ბავშვობაში ბებიას დღესასწაულებზე ხშირად დავყავდი ტაძარში. შინაც უამრავი ხატი ჰქონდა. განუწყვეტლივ მინერგავდა ღვთის სიყვარულს. შემდგომში, როცა სტუდენტი გავხდი, ჯგუფელებთან ერთად დავდიოდი ეკლესიაში.
გავიდა დრო, მოძღვრის არჩევა გადავწყვიტე, თითქოს ავირჩიე კიდეც, მაგრამ... მოძღვარმა უკან გამომაბრუნა. ალბათ, ჯერ მზად არ ვიყავი ამისთვის...
ასე განვლო წლებმა, თუმცა იმედს არ ვკარგავდი, რომ ოდესმე ვიპოვიდი მოძღვარს, რომელსაც გულს გადავუშლიდი და მივენდობოდი.
ბოლო დროს იშვიათად დავდიოდი ტაძარში, თითქოს რაღაც მიშლიდა ხელს, უკან მეწეოდა. გულიც უფრო და უფრო მიმძიმდებოდა და ამ ტკივილის შემსუბუქება არავის შეეძლო უფლის გარდა.
ორი წლის წინ და გამითხოვდა. ტყუპი შეეძინა, რომელთა მდგომარეობა მეტად მძიმე იყო. ერთი ტყუპისცალი მეცხრე დღეს დაგვეღუპა, მეორეს კი ოპერაცია სჭირდებოდა. გადავწყვიტეთ, ოპერაციამდე ბავშვი მოგვენათლა. პატარა ინკუბატორში მონათლა მამა მიქაელმა (გალდავამ), რომელიც ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღასრულებს ღვთისმსახურებას.
ოპერაცია მეორე დღისთვის იყო დანიშნული. სანამ საოპერაციოდ მოამზადებდნენ, ექიმებმა ის კიდევ ერთხელ გასინჯეს და სახტად დარჩნენ - ბავშვს ოპერაცია აღარ სჭირდებოდა...
მალევე, უფლის კარნახით და მამა ირაკლის (ჩემი მეგობრის მეუღლის) რჩევით, ჩემი პატარა დისშვილის ნათლიასთან მამა მიქაელთან მივედი. მან თბილად მიმიღო, დამარიგა და აი, უკვე ორი წელია, მისი მრევლთაგანი ვარ. ასე მაპოვნინა ამ უსუსურმა არსებამ მოძღვარი, რომელსაც თითქმის რვა წელიწადი ვეძებდი.
ლაურა, თბილისი
ჟურნალ "კარიბჭის" დაარსების დღიდან მისი მკითხველი ვარ და მოუთმენლად ველი ყოველ ახალ ნომერს, თუმცა, გამოგიტყდებით, გული მწყდებოდა, რომ ჟურნალისტები ჩვენთან არ ჩამოდიოდნენ - ქუთაისელებს ხომ ძალიან კარგი მწყემსმთავარი და მრავალი შესანიშნავი, სულიერად ძლიერი, განათლებული მოძღვარი გვყავს.
ისე თქვენ იცოცხლეთ და გაიხარეთ, როგორც მე გამიხარდა, როცა წლევანდელი "კარიბჭის" პირველი ნომრის ყდაზე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს ფოტოსურათი დავინახე!
ცხადია, ჟურნალის ყველა მკითხველმა როდი იცის, როგორი გულისხმიერი, ყურადღებიანი, განათლებული, ნიჭიერი კაცია ჩვენი მეუფე, რამხელა სითბოსა და სიყვარულს ასხივებს ყოველი მისი გამოხედვა, ყოველი მისი სიტყვა, როგორ ახლობელივით უღიმის და ეალერსება მასთან მისულ ყველა პატარას, რომლებიც, მშობლებთან გაჭინჭყლებულნი, უმალვე წყნარდებიან.
მეუფის ქადაგებისას ხომ სავსე ტაძარში ისეთი სიჩუმეა, ერთი სიტყვაც კი არ იკარგება მორწმუნეთათვის. ერთ სიცოცხლედ ღირს მისი მოსმენა, როცა ამჟამად საკათედრო ტაძარში დაბრძანებულ წმინდა ნაწილთა და ამ წმინდანთა ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
პირადად მე მეუფის მადლიანი ხელის თავზე ერთი შეხებაც ისე მამშვიდებს, ყველა ტკივილი მავიწყდება და სიცოცხლის ხალისი მიათკეცდება.
ათეულობით წლის ჯანმრთელი სიცოცხლე მისურვებია, მეუფევ, თქვენთვის, თქვენი მრავალრიცხოვანი მრევლის გასახარად.
დიდი მადლობა ჟურნალ "კარიბჭის" რედაქციას.
რეზი
ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძრის მრევლიდან
ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძრის მრევლიდან
გილოცავთ ყველას მართლმადიდებლურ დღესასწაულებს!
მკითხველის გვერდს რომ ვკითხულობ, ყველას გულში გიხუტებთ და გეამბორებით.
ჩვენ ერთმანეთს ვერ ვხედავთ, თუმცა უფალი ჩვენს გულებშიც იხედება. ჩვენც ვცდილობთ, ჭეშმარიტი გზით ვიაროთ, თუკი გადარჩენა გვსურს - ხომ ამას მოგვიწოდებს წმინდა სახარება! დაე, მომავალი სიკეთით დაგვირგვინდეს, იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა.
თქვენი სარა