მოგვიანებით გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, გფარავდეთ იესო ქრისტეს მადლი!
ძვირფასო რედაქციავ, ღრმად პატივცემულო რედაქტორო! ღმერთმა ათასგზის მოგიზღოთ იმ დიდი საქმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, იმ სიყვარულისთვის, რაც ასე უხვად იღვრება თქვენი ჟურნალის ფურცლებიდან.
10-12 წელია, რაც ეკლესიური ცხოვრებით ვცხოვრობ (უფრო სწორად, ვცდილობ, ვიცხოვრო). ეკლესია ერთადერთი ადგილია, სადაც თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ. მყავდა სულიერი მოძღვარი. ყოველთვის ვგრძნობდი, რა უდიდესი მადლი მოდიოდა მისგან, მაგრამ მომიხდა მოძღვრის შეცვლა, რადგან ქართლიდან კახეთში გავთხოვდი. აგერ უკვე 7 წელია, ახალი მოძღვარი მყავს - მამა მიქაელი, გურჯაანის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. ეს არაჩვეულებრივი პიროვნება დაუღალავად ემსახურება უფალს და მრევლს, არის უზომოდ გულისხმიერი, განათლებული, მადლიანი. ყოფითი პრობლემების გამო (მყავს 5 წლის გოგონა, ვმსახურობ) ისე ხშირად ვერ დავდივარ ეკლესიაში, რასაც მტკივნეულად განვიცდი. ვცდილობ, მეც, ჩემი გოგონაც, ჩემი ოჯახის წევრებიც უფრო აქტიური ქრისტიანები ვიყოთ...
პატივცემულო რედაქციავ, ერთი თხოვნით მინდა მოგმართოთ:
გურჯაანში არ არის ტაძარი, მრევლს გვიწევს სოფ. ზემო გურჯაანში სიარული წირვა-ლოცვაზე (მომიტევოს უფალმა, ვიცი, გზა რაც შორია ეკლესიამდე, მით მეტი მადლი გადმოდის შენზე). სიშორის გამო ხშირად ვბრკოლდებით.
თუ არ ვცდები, 1998-99 წლებში კურორტ "ახტალას" ტერიტორიაზე მეუფე ანდრიამ (ახლა სამთავისი-გორის ეპარქიის ეპისკოპოსია) აღმართა ჯვარი და აკურთხა ადგილი, სადაც უნდა აგებულიყო ფერისცვალების სახელობის ტაძარი. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.
ამ საკითხთან დაკავშირებით გურჯაანის ტელევიზიაშიც გაიმართა ტელედებატები, შეირჩა ტაძრის ასაშენებელი ადგილი, მაგრამ არც ამ საქმეს დაადგა საშველი.
იქნებ გაითვალისწინოთ მრევლის დიდი სურვილი, რომ ტაძარი, რომელიც ხალხს ჰაერივით სჭირდება, აიგოს მეუფის მიერ ნაკურთხ ადგილას, ქალაქის ცენტრში, რაც ყველასთვის მოსახერხებელი იქნება.
ერთსაც მოგახსენებთ: ეკლესიისგან სიშორის გამო მადლს, ჭეშმარიტებას, მოყვასის სიყვარულს და ყველაფერ ამაღლებულს ვიღებ თქვენი და უკვე ჩვენი ჟურნალის მეშვეობით...
დიდი მადლობა, რომ არსებობთ.
ღმერთი გფარავდეთ.
მოწიწებით
ნანა სუხაშვილი
ნანა სუხაშვილი
უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ჟურნალ "კარიბჭის" რედაქციას. ეს ჟურნალი ჩვენთვის სულიერი საკვებია.
მინდა მოგითხროთ, თუ ვინ დამეხმარა ღვთის სიყვარულის შემეცნებაში.
ღვთის სიყვარული ჩემმა უსაყვარლესმა ბებიამ მასწავლა. მისი გარდაცვალება (ეს მოხდა 15 წლის წინ, მაშინ ათი წლისა გახლდით) უდიდესი ტკივილი იყო ჩემთვის. მიკვირდა, ნუთუ გარდაცვალებით მთავრდება ყველაფერი-მეთქი. ბებო ხომ ლოცულობდა? რატომ კვდებიან კეთილი ადამიანები? მაგრამ ამ იკითხვებზე პასუხის გამცემი ჩემიანებში ვერავინ ვნახე. შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ არსებობს სულის უკვდავება. მართლაც, "ჭეშმარიტება ხომ სულის უკვდავებაშია".
ერთხელ მამას გული ასტკივდა. შემეშინდა, მამაც არ მოკვდეს-მეთქი, გავიქეცი ხატების ოთახში, სადაც ბებო ლოცულობდა. ვტიროდი, ვევედრებოდი უფალს, ოღონდ მამა გადამირჩინე და სალოცავში ამოვალ და შესაწირს გავიღებ-მეთქი. მართლაც, მამაჩემი ჩიტივით წამოფრინდა. მეორე დღეს გახარებულმა გავწიე სალოცავისკენ. ურწმუნო ადამიანები ამბობდნენ: რამ გაასულელა ეს ბავშვი, მთლად ბებიამისს არ დამსგავსებიაო? მაგრამ მათ საუბარს არად ვაგდებდი.
მერე სკოლაში ღვთის სიყვარულის შემეცნებაში დამეხმარა მამა ილია კარკაძე. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე უნივერსიტეტში, მაგრამ მეოთხე კურსზე აკადემიური შვებულების აღება მომიხდა სიდუხჭირის გამო. მეგონა, უფალმა დაგვივიწყა. არადა პირიქით იყო - უფალი დავივიწყეთ. ადამიანი რომ უფალს დაივიწყებს, უბედურება არ ასცდება. მე, უგუნურმა, საკუთარი თავის განდიდება მოვინდომე. საშინელმა უიმედობამ მომიცვა. ბოროტი ხმა მეუბნებოდა: აზრი არა აქვს ამ ცხოვრებას, ხომ ხედავ, ყველაფერში ხელი გეცარებაო.
იმ დროს შუქი მოვიდა, გულმა მითხრა, - ტელევიზორი ჩართეო. ჩავრთე. უსინათლო კაცი გამოჩნდა. ამბობდა, თვალხილულმა ადამიანმა არ უნდა მოუსმინოს ბოროტ ხმებს, არ უნდა თქვას, სიცოცხლეს აზრი არა აქვსო. სიცოცხლე მარტო იმიტომ ღირს, რომ ბუნების საოცარ სილამაზეს ხედავ. მაშინ ჩვენ რაღა უნდა ვთქვათო.
მივხვდი, რომ ბრმა მე ვიყავი. იმ ადამიანის სახით უფალმა გადამარჩინა და რწმენა გამიძლიერა.
განა ღვთის ხელში არ არის ჩვენი მატერიალური კეთილდღეობა? აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული გვიახლოვდებოდა. არანაირი საშუალება არ გვქონდა. მამამ გადაწყვიტა, ბინა გაგვექირავებინა. წითელ პარასკევს მოვიდა ადამიანი, რომელმაც ორი თვის ბინის ქირა წინასწარ გადაგვიხადა და გაუჩინარდა. მას მერე არ გამოჩენილა. ეს იყო ჩვენი ოჯახისთვის იმ ადამიანის ხელით ღვთის მიერ გამოგზავნილი დიდი სიხარული.
ღმერთი მოწყალეა. თუ გულის კარებს გაუღებ, აუცილებლად შემოვა შენში და მას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ წაგართმევს.
მადლობა უფალს ყველაფრისთვის.