"ადამიანებმა ღმერთს სიკვდილი მიუსაჯეს, ღმერთმა კი თავისი აღდგომით მათ უკვდავება მიუსაჯა", - მამა იუსტინეს ეს სიტყვები კიდევ ერთხელ ნათლად შეგვაგრძნობინებს, რაოდენ ბრწყინვალე დღესასწაულია აღდგომა და რაოდენ აღმატებულია იგი თვით სხვა საუფლო დღესასწაულებზე.
ადამიანს ქრისტეს აღდგომის წყალობით, სიკვდილზე მისი გამარჯვებით აეხილება სულიერი თვალი, მეტიც, ჭეშმარიტად იბადება მაშინ, როცა მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს იწამებს.
თამარი (43 წლის): ქრისტეს აღდგომის მისტერია ბოლომდე რომ შევიგრძნოთ, იმ ტანჯვასაც უნდა ვეზიაროთ, რომელიც უფალმა ადამიანთაგან მიიღო. განა ყოველივე კაცთა სიავით არ გვემართება? უფალი ჯვარს აცვეს, როცა ყველგან სიკეთესა და სიყვარულს თესავდა, და რა გასაკვირია, ერთმანეთს უმიზეზოდ რომ ვტკენთ გულს?
ყოველთვის მეგონა, მარხვის შენახვა საჭირო სულაც არ იყო, აღდგომის სიხარული რომ შეგეგრძნო, მაგრამ ერთმა შემთხვევამ ღრმად დამაფიქრა და მივხვდი, მარხვა საკუთარი სურვილების დათრგუნვაა. ეს მაშინ მაინც უნდა შეძლო, როცა ადამიანთა უმადურობით უფალს, მოციქულებს ან დედა ღვთისმშობელს "განსაცდელი" დაუდგებათ.
ჩემი შვილები, ორივე ერთად, მძიმე ავარიაში მოჰყვნენ. საჭესთან მჯდომი განსაკუთრებით მძიმედ იყო. ღამეებს მე ვუთევდი, რადგან ახალშერთული ცოლი ფეხმძიმედ ჰყავდა. ფიქრისთვის ბევრი დრო მქონდა და ვფიქრობდი ათას რამეზე - რამ გადამირჩინა შვილები ასეთი ავარიის შემდეგ, რა იყო ის ძალა, რომელიც არაერთი განსაცდელიდან გამომიყვანდა ხოლმე... ადამიანის გონება უნდოა და ისიც კი ვიფიქრე, ღმერთს რომ ვუყვარდე, ეს ამბავიც არ მოხდებოდა-მეთქი.
ერთ ღამესაც სანთელი დავანთე და ჩამოვჯექი. ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა. ღმერთს ვევედრებოდი, ნუ გამაუბედურებ, მომეშველე, ნუ წამართმევ შვილს და ჯერ დაუბადებელ პატარას - მამას-მეთქი. არ ვიცი, ეს რა იყო, მაგრამ მზერას ვგრძნობდი. ვიფიქრე, ალბათ მწუხარებამ გამაგიჟა-მეთქი. ეს მზერა კი არ მაშინებდა, სითბოთი და იმედით მავსებდა.
მეორე დღეს ჩემი შვილი გონს მოვიდა... მივხვდი, უფალმა შეისმინა ჩემი და ახლა იმაზე დავიწყე ფიქრი, უფლისთვის სათნოდ როგორ მეცხოვრა. ეკლესიური და ქრისტიანული ცხოვრება მარხვისა და ლოცვის, ზიარებისა და აღსარების გარეშე არ არსებობს, რადგან ცოდვას სხვაგვარად ვერ მოერევი. აღდგომა სიკვდილის დამარცხებაა და ჩვენი გამარჯვება.
დოდო (62 წლის): ურწმუნო მშობლები მყავდა და მეც ასე გამზარდეს. ორივე პარტიული მუშაკი იყო და ჩვენს ოჯახში ღმერთის ხსენებაც კი აკრძალეს. მეც არასოდეს მიფიქრია ღმერთზე, მაგრამ აღდგომა განსაკუთრებული დღესასწაულია და წითელი კვერცხისა და პასქის დაგემოვნება მიყვარდა. ჩვენთან ვინ გაბედავდა კვერცხის შეღებვას! ამისთვის ხან მეზობლებში მივდიოდი, ხანაც მეგობრებში.
ჩვენს ძველთბილისურ ეზოში ერთი მორწმუნე ოჯახი ცხოვრობდა. წითელ პარასკევს დეიდა ნინამ კვერცხი შეღება. კვერცხებს სათითაოდ წმენდდა და საგანგებოდ აყვავებულ ჯეჯილში აწყობდა. მომეჩვენა, რომ თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. კადნიერად გავიხუმრე... ყურადღება არ მოუქცევია, თითქოს ვერც მამჩნევდა. ოჯახის წევრებივით ვიყავით და ვთხოვე, ერთი ცალი მომეცი-მეთქი. მკაცრად მითხრა - დღეს წითელი პარასკევიაო. მერე რა, ღმერთი დამინახავს-მეთქი? - ისევ ვცადე გახუმრება. იმავე ტონით მითხრა - დაგინახავსო. ჩავფიქრდი, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.
აღდგომა
ღამეს დამიძახა, ეკლესიაში მივდივარ ღამისთევაზე და წამოდიო. ინტერესისთვის წავყევი, თორემ ისე იქ რა მინდოდა? არც ღამის გათენება მხიბლავდა დიდად.
პატრიარქი ქადაგებდა... ცოდვით დაცემასა და აღდგომაზე, სიკვდილსა და მარადიულ სიცოცხლეზე ლაპარაკობდა. მე კი გულში მეცინებოდა... უკან რომ ვბრუნდებოდით, ამის შესახებ მასხრობით ვუყვებოდი ნინა დეიდას. თვითონ აღტაცებული ჩანდა, ენით აუწერელი სიხარული ედგა თვალებში... არაფერი უთქვამს, თავის სიხარულში იყო ჩაძირული. ეზოში რომ შევედით, მეზობლებს მიესალმა: "ქრისტე აღსდგა!" ისინიც პასუხობდნენ: "ჭეშმარიტად აღსდგა!"
მალე დედაჩემს უკურნებელი სენი შეეყარა და საშინლად იტანჯებოდა. სასწაული ის იყო, რომ სიკვდილის წინ მთხოვა, ნაკურთხი წყალი დამალევინეო, მერე - მღვდელი მომიყვანეო. ორივეჯერ ნინა დეიდას ვთხოვე დახმარება. დედის გარდაცვალების შემდეგ ის გახდა ჩემი ჭირისუფალი და ეკლესიის გზაზეც მან დამაყენა.
პატრიარქის მაშინდელი ქადაგება მახსენდება ხოლმე... მწამს, თვით ყველაზე ცოდვილსაც კი შეუძლია სულიერად აღდგეს.
ზაზა (35 წლის): აღდგომა საყოველთაო სიხარულია, ამ დღეს ღვთაებრივი სიმშვიდე ისადგურებს, მაგრამ მანამ მოთმენის, გემოთმოყვარეობის დათრგუნვის გზა უნდა გაიარო.
მე მამით რუსი ებრაელი ვარ, დედით - ქართველი. მამაჩემი დიდი მორწმუნე არ იყო, მაგრამ თავისი ერის ტრადიციებს პატივს სცემდა, აფასებდა ქართულ ტრადიციებსაც და დედას არასოდეს უშლიდა, აღდგომა ეზეიმა. მთელი ბავშვობა გაორებულმა გავატარე.
უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე რომ ჩავირიცხე, სახარების კითხვა დაგვავალეს. ვერ გეტყვით, რწმენით ვკითხულობდი-მეთქი, მაგრამ ქრისტეს წამებამ ძალიან აღმაშფოთა და გამაკვირვა კიდეც - ის ხომ ყველას ეხმარებოდა, მიცვალებულებს აღადგენდა, სნეულებს კურნავდა. მაშ, რატომ გაწირეს? როცა აღდგომის შესახებ წავიკითხე, უცნაური სიხარული დამეუფლა, თითქოს მტრებზე გავიმარჯვე...
მერე ქართველი გოგონა შემიყვარდა, მორწმუნე ოჯახიდან. თავიდან ჩემს ეროვნებას ვმალავდი, მაგრამ თბილისში რა დაიმალება? დაქორწინება რომ შევთავაზე, უარი მითხრა. მივხვდი, რაც იყო მიზეზი, რადგანაც ვიცოდი, მასაც ვუყვარდი. მამაჩემისგან მალულად მოვინათლე და ჯვარიც დავიწერეთ.
აღდგომა ჩემთვის უდიდესი დღესასწაულია, რადგან უფალმა ნათლობით აღმადგინა. მაცხოვარმა სიკვდილი დაამარცხა, ეს კი არც ერთ სხვა სარწმუნოებას არ გააჩნია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი