ძვირფასო რედაქციავ!
თქვენს ჟურნალს აპრილის თვეში გავეცანი, რის შემდეგაც გულისფანცქალით ველი ყოველი ახალი ნომრის გამოსვლას. მინდა, დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო თქვენი ჟურნალის მიმართ და მოკრძალებით მოგითხროთ ჩვენი ტაძრის, ჩვენი მოძღვრისა და ჩვენი რწმენის შესახებ.
დედას ხუთნი ვყავდით. არასოდეს არც ერთი ავად არ გავმხდარვართ. ამის მიზეზად დედა ყოველთვის ღვთის დიდ წყალობას მიიჩნევდა. ყველაფერი ღვთის ნებით ხდებაო, გვეტყოდა ხოლმე.
თითქმის ყოველ წელიწადს მივდიოდით სალოცავად წმინდა გიორგიში, ალავერდში, თეთრ გიორგიში, მაგრამ კომუნისტური მმართველობის პერიოდში ყველაფერი გვეკრძალებოდა, თანაც გვასწავლიდნენ, ღმერთმა კი არ შექმნა ადამიანი, მაიმუნისგან წარმოიშვაო. მოზარდებსაც მასწავლებლისა გვჯეროდა და ვმერყეობდით.
მაგრამ მოხდა ისე, რომ ყველასგან მიტოვებულ ეკლესიაში ახალგაზრდები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, ტაძარი შეეკეთებინათ, რათა მოძღვარს წირვა-ლოცვის ჩატარების საშუალება ჰქონოდა. აღდგენაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ალექსანდრე, ლევან და ზაზა კენელაშვილებს, პაატა ბერიშვილს, სანდრო გიორგიშვილს, ფინანსური დახმარება კი მათ გამგებელმა ჯანბაკურ ესებუამ გაუწია.
ამის შემდეგ, ღვთის წყალობით, გამოგვიგზავნეს მოძღვარი - მღვდელი დავით სუთიძე. მისმა მუხლჩაუხრელმა ღვაწლმა შედეგი გამოიღო, ეკლესია ამოქმედდა და ძალა ღვთისა და ძალა მოძღვრისა იგრძნო სოფელმა.
მამა დავითის კურთხევითა და ლოცვით, მისი სწავლებითა და მითითებით უამრავი საქმე გაკეთდა, უამრავი სასწაული მოხდა. მისი ლოცვის ძალა მე და ჩემმა შვილმა საკუთარ თავზე გამოვცადეთ - სანამ მამა დავითმა პარაკლისი არ გადაუხადა, მანამდე არ მოგვარდა საქმე, რომელიც დიდხანს გაჭიანურდა.
მამა დავითი ყოველთვის ამას ამბობს: მიენდე უფალს, იკითხე ნება ღვთისა და ყველაფერი მოგვარდებაო. მეც სრულიად მივენდე უფალს, ვლოცულობ, ვმარხულობ და ვცდილობ, ვიარო ეკლესიური გზით.
მამა დავითის სახელს არაერთი უჩვეულო ამბავი უკავშირდება, რომლებმაც სოფელი რწმენაში გააძლიერა. მაგალითად, გოგონას, რომელსაც ექიმებმა ურჩიეს, შვილი არ გაეჩინა, მამა დავითმა თავისი რჩევით უდიდესი დახმარება გაუწია. გოგონა ლოცულობდა, მარხულობდა, ეზიარებოდა, ღვთის მცნებებს აღასრულებდა და მოხდა სასწაული - მშვიდობით იმშობიარა. მშვენიერი მარიამიც სრულიად ჯანმრთელი მოევლინა ქვეყანას.
ჩვენს სოფელში პატარა დავითს ყველა იცნობს. ის მამა დავითის ლოცვამ, პარაკლისებმა, თანადგომამ გადაარჩინა ქირურგის დანას, თვით ექიმებიც გაოცდნენ - ბავშვი, რომელსაც, მათი აზრით, ოპერაციის გარდა ვერაფერი უშველიდა, ერთ თვეში სრულიად ჯანმრთელი იხილეს.
მამა დავითი გვიქადაგებდა, რომ წმინდა ზიარება ადამიანს სულიერად და ხორციელად კურნავს. აღდგომის მარხვის შემდეგ პირველად მივიღე ზიარება. ვიგრძენი, რომ ჩემს სხეულში რაღაც ხდებოდა, შემდეგ წლების მანძილზე რომ ყელის სიმშრალე მტანჯავდა, საერთოდ გამიქრა. შვიდგზის ზეთისცხების შემდეგ კი უკვალოდ გამიარა ფეხის ტკივილმა.
მამა დავითის რჩევით, ვეცნობით საეკლესიო მართლმადიდებლურ ჟურნალ-გაზეთებს. სწორედ თქვენი ჟურნალის საშუალებით ვნახეთ შიომღვიმის მონასტერი, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე.
დიდი მადლობა თქვენს ჟურნალს იმ საჭირო და რწმენაში გასაძლიერებელი წერილებისთვის, რომელთაც მკითხველს სთავაზობთ. იქნებ დაგვიბეჭდოთ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე.
ეს იყო ჩემი გულისთქმა, რომელიც, მინდა, თქვენც გაგანდოთ და ამით გამოვხატო მადლიერება ღვთისადმი, მამა დავითისა და თქვენდამი.
გფარავდეთ უფლის მადლი!
თქვენი ერთგული მკითხველი თინა აბესაძე
გამარჯობათ, ძვირფასებო!
ბავშვობიდანვე სულ მეფიქრებოდა - რატომ ვიხოცებით? 13 წლისას ღრმა დეპრესია დამემართა. ღამეებს ტირილში ვათენებდი: "რატომ გარბის დრო ასე სწრაფად-მეთქი". ჩემს იმდროინდელ ჩანაწერებს რომ ვათვალიერებ, ვამჩნევ, რომ რაღაცას ვეძებდი, მაგრამ რას, არ ვიცოდი.
ჩემი პირველი ლოცვა "დავწვები, დამეძინება" იყო. ღმერთი მუდამ მწამდა, მაგრამ უფალს ასეთი უსაზღვრო და უკიდეგანო ნუგეშისცემა თუ შეეძლო ეკლესიის წიაღში, არც ვიცოდი და ვერც წარმოვიდგენდი. სწორედ სიკვდილზე ფიქრმა დამარწმუნა, რომ ღმერთი ძალიან მჭირდებოდა. ალბათ ამიტომ დავიწყე მისი ძებნა.
მეშვიდეკლასელები ჩვენმა საყვარელმა ფსიქოლოგიის მასწავლებელმა თავის მოძღვართან წაგვიყვანა რელიგიურ თემებზე სასაუბროდ. მოძღვარმა ძალიან თბილად მიგვიღო. შეკითხვებზე თვალებგაბრწყინებული გვპასუხობდა. ერთმა ჯადოქრობაზეც ჰკითხა - ნამდვილად არსებობსო? მამა მიქაელმა წმინდა კვიპრიანესა და წმინდა ქალწულმოწამე იუსტინას ამბავი გვიამბო და გვითხრა: "თუ წმინდა იუსტინასავით აღმსარებლები და მაზიარებლები გახდებით, მთელი ჯოჯოხეთიც ვერ მოგერევათო".
მახსოვს, როგორ ამენთო გული, საოცრად მომინდა ზიარება. მაგრამ იმედი არ მქონდა, რადგან მოუნათლავი ვიყავი, ამიტომ მთელი კლასიდან მხოლოდ მე არ მერგო ჯვარი, რომელიც ჩვენმა მასწავლებელმა ყველა მოსწავლეს აჩუქა. სამაგიეროდ, შემპირდა, მე მოგნათლავო. მართლაც, ერთ თვეში მოვინათლე და უფალმა თავისი თავი მაჩუქა, მაჩუქა ნამდვილი მოძღვარი, ძვირფასი ნათლია და - რაც ასე ძალიან მსურდა - წმინდა ზიარება.
მადლობა უფალს ყველაფრისთვის
ღმერთს ებარებოდეთ!
გ.ი