გთხოვთ მაპატიოთ, შვილებო, ჩემი მძიმე წარსული, რომლის უღვთოობითაც თქვენი მომავალი დავამახინჯე!
ლექსს ვუძღვნი ჩემს შვილს, თორმეტი წლის თამთას:
მე გაგიმუქე ლურჯი აისი,
უნაკლო ტანზე ძონძი გაცვია,
შენთან მარცხდება ედელვაისი
და მილოსელის ნაზი გრაცია.
მე გაგიმუქე სულის სახარი
მაისი, შუქმფერ ოქროდ ნაღები,
ნავარდალი და ნაზამბახარი
გადაგითელე ყრმობის ბაღები.
შენ კი, ნატიფო, მწუხრი დაისი
და ბოროტება ჩემი გახლიჩე.
ო, მომიტევე, შენი გაისი
დაბადებამდე დაგისახიჩრე!
შენ უნდა გასცდე პლანეტის ქილიკს,
ეპოქა უნდა სათნოდ ალესო!
უფლისკენ სავალ ეკლიან ბილიკს
მიეფერო და მიეალერსო.
მე ერთი ნაძირალა ადამიანი ვარ, რომელმაც ციხეში ოცდაოთხი წელი გაატარა და უმძიმესი წარსულით მხრებდამძიმებული სიკვდილის პირასაა. ამიტომ მინდა იცოდნენ ჩემმა შვილებმა, რომ:
დავბრუნდი, ღმერთო, გავყარე წილი
დემონთან, ნებით მრავალნაყარი.
მარგე აისი, მომწყინდა ძილი
და გზა მიჩვენე სულის სახარი.
დავბრუნდი, მამავ, უძღები შვილი,
წამშლია ყრმობის სათნო იერი.
მოჩანს საწუთროს ნაპირი ხრილი,
მაშინებს დღეთა დასალიერი.
მოვედი, მამავ, მოვხარე ქედი,
მიმიღე თბილად, ნუღა მემდური,
ვარ ცოდვის ისრით დაჭრილი გედი
და მზარავს ხვედრი ჯოჯოხეთური!..
...გთხოვ, გამიმთელო, მზეო მამაო,
შუაწყვეტილი ძარღვი შუბლისა.
მივხვდი, ყოველი არის ამაო,
გარდა უფლისა! გარდა უფლისა!
გთხოვთ, ეს ლექსიც გამომიქვეყნოთ:
ტყუპი დღეები შაურად მიღირს,
გულის მეოხად არვინ ინდობა,
თითქოს თან დამყვა აგური ციხის
და უსასრულო უამინდობა.
და მთის უდაბურ დამკარგავ ტევრში
ლურჯი ტატნობის თვალი ხამია,
აქ კი, დილეგის მწუხარე მტვერში,
ისევ ღამეა, ისევ ღამეა...
აი, ეს არის ჩემი თხოვნა, ქალბატონო თამარ, იქნებ როგორმე დამეხმაროთ. წინასწარ გიხდით მადლობას.
გივი გოგოლაძე
საყვარელ "კარიბჭეს"
მოგესალმებით გლდანის #8 საპყრობილიდან, გმადლობთ, რომ სიყვარულსა და საღვთო მადლს ასე ლამაზად გვაზიარებთ.
...ეკლესიური ცხოვრების აუცილებლობას, სამწუხაროდ, მოგვიანებით მივხვდი, როდესაც განსაცდელი დამატყდა თავს. და რომ არა უფალთან დაბრუნება, არ ვიცი, როგორ გავძლებდი. გული მწყდება, რომ თავიდანვე არ დავიწყე ეკლესიური ცხოვრება, არ ვმონაწილეობდი წმინდა საიდუმლოებებში, რაც ნამდვილად უმაღლესი ბედნიერებაა.
მინდა დიდი პატივისცემა და სიყვარული გამოვხატო ბერ სვიმონ აბრამიშვილის, მამა ბართლომეს, მამა ილიას (ადანია), ბერ ბენიამინ ბელქანიას, ბერ იერემიას, ჩემი მოძღვრის დეკანოზ მიქაელ ქადაგიშვილის მიმართ; ისინი უცხოს თუ ნაცნობს, თანაბრად უნაწილებენ საღვთო სითბოს და სიყვარულს, მათი მზრუნველობა ყველას უხვად ეფინება. ღმერთმა მოგვცეს მათნაირი ნიჭი სიყვარულისა; სიყვარული ხომ ნამდვილი ბედნიერების სათავეა. მათთან ერთად მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს დას, მორჩილ ირინე ჭითანავას, რომელიც ვაჟკაცურად გვიდგას გვერდში მე და ჩემს ოჯახს.
უფლება არა მაქვს, არ დავაფასო და მადლიერება არ გამოვხატო გლდანის #8 საპყრობილეს ადმინისტრაციის, ბ-ნ თამაზ მელაძის მიმართ, რომელთა თავდაუზოგავი შრომის შედეგად საუკეთესო პირობებია შექმნილი სამღვდელოების წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის და არა მარტო...
დაბოლოს, ჟურნალ "კარიბჭის" ყველა მკითხველი ღირსეულად შევსულიყავით მარადიული სასუფევლის კარიბჭეში.
სიყვარულითა და პატივისცემით -
გლდანის #8 საპყრობილის მსჯავრდებული მერაბ ჭითანავა
გლდანის #8 საპყრობილის მსჯავრდებული მერაბ ჭითანავა