წმინდა დიმიტრი როსტოველის "წმინდანთა ცხოვრებაში" 24 მარტს არის ხსენება პეჩორის ლავრაში წმ. ნიკონის წინამღვრობისას აღსრულებული სასწაულისა.
ნიკონის წინამძღვრობის დროს, XI საუკუნეში კიევ-პეჩორის მონასტერში საოცარი შემთხვევა მოხდა. ორმა კიეველმა - იოანემ და სერგიმ პეჩორის ღვთისმშობლის ხატის წინ, რომელიც მაშინ უკვე განთქმული იყო სასწაულებით, ერთმანეთს ძმობა შეჰფიცეს. გავიდა დრო და იოანე დასნეულდა, იგრძნო სიკვდილის მოახლოება, თავისთან იხმო ნეტარი ნიკონი და მისი თანდასწრებით დაურიგა თავისი მონაგები ღატაკებს. 1000 გრივერი ვერცხლი და 1000 გრივერი ოქრო კი თავის სულიერ ძმას, სერგის ჩააბარა. მასვე მიაბარა ხუთი წლის შვილი ზაქარია და სთხოვა, ოქრო და ვერცხლი მისი შვილისთვის მიეცა სიმწიფის ასაკში. როცა ზაქარია 15 წლის გახდა, მივიდა სერგისთან და კუთვნილი მემკვიდრეობა მოითხოვა. სერგიმ ზაქარიას უთხრა, მამაშენი სულელი იყო, თავისი მონაგები ღატაკებს დაურიგა, შენ კი ცარიელი დაგტოვაო. მამის უდიერად მოხსენიებით შეურაცხოფილმა ზაქარიამ ჯერ ქონების მხოლოდ ნახევარი, შემდეგ მესამედი, ბოლოს კი მეათედი მოითხოვა, მაგრამ მამის ძმადნაფიცისგან ისევ უარი მიიღო. მაშინ მან უთხრა სერგის: თუ არაფერი აგიღია მამაჩემის ქონებიდან, მაშინ მიდი იმ ღვთისმშობლის ხატთან, რომელთანაც თქვენ ერთმანეთს ძმობა შეჰფიცეთ და დაიფიცე, რომ ჩემი არაფერი გმართებს. სიხარბით დაბრმავებული სერგი მართლაც მივიდა ღვთისმშობლის ხატთან და თქვა, რომ არ მიუღია არც ვერცხლი და არც ოქრო, მაგრამ როგორც კი მოინდომა ხატის ამბორი, ადგილზე გაქვავდა, ნაბიჯი ვერ გადადგა წინ, გამობრუნდა და დაიწყო ყვირილი: "წმინდა მამებო, ანტონი და თეოდოსი! მომაშორეთ სიკვდილის ანგელოზი, ევედრეთ ღვთისმშობელს, განმაშოროს უწმინდური სულები, წაიღეთ ვერცხლიც და ოქროც ჩემი სახლიდან". მომხდარმა ყველას შიში მოჰგვარა. მართლაც სერგის სახლში აღმოჩნდა 200 გრივენი ოქრო და 200 გრივენი ვერცხლი. ასეთია ღვთის სამართალი.
ზაქარიამ მთელი ფული იღუმენ იოანეს მისცა, თავად კი კიევ-პეჩორის მონასტერში ბერად შედგა. იმ ფულით აშენდა პეჩორის მონასტერში წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი.
ნეტარი ნიკონი მრავალი ღვთივსათნო საქმეებით განმშვენებული წარდგა უფლის წინაშე 1088 წლის 23 მარტს, 86 წლისა. იგი პეჩორის სავანეში განისვენებს, მისი ნეშტი უხრწნელია. მის ხსენებას ეკლესია 28 სექტემბერს (11 ოქტომბერი) აღნიშნავს და აღდგომის მეორე კვირას.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი