ათი შეკითხვა უცნობს, რომელმაც თავი მოგაბეზრათ
1. რამდენი ხანია რაც ორგანიზაციის წევრი ხართ?
თქვენთვის მნიშვნელოვანია დასაწყისშივე იცოდეთ, ვისთან გაქვთ საქმე.
2. არის თუ არა თქვენი მიზანი, გამაწევრიანოთ თქვენს ორგანიზაციაში?
დაიმახსოვრეთ მისი პასუხი, რადგან თუ თქვენი თანამოსაუბრე არის ტოტალიტარული სექტის წარმომადგენელი, ყველა შემთხევაში მიმართავს რეკრუტირებისა და ზეწოლის მეთოდებს. ამ შემთხვევაში თქვენ გაახსენებთ მას, რომ მან მოგატყუათ, შეახსნებთ მის სიტყვებს, პატივისცემით, მაგრამ პირდაპირ და გასაგებად დაემშვიდობებით.
3. შეგიძლიათ ჩამომითვალოთ ის ორგანიზაციები, რომლებსაც რაიმე კავშირი აქვს თქვენთან?
ამ კითხვით თქვენ ცდილობთ გამოარკვიოთ, ხომ არ არის თქვენი თანამოსაუბრე რომელიმე თქვენთვის ცნობილი ტოტალიტარული სექტის წევრი. თითქმის ყველა ასეთი სექტა ქმნის თავის გარშემო პატარა ორგანიზაციებს, რათა არ დააფრთხოს თავიანთი პოტენციური წევრი.
4. ჰკითხეთ ორგანიზაციის დამაარსებლის ვინაობა. თუ ის გარდაცვლილია, მაშინ დააზუსტეთ ახლანდელი ხელმძღვანელის ვინაობა.
არ არის გამორიცხული, რომ მოსაუბრემ თავი აარიდოს პასუხს, რადგან მათი ხელმძღვანელი იყოს ოდიოზური (არასასიამოვნო), მაგრამ საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ფიგურა. შეეცადეთ, მაინც ათქმევინოთ მისი სახელი. თუ დასახელებული პიროვნება თქვენთვის ცნობილი იქნება, ყველაფერი გაცხადდება და თქვენ უბრალოდ აღარ მოისურვებთ საუბრის გაგრძელებას.
5. მოაყოლეთ ორგანიზაციის უკანასკნელი მეთაურის შესახებ. ჰკითხეთ, რა განათლება ჰქონდა მას მიღებული, ჩაუდენია თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული, თუ კი, რა მიზეზით.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, არის თუ არა მათი ლიდერი ნამდვილად ისეთი, როგორადაც თავს ასაღებს. რეალურად, დესტრუქციული კულტების ხელმძღვანელები გასაკვირად ხშირად სარგებლობენ უარყოფითი რეპუტაციით. სექტის ხელმძღვანელის წარსულსა და ცხოვრების სტილზე მოპოვებული ინფორმაციით თქვენ შეძლებთ გამოიტანოთ გარკვეული დასკვნები მისი სანდოობის შესახებ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საუბრის დასასრულის ნიადაგი უკვე შემზადებული იქნება.
6. რისი სჯერა თანამოსაუბრის ორგანიზაციას? მიაჩნია თუ არა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას? არსებობს თუ არა მათ პრაქტიკაში შემთხვევები, როდესაც თვლიან, რომ ადამიანს შეიძლება უთხრან "სასარგებლო ტყუილი"?
მისიონერების უმრავლესობა არ ცდილობს ადამიანს ადგილზე მოახვიოს თავს თავისი ორგანიზაციის მოძღვრება. მათ ასწავლიან გააღვივონ თქვენში ცნობისმოყვარეობა და ამით ნელ-ნელა მიგიზიდონ თავისკენ; შემდეგ დაგასწრონ ლექციებს, შეხვედრებს, სემინარებს, ფილმების ჩვენებას. მათ გარემოცვაში აღმოჩენილს, უკეთ მოგახვევენ სექტის ძირითად პოსტულატებს.
7. თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ თქვენს მოსაუბრეს, თუ როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება იმ შემთხვევაში, თუკი მათ ორგანიზაციას შეუერთდებით; მოგიწევთ თუ არა სწავლის ან სამსახურის დატოვება, თქვენი საკუთრების შეწირვა და ურთიერთობის შეწყვეტა თქვენს მეგობრებთან და ახლობლებთან, თუკი ისინი გამოთქვამენ უარყოფით დამოკიდებულებას თქვენს გადაწყვეტილებაზე.
თუკი თანამოსაუბრე ტოტალიტარული სექტის წევრია, გეტყვით, რომ თქვენგან არაფრის ან თითქმის არაფრის დათმობა არ იქნება საჭირო და შეგეძლებათ განაგრძოთ ძველებური ცხოვრება და მეტიც: შეძლებთ ძალიან მალე მიაღწიოთ იმას, რისკენაც ისწრაფვით. მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს კითხვა ბევრი სექტანტისათვის საკმაოდ არასასიამოვნო იქნება და მყისვე აიძულებს დაიკავოს თავდაცვითი პოზიცია, ამიტომ ამ კითხვის დასმის დროს ყურადღებით დააკვირდით მოსაუბრის რეაქციას. თუ თქვენ გთავაზობენ ჩაეწეროთ უფასო პროგრამაში, სასარგებლო იქნება დააზუსტოთ, არის თუ არა ის მართლაც უფასო თუ პირველი კურსის გავლის შემდეგ თქვენ მოგიწევთ გარკვეული თანხის გადახდა პროგრესული ეტაპის გასავლელად.
8. ითვლება თუ არა თქვენი ორგანიზაციის რეპუტაცია უნაკლოდ? რა არგუმენტები არსებობს თქვენი ორგანიზაციის საწინააღმდეგოდ?
ეს შეკითხვა დაგანახებთ, თუ რამდენად ინფორმირებულია თქვენი მოსაუბრე, ან რამდენად არის ის მზად თქვენთან გულწრფელი საუბრისათვის. თუ ამ კითხვას დაუსვამთ მას თბილად და მეგობრული ღიმილით, რამდენადაც თქვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, ის იტყვის: "ალბათ გაგიგონიათ, რომ არიან ისეთი უცნაური ადამიანები, რომლებიც ჩვენ ტოტალიტარულ სექტას გვიწოდებენ, ამბობენ, რომ ჩვენ ყველას ტვინი გვაქვს გამორეცხილი და ზომბებად მოგვიხსენიებენ, წარმოგიდგენიათ? აი, მაგალითად, მე ვგავარ გონებაგამორეცხილ ზომბს?" ამ უკანასკნელ კითხვაზე შეგიძლიათ საპასუხო კითხვით უპასუხოთ: "თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ გამოიყურებიან გონებაგამორეცხილი ზომბები, როგორ იქცევიან ისინი?"
9. რას ფიქრობთ თქვენი ორგანიზაციის ყოფილ წევრებზე? გქონიათ შემთხვევა, რომ რომელიმე მათგანისგან მოგესმინათ ის პრეტენზიები და მიზეზები, რატომაც დატოვა თქვენი სექტა? თუ არ გქონიათ საუბარი, რატომ? განა თქვენი ორგანიზაცია გიკრძალავთ მათთან საუბარს?
ყველა ღირსეული ორგანიზაცია პატივისცემით არის განწყობილი ადამიანის თავისუფლებისადმი და განსაკუთრებით წევრების უფლებების მიმართ, როგორი გულდასაწყვეტიც არ უნდა იყოს, თუ ვინმე გადაწყვეტს მის დატოვებას. ვერ ვიტყვით იმავეს დესტრუქციელი კულტების თაყვანისმცემლებზე. მათთვის ყველა ყოფილი წევრი მოღალატედ და მტრად აღიქმება. ყველა სექტა თავიანთ წევრებში შიშს ნერგავს და ყველაფერს აკეთებს, რომ მათ თავი შორს დაიჭირონ კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისა და მათი ყოფილი წევრებისაგან.
10. დაასახელეთ სამი რამ, რაც არ მოგწონთ თქვენს ორგანიზაციაში.
ბევრი რამ გვსმენია ისეთი მართლმადიდებლის შესახებ, რომელიც ღიად აკრიტიკებს თავის ეკლესიასა და მის იერარქიას. ჩვენ ვიცით კათოლიკეები, რომლებიც აკრიტიკებენ რომის პაპს და პროტესტანტები, რომლებიც ასევე ხშირად აფიქსირებენ შენიშვნებს თავიანთი ეკლესიის მიმართ, მაგრამ არ არსებობს ადამიანი, რომელიც იტყვის სექტანტზე, რომ ის თავისი ორგანიზაციის ან ხელმძღვანელის მიმართ უარყოფით პოზიციას ღიად აფიქსირებს.
მანამ, სანამ თქვენ გადაწყვეტთ მონაწილეობის მიღებას ორგანიზაციის ყრილობაზე, ეცადეთ მოიძიოთ ინფორმაცია მის შესახებ. თუ სექტა მომდინარეობს ქრისტიანობიდან, ჰკითხეთ ქრისტიანებს, რას ფიქრობენ მათ შესახებ, თუ მუსულმანობიდან - მუსულმანებს, თუ ბუდიზმიდან - ბუდისტებს და ა.შ. თუ ორგანიზაციის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მათმა დამაარსებელმა შეძლო და მოუყარა ყველა რელიგიას თავი ამ სექტაში, გირჩევთ, მათ მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ. როგორც რელიგიების მრავალათასწლიანი ისტორია გვიჩვენებს, ასეთი გაერთიანებების ბოლო ყოველთვის დაყოფა და დანაწევრებაა.
ა. დვორკინის მიხედვით