ძვირფასო "კარიბჭის" რედაქციავ, ძვირფასო მკითხველებო!
არ შემიძლია, არ მოგიყვეთ "კარიბჭის" კიდევ ერთი დამსახურების შესახებ, რამაც არა მარტო დიდებში, არამედ პატარებშიც დასახა უდიდესი ინტერესი და შვა კეთილი საქმე.
გახსოვთ ალბათ, კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, "კარიბჭის" 2007 წლის 23-ე ნომერში პირველად დაიბეჭდა ქართული მხედრული, ნუსხური და ასომთავრული ასოები მათი შესწავლის მიზნით. მაშინ ჩემი შვილი, ლევანი, 3 წლისაც არ იყო.
დავიწყეთ დედა-შვილმა ასოების სწავლა. მე ნუსხურსა და ასომთავრულს ვიხსენებდი (მართლაც დამვიწყებოდა!), პატარა ლევანი კი მხედრულ ასოებს ისე სწრაფად ითვისებდა, რომ მომდევნო ნომრების მოლოდინში სულ მეკითხებოდა: "ახალი ასოები როდის მოვაო?"
შეიძლება ვაჭარბებ და იქნებ სულაც არ იყოს გასაკვირი, მაგრამ ლევანიკო სულ ახლახან 4 წლის გახდა და ასოებს თავისუფლად კითხულობს. ამას მერე ციფრებიც ადვილად ისწავლა.
დარწმუნებული ვარ, ღვთის გარეშე არაფერი ხდება ამქვეყნად და ამ შემთხვევაშიც უფლის შეწევნითა და ანგელოზთა დახმარებით შეძლო ბავშვმა, კითხვა ესწავლა. ყველაზე გასაოცარი კი ის იყო, რომ პატარა ლევანი მართლაც ფიქრობდა - საიდანღაც ციდან ყოველ ახალ ასოს ღმერთი უგზავნიდა. უნდა გენახათ, ამ საჩუქარს რა დიდი ამბით ელოდა!..
დიდება უფალს!
...და უღრმესი მადლოდა ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს, რამეთუ ყოველმხრივ გვიკვალავს გზას ნათლისკენ, რაც გაახლოებს უფალთან.
თქვენ კი, უსაყვარლესო "კარიბჭელებო", ღმერთმა უფრო გაგაძლიეროთ ასეთი კეთილი საქმეების ხელშეწყობისთვის.
პატივისცემით თქვენი მუდმივი მკითხველი
და ღვთის მორჩილი მზია აბსანძე
და ღვთის მორჩილი მზია აბსანძე
საქართველოს სანთელი
უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს
ჩვენზე ღამენათევი, ვითარცა მზე, თბილია,
საქართველოს სანთელი - პატრიარქი ილია.
ის მფარველობს ქართველ ერს, ის სიკეთის შვილია,
იწვის, როგორც კანდელი, მისთვის დაფერფლილია.
დღეს, როს ჩვენი სამშობლო გასაყოფი ლელოა,
ჩვენთვის უძვირფასესი მისი სადღეგრძელოა,
ვინც დიდ ზრუნვით დაბერდა, სულით ცამდე ამაღლდა,
თუმცა დარდი გაბევრდა, მაგრამ ღმერთი თან ახლდა.
ნეტავ, დარდი რისია?! გულისტკენა რისია?!
გულზე დაუწერია გადამრჩენის მისია...
როგორც კავკასიონი, სპეტაკია,თეთრწვერა,
სამშობლო და სიონი მას სულ გულზე ეწერა.
საქართველოს სანთელი - საქართველოს შვილია,
ღმერთო, დიდხანს გვიცოცხლე პატრიარქი ილია!
ციური თარგამაძე