ჩვენს ერში დამკვიდრებული სტუმრის პატივისცემა და პურ-ღვინით დახვედრა, სწორედ ქრისტე ღმერთის პატივისცემად აღიქმებოდა. ქართველ კაცს თუ შინ პური და ღვინო ჰქონდა, ღარიბად არ იხსენიებოდა და ისიც... რუდუნებით უვლიდა ვენახს, საგალობლებსა და ლექსებს ქმნიდა მასზე, ხორბალს სიყვარულით თესდა და მკიდა - ოფლსა და სისხლს აპკურებდა და შედეგსაც მადლიანს იღებდა.
ჩვენში შემოსული ურჯულო პირველად ვენახს აგვიჩეხდა, პურის ყანებს გადათელავდა და ამით რჯულს გვიგინებდა, სულში გვაფურთხებდა...
გიორგი: - ძველქარულად პურმარილს კი არ ამბობდნენ - პურღვინოს. ჩვენს მწერლობაშიც პურღვინოდ არის მოხსენიებული ის, რასაც რუსეთის გავლენით პურმარილს ვეძახით. პური და ღვინო ქრისტიანთათვის ზიარებაა, მაგრამ ქვეყნისთვის იგი არა მარტო უფლის სისხლი და ხორცია, არამედ განსხეულებული უფალიც. თუმცა გადაგვარების მახვილმა აქაც გაგვკრა "ქისტი" - მადლი მცირედიც მადლია და სწორედ ამას სჭირდება მოგონება. ჩვენი წინაპრები იმდენს სვამდნენ, რამდენიც მათ სულს სასიკეთოდ გაანათებდა, მადლი ეს იყო, თორემ ახლა რომ გატყვრებიან და მერე ბილწსიტყვაობენ, ამას რა ჰქვია და ან როგორ შეერგება ადამიანს?! ქართველები ადრე იტყოდნენ, მირონივით ღვინოაო, და მოწიწებით იხმევდნენ, ახლა კი შეურაცხყოფენ გამუდმებული ღრეობით.
ნატალია: - ბებიაჩემი ბაბილინა კაკაბაძე, კომკავშირში რომ შევდიოდი, გადაირია, შეუერთდი რომ მაგ ეშმაკებს შენცო. მერე, რომ შეატყო, მაინცდამაინც არ მეხატებოდა გულზე კომკავშირი, იფიქრა, რამე სისულელე არ წამოსცდესო და დამარიგა - ნურაფერს იტყვი და მაგ გრძელი ენა ჩაიგდე, მარა ერთი რამ გახსოვდეს, - რომ გეტყვიან, ქართველები ზარმაცი და უქნარა ხალხია, პურს აგერ ამდენი ხანია ჩვენ გაჭმევთო, არ დაუჯერო. ქართველები ღვინოს იკმარებდნენ მარტო უპუროდ? ჩვენი ყანები არ ცდებოდა, ჯერ ხორბალს თესავდნენ. იმას რომ აიღებდნენ, მერე სიმინდს (თუ პირიქით, არ მახსოვს). მაგენის სარჩენი რა გვჭირდა, პური და ღვინო მოუკლებელი გვქონდა. მაგნებმა დაგვამსეს და აგვიკრძალეს ყველაფერიო. ასე რომ, პურღვინო განუყოფელი ცნებაა ქართველისთვის და იქნებ იფიქროს და თავად მოიპოვის პური არსობისა.
ლიანა: - თქვენ კითხვაზე ჩემი მეზობელი სონია ბებია გამახსენდა. სასწაულივით დამამახსოვრდა მისი ნათელი და ლამაზი სახე, სიტყვას არ იტყოდა, შენ შემოგევშლე რო არ დაეყოლებინა. ერთი უცნაური თვისება ჰქონდა, ჭიშკართან სულ ეწყო ყველი, პური და დოქით ღვინო, ამას რატომ შვრებიო, რომ ჰკითხავდნენ, იტყოდა, - ეკლესია აგერ ჩემს სახლთან იყო და დაგვინგრიეს, ლოცვები, რაც ვიცი ზეპირად, იმას კი ვამბობ და აბა, მეტი რითი ვცე უფალს პატივი, ჩემი ეკლესია და ლოცვა ახლა ეგ არის, ჩამოივლის ვინმე მშიერი და ერთი ლუკმაც რომ ჩაიდოს, გულს მოუბრუნებსო. არადა ერთი ღარიბი ქალი იყო...
ტარიელი: - პური და ღვინო ჩვენი ხალხის სული და გულია. კაცზე რომ იტყვიან, უპურმარილოაო, სხვა რამეშიც უვარგისიაო, - დააყოლებენ. სხვათა განკითხვა არ მინდა, მაგრამ რაც შევამჩნიე და რასაც მერე ცუდი შედეგი მოჰყვა თვით იმ კაცისთვის, როგორ არ ვთქვა. ერთი მდიდარი მეზობელი მყავდა, ვერ ვიტყვი, რომ უპურმარილო კაცი იყო, მაგრამ ერთი ხანობა ძალზე გაბოროტდა. ეს იმ მძიმე წლებში მოხდა, პურის რიგებში რომ ვათენებდით, ცხელი საჭმელი კი არა, ჩაიც გვენატრებოდა... ჩვენი უბანი მაღაზიის წინ ჩამწკრივებულიყო. მშობლები შვილებს ენაცვლებოდნენ და პირიქით, თვალებადქცეული მშიერი ბავშვების დანახვაზე გული მეთუთქებოდა. უცებ ჰაერში მწვადის სუნი ავარდა და მთვრალი კაცების ღრიანცელიც მოისმა. ვნების კვირა იყო და საშინლად გავბრაზდი, ჯერ ერთი ამის გამო და მეორეც - ქვეყანას შიოდა და ამას გაპიპინებული სუფრა ეზოში გაეშალა, თანაც მაღაზიიდან ყველაფერი მოჩანდა. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, მაგრამ მალე ეს წაღმა წასული ოჯახი უკუღმა ამოტრიალდა - მისმა შვილმა ყველაფერი წააგო და ცარიელ-ტარიელი დარჩნენ. არ მითქვამს და არ შემიხსენებია ეს ცოდვა, მაგრამ ალბათ უნდა შემეხსენებინა, რადგან დარწმუნებული ვარ, თვითონაც ვერ ხვდებოდა, რას სჩადიოდა.
ნინო: - შიმშილი საშინელებაა და იგი, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, მართავს ადამიანების გონებას. ქართველ მწერლებსაც ხომ საოცარი სიცხადით აქვთ გადმოცემული, რა შეუძლია შიმშილს, მაგრამ ეკლესია ნაყროვანებას ცოდვად მიიჩნევს და ეს ასეც არის. როცა ადამიანი უარს იტყვის მაცხოვნებელ პურ-ღვინოზე, იგი ნელ-ნელა "მუცლის ქეიფის" ჭაობში გადაეშვება. ადამიანს რომ საზრდელი სჭირდება, უფალმა ჩვენზე უკეთ იცის და ამიტომაც ვამბობთ დღეში რამდენჯერმე: "პური ჩვენი არსობისა, მომეც მე დღეს". უფალს უყვარს ადამის ძე, რომელიც მოწყალებას გასცემს და პურღვინით განიკითხავს მოყვასს, აკი საკუთარ სისხლსა და ხორცს პურითა და ღვინით გვაზიარა! პური ჩვენი წინაპრების თაყვანისცემის საგანი იყო და ღვინოს ვინ მოწამლავდა? როცა საქართველოში, ქრისტეს სიმბოლოდ ქცეულ ვაზისა და ღვინის ქვეყანაში, ვიღაცამ გაბედა და ეს მაცხოვნებელი სითხე შხამით აავსო, ალბათ მაშინ ჩვენს ზნეობრიობას კიდევ ერთი საფეხური გამოეცალა. მამაჩემის ნაამბობს ვიხსენებ: ერთი ობოლი ბიჭი იყო, დედა ადრე გარდაეცვალა და მამამ სხვა ცოლი შეირთო. დედინაცვალს გერი თვალით არ დაენახვებოდა და ბავშვი მეზობლებმა გაზარდეს, განსაკუთრებით ერთი ოჯახი მფარველობდა. თავის შვილებს რომ დასხამდა სასადილოდ, ამასაც დაუძახებდა. შეძლებული ოჯახი იყო, მაგრამ ხომ შეიძლება შეძლებულმაც ვერაფერი გაიმეტოს ობლისთვის? ვფიქრობ, ჩვენი ხალხი მაინც სტუმარ-მასპინძლობისა და სხვათათვის მოწყალების გაცემის, პურის მიწოდების ჩვეულებად გადაქცეულმა ნიჭმა გადაარჩინა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი