მონათხრობი მონისა ღვთისა ნიკოლოზისა
მე ის ადამიანი ვარ, რომლის თავზეც, რომ იტყვიან, წისქვილის ქვაც კი დატრიალებულა და თანაც - არაერთხელ! აღვირახსნილი ცხოვრებით ვიცხოვრე, ალბათ არც კი არსებობს ცოდვა, რომელიც მე არ ჩამედინოს. მაშინ ამას ვერც ვამჩნევდი, მეტიც, ვამაყობდი კიდეც.
გავიდა ხანი და პირველად 17 წლის ასაკში დამაპატიმრეს აზერბაიჯანში. მთელ ციხეში ერთი ქრისტიანი ვიყავი, თანაც ასაკითაც ყველაზე უმცროსი. წარმოიდგინეთ, რამხელა სირთულეების წინაშე აღმოვჩნდი. სწორედ მაშინ ვიგრძენი პირველი ბიძგი სულიერი ცხოვრებისკენ. მანამდე ჯვარს კი ვატარებდი, მაგრამ "მამაო ჩვენოც" არ ვიცოდი ზეპირად. ერთხელაც დედაჩემს წერილი მივწერე, როცა გამოვალ, მინდა, ეკლესიაში წავიდე და აღსარება ჩავაბარო-მეთქი. დედაჩემი წასულა ეკლესიაში და ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლმოდრეკილს ტირილი დაუწყია. ეს დაუნახავს მამა კახაბერს, შემდგომში ჩემს მოძღვარს, და მისულა დედაჩემთან, - რატომ ტირიო. დედას მოუყოლია ყველაფერი. მამაოს უთქვამს, მე წამოვალ და იქ ჩავიბარებ აღსარებასო.
დამიძახეს, გამიყვანეს და ვხედავ - ამ უცხო ქვეყანაში ანაფორით და ჯვრით დგას მამაო! ერთი კვირის თავზე ისევ ჩამოვიდა და მაზიარა, თან დამიტოვა ხატები, ლოცვანი და მასწავლა, როგორ მელოცა.
ღვთის წყალობით, მოხდა სასწაული და ძალიან მალე გამათავისუფლეს. მამაომ წამიყვანა მონასტერში და სემინარიაში სწავლის დაწყებაშიც კი დამეხმარა. ძალიან ცდილობდა ჩემი სულის გადარჩენას. გვერდიდან არ მშორდებოდა. მეც თავიდან ვემორჩილებოდი, მერე კი ყველაფერი თავიდან დაიწყო. ისევ მოვხვდი ძველ ბინძურ წრეში და საბოლოოდ ჩავიძირე წუმპეში. ძალიან ბევრი ეწამა მამა კახაბერი ჩემთვის, მაგრამ მწარედ გავუცრუე იმედი...
ცოლი მოვიყვანე, ბაქოელი გოგო. მართლმადიდებლურად მოინათლა, მაგრამ ორი წლის თანაცხოვრების შემდეგ დავშორდით ერთმანეთს. ის საბრალოც ეწამა, მაგრამ ამაოდ, ვეღარ გაუძლო ჩემს საშინელ ცხოვრების წესს... ოჯახის წევრები ცრემლებით იძინებდნენ და ცრემლებით იღვიძებდნენ, დედაჩემზე აღარაფერს ვამბობ.
მერე მეორედაც დამაპატიმრეს. მაინც ვერ მოვედი გონს. მესამედაც დამიჭირეს. მაინც ბატონობდა ჩემზე ბოროტი.
რომ გამოვედი, წავედი უკრაინაში, ოდესაში. ამ დროს მოხდა ყველაზე დიდი სასწაული იმ უამრავ სასწაულს შორის, რომლებიც კი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. რომ მიმოვიხედე და მივხვდი, ამქვეყნად ყველაზე მარტოსული, უსუსური არსება ვიყავი, არც წასასვლელი მქონდა სადმე და არც არავისთვის შემეძლო დახმარების თხოვნა, მწუხარებამ შემიპყრო. მთელმა ჩემმა ცხოვრებამ და ყველა ცოდვამ ერთ წუთში თვალწინ ჩამირბინა. თავი ჯოჯოხეთში მეგონა და გულმა ეკლესიისკენ გამიწია. შევედი ტაძარში და ბოლო კაპიკებით ერთი სანთელი დავანთე. დავიჩოქე და ავტირდი. არ მახსოვს, რას ვბუტბუტებდი. ამ დროს მომიახლოვდა მესანთლე ქალბატონი და მკითხა, ქართველი ხომ არ ხარო. ჩუმად ვუპასუხე, - დიახ, ქართველი ვარ-მეთქი. აქ, ოდესაში, ქართველი მამაო გვყავს, ძალიან კეთილი ადამიანია, მიდი და რითიც შეძლებს, დაგეხმარებაო. მომცა მისამართი და გავუყევი გზას.
არც კი ვიცოდი, საით უნდა წავსულიყავი. ჩემდა გასაკვირად, გზის მეორე მხარეს ბერი გამოჩნდა. მივუახლოვდი და მამა ანდრიაზე (ოსიაშვილი) შევეკითხე. დიდება უფალს, მომიბრუნდა და მითხრა, წამოდი, შვილო, მე ახლა იმ მონასტერში მივდივარ და მამა ანდრიასთან მიგიყვანო.
მივედით წმინდა ილია წინასწარმეტყველის მამათა მონასტრის კართან და სწორედ მაშინ ვნახე ის ღვთის მადლით მოსილი ბერი! ულამაზესი, უტკბესი, მოყვასის უზომოდ მოყვარული და საქართველოზე შეყვარებული. ისე მიმიღო, მეგონა, ყველაფერი იცოდა ჩემ შესახებ და მელოდა. მან შეუძლებელი შეძლო - შეძლო სხვა თვალით დაენახვებინა ჩემთვის სამყარო; შეძლო გაექრო ჩემში ამპარტავნება; მასწავლა, რას ნიშნავს მორჩილება, როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს ღმერთი და რომ მის გარდა არავინ და არაფერი არსებობს ჭეშმარიტი ამ ქვეყანაზე; დამანახვა სამოთხეც და ჯოჯოხეთიც, შემაგნებინა, რაოდენ ძლიერია შემოქმედი და რამხელა ვალი გვაქვს მისი ადამიანებს.
ჩემთვის უბედნიერესი იყო ის ექვსი თვე, მამა ანდრიას გვერდით რომ გავატარე. მადლობა უფალს, რომ მომანიჭა ეს დიდი მადლი!
მართალი გითხრათ, არ შემიძლია გადმოგცეთ ყველაფერი, რასაც ვგრძნობ... მე დღეს უბედნიერესი ადამიანი ვარ მთელ სამყაროში! იყო დრო, ჩემი დანახვაც აღარავის უნდოდა, ყველამ ზურგი მაქცია, - ხომ იცით, უვარგისი აღარავის უნდა, - ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში პირველად ვხედავ დედაჩემის გაღიმებულ სახეს. ყველას მოულბა გული ჩემ მიმართ, ყველას უხარია ჩემი დანახვა. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ჩემი მოძღვარი მამა კახაბერი სათნოებით სავსე ადამიანია და მინდა, თქვენი ჟურნალის მეშვეობით გადავუხადო უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, რაც კი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის გაუკეთებია. ამავე დროს ბოდიშიც მინდა მოვუხადო, ძალიან დიდი ბოდიში ყველაფრისთვის, რაც არასწორად გამიკეთებია. მამაო, ძალიან მიყვარხართ და მუხლს ვიყრი თქვენ წინაშე. უმორჩილესად გთხოვთ, მომიტევეთ შეცოდებანი ჩემნი და მომიხსენეთ თქვენს წმინდა ლოცვებში! მადლობა შემოქმედს, რომ ჩემს ცხოვრებაში მოავლინა მამა კახაბერი და მამა ანდრია. ღმერთო, გევედრები, ათას წელიწადს აცოცხლე ჩემი სულის გადამრჩენი ორივე მამა!
ყველას, ვინც კი მიცნობს, მინდა ბოდიში მოვუხადო - თქვენს მუხლებს ვენაცვალე, მაპატიეთ, თუ რამე შემიცოდავს თქვენ წინაშე, ნუ განმირისხდებით და ნუ განმიკითხავთ. შეგეწიოთ უფალი.
მე მუდამ ვლოცულობ ყველა გზააბნეულისთვის, ვინც დღეს ისე ცხოვრობს, როგორც მე ვცხოვრობდი ოდესღაც. დიდება, უფალო, შენს სახიერებას! ეს ყველაფერი ცოტა ხნის წინ რომ ეთქვა ჩემთვის ვინმეს, დავცინებდი და გავამასხარავებდი. ახლა კი ამის გაფიქრებაც კი მაშინებს და მზარავს. თურმე რაოდენ ბრმაა ადამიანი. ახლა მიკვირს, ნუთუ ისე მაბრმავებდა ბოროტი მთელი 25 წელი, რომ ერთხელაც არ დავფიქრებულვარ, რაოდენ დიდია უფლის შეწევნა და სიყვარული ჩვენს წინაშე, როგორ გვპატიობს ამდენ ცოდვას!
მთელი ცხოვრება დავდივართ აღმა-დაღმა, ცა ქუდად არ მიგვაჩნია და დედამიწა ქალამნად, მაგრამ ბოლოს მაინც ერთადერთ ჭეშმარიტ გზას - უფლის გზას დავადგებით, რადგან სხვა გზა არც არსებობს. ერთადერთია ჭეშმარიტი გზა უფლისკენ მიმავალი და გვევლოს ყველას ერთად ამ ნათელ გზაზე. გავახაროთ უფალი ჩვენი სულიერებით და გაგვახარებს უფალი ქვეყანასა ზედა. ღმერთი არს ჩვენთან!