ასეთ ფირმას შეიძლება მივაკუთვნოთ "ჰერბალაიფი" ("თერმოჯეტიქსი"), "ცეპტერი" და სხვ. იმისათვის, რომ გამოუცდელმა ადამიანმა განსაზღვროს და ამოიცნოს კომერციული სამედიცინო საკულტო ფირმა, მოგვყავს მათი მახასიათებელი ნიშნები.
მაგალითისთვის განვიხილოთ ფირმა "ჰერბალაიფი". მის შემქმნელს მარკ ჰიუიზს არ გააჩნია არც სამედიცინო და არც ფარმაკოლოგიური განათლება (ცხრა კლასი დაასრულა). პროდუქტი "ჰერბალაიფი" 1980 წელს გამოჩნდა აშშ-ში. დღეისათვის უკვე "ჰერბალაიფის" 100-ზე მეტი დასახელების საკვები დანამატი არსებობს. ერთ-ერთი მათგანია "თერმოჯეტიქსი". ამ პროდუქტის მიღება, გამავრცელებლების თქმით, აუცილებელია 30 დღის განმავლობაში, რათა თითქოსდა 100%-იანი ეფექტი მიიღოთ.
დღეისთვის "ჰერბალაიფი" 17 ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის - ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. საქართველოში ამ ფირმამ დაახლოებით 1993 წლიდან დაიწყო საქმიანობა. ფირმა შემჩნეულია მუნისტებთან და საინტოლოგებთან ურთიერთობაში. ფირმა "ჰერბალაიფს" გააჩნია:
1. მკაცრი იერარქიული სტრუქტურა. "ჰერბალაიფი" რომ სექტანტური ბუნებისაა, ამას გვაფიქრებინებს აგრეთვე მისი სიმბოლოები, სამკერდე ნიშნები - თითოეული დონისთვის სხვადასხვა. დილერების მონაცემები შეტანილია ფირმის კომპიუტერში (თანაც ამ მონაცემების მრავალწახნაგოვნების სპეცსამსახურებსაც კი შეშურდებოდათ). შესულია მათი საპასპორტო მონაცემები, ვინც ამ პროდუქტს ყიდულობს, ვითომდა მოხმარების კონტროლისთვის. ვინც თავი განსაკუთრებით გამოიჩინა "ჰერბალაიფის" გაყიდვაში, მიჰყავთ ისრაელსა და აშშ-ში სასწავლებლად, სადაც მათთან სერიოზულ მუშაობას ეწევიან. მაგალითად, ადამიანებთან ურთიერთობას ასწავლის დეილ კარნეგის მოწაფე, მაგრამ ეს უკვე საკმაოდ მაღალი საფეხურია, რომელზეც შეიძლება მოხვდე გამყიდველის, სუპერვაიზერის, მენეჯერის დონეების გავლის შემდეგ. თითოეულ ეტაპს აქვს განდობილობის, მომზადებულობისა და შემოსავლების თავისი დონე.
კულტი ორგანიზებულია ფინანსური პირამიდის პრინციპით, რომლის თავში იმყოფებიან "მილიონერების გუნდი", "პრეზიდენტების გუნდი", "დირექტორების გუნდი". ბიზნესი მოწყობილია, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად. ფირმასთან კონტრაქტის ხელმომწერი მისი მუშაკი კი არ არის, არამედ მხოლოდ თანამშრომლობს მასთან (ეს იმას ნიშნავს, რომ ფირმა ამ ადამიანზე საჭიროების შემთხვევაში ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის). ის ვალდებულია, თავისი ფულით იყიდოს პროდუქტების ნაკრები, სამკერდე ნიშნები, რომლებიც აუცილებლად უნდა ატაროს, ბროშურები, დიქტოფონი, პროდუქტის მომზადების პროცესის დემონსტრირებისთვის აუცილებელი მოწყობილობები (მაგ. მიქსერი) და სხვ.
2. "ქარიზმატული" ლიდერობის პრეტენზია (ზეციდან შთაგონებული, განსაკუთრებული სიბრძნის ღაღადება და ფირმის ხელისუფლებისადმი უსიტყვო მორჩილების მოთხოვნა). აქტიური პროპაგანდა და მხარდაჭერა ეწევა მარკ ჰიუიზის, როგორც "კეთილი პრეზიდენტისა და დამფუძნებლის" პიროვნებას, თანაც რეკლამირებულია სენტიმენტალურ-სევდიანი ამბავი მსუქანი ქალისა - ჰიუიზის დედის შესახებ, რომელიც სხვადასხვა დიეტით ცდილობდა გახდომას, რის გამოც ჯანმრთელობა შეერყა და გარდაიცვალა. მისმა შვილმა კი მიზნად დაისახა, შეძლო და გამოიგონა გახდომის წამალი.
3. გახდომის მეთოდების გავრცელებასა და ჯანმრთელობასთან თანაზიარობის მიღმა იმალება ფირმის მერკანტილური მიზნები. ჰიუიზი ასწავლიდა, რომ საჭიროა ისეთი ადამიანების გადმობირება, რომელთაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ვერ შეძლეს თავიანთი ნიჭის გამომზეურება. მისი ლოზუნგია: "ჩვენთან უფრო მეტი შესაძლებლობაა, ვიდრე თქვენ პრობლემა გაქვთ". გადმობირების სამიზნენი არ არიან ფულიანი და ჯანმრთელი ადამიანები, რომლებიც შეიძლება დაეჭვდნენ და დასვან კითხვები. გახდომის სატყუარა ქცეულია კერპად.
4. საქმიანობის ჭეშმარიტი შედეგების დაფარვა. პროდუქტი სამედიცინო პრეპარატი არ არის. რუსეთის ფედერაციის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის სამკურნალო კვების ინსტიტუტში მისი ექსპერტიზით დაადგინეს, რომ "ბალახების ნაკრებით, რომელიც ამ პროდუქტში შედის, გახდომა შეუძლებელია". პრესაში არაერთხელ გამოჩენილა (აშშ-ში, საფრანგეთში, რუსეთში) ცნობები "ჰერბალაიფის" საკვები დანამატების ჯანმრთელობისთვის მავნებლობაზე. მათ აკონტროლებენ თვითონ გამყიდველები ექიმების გარეშე.
"ჰერბალაიფის" გამავრცელებლები ამტკიცებენ, რომ ჰიუიზის პროდუქტი შემუშავებულია აშშ-ის კოსმოსურ სააგენტო ნასა-სთან თანამშრომლობით, რაც ძალზე საეჭვოა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ აქ არაფერ შუაშია ამერიკის კოსმოსური სააგენტო, და მეორეც, იმის გამო, რომ თავდაპირველად ჰიუიზი ავრცელებდა თავის პროდუქტს საკუთარი ავტომობილით, როგორც გლეხი - კარტოფილს. ამტკიცებენ, პროდუქტი ჰიუიზმა ტიბეტში შეგროვებული 4 ათასი სამკურნალო ბალახის რეცეპტის დამუშავების საფუძველზე შექმნაო. ვინც ნამდვილად იცნობს ტიბეტურ მედიცინას, იცის, რომ თუკი იქ ხელს მოჰკიდებენ ავადმყოფის (ადგილობრივის თუ უცხოელის) მკურნალობას ადგილობრივი ბალახებით, მაშინ თითოეულ ბალახს გულმოდგინედ აგროვებენ განსაზღვრულ დღეს და დროს. მხოლოდ მაშინ შეუძლია ამ მცენარეებს სარგებლობის მოტანა. ასე რომ, წარმოებაში ამგვარი ბალახების ჩაშვება ფიზიკურად შეუძლებელია.
5. ცნობიერების კონტროლის გამოყენება, რათა ადეპტებს გამოუმუშავდეთ "საკულტო მენტალიტეტი"; ამა თუ იმ ფორმით ყალიბდება ერთადერთი აზრი - "მიზანი ამართლებს საშუალებას". აქედან: ნებისმიერი ქმნილება მისაღებია, თუკი ის ფირმის მიზნებს ემსახურება.
* სპეციალური დიეტების გამოყენება: "ჰერბალაიფის" ადეპტებისთვის რეკომენდებულია კვება მხოლოდ კულტის მეთოდიკის მიხედვით - მისი საკვები დანამატების სისტემატური გამოყენებით. მარკ ჰიუიზის ცნობილი გამონათქვამია: "კვების ჩვევების კარდინალური შეცვლა - აი, ამას უკეთებს "ჰერბალაიფი" ყველაზე გავლენიან კომპანიას (იგულისხმება ადამიანის კვების ჩვეული რაციონი) და ეს მომგებიანია მთელი მსოფლიოსთვის".
* ყალიბდება ტოტალიტარული მსოფლმხედველობა, მხარს უჭერენ ელიტარულ მენტალობას (ელიტარულობისადმი, რჩეული საზოგადოებისადმი კუთვნილების იდეოლოგია), იყენებენ ჯანმრთელობასთან, ახალ ცხოვრებასთან თანაზიარობის "რევოლუციურ" მეთოდებს და ა.შ. ეს არის "ჰერბალაიფის" განსაკუთრებული საკულტო ცხოვრების სტილი.
* ყალიბდება ადეპტების პირდაპირი და ფარული დამოკიდებულება კულტზე: ფსიქოლოგიური, ფინანსური ("ჰერბალაიფის" იერარქიაში მაღალ დონეს მიღწეულს აღარაფერი აინტერესებს, გარდა "ჰერბალაიფისა", რომელმაც ის გავლენიან და მდიდარ ადამიანად აქცია, მას ფირმის და "ძვირფასი, კეთილი პრეზიდენტის და დამფუძნებლის" ბრმად სჯერა) და ფიზიკური (ზოგიერთი მკვლევარი მიუთითებს "ჰერბალაიფის" გამავრცელებლების ნარკოტიკულ დამოკიდებულებას საკვები დანამატებისადმი). ფირმის მიერ თავმოყრილი ფულის შოვნის მოსურნე ანდა ხელმოცარული ადამიანებისთვის ეს ორგანიზაცია ხდება არა უბრალო სამსახური, არამედ ცხოვრების წესი და აზრი.
6. დახურულობა (ყველა სექტისთვის დამახასიათებელი). ფირმა აქტიურად მუშაობს, ამასთან, ცდილობს იყოს შეუმჩნეველი.
7. დოქტრინაში მისტიკური ელფერის არსებობა. ზოგიერთი გამყიდველი ნეტარებით ლაპარაკობს პროდუქტის "ენერგეტიკულ დამუხტულობაზე", "ემოციურ საქანელებზე" და სხვა. "ჰერბალაიფით" ვაჭრობაში მონაწილეობდა ჯუნა დავითაშვილის ცენტრი. ჰიუიზის სიტყვები: "ჩვენ არ ვართ ვაჭრები, ჩვენ მისიონერები ვართ", - კიდევ ერთ საფუძველს იძლევა, მივაკუთვნოთY"ჰერბალაიფი" დესტრუქციულ სექტებს.
8. შინა მოხმარებისთვის და გარეშეთათვის სპეციალური წესების თუ დოქტრინების არსებობა. ფირმის ბროშურებში შედის, მაგალითად, ბრბოში პოტენციური კლიენტების იდენტიფიკაციისთვის დაწვრილებითი ინსტრუქციები, აგრეთვე ხალხის გადმობირების, მათზე სისტემატური თვალთვალის მეთოდიკა. დადგენილია სატელეფონო ზარების რაოდენობაც კი, პროდუქტის გაყიდვის შემდეგ რამდენჯერ უნდა დაურეკოს გამყიდველმა მყიდველს.
9. ჭეშმარიტებაზე პრეტენზია. სრული შეუწყნარებლობა, ანდა, სულ მცირე, აგდებული დამოკიდებულება ოფიციალური მედიცინისადმი.
10. აქტიური პროზელიტიზმი, როგორც ადეპტების განუყოფელი მოვალეობა, ჩაითრიონ კულტში ახალი წევრები. გამყიდველების სიტყვებით, მათ ხელფასს უხდიან "არა გაყიდული პროდუქტის რაოდენობის მიხედვით, არამედ განსწავლულთა რაოდენობის მიხედვით". თითოეული გადმობირებულისთვის, რომელმაც მოაწერა ხელი კონტრაქტს, რომლის მონაცემები შევიდა კომპიუტერში, გადმომბირებელს ერიცხება ქულები (შემდგომი წინსვლისთვის საჭირო), თუკი პროდუქტის ნაკრები გაყიდა, მაშინ მას 25 დოლარი ეკუთვნის და ა.შ.
საბედნიეროდ, ჩვენში "ჰერბალაიფის" მოღვაწეობამ არ გაამართლა, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი მსგავსი, მასზე ძლიერი ე.წ. ფირმების მოღვაწეობა იფურჩქნება სექტების ჭრელი პალიტრით აღსავსე საქართველოში. ბიზნესის ფინანსური პირამიდის სტილით წარმოება, გასაიდუმლოება, მკაცრი იერარქია, ფსიქოემოციურ-ფინანსური დამოკიდებულება, ფირმის შიგა დღესასწაულების აღნიშვნა, შიგა კოლექტიური გართობანი და დასვენება, ერთი სიტყვით, ყოველივე ამის ცხოვრების წესად გახდომა, რეალური სამყაროსგან მოწყვეტა და ელიტარულ საბურველში გახვევა - გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენი მოქალაქეები კვლავ იმყოფებიან მორიგი დესტრუქციული სექტისა თუ ფირმის მონადირების საფრთხის ქვეშ.
მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა