მამა დავითი
უსასრულოდ შემიძლია საუბარი მოძღვარზე, რომელმაც ღვთის გზაზე დამაყენა, მასწავლა უფლის სიყვარული და შთამაგონა მისი პატივისცემა.
მამა დავითი, ჩემი პირველი მოძღვარი, კახეთში, წნორის ტაძრის მღვდელმსახური იყო და ბოდბის დედათა მონასტერშიც ატარებდა წირვებს; ძალიან უყვარდა თავისი მრევლი და ყოველთვის ცდილობდა, სითბო და სიყვარული გამოეხატა მის მიმართ.
მას ოთხი არაჩვეულებრივი ღვიძლი შვილი ჰყავს, მაგრამ არასოდეს არჩევდა მათ სულიერი შვილებისგან.
ყველასგან გამორჩეული, სიკეთითა და მადლით სავსე, სხვებთან შედარებით ლმობიერი და შემწყნარებელი იყო.
ეს ყველაფერი კი ჩვენმა პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ უყურადღებოდ არ დატოვა და მამა დავით გრიგალაშვილი დეკანოზად აკურთხა.
მამა დავითი ღვთისგან პოეტური ნიჭითაც იყო დაჯილდოებული, შესანიშნავ ლექსებს წერდა. წინათგრძნობაც ჰქონდა, რომელიც ყოველთვის მართლდებოდა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სრულიად ჯანმრთელი და სიცოცხლით აღსავსე იყო, ამბობდა, რომ მალე ხორციელად აღარ იარსებებდა. მისმა სიტყვებმა გაგვაოცა, არ გვსურდა, დაგვეჯერებინა, მაგრამ მალევე დავრწმუნდით, რომ ის, როგორც ყოველთვის, მაშინაც მართალი იყო.
მამაოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გარდაცვალებამდე ექვსი თვით ადრე ძალიან დამძიმდა. ავადმყოფობისგან ძალიან დაღლილი ამბობდა:
"ამ ორომტრიალში დავდივარ სულ მარტო,
სანთლის სხივს ვხედავ ძალიან შორიდან,
კითხვები მიჩნდება - ეს რატომ? ის რატომ?
მართლა დავიღალე და ზეცა მომინდა..."
მისი გარდაცვალება გარშემო მყოფთათვის დიდი ტკივილი იყო. ის სიყვარულს ჩვენ მიმართ მოფერებით შერქმეული სახელით გამოხატავდა და თავის მრევლს წიწილებს გვეძახდა.
მამა დავითი დიდი გულდაწყვეტით დავკრძალეთ წნორის ტაძრის ეზოში. ვიცოდით, რომ ხორციელად უკვე აღარ იყო, მაგრამ ამ აზრს ვერ ვეგუებოდით, არ გვჯეროდა, ან არ გვსურდა, დაგვეჯერებინა. ჩვენ, უპატრონოდ დარჩენილმა წიწილებმა, მისი ლოცვის ხმა ვეღარ გავიგონეთ, დავრწმუნდით, რომ გვერდით აღარ გვედგა, თუმცა ის მაინც ჩვენთან იყო.
ყოველივეს შემდეგ სურვილი არ გამჩენია, სხვა მოძღვართან მივსულიყავი, გზააბნეული დავდიოდი ტაძრიდან ტაძარში, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, ვისთვის მიმემართა... ისეთი განცდა მეუფლებოდა, რომ რომელ ტაძარშიც არ უნდა შევსულვიყავი, ჩემი მამაო იქ დამხვდებოდა, მაგრამ ეკლესიიდან მუდამ აცრემლებული და იმედგაცრუებული მიწევდა გამოსვლა...
მე მხოლოდ ჩემი მამა დავითისნაირს ვეძებდი, მსურდა, ზუსტად მისნაირი მეპოვა, მაგრამ გულდაწყვეტა საშუალებას არ მაძლევდა, გამეაზრებინა - ის ხომ ერთადერთი იყო!
საბოლოოდ, ვიპოვე ახალი მოძღვარი. ისიც ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ ჯერჯერობით მიჭირს ფიქრი, რომ დღეს სხვა სულიერი პატრონი მყავს. მამა დავითი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, მახსოვს მისი ყოველი თხოვნა და რჩევა. მისი სიტყვები ჩემთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია, მე მას ვერასოდეს დავივიწყებ.
X კლასის მოსწავლე
მაკო გიგინეიშვილი
მაკო გიგინეიშვილი
მყუდრო სავანე
ეკლესია გვასწავლის, რომ სხეულის მარხვა სულიერ მარხვასთან უნდა იყოს შერწყმული. ეს პრინციპი სრულად რომ დამეცვა, გადავწყვიტე, საშობაო მარხვის დროს წავსულიყავი მცხეთაში, სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში; დამეკმაყოფილებინა ინტერესი, თუ როგორ ცხოვრობენ მონაზვნები.
ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ეზოში შესვლისთანავე გრძნობ, რომ სხვა, საოცარ სამყაროში ხარ და შენც ცდილობ, ისეთ ადამიანად იქცე, როგორებსაც იქ ხედავ. ფუსფუსებენ ერისა და მამულის კეთილდღეობისთვის მლოცველი დედები. გულმხურვალე ლოცვით საქართველოს ბედს უფალს ავედრებენ. ასე რომ, ძალიან დიდ ღვაწლში არიან. რთულია მათ მიერ არჩეული გზა, მაგრამ უფლის მადლი ტრიალებს და დედები არასოდეს ჩივიან, არ წუწუნებენ, არასოდეს იღლებიან და იქ მისულიც თავს უფლებას ვერ მისცემ, მუხლი ჩახარო, ლოცვამ და შრომამ დაგღალოს.
მონასტერში სიყვარული სუფევს. მშვიდი, მოსიყვარულე თვალები, სიკეთით სავსე გული და საოცარი იღუმენია - დედა ქეთევანი.
ერთი თვის განმავლობაში დედებთან ერთად ვსაქმიანობდი და მიუხედავად ასაკისა (68 წლის გახლავართ), უფლის ძალამ ყოველივე შემაძლებინა.
დიდი სურვილი მაქვს ვურჩიო ეკლესიის მრევლს, გამონახონ დრო და რამდენიმე დღით მაინც ეწვიონ მცხეთას, იხილონ სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი, მამა გაბრიელის საფლავი, დედათა ღვაწლი და გარწმუნებთ, ეს სტუმრობა ფერისცვალების დასაწყისი იქნება, მცდელობა იმისა, რომ გახდე უკეთესი, ვიდრე ხარ და სულიც სიმშვიდეს მოიპოვებს.
ნაზიკო გველესიანი
ჭიათურა
ჭიათურა