უფლის ძალით განცხადებული მართლმადიდებლური სარწმუნოების დამადასტურებელი ხილული ნიშნები - სასწაულები
მსოფლიოში მრავალი რელიგიური მიმდინარეობა არსებობს, - როგორც ქრისტიანული, ასევე არაქრისტიანული, - და თითოეული მათგანი ამტკიცებს, რომ სწორედ ის არის ჭეშმარიტი. თუმცა ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომელსაც ადამიანის ჭეშმარიტ ღმერთამდე მიყვანა, ცხონება შეუძლია, არის მართლმადიდებლობა, რადგან რწმენას იმ სახით ინახავს, როგორი სახითაც მოგვცა უფალმა იესო ქრისტემ, გადმოცემულია სულიწმიდის კარნახით დაწერილ წმინდა წერილში და გვიქადაგეს უფლის მოციქულებმა. მის სწავლა-მოძღვრებაში არაფერია ჩვეულებრივ მოკვდავთა მიერ მოგონილი და შეთხზული, რაც ნებისმიერ არამართლმადიდებლურ სარწმუნოებას ახასიათებს. ჩვენ რომ ნებისმიერი არამართლმადიდებლური სარწმუნოება, მისი სწავლა-მოძღვრება ავიღოთ, დავინახავთ, რომ ყოველი მათგანისთვის არსებობს დრო, როდესაც დაიწყო მათი სარწმუნოებრივი სწავლა-მოძღვრება და პიროვნება, რომელმაც დაიწყო ეს სწავლება, ანუ ჰყავთ ცრუმოძღვარი და მის მიერ მოგონილ ცრუ, მწვალებლურ მოძღვრებას იზიარებენ. სიცრუის მამა კი ეშმაკია და ცხადია, მას ადამიანის ცხონება, მარადიულ ნეტარ ცხოვრებამდე მიყვანა არ შეუძლია.
მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებას ხილული ნიშნები - სასწაულებიც მოწმობს, რომელთა შორის უწინარესად უნდა აღინიშნოს მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის საფლავზე, რომელიც ყოველწლიურად აღესრულება მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულის წინადღეს, დიდ შაბათს. ღვთაებრივი ცეცხლი მხოლოდ მაშინ გარდამოხდება, როდესაც კუვუკლიაში (უფლის საფლავზე აღმართულ სამლოცველოში) მართლმადიდებელი პატრიარქი შედის.
მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებას მოწმობს უფლის ნათლისღების დღესასწაულის დღეს, 19 იანვარს, ყოველწლიურად აღსრულებული სასწაულიც: ნათლისღების დღესასწაულზე იერუსალიმის პატრიარქი მდინარე იორდანეს აკურთხებს და მასში სამგზის შთაფლავს ჯვარს; ჯვრის მესამედ შთაფლვისას მდინარე იორდანე ჩერდება და რამდენიმე წამის განმავლობაში წყალი საპირისპირო მიმართულებით მიედინება.
ასევე ყოველწლიურად მეორდება სასწაული თაბორის მთაზე: იმ დღეს, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია უფლის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, თაბორის მთაზე, სადაც იესო ქრისტეს ფერისცვალება მოხდა, სრულიად მოწმენდილ ცაზეც კი აუცილებლად გამოჩნდება ღრუბელი, რომელიც მთელი დღესასწაულის მანძილზე ადგას თაბორის მთას (სახარებიდან გვახსოვს, უფლის ფერისცვალების დროს, როდესაც მაცხოვარი ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა, მას ღრუბელი დაადგა თავზე, რადგან საღმრთო ნათელმა თვალნი დაუბრმავა მოციქულებს - პეტრეს, იაკობს და იოანეს).
გვსურს კიდევ ერთი, ყოველწლიურად აღსრულებული უჩვეულო მოვლენის შესახებ მოგითხროთ, რომელიც საბერძნეთში, ერთ-ერთ კუნძულზე მდებარე მართლმადიდებლურ მონასტერში ხდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დღეს - ახალი სტილით 28 აგვისტოს. ამ დღესასწაულის დღეს კუნძულის ყველა კუთხიდან მოემართებიან ქვეწარმავლები - შავი გველები და მონასტერში დაბრძანებულ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს გარს ეხვევიან. ამ დროს ისინი სრულიად უწყინარნი ხდებიან, სადღესასწაულო მსახურების ჟამს საერთოდ არ იძვრიან, საღვთო ძალით თვინიერყოფილნი, შემდეგ კი უკანვე ბრუნდებიან და საშიშნი ხდებიან. "ეს სასწაული უფლისგანაა მომადლებული ადამიანთა შესაგონებლად. ცოდვით დაცემულ კაცობრიობას მიეცა ღმერთის აღთქმა, რომ იგი დედაკაცისგან (ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან) აღმოაცენებდა გველ-ეშმაკის მძლეველს და ცოდვისა და სიკვდილისგან ადამიანთა მხსნელს. და აი, ეს აღესრულა ქრისტეს ამქვეყნად მოსვლით, რომელიც იშვა ქალწულ მარიამისგან, განკაცდა, ღმერთად იქმნა და სძლია გველ-ეშმაკს... ამას, ღვთის განგებით, ადამიანებთან და ანგელოზებთან - გონიერ არსებებთან ერთად აღიარებენ არაგონიერი არსებებიც - გველები, რომლებიც, საზოგადოდ, ეშმაკის სიმბოლოდ გვევლინებიან, - აღიარებენ და თაყვანს სცემენ წმინდა ღვთისმშობელს, მარადის ქალწულ მარიამს, რომლის ხატსაც კრძალვით მიემთხვევიან სწორედ მართლმადიდებლურ ტაძარში ("მადლმოსილი საღმრთო ცეცხლი").
კანადაში კი ასეთი სასწაული აღესრულებოდა: იქ დაბრძანებული იყო ივერთა ღვთისმშობლის ხატის ერთ-ერთი ასლი, სადაც ღვთისმშობელსა და ყრმა იესოს ხელიდან მირონი სდიოდათ. მირონდენა მხოლოდ ვნების შვიდეულში წყდებოდა, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ კი მირონი კვლავ იწყებდა დენას. 1997 წელს საკვირველმოქმედი ხატის მცველი იოსებ მუნიოსი მოკლეს, ხოლო ხატი გაიტაცეს.
მოგითხრობთ კიდევ რამდენიმე სასწაულის შესახებ, რომლებიც, მართალია, ყოველწლიურად არ აღესრულება, მაგრამ მათი მეშვეობით ხილულად განცხადდა მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტება.
***
კილიკიის ქალაქ ეგოვიდან 50 კილომეტრის მოშორებით ორი მოსაგრე ბერი მოღვაწეობდა. ისინი ერთმანეთის მახლობლად ცხოვრობდნენ. ერთი მართლმადიდებელი იყო, მეორე კი უკეთური სევერის მიმდევარი (მწვალებელი სევერი უარყოფდა სხეულთა მკვდრეთით აღდგომას, შესაბამისად, უფალი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებასაც). მწვალებლობაში ჩავარდნილი ბერი ყოველნაირად ცდილობდა ბრალი დაედო მართლმადიდებელი ბერისთვის. ცრუ ხმებსაც უვრცელებდა, რათა ხალხს დაეგმო ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი და მას და მის მწვალებლურ სწავლა-მოძღვრებას მიმხრობოდა.ერთ დღეს მართლმადიდებელმა ბერმა სევერის მწვალებლობის მიმდევარს შეუთვალა - შენი ზიარების ნაწილი გამომიგზავნე, რათა მე, ცოდვილი, ვეზიაროო. მწვალებელმა იფიქრა, ჩემს აღმსარებლობაზე მოექცაო და თხოვნა სიხარულით შეუსრულა. როდესაც მართლმადიდებელმა ბერმა მწვალებლის ძღვენი მიიღო, იქ მყოფი ხალხის თანდასწრებით საკვირველი რამ ჩაიდინა: "ცეცხლზე რკინის ჭურჭელი შედგა და გაავარვარა. შემდეგ მასში მწვალებელი ბერის მიერ გამოგზავნილი ზიარების ნაწილი ჩადო. ყველამ თვალნათლივ დაინახა, რომ ის დაიწვა და უკვალოდ გაქრა. ამის შემდეგ მართლმადიდებელმა ბერმა ხელახლა გაავარვარა ცეცხლზე რკინის ჭურჭელი და მასში მართლმადიდებლური წესით აღსრულებული ზიარების ნაწილი ჩადო. გავარვარებული ჭურჭელი გაცივდა, წმინდა ძღვენი კი მრთელი და დაუზიანებელი დარჩა. ამ სასწაულით უფალმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაანახა ადამიანებს მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტება.
***
ბასილი დიდის მოღვაწეობისას არიოზის მწვალებლობის მიმდევარმა იმპერატორმა ვალენტიმ თავის სამეფოში ყველა მართლმადიდებლური ეკლესია დახურა და არიოზელთა ძალაუფლებას დაუქვემდებარა. ამასთანავე, ბრძანება გასცა, ყველა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი გაეძევებინათ. "ვიდრე დადგენილებას სისრულეში მოიყვანთ, გთხოვთ, ბასილი დიდს ნება დართოთ, არიოზელებთან კამათში ჩაებას. თუ ისინი სძლევენ, შენს ბრძანებას უსიტყვოდ დავემორჩილებითო", - მიმართეს ეპისკოპოსებმა იმპერატორს. ვალენტი დათანხმდა. ბასილი დიდი ნიკეაში მიიწვიეს. მან არიოზელებს ერთ-ერთი ეკლესიის კარის ჩაკეტვა სთხოვა და ასეთი რამ შესთავაზა: "თუ წინააღმდეგნი არ იქნებით, ამ კარის მეშვეობით შემიძლია დაგარწმუნოთ, ვისი სარწმუნოებაა ჭეშმარიტი. თუ თქვენი ლოცვის მეოხებით გაიღება იგი, გვეცოდინება, რომ სიმართლე თქვენს მხარეს ყოფილა, ხოლო თუ ჩვენი ლოცვის დროს გაიღება, მაშინ ყველამ უნდა აღიაროს, რომ მართებულად გვწამს ჩვენ და არა თქვენ". არიოზელები დათანხმდნენ. ისინი საღამომდე ლოცულობდნენ ეკლესიის დახშული კარის წინ, მაგრამ ბჭე არც კი შეძრულა. ჯერი მართლმადიდებლებზე მიდგა. წმინდა ბასილი სამღვდელო დასსა და მართლმადიდებელ მრევლთან ერთად მივიდა ტაძრის კართან, მუხლი მოიყარა და ლოცვა დაიწყო. უეცრად ქუხილი გაისმა და უამრავმა ხალხმა თვალნათლივ დაინახა, რომ ტაძრის დახშული კარი გაიღო. ამ სასწაულის მხილველმა ადამიანებმა შიშითა და კრძალვით განადიდეს უფალი. იმპერატორმა ბრძანება გასცა, ეკლესიები მართლმადიდებლებისთვის დაებრუნებინათ. საჭიროდ მიიჩნიეს, მოეწვიათ მსოფლიო საეკლესიო კრება ახლად გაცხადებული ცრუ მოძღვრების - მონოფიზიტობის დასაგმობად და ჭეშმარიტების დასამტკიცებლად.კრება ქალაქ ქალკედონში, 451 წელს იქნა მოწვეული. მართლმადიდებლებსა და მონოფიზიტებს შორის კამათი გაიმართა, თუმცა ვერაფრით შეთანხმდნენ. მართლმადიდებლობის მიმდევარმა წმინდა მამებმა ვერასგზით გადაარწმუნეს ცდომილებაში მყოფი ევტიქი და მისი თანამოაზრეები. მაშინ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ანატოლიმ მონოფიზიტებს შესთავაზა, რაკი კრება ქალკედონში მდებარე წმინდა ეფემიას სახელზე ნაკურთხ ტაძარში მიმდინარეობდა და მისი წმინდა ნაწილებიც ამავე ტაძარში იყო დაბრძანებული, ჭეშმარიტების დადგენაც სულიწმინდის უდავო მატარებლის, წმინდა ეფემიასათვის მიენდოთ: მართლმადიდებელმა მღვდელმთავრებმაც და მონოფიზიტობის მხარდამჭერმა სამღვდელო მსახურებმაც თავ-თავიანთი შეხედულებები ცალ-ცალკე გრაგნილზე დაწერეს და თავიანთი ბეჭდებიც დაუსვეს, შემდეგ წმინდა ეფემიას ლუსკუმა გახსნეს და წმინდა მოწამეს გრაგნილები გულზე დააწყვეს. იმპერატორ მარკიანეს თანდასწრებით ლუსკუმა კვლავ დახურეს, იმპერატორის ბეჭდით დალუქეს და მცველები დაუყენეს. ორივე მხარე მარხვასა და ლოცვას შეუდგა. მესამე დღეს სამარხი გახსნეს. წმინდა ეფემიას მართლმადიდებლური აღმსარებლობით აღბეჭდილი გრაგნილი მარჯვენა ხელში ეჭირა, მონოფიზიტთა ნაწერი კი ფეხებთან ედო. მოულოდნელად წმინდა ეფემიამ ხელი ასწია და მართლმადიდებელ პატრიარქს გრაგნილი გაუწოდა. ამ სასწაულის ხილვამ ევტიქის მოძღვრების მრავალი მომხრე დაუბრუნა მართლმადიდებლურ სჯულს, ისინი კი, ვინც კვლავ მონოფიზიტური შეხედულებების მომხრე დარჩა, მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღიდან განკვეთეს.