უთუოდ დიდი მამულიშვილური საქმეა, ასე რომ ზრუნავთ ერის სულიერი გაძლიერებისთვის.
რომ არა უფლის განგებით ჩემზე დაშვებული განსაცდელი, შეიძლება ტკბილ იესოს ვერც კი შევხვედროდი.
შური განსაკუთრებულად დამღუპველია ადამიანისთვის. სწორედ შურის გამო დავკარგე ყოველივე - მაღალი თანამდებობა და სიმდიდრე... ცილისწამებებმა ლამის თვითმკვლელობამდე მიმიყვანა, მაგრამ ბავშვობაში ჩანერგილმა უფლის რწმენამ მიხსნა ამ საშინელი ცოდვისაგან. მაშინ ვწუხდი, ხოლო ახლა გულწრფელად ვწირავ უფალს მადლობას, რომ გამათავისუფლა ამაოების მძიმე ტვირთისაგან და საშუალება მომცა, სასულიერო ლიტერატურით თუ წირვა-ლოცვაზე სიარულით მეტად დავუახლოვდე უფალს. ნამდვილი ბედნიერება ხომ უფალში ცხოვრებაა. მის მზრუნველობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობ. ერთი ხანობა მიჭირდა მოშურნეთა და ავისმქმნელთა პატიება, მერე, ღვთის შეწევნით, გულით შევძელი მიტევება, თუმც გარკვეული ტკივილი მაინც დამრჩა.
დამღუპველი სენი - შური წამლავს ადამიანს, უკარგავს მოსვენებას, უკრთობს ძილს... ბოროტ სიტყვას და აზრსაც ხომ უდიდესი ენერგია აქვს, რომელიც სულიერად ანგრევს ადამიანს, რაც აისახება, უპირველესად, მისი ოჯახის წევრებზე და იმ გარემოზე, რომელთანაც ურთიერთობა აქვს.
რატომ უნდა გშურდეს მოყვასისა? თუ მას ღმერთმა რაიმე ნიჭი, თანამდებობა ან პატივი მისცა, ე.ი. ამას იმსახურებს და შურიანობით ღვთის მიმართ გამოხატავ უკმაყოფილებას. ეს დიდი მკრეხელობაა! კი არ უნდა გშურდეს, უნდა ილოცო, რომ ღმერთმა ყოველ კაცს მატერიალური, გონებრივი თუ სულიერი განძი კეთილად გამოაყენებინოს საკუთარი თავისთვის და გარშემომყოფებისთვის. უფალი ხომ ჩვენგან კეთილ, მოსიყვარულე და წმინდა გულს მოითხოვს.
დღეს შურის და შუღლის გამო რა უბედურება აღარ ხდება, რას არ ვკისრულობთ ერთმანეთის სიტყვით თუ საქმით დასამცირებლად. ამიტომაა ქვეყანა ამ დღეში. თითოეული ჩვენგანი ჯერ თავად უნდა გამოვსწორდეთ სიტყვით და საქმით და მერე ჩვენი კეთილი მაგალითით გამოვასწოროთ სხვა, არა განკითხვით, არა შურით, არა მიუტევებლობით, არამედ ჩვენი ქრისტიანობით - პირადი მაგალითით. ჩვენი ქრისტიანობა დიდად დაეტყობა ქვეყნის მომავალს. სიყვარულით ბევრს მოვიგებთ, ერთმანეთს ცხოვრებას გავულამაზებთ და გავალამაზებთ ჩვენს სამშობლოსაც.
სიყვარულით
ზაზა თაბუკაშვილი
ზაზა თაბუკაშვილი
ჩვენო ძვირფასო "კარიბჭე"!
დიდი ხანი არ არის, რაც ეკლესიური ცხოვრება დავიწყე. თქვენი ჟურნალი ძალიან მეხმარება სულიერ წინსვლაში, რისთვისაც უღრმეს მადლობას მოგახსენებთ.
ეკლესიური ცხოვრება ჩემს აზროვნებას ასე თუ შეცვლიდა, ნამდვილად არ მეგონა. მან სიხარულიცა და მწუხარებაც სულ სხვა კუთხით დამანახვა. მივხვდი, რომ ბედნიერება მხოლოდ და მხოლოდ უფალშია და მას ვერანაირი მატერიალური თუ სხვა ბედნიერება ვერ შეცვლის. რა დიდი სიხარულია, როდესაც გრძნობ ვიღაც ისეთს - ღმერთს, რომელსაც შენ ისე უყვარხარ, რომ ვერც ერთი ადამიანი, თავისი უძლურების გამო, ისე ძლიერად ვერ შეგიყვარებს. გვიყვარს კი ჩვენ ღმერთი ისე ძლიერ, როგორც მას ვუყვარვართ? როგორ იწყება ჩვენი ყოველდღიურობა? ვფიქრობთ კი, რაიმე ისეთი გავაკეთოთ, რაც უფალს და მოყვასს წაადგება? - სამწუხაროდ, არა... სახარება გვასწავლის, რომ არ უნდა ვიყოთ ვალში არც უფალთან და არც მოყვასთან. ჩვენ ხომ ვალში ვართ უფალთან, როდესაც წირვა-ლოცვას ვაკლდებით, როდესაც მას მადლობას არ ვწირავთ, როდესაც არ ვლოცულობთ გულით არა მარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი მატერიალურად თუ სულიერად გაჭირვებული მოყვასისთვის და არ ვუნდობთ ერთმანეთს შეცოდებებს. განა ქრისტემ იმიტომ დაღვარა ჩვენთვის სისხლი, რომ გულგრილნი დავრჩენილიყავით მისი ენით გამოუთქმელი ტანჯვის მიმართ? უფალი ახლაც ხომ ძლიერ იტანჯება, როდესაც ხედავს ჩვენს უსიყვარულობას უფლის და ერთმანეთის მიმართ.
უნდა ვცდილობდეთ, უფლის სიყვარულამდე ავმაღლდეთ, რადგან, როგორც ვიცით, მონას ეშინია, ხოლო შვილს უყვარს და განა უფლის შვილობაზე ტკბილი არის რამე?
ღმერთმა მოგვცეს ყველას უნარი, სურვილი, რომ ამ წუთისოფელში გამოვსწორდეთ, ცოდვები გამოვისყიდოთ მოწყალებით და ერთმანეთის სიყვარულით, რომ მოვისმინოთ უფლის სანუკვარი სიტყვები: "მცირედში ერთგული იყავი, ჩემო სახიერო მონავ, და დიდზე დაგადგენ". როგორც მამა ვიტალი სიდორენკო ამბობს: "შევიყვაროთ სიყვარული".
დიდი სიყვარულით
თამარ თავაძე
თამარ თავაძე