ჩვენ ყველანი უძღები შვილები ვართ - ვშორდებით მამას და ისევ ვუბრუნდებით, რადგან სხვაგან საშველს ვერ ვპოულობთ.
მთავარი აქ სხვა რამაა - უფალს ვუყვარვართ და ხელგაშლითა და ალერსით გვიბრუნებს, მეტიც, შესაძლოა, "სამოსელი პირველიც" მოგვართვას. მაგრამ უმეტესწილად უფლის სიყვარულს საჩვენოდ ვიყენებთ და იმის ნაცვლად, მონანიებისკენ მივიდრიკოთ, თვალი კვლავ გაქცევაზე გვიჭირავს...
მადონა (59 წლის): ჩვენი ნებისმიერი ცოდვა, განსაკუთრებით - შეგნებულად ჩადენილი, ღვთის ღალატია. მაგრამ შეგვიძლია, სინანულით დავუბრუნდეთ მამას.
მახსოვს, ჩემს ახალგაზრდობაში ჩვენთან ერთი ძალზე მორწმუნე ქალბატონი მუშაობდა. განათლებულიც იყო და თანამდებობაც შესაფერისი ჰქონდა. რწმენაში გაუთვითცნობიერებელმა მისგან ბევრი რამ ვისწავლე და შევიმეცნე. დავსხდებოდით და ღმერთზე ვსაუბრობდით. ჩვენი პატრიარქი განსაკუთრებულად უყვარდა და მეც დიდი სიყვარული გამიჩინა.
ერთხელაც გაბოროტებული მეჩვენა. რომ დამინახა, შევატყვე, არ ესიამოვნა. გამიკვირდა, მაგრამ არ შევიმჩნიე და სიტყვა სარწმუნოებაზე ჩამოვუგდე. ისეთი სიტყვები ამოაფრქვია პატრიარქსა და სამღვდელოებაზე, ფერი მეცვალა. კარგა ხანს აგრძელებდა ჩემს "დამუშავებას" და მოახერხა კიდეც - თუ მანამდე სანთლის დასანთებად მაინც შევდიოდი ეკლესიაში, ახლა იქით გახედვაც აღარ მინდოდა. ერთი ძველთუძველესი ხატი მქონდა და იმას ვესაუბრებოდი.
ერთხელაც თანამშრომელმა იმ ქალბატონზე მითხრა, სექტანტი გამხდარაო. მერე გავიგე, ეს მართლმორწმუნე ოჯახი სულ დანაწევრებულა...
ძალიან შევშინდი და ეკლესიაში წავედი, ჩემი უგუნურება მოვინანიე და მოძღვარიც მალევე შევარჩიე. საბედნიეროდ, ის ქალბატონიც დაუბრუნდა დედაეკლესიას, რადგან, სახარებისეული უძღები შვილის მსგავსად, უამრავი განსაცდელი დაატყდა თავს.
ელენე (27 წლის): არასოდეს გამჩენია სურვილი, ეკლესიას მოვშორებოდი. პირიქით, საშველი ყოველთვის ეკლესიაში მიპოვია.
მამამ რომ მიგვატოვა, სულ პატარა ვიყავი. იმაზე მწყდება გული, რომ მამაშვილური სიყვარული ვერასოდეს ვიგრძენი. გავთხოვდი და მამამთილი გარდამეცვალა. ვერავის განვსჯი, მაგრამ მამას, რომელიც ჩემთვის ფარი და მახვილი უნდა ყოფილიყო, არასოდეს გავხსენებივარ. ასე რომ, ვერც მე შევიყვარე და ეს ჩემი დიდი ცოდვა და სინანულია. პატრიარქი თავის ქადაგებებში ყოველთვის უსვამს ხაზს დედ-მამის სიყვარულსა და პატივისცემას, მაგრამ რა ვქნა...
მამა რომ გარდაიცვალა, ერთგვარი შვება ვიგრძენი. უკვე აღარ ვწითლდებოდი, როცა ზოგიერთი უტაქტოდ მკითხავდა, მამა თუ გყავსო. თითქოს სიამაყითაც კი ვამბობდი, გარდაიცვალა-მეთქი. არ მიხდებოდა მტანჯველი სიტყვის თქმა - "მიგვატოვა"...
იქნებ მაშინ დავუბრუნდი მშობლის უბეს, როცა მის სულზე დავიწყე ზრუნვა - ყოველ შაბათს საყდარში მივდიოდი, სანთლებს ვუნთებდი და გარდაცვლილი მშობლისთვის შვილის ლოცვას ვკითხულობდი.
მალხაზი (42 წლის): ჩემი ნებით მოვშორდი დედაეკლესიას. ახლა ვიცი, რომ ეკლესიისგან დაშორება უფალთან დაშორებაა, მაშინ კი მეგონა, თუკი განდგომილებს შევუერთდებოდი, უფრო დავუახლოვდებოდი ღმერთს. დიდი ერთგულებით გავატარე ექვსი წელი განდგომილებაში - პატრიარქსა და სამღვდელოებას რომ დავინახავდი, ტელევიზორს გადავრთავდი.
ერთხელ რატომღაც პატრიარქის წირვას დავესწარი და ჩემში ყველაფერი შეიცვალა - გულში სითბო ჩამეღვარა და დავაპირე, ყველაფერი მომენანიებინა. მოგეხსენებათ, ადამიანს უჭირს კავშირის გაწყვეტა ძველთან და მეც გამიჭირდა მრევლთან გამოთხოვება, მაგრამ მაინც შევძელი, რადგან გული ისე ძალუმად მიმიწევდა პატრიარქისა და ეკლესიისკენ, უკან ვერ დავიხიე...
დედაეკლესიაში დაბრუნების შემდეგ მივხვდი, რას კარგავენ ადამიანები, როცა ჭეშმარიტებას ზურგს აქცევენ.
დავითი (29 წლის): ბაბუაჩემი 100 წელს გადასცდა. წარმოიდგინეთ, რამდენი მთავრობა შეიცვალა, რამდენჯერ მოუხდა ალბათ რაღაცის დათმობა, პრინციპებზე უარის თქმა. ცნობილი მათემატიკოსი და უპატიოსნესი ადამიანი იყო და ამიტომაც ვერ ჰკიდებდნენ ხელს, როცა ეკლესიაში შედიოდა, სანთლებს ანთებდა და სახლიც ხატებით ჰქონდა სავსე. როცა ამას ჰყვებოდა, ვკითხე, არ გეშინოდა-მეთქი? როგორ არა, უშიშარი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ შიშის გამო უფალს ვერ შევაქცევდი ზურგსო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი