ჩემო ძვირფასებო! მინდა გამოვხატო დიდი პატივისცემა და მადლიერება ჟურნალ "კარიბჭის" სარედაქციო კოლეგიის მიმართ. სიხარულით ველი ყოველ ნომერს და სულმოუთქმელად ვკითხულობ. ფოთის ეპარქიის მრევლის შედარებით ახალი წევრი გახლავართ და "კარიბჭე" დამატებითი სულიერი საზრდოა ჩემთვის.
თქვენთვის წერილის მოწერა ჩვენს ქალაქში არსებულმა პრობლემამ გადამაწყვეტინა: ქალაქის ცენტრში ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარია, რომელიც, სამწუხაროდ, ამ ახალ დროებაშიც კი არ ასრულებს თავის ფუნქციას. იქ დღემდე თეატრია განთავსებული. რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოს რადიოთი, რომელიც ძალიან გვიყვარს და დიდი ინტერესით ვუსმენთ, ერთ-ერთი მოძღვარი საუბრობდა იმაზე, რომ საქართველოში ისტორიული ბედუკუღმართობის გამო ტაძრები და ეკლესიები მკრეხელური დანიშნულებით იყო გამოყენებული. ალბათ არც მან და არც ბევრმა სხვამ არ იცის, რომ ფოთში ისტორიული სამართლიანობა ჯერ კიდევ არ აღუდგენიათ.
22 მაისს, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, ფოთს საქართველოს პირველი ლედი ესტუმრა და ნავსადგურის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაც მოილოცა. უამრავი ხალხი იყო სადღესასწაულო წირვაზე, სამი მეოთხედი ალბათ გარეთ იდგა. მართალია, ეს მომცრო ეკლესიაა, მაგრამ დიდ დღესასწაულებზე ასეა ფოთის ყველა ტაძარში.
26 მაისი ვიზეიმეთ. ქართველთა ღირსების აღდგენისა და საქართველოს სულიერი მისიის შესახებ (რაც მეტ-ნაკლებად ყველა მორწმუნემ იცის) პრეზიდენტის სიტყვების მოსმენისას სიხარული გიპყრობს და იმედი გიათკეცდება, მაგრამ ფოთის დღევანდელი სულიერი თუ ეკონომიკური სინამდვილე რომ მოგაგონდება, სასოწარკვეთილება გძლევს და ფიქრობ, რომ არასოდეს არაფერი შეიცვლება.
თეატრის დასის მდგომარეობა გასაგებია. მათთვის შენობა დიდი ხნის წინ უნდა აგებულიყო, მაგრამ, სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, პროცესი ჭიანურდება. იურიდიულად ხომ შენობა საპატრიარქოს საკუთრებაში გადავიდა? მრევლმა რა დააშავა? აქ ადამიანთა კონსტიტუციური უფლებები არ ირღვევა?
ჩემი აზრით, ეს პრობლემა ადგილობრივ ხელისუფლებას, არც ძველსა და არც ახალს, კარგად არ აქვს გაცნობიერებული.
წვრილმანებს აღარ ჩავუღრმავდები, მაგრამ ფაქტია, ჩვენთან რეალიებს ვეღარ აცნობიერებენ. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ფოთამდე ძალიან გვიან აღწევს.
26 მაისს, საღამოს, საკათედრო ტაძრის (გუმბათზე ჯვარია) კედელთან გაიმართა გრანდიოზული კონცერტი ფეიერვერკებით (ღმერთმა დაგვიფაროს - წარმოიდგინეთ, მეტეხის ან სვეტიცხოვლის კედელთან რომ ჩატარებულიყო რუსლანას კონცერტი!). მორწმუნეებს ფოთში ყოველგვარი სადღესასწაულო განცდა გაგვინელდა და ღირსების გრძნობა გაგვიქრა. მინდა, თავმდაბლად ვთხოვო "კარიბჭის" მკითხველებს: შეძლებისდაგვარად ილოცონ ფოთში ამ პრობლემის მოგვარებისთვის. ფოთი ხომ საქართველოს კარიბჭედ იწოდება. ღმერთმა ქნას, მალე ამ კარიბჭეში შემოსული და აქედან გასული ადამიანები ღვთიური მადლით ყოფილიყვნენ გაძლიერებულები.
თქვენი ერთგული მკითხველი
ნინო იაშვილი
ნინო იაშვილი
დიდი მადლობა, რომ არსებობთ და უფლის წყალობით ასეთ ღვთისნიერ საქმეს აკეთებთ.
ძალიან მიყვარს თქვენი ჟურნალის თითოეული რუბრიკა. ყოველ ნომერს გულის ფანცქალით ველი. ამ ჟურნალის საშუალებით მრავალ კითხვაზე მიმიღია პასუხი, მრავალი რამ მისწავლია, მრავალი გაუგებარი რამ გამიგია. ბედნიერები ხართ, რადგან ადამიანთა გულებში ღვთიური კარიბჭის გაღება და ჩამქრალი კანდელის ანთება შეძელით, დიდსა თუ პატარას სიკეთისა და სიყვარულისკენ მოუწოდებთ. თქვენ სიმშვიდე და სათნოება მოჰგვარეთ ქართველ ქრისტიანებს.
წყალი რბილია, ქვა კი - მაგარი, მაგრამ თუ ლოდის თავზე პატარა სადინარს გავიყვანთ და წყალს წვეთ-წვეთად მივუშვებთ, წყლის წვეთი თანდათან გააპობს ქვას. მსგავსად ამისა, ღვთის სიტყვა რბილია, ჩვენი გული - უხეში, მაგრამ თუ ადამიანები მუდმივად იკითხავენ ღვთის სიტყვასა და წმინდა მამათა დარიგებებს, მათი უხეში გული ადრე თუ გვიან დალბება და მასში ღვთის შიში დამკვიდრდება. "კარიბჭის" მკითხველი ის გავარვარებული ნაკვერჩხალია, რომელიც ჩამქრალ ნაკვერჩხალსაც აანთებს, რწმენითა და ლოცვით გამთბარი გული კი მეორე, თუნდაც სრულიად ცივ და შესაძლოა, ნახევრად მკვდარ გულსაც გაათბობს.
"კარიბჭე" შემიძლია შევადარო მშენებელსაც, რომელიც თხრის ღრმა ორმოს, სადაც საძირკვლის პირველი ქვა უნდა ჩადოს. "კარიბჭეს" შეუძლია, ადამიანთა სულში ააგოს სულის ხსნის მყარი კოშკი.
ბოლოს კი მინდა, დიდი მოწიწებით მადლიერება გამოვთქვა ჩვენი ერის მწყემსმთავრის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიმართ, რომელიც ყოველი კეთილი საქმის მოთავე და აღმსრულებელია და რომელიც დღემდე მუხლჩაუხრელად, სიბრძნითა და მოთმინებით ეზიდება ჯვარს ღვთისა და ერის სიყვარულისა. გისურვებთ, იმდენ წელიწადს გაგეგრძელებინოთ მადლიანი მოღვაწეობა, რამდენი ადამიანიც არის თქვენი მადლიერი. მე ამაყი ვარ, რადგან ვარ ქრისტიანი და ვცხოვრობ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, საქართველოში.
"კარიბჭის" უერთგულესი მკითხველი
გოგიტა გიორგაძე, სამტრედია
გოგიტა გიორგაძე, სამტრედია
კარგა ხანია განზრახული მაქვს, წერილი მოგწეროთ და გაუწყოთ ჩემი სიყვარული და მადლიერება. იქ, სადაც დიდია სიყვარული, საუბარი ყოველთვის ძნელია - გული და გონება ერთმანეთს ვერ ეთავსება და აზრი იბნევა. ამისთვის წინასწარ გთხოვთ მიტევებას.
უპირველესად, მინდა გამოვხატო უდიდესი სიხარული ჩემი სულიერი მოძღვრის, მამა თეოდორეს დეკანოზად კურთხევის გამო. ხსენება იმისა, რომ მამა თეოდორე დეკანოზია, ჩემში ყოველთვის იწვევს "სიხარულის წრფელ ცრემლს". ვარ უაღრესად ბედნიერი, რადგან ღმერთმა მამა თეოდორეს შემახვედრა. როგორი მადლობელი ვარ, უფალო, ამისათვის...
ყოველთვის ვეკითხებოდი საკუთარ თავს, როგორ შეიძლებოდა, გულით გეტირა ლოცვის დროს ან წირვაზე, სინანული გაგჩენოდა იმის გამოც, რასაც აქამდე კეთილ საქმედ მიიჩნევდი, შეგეგრძნო, რომ ამქვეყნად ყოველი არსება გჯობს. მე ეს ღმერთმა და ჩემმა მოძღვარმა შემაძლებინეს. არასოდეს დამავიწყდება ის განცდა, რაც სინანულის დღეს გამოიწვია ჩემში მამა თეოდორეს ქადაგებამ. მდიოდა ცრემლი სიხარულისაც და ძლიერი სირცხვილისაც - ჩვენ ხომ (და ამას უწინარესად საკუთარ თავზე ვამბობ) არასოდეს ვიქნებით ღირსნი, მამაომ მიტევება გვთხოვოს... ვისმენდი მის დიდებულ ქადაგებას, ვიდექი მის წინ და ვთრთოდი ძლიერი მამაშვილური სიყვარულისგან, ეგებ შიშისაგანაც. მიუხედავად ჩემი ამ უზარმაზარი სიყვარულისა მამაოს მიმართ, ჩემი სულიერი უძლურების გამო ვერასოდეს ვახერხებ გამოვხატო ეს გრძნობა და ვფიქრობ, ამ წერილის წაკითხვის შემდეგ მამა თეოდორე დიდხანს იფიქრებს, ვინ ვარ. იფიქრებს იმიტომაც, რომ მამა თეოდორე ყველას საოცრად უყვარს.
მე უფალს შევევედრები მამაოსთვის. ღმერთმა მიანიჭოს ძალი ჩვენი უმძიმესი ცოდვების ტვირთვისა და ნუგეშისცემისა.
ნათია
დიდი ხანია, ჟურნალ "კარიბჭის" ერთგული მკითხველი გახლავართ. ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ჟურნალის მეშვეობით შესაძლებელია მკითხველთა წერილების გამოქვეყნება. ამით მრევლი უფრო დავუახლოვდებით ერთმანეთს - ჩვენ ხომ ერთი სარწმუნოება გვაკავშირებს. ადამიანები ტაძარში ხშირად განსაცდელის დროს მიდიან, მე კი ღვთის შიშმა და სიყვარულმა მიმიყვანა. 10 წლის ვიყავი, როცა პირველად ვთქვი აღსარება და ვეზიარე ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ამ დროს ვიგრძენი უფლის შემწეობა და მადლი; ის, რაც სიხარული მეგონა, მწუხარების დასაწყისი გამოდგა, იმან კი, რის გამოც ვწუხდი, სიხარული მომიტანა... საკმევლის სურნელება და საგალობლის გუგუნი ჩემს სულს სინაზითა და სიწმინდით აღავსებს. როცა ტაძარში მივდივარ, ღმერთს ვხვდები. ჩემთვის დიდი პატივია ღვთის სახლში ყოფნა.
როცა მზად აღმოვჩნდი უფლის მისაღებად, ის უკვე დიდი ხანი იყო ჩემს გულის კარზე აკაკუნებდა.
რამდენი ადამიანიცაა ამქვეყნად, ალბათ, იმდენივე გზა არსებობს უფალთან მისასვლელად. ღვთისკენ მიმავალი გზა ვიწროა და ეკლიანი, მაგრამ ის ხომ დიდი სიხარულით მთავრდება! ჩვენ ხომ უსუსურნი დავიბადეთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ვისწავლეთ ადამიანების გვერდით ცხოვრება. წყლის წვეთი გლუვ ზედაპირზე იქით მიდის, საითაც თითით წაიყვან. ასევეა ახალგაზრდა, ნორჩი გული - ის შეიძლება საითაც გინდა, იქით მიდრიკო. ეს კი უწინარეს ყოვლისა მშობლებზეა დამოკიდებული.
თანდათან ცხოვრებისეული გამოცდილების ქერქით ვიმოსებით, ვსწავლობთ, როგორ გავიტანოთ თავი ამა სოფლის აურზაურში, წინ კი არ ვიხედებით, რა გველის - სამოთხე თუ ჯოჯოხეთი. რომელი აჯობებს, წუთისოფელში წუთიერად ვეწამოთ და მარადიულ ცხოვრებაში ვილხინოთ თუ პირიქით? ეს ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან ღმერთი ადამიანს ძალას არ ატანს, ჩვენ თვითონ უნდა მივმართოთ მას.
ღმერთს ხომ ყველა ჩვენგანი უყვარს, მაგრამ ჩვენგანაც მორჩილებას ითხოვს.
ბიბლია ამოუცნობი სიბრძნეა ღმრთისგან მოწოდებული და მასთანვე მისასვლელი. ღმერთთან ყოფნა ხომ თავისუფლებაა! ნუ დავემგვანებით უგუნურ ქალწულებს, ჭკვიან ქალწულებს მივბაძოთ, ავანთოთ მიმქრალი ლამპარი და გავინათოთ გზა სასუფევლისკენ.
მე ვცდილობ, ლოცვითა და მარხვით გავინათო ცათა სასუფევლისკენ მიმავალი გზა, რათა არ იყოს დახშული ჩემთვის დიდების კარი. ქართველნო, ერთად ვილოცოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის, მიცვალებულთათვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ლოცვა და მარხვა ხომ ფრთებია ჩვენი სულისთვის, ის ფრთები, რომლებითაც ზეცად ავმაღლდებით.
"კარიბჭის" ერთგული მკითხველი გ. გიორგაძე,
ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი
ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი
"კარიბჭის" ყოველი ნომრის გამოსვლა ჩემთვის დღესასწაულია. ღმერთმა გაახაროს ყველა, ვისაც ამ საქმეში რაიმე წვლილი მიუძღვის. ყველა ნომერი მაქვს და სათუთად ვუფრთხილდები, ის ყველგან და ყოველთვის ჩემი თანამგზავრია, მეც ვკითხულობ და სხვასაც ვაკითხებ.
ახლა კი იმის შესახებ, რაც, მსურდა, ყველა მკითხველისთვის გამეზიარებინა.
"კარიბჭის" ერთ-ერთ ნომერში დაბეჭდილი იყო საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა წერილები იმაზე, თუ რას ფიქრობენ და რას განიცდიან იქ, უცხო ქვეყანაში, სამშობლოს მოწყვეტილნი. ასეთ წერილებზე ყოველთვის მეტირება და ახლაც მომერია ცრემლი. ამან ჩემი ამბავიც გამახსენა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემი მეუღლე ცხრა წლის წინ წავიდა რუსეთში და აღარც ჩამოსულა. გაჭირვებით გავზარდე ჩემი გოგონა და როცა ქმრის ჩამოსვლის იმედი საბოლოოდ გადამეწურა, მშობლებთან გადმოვბარგდი.
შემიჩნდნენ ახლობლები: წადი საზღვარგარეთ, ფულს იშოვი, ჩამოხვალ, ბინასაც იყიდი და ცხოვრებასაც აიწყობო.
საგონებელში ჩავვარდი. ვგრძნობდი, რომ გული არ მიმიწევდა. ცხადად ვიგრძენი - სამშობლოს დატოვება უფრო მეტად მიმძიმდა, ვიდრე წვალებით გაზრდილი ერთადერთი შვილისა. წასული არ ვიყავი და უკვე მენატრებოდა ჩემი ქვეყანა. ხშირად მიფიქრია და ახლაც ვფიქრობ: რა აჩერებთ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს?!
ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ცოცხალი თავით საზღვარგარეთ არ წავიდოდი. ყველას გამოვუცხადე ჩემი გადაწყვეტილება და მოვიმიზეზე, ბავშვს ვერავის ვანდობ, ვერ დავტოვებ-მეთქი.
არადა, არაფერი გაგვაჩნდა. რამდენიმეჯერ ლოცვით და ტირილით მხურვალედ შევევედრე უფალს: ღმერთო, ნუ წამიყვან საზღვარგარეთ, ვიცი, რომ ვერ გავძლებ, მოვკვდები და შეიძლება მკვდარიც ვერ ჩამომასვენონ ჩემს სამშობლოში, გევედრები, საარსებო წყარო გაგვიჩინე მე და ჩემს შვილს-მეთქი. შეისმინა მადლიანმა ჩემი მხურვალე ვედრება, ცოტა მეც მივდექ-მოვდექი და გაგვიჩნდა მე და ჩემს შვილს შემოსავალი. რაც შეეხება ბინას, გამოჩნდა ადამიანი, რომელთანაც ჭეშმარიტად მართლმადიდებლური ოჯახის შექმნა შეიძლება, რაზეც დიდი ხანია ვოცნებობდი. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, "ითხოვდეთ და მოგეცემათ". შეგხვდებათ თუ არა პატარა სიძნელე, მაშინვე ნუ გადაწყვეტთ საზღვარგარეთ წასვლას, სთხოვეთ შეწევნა ღმერთს და ის უცილობლად შეგეწევათ.
მადლობა უფალს ყველაფრისთვის!
ღმერთს ებარებოდეთ.
თამარი
სამაჩაბლოდან
სამაჩაბლოდან