ძვირფასო რედაქციავ, ვეხმაურები რა თქვენს რუბრიკას, მსურს მოგწეროთ იმის თაობაზე, თუ როგორ გავხდი მორწმუნე მართლმადიდებელი და როგორ მივედი ღმერთთან. სამწუხაროდ, ნათლობა, ეკლესიაში სიარული და ეკლესიურობა საკმარისი არ არის რწმენის შეძენისა და მისი ურყვნელობისთვის. თუ სულიწმინდის მადლი არ ჩაიღვარა მლოცვარე გულში, ისე ვერ იწამებ ღმერთს, ხოლო მადლის მიღება არც ეკლესიურობის სტაჟით ხდება და არც სხვა რამ მზამზარეული რეცეპტებით, თუმცა ერთი რამ შეიძლება ითქვას: მადლი, რწმენა და სიყვარული ღვთისა და მოყვასისა უმეტეს შემთხვევაში განსაცდელს მოსდევს. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა.
1999 წელს ყაზბეგის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ გამამწესეს. რამდენადაც დიდად საპასუხისმგებლო იყო ჩემი მისია და თანამდებობა, იმდენად დიდი იყო შიში მარცხისა, რომელიც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ჩემს გამოუცდელობას და რაიონის სპეციფიკურობიდან გამომდინარე სირთულეებს.
ამ დროისთვის უკვე ეკლესიური ვიყავი და მახსოვს, ჩემს მოძღვარს პარაკლისი გადავახდევინე და წმინდა ნიკოლოზი წავიმძღვარე მცველად და მეოხად ამ რთულ საქმეში, ამ დიდი მღვდელმთავრის ხატიც ვაკურთხებინე და გულის ჯიბით დამქონდა ერთი წლის მანძილზე.
...მაგრამ მოხდა ისე, რომ მოსამართლის თანამდებობამ ეკლესიას ჩამომაშორა, ვარღვევდი მარხვებს, აღარ ვიღებდი აღსარებისა და ზიარების მადლს, წირვა-ლოცვებსაც თვეში ერთხელ თუ ვესწრებოდი, ისიც - ზერელედ.
მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ეკლესიური ცხოვრების კანონიკა ხელს მიშლიდა თანამდებობიდან მომდინარე "სიკეთით" ტკბობაში და "თეთრ ყვავად" რომ არავის მოვჩვენებოდი, ცას თვალი მოვაშორე და მივყევი დინებას.
დადგა კულმინაციური მომენტი.
ვიხილავ სისხლის სამართლის საქმეს გუდაურში მომხდარ საკმაოდ გახმაურებულ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით (თუმცა იმჟამად უშუალოდ მკვლელობას კი არა, არამედ ხულიგნობის ფაქტს ვიხილავდი, რომელსაც მოჰყვა მკვლელობა გიორგი შავგულიძისა).
ჩემს წინაშეა განსასჯელი გიორგი კიკნაძე, რომელიც 6 თვეა უკვე წინასწარ პატიმრობაშია და რომელსაც ბოროტ ხულიგნობაში ედება ბრალი, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა.
პროკურორმა, თუ არ ვცდები, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ჯერი ჩემზეა. გავდივარ მოსაფიქრებელ ოთახში. გამოვდივარ და გამომაქვს გამამართლებელი განაჩენი!
ყველა გაოგნებული დარჩა. გაოგნებული დავრჩი მე თვითონაც!
საქმე ისაა, რომ სათათბირო ოთახში გასვლამდე მე უკვე მქონდა შავი მონახაზი, რომლითაც ბოროტ ხულიგნობას ჩვეულებრივი ხულიგნობის კვალიფიკაციით ვცვლიდი, ვუსჯიდი 6 თვეს და ვინაიდან განსასჯელი გ. კიკნაძე 6 თვე უკვე ნამყოფი იყო წინასწარ პატიმრობაში, - ვუშვებდი დარბაზიდან. კმაყოფილი დარჩებოდა ყველა და მათ შორის პროკურატურაც, ვინაიდან მათი ინტერესი იყო, დამდგარიყო გამამტყუნებელი განაჩენი. მე კი გამამართლებელი განაჩენი გამოვიტანე... წმინდა ნიკოლოზის კარნახით! დიახ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს. ეს ასე მოხდა: განაჩენის დაწერის წინ ოთახში განმარტოებულმა ამოვიღე წმინდა ნიკოლოზის ხატი და შევევედრე, სწორი გადაწყვეტილება გამომატანინე-მეთქი. დავამთავრე ლოცვა. გადავშალე კოდექსი გამამართლებელი განაჩენის მუხლზე და...
ეს იყო გამამტყუნებელი განაჩენი საკუთარი თავის მიმართ. ეს იყო გადამტერება დაზარალებული მხარისა და მის მხარდამჭერ მეტად გავლენიან პირთა.
ეს იყო გადამტერება პროკურატურისა, რომელსაც, უხეშად რომ ვთქვა, საქმე გადავახიე თავზე. ამ ყველაფერს დაემატა ჩემს მიერ განთავისუფლებული სხდომის მდივნის მეტად ბილწი საჩივარი და იუსტიციის საბჭოს წარდგინებით უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიამ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც მეხის დაცემას უდრიდა ჩემთვის - თანამდებობიდან გამათავისუფლეს.
დაიწყო სასოწარკვეთილების ხანა. თავს ვგრძნობდი ნულს ქვემოთ დაცემულ უვიც იურისტად, რომელიც არავის აღარაფერში დასჭირდებოდა...
ჩავიკეტე სახლში. გადიოდა დღეები წუხილში, ძილსა და ისევ წუხილში... და როცა მივხვდი, რომ უფსკრულისკენ მივექანებოდი, დავუბრუნდი დედაეკლესიას.
ახლა კი მეცინება, მაგრამ მახსოვს, იმ დროს წმინდა ნიკოლოზის ხატთან აღარ ვლოცულობდი, ნაწყენი ვიყავი, - რატომ შემაცდინა-მეთქი. არადა სწორედ იმაშია არსი სასწაულისა, რომ დაინახა უფალმა, დაინახა ჩემმა მფარველმა ანგელოზმა და დაინახა წმინდა ნიკოლოზმაც, რომ ვერ გავუძელი თანამდებობას, რომ ჩემი სულიერება, ნაცვლად ზრდისა, თავქვე დაექანა და მომხსნა სიმძიმე ჯვრისა, რომელიც არ იყო ჩემი სატარებელი.
განსაცდელის შემდგომი ხანა - ეს იყო ჟამი სულიერი თვალის ახელისა. მივხვდი, რომ ადამიანის უმთავრესი მისია სასუფევლის მოპოვებაა. მივხვდი, რომ სულის საცხონებელი მადლის მოხვეჭაა მთავარი მოსახვეჭელი ამქვეყნად.
დავიწყე ადვოკატობა და მივხვდი, რომ ეს იყო თავისებური ღვთისმსახურება ჩემთვის, ვალდებული ვიყავი, უფასოდ მოვმსახურებოდი გაჭირვებულ ადამიანებს. ათი კლიენტიდან ერთი-ორი თუ მიხდიდა მიზერულ ჰონორარს, მაგრამ თავს ვგრძნობდი და ვგრძნობ უაღრესად ბედნიერად, ვინაიდან იმ რვა კლიენტის უფასოდ მომსახურების საფასურად ვიღებდი და ვიღებ ყველაზე ძვირფას განძს - მადლს, რომელიც თავის თავში მოიცავს ყველა ქრისტიანულ სათნოებას, სიკეთეს, სიყვარულსა და სინერგიას.
თანდათან გაქრა ყველა საწუხარი, სასოებამ შეცვალა სასოწარკვეთილება, სინათლემ შეცვალა სიბნელე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულმა შეცვალა ყოველი ჩემს ირგვლივ და შემცვალა მეც.
ახლა ყოველი დღე დღესასწაულია ჩემთვის!
ეს არის სასწაული ქრისტიანული, მართლმადიდებლური სარწმუნოებისა! ეს არის როლი, ღვაწლი და დამსახურება დედაეკლესიისა და მასში მოღვაწე მღვდელმსახურებისა!'ეს არის ჭეშმარიტი გზა და ჭეშმარიტი ბედნიერება!
დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის.
ბესარიონ კაიშაური
ადვოკატი, გორი
ადვოკატი, გორი