესაც უფალი იესო ქრისტე მიწიერი ცხოვრების დროს სასწაულებს აღასრულებდა, ამას თავისი საღმრთო მოვლინების ნიშნად რაცხდა: "რამეთუ საქმენი, რომელნი მომცა მე მამამან, რომელთა მე აღვასრულნე იგინი, ესევე საქმენი წამებენ ჩემთვის, რომელთა მე ვიქმ, რამეთუ მამამან მომავლინა მე" (იოანე 5,26). სიტყვაში - საქმე, სწორედ სასწაული იგულისხმება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაც ჩვენთვის სასწაულია, ღმერთისთვის საქმეა.
- ე.ი. წმინდა წერილში მოთხრობილი მაცხოვრის მიერ აღსრულებული უამრავი სასწაული იყო უტყუარი გამოცხადება, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია. შეიძლება თუ არა სასწაული ადამიანის ძალისხმევითაც განხორციელდეს? მოციქულები და წმინდა მამებიც ხომ უამრავ სასწაულს ახდენდნენ.
- "ვინ არს დიდ, ვითარცა ღმერთი ჩვენი, შენ ხარ ღმერთი, რომელმან ყვის სასწაული მხოლომან", - აქედან ნათლად ჩანს, რომ სასწაულთა მოქმედი მხოლოდ და მხოლოდ ღმერთია და ადამიანის ძალისხმევით ვერასგზით ვერ განხორციელდება. საკუთარი ძალისხმევით ადამიანს არა თუ სასწაულის მოხდენა, სუნთქვაც კი არ შეუძლია. თუკი მოციქულები თუ სხვა, ღვთისთვის სათნომყოფელი ცხოვრებით მცხოვრებნი სასწაულებს ახდენდნენ, ისევ და ისევ ღვთის ძალით. მათ სასწაულმოქმედების ნიჭი ღვთისადმი უსაზღვრო სიყვარულის, მის წინაშე ჭეშმარიტად წმინდა და მართალი ცხოვრების, უპირველესად კი სიმდაბლის - თავმდაბლობის სანაცვლოდ ეძლეოდათ. როგორც ერთ-ერთი წმინდა მამა ბრძანებს, სწორედ სიმდაბლეა ის სინას მთა, სადაც ადამიანს ღმერთი ეცხადება.
ღვთის წინაშე ჭეშმარიტად წმინდა და მართალი ცხოვრებით მცხოვრებ ადამიანთა სხეულებს იმდენად ავსებდა ღვთის ძალა, რომ სასწაულებს არა მხოლოდ სიცოცხლეში, გარდაცვალების შემდგომაც ახდენდნენ და ახდენენ დღესაც. ეს ძალა მათსავე წმინდა ნაწილებში მჟღავნდება. წმინდანთა წმინდა ნაწილებისგან ხომ აურაცხელი სასწაული აღესრულება - წმინდანთა სხეულის თუ ცალკეული ნაწილების უხრწნელობა იქნება ეს, მათთან მიახლებით სნეულთა განკურნება თუ სხვა... წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს, რომლის სხეულმაც გარდაცვალების შემდეგ უხრწნელობა შეინარჩუნა, მისი ხსენების დღეს ყოველწლიურად უცვლიან ფეხსაცმელს - ერთი წლის შემდეგ ფეხსაცმლის ლანჩა გაცვეთილი ხვდებათ.
აურაცხელი სასწაული აღესრულება არა მხოლოდ წმინდანთა ნაწილებისაგან, არამედ უშუალოდ წმინდანთა დასში მყოფ წმინდანთა მიერ. შარშან, აღდგომას, საბერძნეთის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობამ, სადაც სასულიერო პირი არ ჰყავდათ, თხოვნით მიმართა ელადის ეპისკოპოსს, რომ აღდგომის დღესასწაულისთვის გაეგზავნა მღვდელი, რომელიც სადღესასწაულო მსახურებას აღასრულებდა და ხალხს აზიარებდა. ეპისკოპოსმა სასულიერო პირის გაგზავნა ვერ მოახერხა, რადგან ეპარქიაში საკმარისი ღვთისმსახურნი არ ჰყავდა. აღდგომის დღესასწაულზე სოფელში ეპისკოპოსი ჩავიდა. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩაატარა, ხალხიც აზიარა და მრავალი მონათლა კიდეც. ხალხმა ელადის ეპისკოპოსს წერილი გაუგზავნა - მადლობას სწირავდნენ მღვდლის ნაცვლად ეპისკოპოსის წარგზავნის გამო. ეპისკოპოსს ძალიან გაუკვირდა - მას ხომ არც მღვდელი გაუგზავნია და არც ეპისკოპოსი. ნათლობის მოწმობები გადასინჯეს. მათზე გარდაცვლილი ეპისკოპოსის, წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელის ხელმოწერები აღმოჩნდა, რომელიც სიცოცხლეში სასტიკად იდევნებოდა, გარდაცვალების შემდეგ კი წმინდა ეკლესიამ დააფასა მისი ღვაწლი და წმინდანთა დასში შერაცხა.
- როგორი დამოკიდებულება უნდა იქონიოს ადამიანმა სასწაულთა მიმართ?
- ადამიანმა არასოდეს არ უნდა ეძებოს სასწაული, არ უნდა ინატროს სასწაულის ხილვა. ამის შესახებ გვაფრთხილებს სახარება: "ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს და არა ეცეს მას სასწაული". სწორედ ამ სიტყვებით ამხილა უფალმა იესო ქრისტემ მწიგნობრები და ფარისევლები, როდესაც ბოროტი განზრახვით მივიდნენ მასთან - გამოსაცდელად სასწაულების აღსრულება მოსთხოვეს. სასწაულთა ხილვის სწრაფვასთან დაკავშირებით წმინდა ისააკ ასური ბრძანებს: "ვინც კადნიერდება, ევედროს ღმერთს რაიმე არაჩვეულებრივის აღსრულებას ისე, რომ ამას არავითარი აუცილებლობა არ აიძულებს, ის ეშმაკისგანაა ცდუნებული და გამასხარავებული, თანაც დიდებისმოყვარეობითაა შეპყრობილი... ვისაც თვითნებურად სურს ამის მიღება, ეცემა და ჭეშმარიტი აზროვნებისაგან მიიდრიკება... ჭეშმარიტად მართალთ არათუ არ სურთ სასწაულმოქმედება, არამედ მაშინაც კი, როცა ღვთისაგან ეძლევათ, უარს ამბობენ მასზე, მაგრამ არა ადამიანების დასანახად, არამედ ჭეშმარიტად არ სურთ ეს, უპირველესად - შინაგანად. ერთ წმინდა მამას სიწმინდის გამო მიმსვლელთა განჭვრეტის უნარი მიეცა, მაგრამ შესთხოვა ღმერთს და ძმებსაც შეევედრა, ელოცათ, რომ ეს ნიჭი წართმეოდა. თუ ზოგიერთმა წმინდა მამამ მაინც მიიღო სასწაულმოქმედების მადლი, ეს მოხდა ან აუცილებლობის, ან თვით ამ მამის უბრალოების გამო. წმინდა მამათა ერთმა ნაწილმა ეს ნიჭი მიიღო სულიწმინდის განსაკუთრებული მინიშნებით და არა შემთხვევით, უმიზეზოდ. ჭეშმარიტად მართალნი, წმინდანები ამ მადლისთვის თავს უღირსად, არარაობად შერაცხავენ. ეს არის დასტური მათი ჭეშმარიტებისა".
თუკი წმინდა მამები ასე ფრთხილობდნენ, მით უფრო სიფრთხილე მართებთ ჩვეულებრივ მოკვდავთ. ამიტომ თუკი მათ ცხოვრებაში რაიმე შთამბეჭდავი მოვლენა მოხდება, არავითარ შემთხვევაში არ ჩათვალონ თავი ღვთისაგან მოვლენილ სასწაულთა ღირსად, არ იფიქრონ, რომ უფალმა გამოარჩია, არამედ იხელმძღვანელონ წმინდა მამათა და სულიერი მოძღვრის რჩევა-მითითებებით. თუკი რაიმე მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს, ღვთის ძალითა და ნებით აუცილებლად გაცხადდება.
ადამიანი არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ საკუთარ თავს და სულიერ გამოცდილებას. მას ნებისმიერი სულიერი საკითხის გადაწყვეტისას ევალება სულიერი მოძღვრის მორჩილება. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად ბოროტი სულის მახეში გაებმება. მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ სულიერ გამოცდილებაზე დაყრდნობას ბერებიც კი უცდუნებია. ქრისტიანის უმთავრესი საზრუნავი ცოდვათაგან განწმენდა უნდა იყოს, სწორედ სინანულის გზით უნდა ვცდილობდეთ სულიერი სიმაღლეების მიღწევას.
- რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სასწაულთა ხილვისკენ სწრაფვას?
- სასწაულთა ხილვისკენ სწრაფვა იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანი ხიბლშია, ეს ნაყოფია ამპარტავნების მომაკვდინებელი ცოდვისა. ამგვარი სწრაფვა აუცილებლად სულის დაღუპვით დასრულდება, თუკი, რა თქმა უნდა, დროზე არ მოეგება გონს და ეკლესიის დახმარებით არ სძლევს ამ მდგომარეობას.
- როგორც ღირსი მაკარი დიდი აღნიშნავს, სიამაყისკენ მიდრეკილება თვით ყველაზე განწმენდილ სულებშიცაა. სწორედ ეს მიდრეკილებაა ცდუნებისა და გატაცების საწყისი. გამოდის, რომ თვით ღვთისაგან ბოძებული სასწაულქმედების უნარი - კურნების მადლი თუ სხვა ხილული ნიჭები - მაღალი სულიერების ადამიანებისთვისაც კი საშიშია.
- საშიში და საფრთხილოა იმის გამო, რომ კაცთაგან განდიდების საფრთხე ემუქრებათ. ღირსი მაკარი დიდი მოგვითხრობს, რომ ერთმა მასთან ერთად მცხოვრებმა მოღვაწემ კურნების ისეთი მადლი მიიღო, რომ სნეულებს ერთი ხელის დადებით არჩენდა. ამის გამო კაცთა შორის დიდებით სარგებლობდა, რასაც ამ მოღვაწის ამპარტავნების ცოდვაში ჩავარდნა მოჰყვა. ასეთი რამ არაერთ სულიერ მოღვაწეს დამართნია და სული წარუწყმედია. თვით უფლის ერთ-ერთი მოციქულიც - იუდაც ხომ ახდენდა სასწაულებს. საკუთარი თვალით ხედავდა იესო ქრისტეს მიერ აღსრულებულ სასწაულებს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ბოროტის ნებას დაჰყვა და სული წარიწყმიდა. ჩვენ გვეძლევა ნიშანი ღვთისაგან, მაგრამ ადამიანი როგორ გამოიყენებს ამას - ღვთის თუ ეშმაკის სასარგებლოდ, ეს მასზე, მის ღვთისაგან ბოძებულ თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული.
მართლმადიდებელი ეკლესია, მანამ, სანამ სასწაულს, შთამბეჭდავ მოვლენას ჭეშმარიტად აღიარებს, ყოველთვის მოითხოვდა და მოითხოვს სარწმუნო მოწმობას იმისას, რომ ის ღვთიური წარმომავლობისაა. უჩვეულო მოვლენა მხოლოდ მას შემდეგ მიიჩნევა სასწაულად, რაც მას ღვთიური სასწაულისთვის მახასიათებელი ნიშანი სდევს თან. ცხადია, იმის გარკვევა, თუ ვისგან მომდინარეობს სასწაული, ჩვეულებრივ მოკვდავთა ძალას აღემატება, თუმცა, თუკი ზებუნებრივი მოვლენა კეთილ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე რელიგიურ-ზნეობრივი თვალსაზრისით ანუ ემსახურება ჩვენს სულიერ გაკეთილშობილებას, - მაგალითად, მისი ხილვის შემდეგ სასიკეთოდ შეიცვლება ადამიანის სულიერი ცხოვრება - დაიწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, - სასწაული ღვთისაგან ყოფილა.
ეკლესიური მოძღვრებით, ჭეშმარიტი, ღვთიური სასწაულის მახასიათებელი ფაქტორია ისიც, რომ სასწაული აუცილებლად უნდა იყოს ღვთივშესაფერი - თავისი არსით უზენაესისთვის შესაზომი და მართლმადიდებლური სწავლების შესაბამისი. ჭეშმარიტი სასწაულის კიდევ ერთი მახასიათებელი თავად სასწაულის პრინციპიდან გამომდინარეობს - შეუძლებელია საოცარი მოვლენის ჩვეულებრივი ძალითა და ბუნებრივი კანონებით ახსნა.
უამრავი ღვთიური სასწაული ჩვენს ცხოვრებაში იმდენად დამკვიდრდა, რომ ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვამთ. ერთ-ერთი ასეთი სასწაულია ბავშვის დაბადება, პურისა და ღვინის ქრისტეს სისხლად და ხორცად გადაქცევა, რაც ზიარების საიდუმლოს აღსრულების დროს ხდება. სასწაულმოქმედების ძალა შესწევს ნაკურთხ წყალსაც, ნაკურთხ ზეთს, წმინდანთა წმინდა ნაწილებს, მათი ძალითა და მადლით ხომ აურაცხელი სასწაული აღესრულება - წმინდა ნაწილებიდან მირონის დენა, სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან განკურნება... წმინდა ეკლესიაში არსებობს ასევე სასწაულმოქმედი ხატები. მათი წყალობითაც ხომ უამრავი სასწაული ხდება. სასწაულია ასევე ღვთის რჩეულთა - წმინდა მამათა და ეკლესიის მოძღვართა ხელის შეხებითა და ლოცვით სნეულებათაგან განკურნება, ხშირად კაცთაგან შეუმჩნეველი წმინდანთა მეოხება და მფარველობა. ეს ყველაფერი ღვთის ძალისხმევით ხდება.
ადამიანი არასოდეს არ უნდა ეძებდეს სასწაულებს, ქრისტიანული მოძღვრებით, მისი ერთადერთი საზრუნავი უნდა იყოს ის, რომ სიმდაბლით იაროს ცხონების გზაზე და ცოდვათა მონანიებით, ცოდვათაგან ჭეშმარიტი განწმენდით მიაღწიოს სულის ცხონებას.