მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).
გველესიანი
ფუძე: გველესა - კნინობითი ფორმა ქართული წინაქრისტიანული საკუთარი სახელისა გველა, რომელიც უკავშირდება ქართულ სიტყვას გველი - ასპიტი, გესლიანი.
ძირი: ერთძირიანი გვარი.
ბუდე: გველესიანთა ბუდე-პირველსაცხოვრისი ზემო იმერეთშია.
წარმომავლობა: გადმოცემით, გველესიანთა წინაპარი ზემო იმერეთში ლეჩხუმიდან მოსულა. ასევე ლეჩხუმიდან წასულა სამეგრელოში გვასალიათა წინაპარი, რომელიც გველესიანთა წინაპრის მოძმე და განაყარი ყოფილა. იმერელი გველესიანები და მეგრელი გვასალიები ერთმანეთში ქალს არ ათხოვებენ.
შთამომავლობა: გველესიანი აზნაურული გვარია.
ხსენება: 1550-1570 წლების აბაშიძეთა ერთ შეწირულობის წიგნში მიჯნად დასახელებულია "გუელესიანის საზღუარი". საუბარი ეხება არგვეთში აბაშიძეთა მიერ ეკლესიისთვის შეწირული მამულის საზღვრებს.
XVII-XVIII საუკუნეთა სხვა საბუთების მიხედვით, იმერეთის სამეფოში გველესიანები ჩანან სააბაშიოს და საწერეთლოს მამულებში. XVIII საუკუნიდან გველესიანები კახეთშიც გამოჩნდნენ. იოანე ბატონიშვილის ცნობის მიხედვით, ისინი მეფე თეიმურაზ II-ის დროს გადმოსულან იმერეთიდან.
1774 წლის სიგელით მეფე ერეკლე II-მ შიდა კახეთის სოფელ შალაურში მამული უბოძა აზნაურ გველესიანს: "მამული გველესიანისთვის მიგვიცია და დაგვისახლებია... "გველესიანს ჩვენ უზამთ კაცის წყალობას, თუ თვითონ გველესიანი მოიყვანს კაცსა, ამ მამულზე უნდა დაასახლოს. სხვა ვერავინ შეეცილება". შალაურელი გველესიანები კახეთის სახასო აზნაურები იყვნენ.
1827 წლის გენერალ ერმოლოვის წერილის მიხედვით, იმერელი აზნაურის დავით გველესიანის ასულს მარიამს, რომელიც იმერეთის ბატონიშვილის, დარეჯანის აღზრდილი ყოფილა, რუსეთში იძულებით გადასახლებული ბატონიშვილის გარდაცვალების შემდეგ დაენიშნა პენსია - 600 მანეთი ვერცხლით.
მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის გველესიანთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე და კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოებში.
საკუთვნო: "გველესიანების სერი" - საძოვარი სოფელ ხორითში (ხარაგაულის რაიონი), "გველესიანისოული" - ვენახი სოფელ თვრინში და ქვედა საქარაში (ზესტაფონის რაიონი), "გველესიანისერი" - სერი სოფელ ჩხერში (ხარაგაულის რაიონი), "გველესიანის წყარო" - წყარო სოფელ განთიადსა და სოფელ წყალაფორეთში (ხარაგაულის რაიონი), "გველესიანოური" - საძოვარი სოფელ რგანში (ჭიათურის რაიონი), "გველესიანის ტყე" - ტყე სოფელ დიდ განთიადში (ზესტაფონის რაიონი), "გველესიანების წისქვილი", "გველესიანების უბანი" - სოფელ სხლითში (ხარაგაულის რაიონი).
განსახლება: ამჟამად გველესიანები ცხოვრობენ: ზემო იმერეთში, სამეგრელოში, სამცხეში, ქართლში, შიდა კახეთში და ჰერეთში. გველესიანები არიან საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც. განსაკუთრებით მრავლად არიან ზესტაფონის, ჭიათურის, თერჯოლის, ხარაგაულის, ტყიბულის რაიონებში.
ოდენობა: გველესიანთა საერთო რაოდენობა 2700 სულს აჭარბებს.
აბაზაძე
ფუძე: წინაპრის სახელი "აბაზ", "აბას".
ძირი: ერთძირიანი გვარი ჩანს. აბაზაძეთაგან განშტოებულა შიდაქართლელი კიკვილაშვილების გვარი. სავარაუდოდ, XVII საუკუნიდან ძეგნაკორის მფლობელნი, თავადი ხიმშიაშვილები, XV საუკუნეში ძეგნაკორის მფლობელის ხიმშია აბაზაძის შთამომავალნი უნდა იყვნენ.
ბუდე: აბაზაძეთა პირველი საცხოვრისი გაურკვეველია. თუ გავიზიარებთ იმ აზრს, რომლის მიხედვითაც X საუკუნის ბორცვისჯვრის წარწერაში მოხსენიებული ტბელ აბაზაის აბაზაძეთა გვარის წინაპრად მიიჩნევენ, მაშინ გვარის ბუდე მანგლის-კლდეკარის მიდამოებში ყოფილა. თუ ლოწობნის ციხეს აბაზაძეთა ციხედ მივიჩნევთ, ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ეს ციხე კახეთში ბახტრიონის ციხის მიდამოებში მდებარეობდა. ხოლო თუ ლოწობნის ციხეს ლორწომნის კლდესთან გავაიგივებთ, მაშინ აბაზაძეთა კიდევ ერთი ბუდე ქსნის ხეობის სამხრეთ ნაწილში ყოფილა. 1405 წლის მცხეთის სიგელში მოხსენიებული "პირველ აბაზას ძე მარილი და აწ... აბულეთის ძე ამირახორი ხიმშია" თუ მარილისელი ხიმშია აბაზაძეა, მაშინ აბაზაძეთა ერთ-ერთი ძველი ბუდე - დღეს ნასოფლარი მარილისი ისევ კახეთში, ახმეტის რაიონშია საძებნი.
შთამომავლობა: აბაზაძე ერთ-ერთი უძველესი ფეოდალური გვარია საქართველოში. ისინი XI საუკუნიდან XX საუკუნემდე აზნაურები იყვნენ.
ხსენება: აბაზაძეთა გვარი XI საუკუნის I ნახევრიდან იხსენიება. ქართლის ერისთავი ივანე აბაზაძე მონაწილეობს საქართველოსგან განდგომილი განძის ამირას წინააღმდეგ ლაშქრობაში. იბრძვის თბილისის საამიროს შემოსაერთებლად.
1059-1060 წლებში აფხაზთა და ქართველთა მეფის წინააღმდეგ აბაზაძეთა შეთქმულება გამოვლინდა. მათ ქართლის ერისთავობა დაკარგეს.
მონღოლთა ბატონობის ჟამს აბაზაძენი მეფე დავით VIII-ს ახლდნენ მთიულეთში. 1297 წლის დავით მეფის წყალობის სიგელი გრიგოლ ჯარმაულისადმი ჭილა და ნავროზ აბაზაძეებსაც დაუმოწმებიათ: "ღმრთისსწორთა ბრძანების მოწამე ვარ მიწაი მეაბჯრეთა უხუცესი ჭილაი აბაზასძე. ღმრთის სწორთა ბრძანების მოწამე ვარ მიწაი ამირეჯიბი და ამირახორი ნავროზ აბაზასძე".
XIV საუკუნის დასაწყისში ქსან-არაგვის აბაზაძეთა მამული ქსნის ერისთავებს ებოძათ. დავით VIII-ის გარდაცვალების შემდეგ ამირახორი აბაზაძე ნავროზ სპარსეთს წავიდა. მეფე გიორგის ბრძანებით, ქსნის ერისთავის ლაშქარი აბაზაძეთა ციხეს ლოწობანს შემოეწყო "და ჰბრძოდა სასტიკად ოთხდღე და მეხუთესა დღესა აღიღო იგი".
XV საუკუნის დასაწყისში აბაზაძეთა ერთ შტოს იმ დროისთვის უკვე ამოვარდნილი აზნაურ აბულეთისძეების მამული ებოძა.
1440 წლის დანიელ ნექისძისადმი დაწერილი წყალობის სიგელის მიხედვით, მანგლელი ეპისკოპოსის სამსახურში ჩანს ჯვარისმტვირთველი ბართლომე აბაზაძე.
1613 წელს მეფე ლუარსაბ II ირანში გადახვეწილი მოურავის გიორგი სააკაძის კუთვნილი მიწობლიძისეული მამული "თავდადებით ნამსახურსა აბაზაძესა" მსახურთუხუცეს ზაალს უბოძა.
1633 წელს მეფე თეიმურაზ I აზნაურ რამაზ აბაზაძეს ერთგული სამსახურისთვის უბოძებს მისი განაყოფის, როშნა აბაზაძის კუთვნილ მამულებს.
XVII საუკუნის I ნახევრის ზემო ქართლის სადროშოს სიაში "ბატონის ამილახორის დროშაზედა..." თავადთა და აზნაურთა შორის აბაზაძენიც იხსენიებიან თავიანთი ყმებით.
1693 წელს დედოფალმა ელენემ აზნაურ აბაზაძეებს განუახლა ყმა-მამულის წყალობის სიგელები: მეფის გიორგის, მეფის სვიმონის, მეფის ლევანის, მეფის თეიმურაზის და მეფის როსტომისგან ბოძებულნი. შემდეგში აბაზაძეებმა ეს სიგელები ცალ-ცალკე დაამტკიცებინეს მეფე ერეკლე I-ს და მეფე ერეკლე II-ს.
1700 წელს ქაიხოსრო ჩხეიძის მიერ კათალიკოს იოანე დიასამიძისადმი მიცემულ მიწის ნასყიდობის წიგნში მოწმედ იხსენიება აზნაური დათუნა აბაზაძე.
1718 წელს ჯავახიშვილთა და სვიმონ ბატონიშვილის ნასყიდობის წიგნში ასევე მოწმედ იხსენიება აზნაური ბეჟან აბაზაძე.
1730 წელს აზნაური რევაზ აბაზაძე დაემოწმა სურამელ მურვანიშვილთა პირობის წიგნს.
XVIII საუკუნეში აბაზაძენი იმერეთში გამოჩნდნენ.
1769 წლის სვიმონ წერეთლის ქაიხოსრო წერეთლისადმი დაწერილ პირობის წიგნში იმერელ აზნაურებთან ერთად იხსენიება აზნაური ივანე აბაზაძე.
1787 წლის მეფე ერეკლეს ბრძანებაში, ოთარ ამილახვრისადმი ჯარის დაბარების თაობაზე, იხსენიება აბაზაძე სოლომონ ერთი მხლებლით და აბაზაძე იოანეს შვილი დავით. ეს იოანეს შვილი დავით აბაზაძე მეფე გიორგი XII-ის მისანდო კაცი იყო.
1803 წლის 27 ივლისს მეფისნაცვალ ციციანოვის წერილში რუსეთის იმპერატორისადმი, სადაც საუბარია ვახტანგ ბატონიშვილის რუსეთში გადასახლებაზე, მის მხლებელთა შორის იხსენიება აზნაური დავით აბაზაძე.
1806 წლის ერთი მზითვის წიგნის მიხედვით, აზნაური აბაზაძე უთრუთ დადიანებთან მსახურობს.
XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, აბაზაძენი იხსენიებიან იმერეთის სოფლებში: გეგუთსა და ოფურჩხეთში. გეგუთის აბაზაძენი სასულიერო წოდებას ეკუთვნოდნენ.
1850 წლის ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა ოჯახების რუსულ სიაში აზნაურ აბაზაძეთა 9 ოჯახი იხსენიება.
მსახურება: აბაზაძენი სხვადასხვა საუკუნეში ჩანან: ერისთავის, ამირეჯიბის, ამილახვრის, მეაბჯრეთუხუცესის, ბაზიერთუხუცესის, მსახურთუხუცესის, ჯვარისმტვირთველის და სხვა თანამდებობებზე.
აბაზაძეთა ნაგებია ხოფის ეკლესია ქსნის ხეობაში.
აბაზაძენი ამაგრებდნენ საქართველოს ჯაჭვის პერანგის ერთ რგოლს - ლოწობნის ციხეს.
ღვთისა და საქართველოსთვის აბაზაძეთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ერთიანი ქართული ლაშქრის შუაგულ - მეფის ალმის მპყრობელთა სადროშოში, ხოლო "შემდგომად განყოფისა" - ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში.
საკუთვნო: აბაზაძეთა ყმა-მამული გაფანტული იყო შიდა ქართლში. საუკუნეების განმავლობაში აბაზაძეთა საკუთვნო დიდდებოდა და მცირდებოდა. ქსანზე რომ მამული დაკარგეს (XIV საუკუნის დასაწყისში), არაგვზე იშოვეს (XV საუკუნის დასაწყისში).
გვიანი ფეოდალიზმის დროს აზნაურ აბაზაძეებს ყმა და მამული ეკუთვნოდათ: ქართლის სოფელ თელათგორში, ლიახვის ხეობაში, სოფელ ახალსოფელში, სოფელ შინდარაში, სოფელ ცედანში, ოძისში, ნიქოზში, ხაშურში და სხვაგან. სოფელ თელათგორში არის "აბაზას წყარო", სოფელ ოძისში არის "აბაზაძეების წყარო", "აბაზაძეების წყარო" არის სოფელ ურთხვაშიც. იმერეთის სოფელ ოფურჩხეთის ერთ უბანს "აბაზაძეების უბანი" ჰქვია.
გვარიშვილნი: ჩვენს დროში აბაზაძეთა გვარიდან ერის და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ: საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე აბაზაძე, ეთნოგრაფი ნიკოლოზ აბაზაძე, მხატვარი და მოქანდაკე ნიკოლოზ აბაზაძე, მსახიობი და ქორეოგრაფი მანანა აბაზაძე და სხვა.
განსახლება: აბაზაძენი ცხოვრობენ ხაშურში და ხაშურის რაიონის სოფლებში: ურთხვაში, იტრიაში, სურამში, ოძისში. აქ ისინი დაახლოებით 15 კომლად ცხოვრობენ.
იმერეთში - წყალტუბოში და წყალტუბოს რაიონის სოფლებში: გეგუთში, ოფურჩხეთში და ხუმულში ერთად აბაზაძენი დაახლოებით 25 კომლად ცხოვრობენ. ამას ემატება ქუთაისელ აბაზაძეთა დაახლოებით 30 კომლი.
აბაზაძენი მცირე რაოდენობით ცხოვრობენ მცხეთის რაიონის სოფელ ოძისში, ხონის რაიონის სოფელ მათხოჯში, საჩხერის რაიონის სოფელ ჩიხაში; ქალაქებში: ბათუმში, სენაკში, რუსთავში, საგარეჯოში. თბილისში აბაზაძეთა დაახლოებით 70 კომლი ცხოვრობს.
ოდენობა: საქართველოში აბაზაძეთა საერთო რიცხვი 600 სულს აჭარბებს.
თოდუა
ფუძე: თოდე - საკუთარი სახელი, გაქართულებული ფორმა ბერძნული საკუთარი სახელის თეოდორესი - "ღვთის წყალობა". თოდეს კნინობითი
ფორმებია: თოდა, თოდო, თოდუ, თოდულა და სხვა.
თოდუა ეპონიმური ტიპის გვარსახელია ანუ მომდინარეობს წინაპრის სახელიდან, ისევე, როგორც ქართული გვარების დიდი უმრავლესობა.
ძირი: ერთძირიანი გვარი.
ბუდე: თოდუათა გვარის ბუდე ზემო სამეგრელოშია.
წარმომავლობა: გადმოცემით, თოდუათა გვარის წინაპარი სამეგრელოში სვანეთიდან ჩამოსულა. სვანეთში XV-XVI საუკუნეთა საბუთებში იხსენიება თოდანების გვარი. ასევე გადმოცემით, სამეგრელოდან ლეჩხუმის სოფელ უსახელოში გადასული თოდუა იქ თოთაძე გამხდარა, ხოლო ლეჩხუმის სოფელ ზედა ლუხვანოს დასახლებული თოდუა ლეთოდიანად დაწერილა. ლეჩხუმელი თოთაძენი და ლეთოდიანები მეგრელ თოდუათა შტონაყარი გვარები გამოდიან.
შთამომავლობა: თოდუა გლეხური გვარია. იყვნენ საბატონო და საეკლესიო გლეხები.
ხსენება: XVIII საუკუნის გრიგოლ ცაიშელი მიტროპოლიტის ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია გლეხი თოდუა, რომელიც თურმე თავად მხეიძეთა მამულში ცხოვრობდა (სამეგრელოს მხეიძეთა სათავადო), ხოლო ამ საბუთით ირკვევა, რომ იგი საეკლესიო გლეხი გამხდარა.
XVII-XVIII საუკუნეთა ხელნაწერი "კურთხევანი", მინაწერის მიხედვით, ერთ დროს გრიგოლ თოდუას საკუთრება ყოფილა. სავარაუდოა, რომ ეს გრიგოლ თოდუა სასულიერო პირი იყო.
XIX საუკუნეში გორის სასულიერო სემინარიის მსმენელთა შორის იხსენიება ბესარიონ თოდუა.
1857 წლის სამეგრელოს აჯანყებაში აქტიურად მონაწილეობდნენ საჭილაო-სუჯუნის ლაშქრის წინამძღოლი კოჩა თოდუა და სალიპარტიანოს ლაშქრის წინამძღოლი უტუ თოდუა. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ისინი რუსეთის ჩრდილოეთში გადაასახლეს.
მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის თოდუათა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში მთავარ დადიანთა დროშის ქვეშ.
საკუთვნო: "ლეთოდუე" - უბანი სოფელ სალხინოში (მარტვილის რაიონი), "ნათოდუ" - უბანი სოფელ თაიაში (ჩხორუწყუს რაიონი), "თოდუას ქედი" - მთა გურიის სოფელ ნაკადულთან (ჩოხატაურის რაიონი) და სხვა. ეს უკანასკნელი ტოპონიმი უკავშირდება თოდუათა გვარის ტრადიციულ საქმიანობას - მეჯოგეობას, რის გამოც თოდუებს ზამთრის და ზაფხულის საძოვრები ჰქონდათ პალიასტომთან, გურიისა და სამეგრელოს მთებში.
გვარიშვილნი: ისტორიკოსები ლია თოდუა, რევაზ თოდუა, პროფესორი, ექიმი შოთა თოდუა, პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე მაგალი თოდუა და სხვა.
განსახლება: თოდუები ცხოვრობენ: ოდიშ-სამურზაყანოში, გურიაში, იმერეთში, ქართლში, განსაკუთრებით მრავლად არიან: მარტვილის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, ხობისა და სენაკის რაიონებში. მრავლად იყვნენ აფხაზეთში.
ოდენობა: ამჟამად თოდუების საერთო რაოდენობა 8200-ს აჭარბებს.
მოამზადა
ლექსო ნაზღაიძემ
ლექსო ნაზღაიძემ