12 წლის წინ მივედი დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძარში და პირველი აღსარება ღვთისმშობლის საკვირველმოქმედ ხატთან ჩავაბარე მამა სვიმონს (ნუცუბიძე). ის დღე ჩემთვის დაუვიწყარი იყო, იმ დღეს ავიდგი ფეხი, სწორი სიარული მამა სვიმონმა მასწავლა; ის დღე ჩემთვის სიახლესთან ერთად თითქოს ფრთების გაშლაც იყო - მოვეშვი, გავხსენი და მთელი გული მამა სვიმონს გადავუშალე... რაოდენი სიყვარულით, მოთმინებითა და მზრუნველი თვალებით მიცქერდა, მისმენდა გულდასმით, მისი თბილი, ლამაზი ცქერა ალბათ არასოდეს დამავიწყდება.
...ის აღარ არის, წავიდა და გული დაგვწყვიტა ყველას: ქალს, კაცს, ბავშვს... ყველამ ალალი ცრემლით გააცილა მამა სვიმონი... გზააბნეული დაგვტოვა ყველა, არ ვიცით, სად წავიდეთ, ვის მივმართოთ... კარგი მოძღვარი ბევრია, მაგრამ ის ხომ ერთადერთი იყო... ერთადერთი და განუმეორებელი, ის მართლაც ღვთისა იყო - სათნო, კეთილი, მზრუნველი, ღვთისმოსავი, დამრიგებელი, მრჩეველი...
წლების წინ ნორიოში, ილორში, ბათუმშიც მსახურობდა; ათეული წელი ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი იყო. დეკანოზი სვიმონი მთელმა საქართველომ დაიტირა.
18 ოქტომბერს 66 წელი შეუსრულდებოდა. მოულოდნელად წავიდა ჩვენგან... როგორ ვემზადებოდი, ჩამოვსულიყავი თბილისში და მიმელოცა დაბადების დღე... თითქმის ერთი წელია, არ მყავდი ნანახი და როგორ მენატრებოდი... მარიამობის დღესასწაულზე ტელეფონით დაგირეკეთ და რომ გითხარით, მენატრება თქვენთან საუბარი, როდის გნახავთ, ერთი სული მაქვს-მეთქი, სიცილით მიპასუხეთ: თუ გენატრები, ჩამოდი და მნახეო. ღვთისმშობლობას ჩამოვალ-მეთქი. აბა, შენ იცი, გელოდებიო... მამა სვიმონის ხმის გაგონება ტელეფონშიც კი ჩემთვის ყველაფერი იყო - დარიგება, დალოცვა, რჩევა. ათი წლის წინ დავკარგე მამა და დღეს ვიგრძენი ყველაზე მეტად უმამობა... მამა სვიმონს ხშირად უთქვამს: "თუ ადამიანს გული სტკივა, წამალი უნდა მისცეო". ეს წამალი მამა სვიმონს ყველასთვის ემეტებოდა და კურნავდა, ცოდვების დაძლევაშიც ეხმარებოდა და სწორ გზაზე აყენებდა. და ახლა? ვინ მოგვაწოდებს წამალს?
ორი წლის წინ დაბადების დღეზე ღვთისმშობლის ხატი მაჩუქა წარწერით: "ლოცვა-კურთხევით ჩემს სულიერ შვილს ამბროსის! ქრისტეს მიერ სიყვარულით შენი სულიერი მამა სვიმონი". ბედნიერი ვიყავი ამ დღეს და დღესაც გახარებული ვარ, რომ მამა სვიმონმა თავისი სულიერი შვილი მიწოდა და ერთადერთი, რაც შემიძლია რელიკვიად ჩავთვალო ჩემს ცხოვრებაში - მამა სვიმონის ხელნაწერია, რომელიც მასავით ლამაზი კალიგრაფიით ღვთისმშობლის ხატს ამშვენებს ჩემს ოჯახში.
თვალწინ მიდგას და ახლაც ყურში ჩამესმის მამა სვიმონის ღუღუნა, ტკბილი და ლამაზი ხმა ამბიონიდან ქადაგების დროს... სამი წელია თბილისიდან წამოსული ვარ და არც ერთ წირვაზე არ დაავიწყდებოდა ბარძიმში ჩემი და ჩემი ოჯახის მოხსენიება. ამას ჩემი სულიერი ძმები მეუბნებოდნენ... როგორი გახარებული იყო მამა სვიმონი, მისი სულიერი შვილები ერთად რომ ვიყავით. ეს მისი დიდი დამსახურება იყო - ამაყობდა თითქოს, რომ ჩვენ მისი ვიყავით და ის ჩვენი იყო... ახლა რა ვქნათ, მამაო? ყველანი გზააბნეულნი ვართ, საით წავიდეთ? ყოველ ღამე ვიძინებ იმ იმედით, რომ სიზმარში გზას მომცემთ... ადრე ხომ ხშირად მესიზმრებოდით, მამაო, იქნებ ახლაც, იქნებ ახლაც გვიჩვენოთ გზა, გზა, რომელიც თითქოს უთქვენოდ აღარ გრძელდება... მიჭირს და მომიტევოს ყველა მოძღვარმა...
18 ოქტომბერს 66 წელი შეუსრულდებოდა, 17 ოქტომბერს კი მისი გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა. "საუკუნო განსვენებაი მიჰმადლე, უფალო, სულსა მამა სვიმონისა და მიეც მას საუკუნო ხსენება".
მონა ღვთისა ამბროსი
(წყალტუბო)
(წყალტუბო)
რწმენით ვსულდგმულობ
დარეჯან დეიდა! შინაურულად ასე მოვიხსენიებთ მას. როგორც თითოეულ ქრისტიანს, ქალბატონ დარეჯანსაც თავისი წილი მძიმე ჯვრის ტარება მოუწია. დღესაც, 85 წლის ასაკში, სულიერად მტკიცე, მხნე, მოფუსფუსე და დამრიგებელია ყველა ახლობელ-ნაცნობისა. მისი კარი მუდამ ღიაა, მისი სამზარეულო - მუდამ გულღიად დამპურებელი მოყვასისა.
"ბედს არ უნდა დააჯაბნინო თავი" - აწერია მის საქციელს. ხვედრთან მებრძოლი, მოყვასის მოსარჩლე, მორწმუნე, პატრიოტი, უზომოდ შეყვარებული თავის კახეთზე. ოთარაანთ ქვრივისეული თვისებები გამოჰყვა თითქოს. ოთარაანთ ქვრივი ხომ მაგალითია ქართველი დედისა.
ასეთ წიაღში, კახეთის გულში - სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში დაიბადა პატარა დარეჯანი. თუმც ეკრძალებოდათ, მაგრამ ბებიას და დედას ჩუმად დაჰყავდათ ტაძრებში. შაბათ დღეს და დღესასწაულებზე შინ მუდამ ენთოთ სანთელი. ქრისტიანული კალენდარი ზეპირად იცოდნენ, თითებზე ანგარიშობდნენ და ასე იმახსოვრებდნენ დღესასწაულებს. წინაპარიც მოძღვარი ჰყოლიათ და ეს ყველაფერი ჩაებეჭდა თვითონაც.
"სტუდენტობის წლებში (სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა) დედას დიდუბის ეკლესიაში დავყავდით ბავშვები. დედამ იქ მოგვნათლა".
დაამთავრა ინსტიტუტი და მშობლიურ რაიონში დაიწყო მუშაობა კბილის ექიმად. 16 წელი ემსახურა თავის ხალხს. მიუხედავად კომუნისტური სიმკაცრისა, თავის საყვარელ ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში ხშირად დადიოდა, ლოცულობდა, ანთებდა სანთლებს.
შემდგომ თბილისში მოუწია ცხოვრება. დარეჯანის მადლიან ხელს დღესაც შენატრიან. ალღოიანი, გულმოდგინე ექიმის კართან მუდამ დიდი რიგი იდგა. 52 წელი ემსახურა თბილისელ პაციენტებს. "მე რომ ყველა კბილი შემენახა, ერთი კედელი აშენდებოდაო", - იხსენებს და ხუმრობს.
სიმწარე და სიხარული ჩასაფრებულივით არიან. მასაც დიდი სიმწარე შეხვდა. სანიმუშოდ გაზრდილი ერთადერთი შვილი - გელა, კარგი მოსწავლე, სამაგალითო სტუდენტი, მოსკოვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, ბავშვობიდანვე კეთილი, მაღალზნეობრივი, მეგობრული ბუნების ახალგაზრდა, დაუნდობელი ქუჩის ბიჭების მსხვერპლი გახდა.
"ჩემი გელა, სკოლაში რომ დამყავდა (ვერაზე ვცხოვრობდით), ჩანთას დამაკავებინებდა, ახლავე მოვალო, მეტყოდა, აირბენდა თურმე, ტვერელის ეკლესიას გარს შემოუვლიდა, ილოცებდა, მერე ისევ სწრაფად ჩამოირბენდა".
ერთადერთი ჯანმრთელი შვილის დაღუპვა სათქმელადაც კი ძნელია და აი, ამის შემდეგ უფალი გახდა მისი უდიდესი ჭირისუფალი და მანუგეშებელი. "ხოლო უწმინდესი ილია II ნუგეშის წყაროა როგორც ჩემთვის, ისე ყველა შვილმკვდარი დედისთვის".
ქალბატონი დარეჯანი 28 წელია სიონის აქტიური მრევლია. სიონი და საპატრიარქო მისი მეორე სახლი გახდა. მრევლს და საპატრიარქოს თანამშრომლებს უსასყიდლოდ ემსახურებოდა წლების მანძილზე.
კვლავ იგონებს: "ჩემს მოღვაწეობაში ყველაზე მნიშვნელოვნად ბერ-მონაზვნების მსახურება მეამაყება". წლების მანძილზე მისი პაციენტები იყვნენ: მიტროპოლიტი დანიელი (დარეჯანი მისი სულიერი შვილია), მიტროპოლიტი ისაია (ცხინვალელი), მიტროპოლიტი სერაფიმე (ბორჯომელი), არქიმანდრიტი ბენიამინი (მარტყოფისა), აწ განსვენებული იღუმენი ელისე (კოდორის ხეობისა), ბერი სვიმონ აბრამიშვილი, ბერი იერემია (მარტყოფისა), საპატრიარქოს ბერ-მონაზვნები და სხვა მრავალი. "როცა მოდიოდნენ, თითქოს ჩემი გელაც იქვე მყავდა ცოცხალი".
"ბერ-მონაზვნებთან ურთიერთობა დიდი მადლია, დიდი სულიერი ძალაა. უწმინდესმა ილიამ და ბერონაზვნობამ, გლოვის კანონმა და ფსალმუნებმა მომცა ძალა, აქამდე მომეღწია. ღმერთმა ინებოს, უფლით მოსულები უწმინდესის - პატრიარქ ილია II-ის ლოცვით კვლავ უფალთან ვიყოთ".
მართა ტარტარაშვილი
(თარხნიშვილი)
(თარხნიშვილი)