ძვირფასო "კარიბჭის" რედაქციავ!
დიდი მადლობა თქვენს ჟურნალს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი ტაძრისკენ მიმავალი გზის გაკვალვაში. ახლოვდება საქართველოში ანდრია პირველწოდებულის შემობრძანების დღე, 12 მაისი - ჩემი მეორედ დაბადების დღე.
ზუსტად ამ დღეს, ერთი წლის წინ, უფლის მადლმა და ძალამ ტაძარში მიმიყვანა, თუმცა "სიარულით" ადრეც დავდიოდი. სიტყვებისთვისაც კი მიჭირს სათქმელის განდობა, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი დღიურიდან გადმომეტანა ზუსტად ერთი წლის წინანდელი ჩანაწერი.
შენდობას გთხოვთ ყველას, თუ ჩემი უვიცობის გამო რაიმე სწორად ვერ გადმოვეცი. უბრალოდ, მინდა, ამ დღის მადლი და სიხარული ჩემთან ერთად გაიზიაროთ.
თბილისი, 13 მაისი, 2005 წ.
გუშინ მივხვდი, რომ აქამდე არ მიცხოვრია, რომ ყველაფერს ახლა ვიწყებ. სწორედ გუშინ გავიარე პირველად, გავიარე როგორც ახალფეხადგმულმა ბავშვმა, რომელსაც ეშინია, ყოყმანობს, მაგრამ მაინც გავლას ცდილობს...
დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა! რომ მე უღირსს დამანახე ჭეშმარიტება, შემაგრძნობინე, თუ როგორ უნდა ვიცხოვრო, სად უნდა ვეძიო სულის სიმშვიდე და სილამაზე.
თითქოს ჩვეულებრივად გათენდა, მაგრამ რაღაცის მოლოდინის გრძნობა არ მტოვებდა. ჩემს მეგობარს, ეკას, გავუარე და ფერისცვალების დედათა მონასტერში წავედით. წირვა დაიწყო. საკურთხევლიდან მოძღვრის ხმა გაისმა. ძალიან მეცნო, თითქოს ამ ხმას ველოდებოდი მთელი ცხოვრება. საკურთხევლის კარი გაიღო და დავინახე ჩემი საყვარელი ხატი წილკნის ღვთისმშობლისა... მზერა მოძღვარზე გადავიტანე. რაღაც ძალიან მშობლიური ვიგრძენი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ამ ტაძარში დაბადებიდან დავდიოდი. გული საგულედან ამოვარდნას ლამობდა. ვუყურებდი მოძღვარს, მონაზვნებს და საოცარი შეგრძნება მეუფლებოდა, ვგრძნობდი, მადლი როგორ მოედინებოდა მათგან ჩემს სულში. ცოტა არ იყოს, შემეშინდა. დაიწყო ქადაგება. მოძღვარმა აღნიშნა, რომ ეს დღე იყო ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღე. ღმერთს შევთხოვე, უფალო, ვიცი, რომ უღირსი, ცოდვილი შვილი ვარ, მაგრამ იქნებ ეს დღე ჩემს ცხოვრებაშიც ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების შემობრძანების დღე იყოს-მეთქი...
ქადაგება დასრულდა. მეგობარმა მითხრა, მოძღვარს შენზე დაველაპარაკებიო. ვთხოვე, დღეს მზად არ ვარ-მეთქი და იქვე სკამზე ჩამოვჯექი. ცოტა ხანში მამა გაბრიელი მოვიდა - დამელოდე, შვილო, ახლავე მოგხედავო. ეს იყო ხმა, რომლითაც მშობელი დიდი ხნის დაკარგულ შვილს მიმართავს. გამახსენდა, სტუდენტობისას, გამოცდების ჩაბარების წინ როგორ ვღელავდი. დარწმუნებული ვიყავი, ეს იყო ყველაზე რთული გამოცდა. ახლა კი ვხვდები, არაფერი მიწიერი არ შეიძლება იყოს სულის საზრდოს მოპოვებაზე რთული, რომ ყველაზე მძიმე გამოცდის ჩაბარებას ახლა ვიწყებ, მაგრამ ეს ის სიმძიმეა, რომელიც შემდეგ შინაგანად გამსუბუქებს, გალამაზებს და გალაღებს. უცებ მივხვდი, აქამდე ფუჭად მიცხოვრია, მივხვდი, სად არის ჭეშმარიტება, როგორ მიყვარს ყველა, ისიც კი, ვინც აქამდე მაღიზიანებდა.
ჩემო ტკბილო უფალო, მომეცი ძალა, რომ მე უღირსმა ეს მადლი შევინარჩუნო, გავაღვივო და გავამრავლო. ღმერთო, მომეცი ძალა, რომ შენი ღირსეული შვილი ვიყო...
ეკა ბერიძე, 29 წლის
უღრმესი მადლობა ამ ჟურნალის დაარსებისთვის, იმ მადლისთვის, რასაც აკეთებთ. ყოველი ახალი ნომერი ახალი გაკვეთილია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც ახლა შედგეს ფეხი სასწავლებელში, სადაც ღვთის ჭეშმარიტ სიყვარულს ასწავლიან. მადლობა ჩემს მოძღვარსაც, მამა აბრაამს (გორდელაძეს), რომ პირველივე საუბრით დამანახა ნათელი ღვთის სახლში, ქრისტეს სიყვარული გამიღვივა სულში. ის ბათუმში, ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში მოღვაწეობს, ბევრი ჩემნაირი გზააბნეული (რა თქმა უნდა, რწმენას ვგულისხმობ!) დაუყენებია სწორ გზაზე, ბევრს ექცა "სულის ექიმად". მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო აგრეთვე ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსს, მეუფე დიმიტრის, უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო ქართველი ერის მამამთავრის, უწმინდესის მიმართ. მისი წყალობით და ძალისხმევით აჭარა დაკარგულს იბრუნებს, ქრისტეს მადლი ბრუნდება, წმინდა ნინოს ნაკვალევი ბრწყინდება. მიხარია, ტაძარში ყოველდღე ნათლობები რომ ტარდება. მოდის თაობა, რომელმაც იცის, რა უნდა იწამოს და შეიყვაროს, ჟურნალი "კარიბჭე" კი დედაენასავით უწევს მეგზურობას.
ვისურვებდი, ყველა ოჯახში შეგეტანოთ ლამპარი ცოდნისა და რწმენისა. დროა, მშვიდი და ერთიანი იყოს საქართველო, ერთმანეთის ფასი ვისწავლოთ, ჩვენ ხომ ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე ვცხოვრობთ!
თქვენი ერთგული მკითხველი აჭარიდან შ.ქ.
საყვარელ "კარიბჭეს"!
უღრმესი მადლობა, რომ ასე თავდაუზოგავად ქადაგებთ სიყვარულს, სიკეთეს, ღვთის გზას. მადლობა უფალს, რომ გზააბნეული ცხვარივით მომძებნა და თავისთან, მარადიულ ნეტარებასთან, მიმიყვანა. მადლობა უფალს, რომ თავისი განუმეორებელი სიტკბო მეც მაგემა. ყოველ ზიარებაზე იმხელა ბედნიერება და ნეტარება მეუფლება, რომ მსგავსი სიხარულის განცდა არაფერს მოუნიჭებია. ზიარება და ეკლესიური ცხოვრება ხომ ამქვეყნიური მცირედი ბედნიერებაა მომავალ საუკუნო ცხოვრების სიკეთესთან შედარებით. უფალთან მარადიული ყოფნა მარადიული ნეტარებაა, როცა ვერავითარი განსაცდელი, ეშმაკი და ბოროტება ვეღარ დაგაბრკოლებს. რა გულსატკენია, რომ ბევრს ჯერ ვერ შეუცვნია მარადიული სიკეთე და სიყვარული - ჩვენი ტკბილი უფალი იესო ქრისტე. ძალიან ბევრი დაუფიქრებლად ცვლის მას ამაოებაზე, სიბილწეზე... არადა რა ცოტა დრო გვაქვს მოცემული. ცოტა, მაგრამ ყველაფრის განმსაზღვრელი - მარადიული ნეტარების და მარადიული ტანჯვის, ცოტა დრო, მაგრამ მარადისობის კარის გამღები. ვისაც უფალთან სიახლოვის თუნდაც მცირედი გამოცდილება აქვს, დამეთანხმება, რა საცოდაობაა უფლის გარეშე ცხოვრება, თუ როგორ ცდილობს სატანა ადამიანი ბურთად აქციოს: ერთი, სიძვის ეშმაკი, მეორე ეშმაკთან - ანგარებასთან გადააგდებს, ის - ვერცხლისმოყვარეობის ეშმაკთან, ხოლო ვერცხლისმოყვარეობის ეშმაკი - დიდებისმოყვარეობის ეშმაკთან და ადამიანი კარგავს მთავარს - დროს, რომელიც ღვთის სადიდებლად და მოყვასის დასახმარებლად, სიკეთის თესვისთვის უნდა გამოგვეყენებინა. ღმერთო, მოგვანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა და გვაპოვნინე ქვაკუთხედი ჩვენი ბედნიერებისა, რომელსაც უფალი ჩვენი ტკბილი იესო ჰქვია!
უდიდესი სიყვარულით
მარიამ ქავთარაძე
მარიამ ქავთარაძე
ცხონების კარიბჭეს, მანათობელ "კარიბჭეს"!
ჩემო ძვირფასებო, რამხელა სიყვარული, სითბო, იმედია ჩადებული თქვენს თითოეულ სტრიქონში. თქვენი და ჩვენი ძვირფასი "კარიბჭე" რომ ყოველ კვირას გამოდიოდეს, უფრო დიდი სიხარული იქნება თითოეული მართლმორწმუნისათვის, რომელსაც ასე მოსწყურებია ღვთივსულიერი სიტყვა.იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია ამ ქვეყანაზე, როცა იცი, რომ ღმერთს უყვარხარ, რომ ყოვლად უნაკლო უფალი ყოველთვის შენზე ზრუნავს და, რაც მთავარია, უანგაროდ. ცოდვებში გასვრილს ათასჯერ გიღალატია მისი წმინდა ნებისთვის, ის კი არ განგიკითხავს, არამედ სიყვარულით მოელის შენს დაბრუნებას, რადგან უყვარხარ და სურს, მასავით სუფთა და გონიერი თვალებით შეხედო ყველაფერს, სულიერი პირველ რიგში დააყენო და უფალს მიენდო. ალბათ არავითარი მიწიერი სიკეთე არ შეედრება, როცა გრძნობ უფლის თუნდაც პატარა წყალობას, მის მზრუნველობას, მის უანგარობას ყოვლად ცოდვილი არსებისადმი. დიდება, უფალო, შენდა! რაც უფრო მეტად გააცნობიერებ, თუ რა უღირსი ხარ ღმერთის სიყვარულის წინაშე, მით მეტად გიდგება თვალში ცრემლი. ზოგჯერ ძალიან მიკვირს, როგორ ვუყვარვართ კი არა, როგორ გვიტანს ადამიანებს. ჩვენ ხშირად ფიქრიც კი გვეზარება უფლის გულმოწყალებაზე, გვეზარება, უფლის თვალით დავინახოთ ჩვენი თავი და შევაფასოთ მისი განუზომელი სიყვარული ჩვენდამი. ხშირად მიგვაჩნია, რომ ღმერთი ყოველთვის უნდა გვპატიობდეს, საკუთარი სინდისის მხილებას გავურბივართ. ხშირად უფლის და ერთმანეთის მიმართ ისეთ უგულისხმობას ვიჩენთ, სინდისი რომ მართლა გაფაქიზებული გვქონდეს, უღრმეს სინანულში ვიქნებოდით და ვეცდებოდით, გვესიამოვნებინა უფლისთვის და ერთმანეთი სიყვარულის სიტყვებით თუ საქმით გაგვეძლიერებინა.
ღმერთმა დალოცოს, სულიერად გააძლიეროს "კარიბჭის" ყველა მკითხველი.
ქრისტესმიერი უდიდესი სიყვარულით
თორნიკე ლაღიძე
თორნიკე ლაღიძე
ძვირფასო რედაქციავ, პირველ რიგში მადლობა ისეთი წერილების გამოქვეყნებისათვის, რომლებიც თითოეულ ქრისტიანს სულს უფორიაქებს და უფლის რწმენას გაუღრმავებს.
მინდა გიამბოთ, თუ როგორ გავხდი წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მრევლი.
უფლის სიყვარული ბავშვობიდანვე მქონდა. ბებია და დედა ყოველთვის იწერდნენ პირჯვარს და თავისებურად ლოცულობდნენ კიდეც. ბებიაჩემი მარხვასაც ინახავდა.
ახლა უკვე 54 წლის ვარ. მყავს ოჯახი - ქალ-ვაჟი და ოთხი შვილიშვილი. ძალიან მიყვარდა ეკლესიაში სიარული და სანთლების დანთება, მაგრამ 50 წლამდე წირვას არასოდეს დავსწრებივარ. ზიარებამდე სამი წელი ვიმარხულე, მაგრამ რიდის გამო ვერ ვბედავდი, მოძღვისათვის აღსარება ჩამებარებინა.
ტაძარში სიარული მტკიცედ მაშინ გადავწყვიტე, როდესაც უფალმა განსაცდელი მომივლინა და ავად გავხდი. ექიმებმა მირჩიეს, სასწრაფოდ გამეკეთებინა ოპერაცია, მაგრამ მე უფალს მივენდე და დავიწყე სიარული წმინდა ნიკოლოზის ტაძარში, ჩუღურეთში. მისი წინამძღვარია დეკანოზი მამა ზურაბი. არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როდესაც პირველი აღსარება ჩავაბარე მამა ზურაბს. ჩემი მდგომარეობაც ავუხსენი. მითხრა, - თქვენ ისეთ ეკლესიაში დაბრძანდებით, არც ოპერაცია დაგჭირდებათ და კარგადაც გახდებითო. ხშირად საკურთხევლის წინ მდგარი ცრემლის ღვრით ვევედრებოდი უფალს და წმინდა ნიკოლოზს, რომ ოპერაცია არ დამჭირვებოდა. უფალმა შეისმინა ჩემი ვედრება და ექიმებს რომ ეგონათ, უოპერაციოდ ვერ გადავრჩებოდი, განვიკურნე. ამან რწმენა უფრო გამიღრმავა. სამი წლის წინ მე და ჩემმა მეუღლემ ამავე ტაძარში ჯვარიც დავიწერეთ.
დიდი მადლობა უფალს, რომ განსაცდელი მომივლინა, თორემ შეიძლებოდა, კიდევ დიდხანს მევლო იმ მადლის გარეშე, რომელსაც ზიარების შემდეგ იღებს ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი.
თქვენი ჟურნალის მეშვეობით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარს მამა ზურაბს, მამა დავითს და მეუფე ნიკოლოზს, რომლებიც დიდ გულისხმიერებას და სიყვარულს იჩენენ თითოეული მრევლის წევრის მიმართ.
უფალმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო.
მხევალი ღვთისა ეთერი
მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით დიდება შევწირო უფალს და მადლობა გადავუხადო არაჩვეულებრივ პიროვნებას, საჩხერის რაიონის სოფელ სავანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, მამა ზოსიმეს. არ ვიცი, შევძლებ თუ არა, სიტყვით გამოვხატო ის დიდი მადლიერება, რასაც თქვენდამი ვგრძნობ. თქვენ უძლურებაში მყოფს გამინათეთ გონება, დამანახეთ, რომ აღსარებისა და ზიარების გარეშე სიყვარული, მადლიერება, სინანული და ცხონება შეუძლებელია.
მინდა მოგილოცოთ გიორგობა და დაბადების დღე (6 მაისი). არასოდეს მოგაკლოთ უფალმა ჯანმრთელობა, სიხარული და ნუგეში.
ღმერთმა უმრავლოს საქართველოს თქვენისთანა ღვთისნიერი, სიყვარულით სავსე სასულიერო პირები.
თამარ ქავთარაძე
საჩხერის რაიონის სოფელი სავანე
საჩხერის რაიონის სოფელი სავანე
ძვირფასო "კარიბჭის" რედაქციავ!
ქრისტე აღსდგა!
გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ღმერთმა მრავალს დაგასწროთ და წყალობა არ მოგაკლოთ. ყოველთვის სიხარულით ვკითხულობთ თქვენს ჟურნალს, რომელიც რწმენაში სიმტკიცეს გვმატებს. დიდი მადლობა, რომ არსებობთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.ქრისტე აღსდგა!
გვინდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცოთ ჩვენს სულიერ მოძღვარს, ბაგრატის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ზინობი ჟვანიას და მის ოჯახს. ღმერთმა მრავალ ქრისტიანულ დღესასწაულს დაგასწროთ, მადლი უფლისა ყოველთვის თქვენთან ყოფილიყოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნა არ მოგკლებოდეთ, ღმერთმა გაგამრავლოთ, გაგაძლიეროთ, დაგლოცოთ და გაგახაროთ. მამა ზინობი, ძალიან გვიყვარხართ და გაფასებთ.
პატივისცემით თქვენი სულიერი შვილები
გიორგი და სალომე ხარაბაძეები, ქუთაისი
გიორგი და სალომე ხარაბაძეები, ქუთაისი