იყავით ფხიზლად!
"მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა".(მათე 24,4-5)
(გაგრძელება, დასაწყისი იხ. წინა ნომერში)
ფაქტობრივად ყველა სექტანტურ მიმდინარეობას სხვადასხვა მეთოდი აქვს შემუშავებული ადამიანთა გადაბირებისთვის. ამ მხრივ გამონაკლისს არც ორმოცდაათიანელები წარმოადგენენ. საკმაოდ მრავლისმეტყველია ინფორმაცია, რომელსაც ორმოცდაათიანელთა სექტის მიერ გამოცემული მისიონერულ-მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოდან ვიღებთ. სახელმძღვანელოში, რომლის სახელწოდებაა "კეთილი უწყების გაზიარება", სექტანტი მისიონერებისთვის მოცემულია კონკრეტული ინსტრუქციები და ეფექტური მეთოდები ადამიანთა გადაბირების მიზნით. "კეთილი უწყების ხარება" - ეს პრაქტიკული კურსია ყველასთვის, ვის მსახურებასაც უფლისთვის სულების მოპოვება წარმოადგენს. ეს კურსი ადგილობრივი ეკლესიების მუშაკთათვის არის შედგენილი და მეთოდოლოგიურია: მასში ურწმუნო ადამიანებამდე კეთილი უწყების მიტანის საშუალებებია წარმოდგენილი", - ნათქვამია ამ "შიდა მოხმარებისთვის" განკუთვნილი წიგნის შესავალში. შესავალში ასევე ვკითხულობთ: "ვალდებული ხართ, ურწმუნოებს ხსნის უწყება უბრალო და გასაგები სახით მიაწოდოთ. წერილების ცოდნის წუნდაუდებელი ორიენტაცია უნდა გაგაჩნდეთ და საჭირო ადგილები მეხსიერებიდან წამებში გამოიხმოთ".
ორმოცდაათიანელები, ისევე როგორც სხვა სექტების წარმომადგენლები, დაბეჯითებით აცხადებენ, რომ სწორედ ისინი არიან მაცხოვრის საქმის გამგრძელებლები: "გაქვთ თუ არა თქვენ იმის რწმენა, რომ სწორედ თქვენ უნდა გააგრძელოთ ქრისტეს საქმე და კეთილი უწყება სხვებსაც ახაროთ? იმედი გვაქვს, რომ ასეა", - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში. ვინც სექტის წევრი არ არის, სექტანტური ტერმინოლოგიით, "ურწმუნოები", "გზააბნეული ადამიანები" ან "დაკარგულები" ეწოდებათ, ხოლო თავად ორმოცდაათიანელ მისიონერებს - "ევანგელისტები", "მახარობლები".
სახელმძღვანელოში აღწერილია ის ფორმები, რომლებსაც სექტა მისიონერულ საქმიანობაში იყენებს: "ყველას და ყველგან უნდა ვუქადაგოთ... თანამედროვე ეკლესიას (იგულისხმება ორმოცდაათიანელთა "ეკლესია" - ს.კ.) თავის განკარგულებაში ევანგელიზაციის მეთოდების სრული სპექტრი გააჩნია... ადგილობრივ დონეზე მოწოდებითი შეკრებები (ასე ეწოდება სექტის რიგების შევსების მიზნით მოწყობილ "ევანგელიზაციურ კონფერენციებს" - ს.კ.) ეწყობა, რომლებსაც ერთი ეკლესია ატარებს. და მაინც, ასეთი ღონისძიებების ხარისხი ეკლესიის რიგითი წევრების აქტიურ მონაწილეობაზე პირდაპირაა დამოკიდებული. ხუცესების, მსახურებისა და რიგითი წევრების ერთსულოვნება - საერთო საქმის წარმატების საწინდარია.
კოლექტიური მახარებლობის სხვა ფორმები უფრო რეგულარულ საწყისებს მოითხოვენ:
1. საევანგელიზაციო ჯგუფები მსახურებას საავადმყოფოებში, საპატიმროებში, მოხუცთა სახლებში, აგრეთვე ღია ცის ქვეშ - ქუჩებში და მოედნებზე, სკვერებსა და პარკებში ატარებენ;
2. მონახულების ჯგუფები მორწმუნეების და არამორწმუნეების სახლებში დადიან. მათი ამოცანა ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, მათთან სულიერ თემებზე საუბრის ჩატარებაა...
3. სულიერი შინაარსის ლიტერატურის გამავრცელებელი ჯგუფები თავიანთ მოღვაწეობას საზოგადოებრივ ადგილებში - პარკებში, სკვერებში, თეატრებთან ახლოს და აქტიური თავყრილობების ადგილებში ეწევიან. ჯგუფის წევრები გამვლელებს ბიბლიის დამოუკიდებლად შესასწავლად სახელმძღვანელოებსა და ბროშურებს უფასოდ ურიგებენ... ყველანაირი გამოცემის ყოველ ბროშურაში უნდა იყოს შტამპი, რომელზეც ადგილობრივი ეკლესიის მისამართი იქნება მითითებული".
გარდა ამისა, სექტა გარკვეული პერიოდულობით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ატარებს "ფართომასშტაბიან ევანგელიზაციურ კამპანიას" მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობის მოსაზიდად.
სახელმძღვანელოში ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები სექტის თითოეული წევრისთვის ყოფით ურთიერთობებში მისიონერულ-პროზელიტური საქმიანობის გააქტიურების მიზნით: "მახარებლობა მეგობრულ ურთიერთობაში - ეს სავარაუდო ახალმოქცეულებთან ამხანაგური ურთიერთობაა. თქვენ მათ სახლში ეპატიჟებით - ვახშამზე ან ჭიქა ყავაზე და ცდილობთ მათთვის სასარგებლო იყოთ. გამოავლინეთ მათ მიმართ ზრუნვა, მათი წუხილი, პრობლემები და სიხარული გაიზიარეთ, გახდით მათი მეგობარი და ისინიც სიამოვნებით მოგისმენენ. შეიძლება აგრეთვე ორგანიზაცია გაუკეთოთ შინაურ შეკრებებს, სადაც მეზობლები და მეგობრები ძალდაუტანებელ, მეგობრულ ატმოსფეროში თავიანთი სულიერი გამოცდილების გაზიარებას შეძლებენ. ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში სიარულის პერსპექტივას ეჭვის თვალით უყურებენ, ასეთი საშუალებით შეძლებენ ქრისტეს შესახებ მოისმინონ და საბოლოო ჯამში კრებებს ხალისით დაესწრონ... როდესაც სავარაუდო ახალმოქცეული ბედნიერ, სიყვარულით აღსავსე მორწმუნეთა ჯგუფს ხედავს, რომლებიც მას თბილად და მეგობრულად ხვდებიან, ის ამ ჯგუფთან შეერთებას აუცილებლად მოინდომებს".
სექტაში ახალი წევრების მოზიდვის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად სახელმძღვანელოს ავტორები გაჭირვებულთა დახმარებისა და "ურწმუნოებთან დამეგობრების" მეთოდს ასახელებენ: "ეცადეთ ის მეთოდები გამოიყენოთ, რომლებსაც შედარებით ეფექტურად მიიჩნევთ. იმის მიუხედავად, რომ ურწმუნოთათვის ხარებაში მკაცრი წესები არ არსებობს, მიგვაჩნია, რომ მათთან დამეგობრების მისწრაფება მაინც ძირითად მიდგომად უნდა დარჩეს... ერთ-ერთი საშუალება შემდეგში მდგომარეობს: ურწმუნოები თქვენთან, სახლში ჩაიზე ან სადილზე მიიწვიეთ. მსგავსი შეხვედრები ურთიერთობას ძალდაუტანებელს ხდის და მტკიცე მეგობრობის დამყარების პირველ ნაბიჯს წარმოადგენს, რომლის შემდეგაც დაკარგულები დახსნის მოპოვებას შეძლებენ. კიდევ ერთი საშუალება: ეკლესიის გარეთ გაჭირვებულები ეძებეთ და ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინეთ".
სახელმძღვანელოში მოცემული ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, მისიონერმა ადამიანთან კონტაქტი იმ პრობლემაზე საუბრით უნდა დაიწყოს, რომელიც "პოტენციურ მოსაქცევს" ყველაზე მეტად აინტერესებს: "როდესაც კეთილი უწყების ხარებას შეუდგებით, დაიწყეთ იმით, რაც თქვენს თანამოსაუბრეს - სავარაუდო მოქცეულს აინტერესებს. შემდეგ სულიწმინდის კარნახით საუბარი სულიერ ნიადაგზე გადაიყვანეთ. საკუთარი სიტყვები წმინდა წერილებიდან მოყვანილი ციტატებით გაამაგრეთ. ეს თქვენ კეთილად შეგეწევათ და თქვენს საუბარს უფრო დამაჯერებელს გახდის... საუბარი იმის შესახებ, რაც თანამოსაუბრის დაინტერესებას იწვევს, სულიერი თემების განხილვისათვის ნიადაგს ამზადებს. ვიმედოვნებთ, რომ მათთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარება და მათი ნდობის მოპოვება გამოგივათ... არ დაივიწყოთ მათ მიმართ მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა და მათი არსებითი პრობლემების გადაჭრაში დახმარების გაწევა".
სახელმძღვანელო სექტის წევრებს ურჩევს, შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით თავაზიანად, ტაქტიანად ისაუბრონ: "იყავით ბუნებრივი, ისწავლეთ ძალდაუტანებელი საუბარი სულიერების შესახებ და თქვენს ყოველდღიურ საუბარში ამ თემის ჩარევა... ეცადეთ, რაც შეიძლება მეტად ბუნებრივი ტონით ილაპარაკოთ... გახსოვდეთ თავაზიანობა. ადამიანის მთავარ სათნოებად და სიქველედ მთელ მსოფლიოს თავაზიანობა მიაჩნია! ურწმუნოებთან თქვენი საუბარი თავაზიანობისა და დელიკატურობის ნიმუში უნდა იყოს, თუნდაც თქვენ არასაკმარისი კორექტულობით მოგექცნენ. ნურასდროს იკამათებთ, ხმას ნუ აუმაღლებთ, - ასე ვერაფერს მიაღწევთ... ნუ დაივიწყებთ ტაქტიანობას. ეცადეთ, ქცევის ადგილობრივი წესები შეისწავლოთ და დაიცვათ. ამით ორაზროვან სიტუაციებს თავიდან აიცილებთ".
მსმენელის ნდობის მოსაპოვებლად სექტანტმა მის მიმართ თანაგრძნობა და სიყვარული უნდა გამოავლინოს: "თანდათანობით მისი ნდობის მოპოვება შეიძლება. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, უკეთ გაიცნოთ იგი და ისიც გაიგოთ, როგორ შეიძლება მასთან საუბარი. გამოიჩინეთ თანაგრძნობა მისი პრობლემების მიმართ. იღებთ რა თავზე ყურადღებიანი და სულგრძელი მსმენელის როლს, თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, თანამოსაუბრის პრობლემებისა და სიძნელეების შესახებ შეიტყოთ. ნუ შეგეშინდებათ, მას თქვენი თანაგრძნობა, ნამდვილი ზრუნვა და სიყვარული დაანახოთ. ნება მიეცით, საკუთარი პრობლემები გაგანდოთ".
ადამიანთა დაინტერესებისა და მოზიდვის ერთ-ერთ საშუალებად სექტანტური სახელმძღვანელო "კითხვების დასმის მეთოდს" მიიჩნევს: "ამ მეთოდის გამოყენებისას თქვენ სხვადასხვა კითხვებს იძლევით... პირდაპირ კითხვებს თქვენი და თანამოსაუბრის უშუალოდ დახსნის თემასთან მიყვანა შეუძლიათ. არაპირდაპირი კითხვებით კი ამ თემასთან თანდათანობით, შემოვლითი გზით შეიძლება მისვლა. აი, არაპირდაპირი კითხვების რამდენიმე მაგალითი: "სულიერზე ხშირად დაფიქრებულხართ? გაინტერესებთ თუ არა სულიერი სფერო? გიფიქრიათ როდისმე ქრისტიანად გახდომა? რა იცით იესო ქრისტეს შესახებ?" ზოგჯერ თანამოსაუბრე ისე გპასუხობთ, რომ გგონიათ, შემდგომი ურთიერთობა უბრალოდ შეუძლებელია. ხდება, რომ ის თემიდან გადახვევას ცდილობს... ძალიან ხშირად საუბრის საჭირო კალაპოტში დაბრუნება და რწმენის საფუძვლებზე თანამოსაუბრის ყურადღების მიქცევა ხერხდება. ამის მიღწევა ასეთი გამონათქვამების დახმარებითაა შესაძლებელი: "თქვენთვის შეიძლება სანტერესოა იმის ცოდნა, რა სწამთ ქრისტიანებს?" ან "მაგრამ თუ იცით, ქრისტიანები რას ფიქრობენ ამის შესახებ?" ან "მე შემეძლო თქვენთვის იმის შესახებ მომეთხრო, რა დამემართა, როდესაც ქრისტე ვირწმუნე".
სახელმძღვანელო ორმოცდაათიანელებს რეკომენდაციას აძლევს, არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთონ კამათში თანამოსაუბრესთან და მთელი ყურადღება სექტის სწავლებაზე გადაიტანონ: "ეცადეთ გაუგოთ იმათ, რომელთათვისაც ადვილი არ არის დახსნის შესახებ უწყების მაშინვე მიღება. იტვირთეთ თანამოსაუბრის მოსმენა და გამოარკვიეთ, რა შეხედულებისაა იგი ამ საკითხზე. მას შეიძლება სერიოზული ეჭვები, უბრალო მიზეზები ან კითხვები ჰქონდეს, რომლებსაც ის შეცდომაში შეჰყავს. მან შეიძლება კამათის სურვილიც გამოამჟღავნოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მხარი არ აუბათ. პირიქით, თანამოსაუბრის გაგებას შეეცადეთ, ხოლო შემდეგ, ბიბლიასა და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სინჯეთ, მის მიერ წამოჭრილ საკითხებს უპასუხოთ, და ამასთანავე, დახსნის გზის თემას არ გადაუხვიოთ... იმედი ნუ გექნებათ, რომ თქვენთან პირველივე შეხვედრის შემდეგ ურწმუნო დაუყოვნებლივ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტლებას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავიდან კარგად უნდა გაიცნოთ თანამოსაუბრე და დახსნისკენ მიმავალი გზა გარკვევით დაუხატოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა".
(გაგრძელება იქნება)