ნუთუ გვინდა, გადაგვარდნენ ჩვენი შვილები?!
ყველა ქალში დევს დედობის სურვილი, ყველა გოგონა ოცნებობს ამაზე... ყოველი მომდევნო შვილი ახალი სიხარული, სიყვარული და ნუგეშია.
"ჩემო თვალის სინათლევ", "ჩემო სიხარულო", "ჩემო სიყვარულო", "ჩემი სიბერის ნუგეშო", "ჩემო თვალისჩინო", - ასე ეფერებოდნენ წინათ დედები შვილებს. ამ მოფერებით ფაქიზდებოდა ბავშვის სული, იბადებოდა მოწიწება მშობლებისადმი, გული სიყვარულით ივსებოდა... და რა ადვილია სიარული ამ მზისქვეშეთში, როდესაც გულით სიყვარულს დაატარებ!
"სიყვარული აღგვამაღლებს", - ბრძანებს მოციქული და, მის კვალად, დიდი პოეტი. დიახ, სიყვარული სულს აფაქიზებს, უმანკოს ხდის. და რა არის უმანკოება? ეს არის მისწრაფება ზნეობრივი სიწმინდის, სულიერი ძალების ჰარმონიის, სინდისიერების შენარჩუნებისკენ.
მაგრამ სად არის დღეს ზნეობა, ვის ახსოვს იგი? "რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება, რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა... რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება" (შექსპირი, 66-ე სონეტი) - ამ სტრიქონების შინაარსი საოცრად ესადაგება ჩვენ ირგვლივ, ჩვენი მომავალი თაობის ირგვლივ გამეფებულ ვითარებას.
ყოველი ბავშვის დაბადება ღვთის დიდი სასწაულია. განა ყველა ხვდება ამას?! ჩვენი შვილები დღეს მიტოვებულებივით არიან. მავანნი ცდილობენ, დაამახინჯონ მათი სული თუ სხეული და თავს იმით იმართლებენ, თითქოს დახმარება სურდეთ, სურდეთ, ასწავლონ ცხოვრება, ამქვეყნად თავის დამკვიდრება.
მთავარი მასწავლებლები მშობლები უნდა იყვნენ, მაგრამ დღეს შვილისთვის აღარავის სცალია. მოდური გახდა ძიძების დაქირავება. თვალსა და ხელს შუა ქრება დედაშვილური სიყვარულის უფაქიზესი გრძნობა.
"დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო, დედავ, ცხოვრების ბურჯო მაგარო, ეს გული შენი გულით ხალისობს, შენი თვალებით ვხედავ სამყაროს", - ბრძანებდა პოეტი... დღეს კი ბილწი მეტყველებით შელახულა დედის ღირსება. წინათ ვაჟკაცს ვინ გაუბედავდა, ვინ აკადრებდა სათაყვანო დედის აუგად ხსენებას, დღეს კი, თუ ვინმეს კიდევ შერჩენია ღირსების გრძნობა, ურჩევნია დაყრუვდეს, ოღონდ კი არ მოისმინოს, როგორ ახსენებენ ჯერ არშემდგარი ვაჟკაცები საკუთარ დედას, ვითომდა ღირსების დასამტკიცებლად. რომელი ღირსების? რომელზეც წარმოდგენა არა აქვთ... დედები ჩუმად არიან! არ ვიცით და არც გვაინტერესებს, რითი ცოცხლობენ და სუნთქავენ ჩვენი შვილები. რატომ? უამრავი არგუმენტით შეგვიძლია თავის მართლება. მაგრამ განა ღმერთი არ გვაძლევს ყველაფერს? განა შვილის ყოლა მისი წყალობა არ არის? თუ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ამ წყალობას, რასაკვირველია, ჩვენს შვილებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ მიხვდნენ, რა არის სულიერება, რა არის ზნეობა...
საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ეს ყველამ იცის, მაგრამ რას გვავალებს დედა ღვთისას წილხვდომილობა, ეტყობა, არავის აღელვებს. ვერ ხვდებიან, რომ საკუთარი დედის აუგად მოხსენიება ღვთისმშობლის შეურაცხყოფაა.
მშობლების უმრავლესობა აღიარებს, რომ უჭირს შვილთან სექსსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარი. მაგრამ განა ეს არის მთავარი?! სიკეთეზე, სიყვარულზე, ზნეობაზე, უფალზე, ღვთისმშობელზე შეგიძლიათ საუბარი? შეგიძლიათ, შვილებს აუხსნათ, როგორ გაარჩიონ ბოროტი კეთილისგან? თუ შეგიძლიათ, რატომ არ იქცევით ასე? ესაუბრეთ იმაზე, რომ "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია", ესაუბრეთ იმაზე, როგორი დიდსულოვნება და ლმობიერა მართებს ვაჟკაცს, როგორი კდემამოსილი, ფაქიზი და მოსიყვარულე უნდა იყოს ქალი...
წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "არ არსებობს ბავშვის აღზრდაზე დიდი ხელოვნება, ფერმწერი და მოქანდაკე ქმნიან უსიცოცხლო ფიგურას, ბრძენი აღმზრდელი კი ღმრთის ცოცხალ ხატს, რომლის დანახვითაც ხარობენ ღმერთი და ადამიანი".
ყველა დედა პასუხისმგებელია უფლის წინაშე. ამიტომაც ბრძანებს ვაჟა: "ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა".
როდესაც შვილებს ზნეობრივ საწყისებზე არ ვზრდით, რასაკვირველია, ძნელია მათთან ურთიერთობა, საუბარი სხვადასხვა თემაზე, მათ შორის - სქესობრივ ურთიერთობაზე. ისინიც უფრო და უფრო მეტად გვშორდებიან, რჩებიან მარტონი, ქუჩისა და იქაური "დამრიგებლების" ამარა.
სავალალოა: თურმე ჩვენს შვილებს ყველაფერი სცოდნიათ და ერთადერთი საკითხიღა დარჩენილა მოსაგვარებელი მათ "გადასარჩენად" - მოზარდის სქესობრივი განათლების საკითხი.
სქესობრივი ურთიერთობის ფიზიოლოგიის შესახებ ძირითადი ინფორმაციის მიღება ალბათ სჭირდებათ მოზარდებს (და არა 5-6 წლის ბავშვებს), რათა სწორი გეზი მიეცეთ, ოღონდ ეს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ზნეობის, პატიოსნების, ადამიანთა ურთიერთობების, ეთიკის ცნებებთან ერთად. არ იქნებოდა ურიგო, მოგვეთხრო ოჯახისა და ქორწინების ისტორიის, მტკიცე ოჯახური კავშირის მორალურ-ეთიკური მნიშვნელობის, საქორწინო ადათ-წესებისა და ტრადიციების არსის შესახებ.
ინტიმური ურთიერთობის დარგში განათლებისა და აღზრდის ამოცანები, უწინარეს ყოვლისა, ორიენტირებული უნდა იყოს სქესობრივი ცხოვრების კულტურულ-ეთიკური გაგებისკენ. არ შეიძლება, სქესობრივი ცხოვრება ფიზიოლოგიამდე დავიყვანოთ.
ნუთუ გვინდა, ჩვენი შვილები გადაგვარდნენ? როგორ მაგალითს ვაძლევთ პირადი ცხოვრებით? ნებისმიერი რჩევა-დარიგება, შვილებთან ნებისმიერი საუბარი, რა მისაწვდომი და დამაჯერებელიც უნდა იყოს, შესაძლოა ფუჭი აღმოჩნდეს, თუ გარემო ყოველ ნაბიჯზე ეწინააღმდეგება მას.
გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი! ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. ვესაუბროთ მათ ღმერთზე, ჩვენდამი მის უსაზღვრო სიყვარულზე, სიკეთეზე, ადამიანთა ურთიერთობის ზნეობრივ მხარეზე, ოჯახის დიდ მნიშვნელობაზე.
მაყვალა უშიკიშვილი