"მე ვარ ერთადერთი რელიგიის დამაარსებელი. სხვა ყველაფერი სიცრუეა. იესო, მუჰამედი და ბუდა ხალხს ატყუებენ", - წერად ოშო. ერთნი ოშოს სულიერ მოძღვრად მიიჩნევდნენ, მეორენი - ძველინდური ტრადიციების დამრღვევსა და "სულიერ ტერორისტს" ეძახდნენ.
1968 წლიდან ოშო თავის სწავლებას ბომბეიში ქადაგებდა. აწყობდა "სამედიტაციო ბანაკებს", რომლებშიც "დინამიკური მედიტაციის" ტექნიკას ასწავლიდა. 1970 წლიდან ოშო პოპულარული გახდა ევროპაში, ამერიკასა და იაპონიაში. 1974 წელს რაჯნიშმა ქ. პუნაში თავისი აშრამი (სასწავლებელი)Bგახსნა. მას ავიწროებდა თვით ინდოეთის მთავრობა.
1981 წელს ოშო ამერიკაში წავიდა და ორეგონის შტატში 64 ათასი აკრი მიწაც შეიძინა, რომელზეც ჯერ სასოფლო-სამეურნეო კომუნა შექმნა, ხოლო შემდეგ საკუთარი ქალაქი რაჯნიშპურამი დააარსა. პარალელურად ოშოს ცენტრები სხვა ქვეყნებშიც (სულ 22 სახელმწიფოში) იქმნებოდა, რომელთაც წითელი და ნარინჯისფერი სამოსით შემოსილი სანიასინები ხელმძღვანელობდნენ.
ოშოს დოქტრინა ტანტრიზმისა და თვით ოშოს გამოცხადებათა ნაზავია. ტანტრას გამორჩეული ადგილი უჭირავს ინდუიზმში, იგი ერთგვარად დაუპირისპირდა იოგას (აქვე აღვნიშნავთ, რომ არსებობს ტანტრული ბუდიზმიც). იოგა დისციპლინასა და და მონდომებას მოითხოვს, ტანტრა კი მოქმედებს პრინციპით - "ყველაფერი ნებადართულია". ინდოეთში ქრისტიანობის გარცელებამდე ტანტრიზმმა უხეშობის, ჯადოქრობის და ცრუმორწმუნეობის ისეთ დონეს მიაღწია, რომლის წვდომაც თანამედროვე ადამიანს უჭირს კიდეც. ტანტრა მოიცავს შავ მაგიას, სექსუალურ ორგიებსა და ადამიანთა მსხვერპლშეწირვასაც კი.
"ერთადერთი რელიგიის" შემქმნელი ოშო თავის მიმდევრებს მოუწოდებს, გათავისუფლდნენ საკუთარი "მე"-საგან, საკუთარი სინდისისგან, "შეაჩერონ დრო და ჩაიძირონ აწმყოში, წამის გაელვებაში". იგი ამბობდა, ადამიანმა უნდა იცხოვროს ისე, რომ არ იფიქროს არაფერზე: არც წარსულზე, არც მომავალზე, არც ოჯახზე, არც არსობის პურზე. აქეთ მიმავალ ერთადერთ გზად კი ოშო თავის სისტემას ასახელებს, რომელიც მოიცავს მედიტაციას, სიმღერებს და რიტუალურ ცეკვებს. ამბობდა, ამქვეყნად სიყვარულს ვერსად გაექცევა ადამიანიო. ამ სიყვარულში კი ეროტიკულ სიყვარულს გულისხმობდა: "ნუ ითრგუნავთ თავს, განავითარეთ თქვენი სექსუალურობა. სიყვარული ყოველივეს საწყისია. თუ საწყისი დაკარგეთ, ვერც დასასრულს მოიპოვებთ... მე არ მოგიწოდებთ ორგიებისკენ, მაგრამ არც გიკრაძალავთ მათ. ეს თითოეული თქვენგანის გადასაწყვეტია". სხვაგან რაჯნიში სექსის აშკარა აპოლოგეტად გვევლინება: "არავითარი ცოდვა არ არის სუფთა და მარტივ სექსში. არაა საჭირო დავფაროთ იგი (სექსი) ლამაზი სიტყვით - "სიყვარული", შევმოსოთ რომანტიკული ბურუსით".
ოშოს სურს განახორციელოს დიადი ოცნება, რომლის დროსაც ერთმანეთს შეერწყმის ყველა რელიგია და დედამიწა იმ სახლად იქცევა, რომელშიც არ იქნება დაყოფა "ეროვნების, რასის თუ კანის ფერის მიხედვით". ამ ოცნების განსახორციელებლად რაჯნიშის მიმდევრები - სანიასინები გვევლინებიან.
ოშოს აშრამები ახალი სამყაროს, ახალ "ადამიანთა ინკუბატორებია", რომლებშიც ასწავლიან გურუ ბჰაგავანის მოძღვრებას, რომლის მიხედვითაც - "პოტენციურად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს ღმერთი... ღმერთი - ესაა ცნობიერების მდგომარეობა... ესაა სიცოცხლით ტკბობა პირდაპირ აქვე და ახლავე". ამგვარი ჰედონიზმიდან გამომდინარეობს მისი ერთ-ერთი დებულება, რომლის მიხედვითაც ადამიანის სული მისივე სხეულის იგივეობრივად ცხადდება.
ოშო ესქატოლოგიურ პრობლემასაც შეეხო და სამყაროს აღსასრული 1999 წელს ივარაუდა. მისი აზრით, ამ წელს უნდა მომხდარიყო საშინელი კატასტროფები და ყოველივე დაღუპულიყო, მხსნელად და ნოეს კიდობნად კი მისი მოძღვრება უნდა ქცეულიყო. იგი წერდა: "მე ვერ ვიტყვი, რომ რაჯნიშისტები გადაიტანენ კატასტროფას, მაგრამ გარწმუნებთ, გადარჩენილები რაჯნიშისტები იქნებიან, დანარჩენები კი ან მაიმუნებად დარჩებიან (ანუ ისეთებად, ვინც "რაჯნიშისტულ ზეკაცამდე" ვერ ამაღლდა), ან თავს მოიკლავენ. ყოველ შემთხვევაში, მათ არავითარი მნიშვნელობა არ ექნებათ".
რაც შეეხება რაჯნიშისტულ პრაქტიკას, აქ გამოიყენება ე.წ. დინამიკური მედიტაცია, რომელიც დოლის ხმაზე აყოლილი ქაოსური სუნთქვით იწყება. ჟანგბადის სიჭარბის გამო ხდება ფილტვების ჰიპერვენტილაცია და ადამიანი თვრება. მას ურჩევენ, იყვიროს, იატაკზე იგორაოს, იყენებენ ნარკოტიკებსაც.
როცა ადამიანი სანიასინი ("ბერი") ხდება, სავსებით კარგავს საკუთარ ნებას. ამიტომაც სანიასინები მხოლოდ ჯგუფურად შეიძლება არსებობდნენ და გურუს მიერ იმართებოდნენ. საერთოდ, ოშოს კულტი დესტრუქციულ კულტებს შორისაც კი გამოირჩევა ადეპტების გურუსადმი ფანატიკური ერთგულებით. მაგალითად, როდესაც რაჯნიშმა შენიშნა, რომ ორსულობა ქალს ხელს უშლის "განსხივოსნებაში", ბევრი სანიასინი ქალის სტერილიზაცია მოახდინეს. ნარკოტიკებით გაბრუებული ადეპტები სეანსებს ხშირად ჩხუბით ამთავრებენ.
ინგლისელი ფსიქიატრის, ბეტი ტილდენის აზრით, მედიცინის დაუხმარებლად შეუძლებელია, ოშოს მიმდევრები ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. თუმცა ოშოს ეს სულაც არ აღელვებდა: "მე არ მაინტერესებს თქვენი შესაძლებლობანი. თუ ცუდად ხართ, ეტყობა, ასეა საჭირო. ეს ყველაფერი ხომ სიყვარულის სახელით კეთდება".
თუ რა სულიერ მდგომარეობამდე მიჰყავს პიროვნება რაჯნიშის სექტას, ნათლად ჩანს მისი ერთ-ერთი რუსი ადეპტის განცხადებიდან: "ჩემი შინაგანი გამოცდილება, ის სულიერი სიხარული, რომელიც განვიცადე, მოწმობს, რომ ჭეშმარიტი თავისუფლების გზა სინდისის ხმისგან განთავისუფლებაზე გადის. სინდისის ხმა ადამიანის დემონის ხმაა".
ამგვარად მოაზროვნე ადვილად შეიძლება გამოიყენო სხვადასხვა ანტისოციალური აქტის შესასრულებლად.
რაჯნიშის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება სიმდიდრისკენ სწრაფვა იყო. იგი ამას პირდაპირ აცხადებდა: "მე მდიდართა გურუ ვარ. ღარიბებისთვის საკმარისი რელიგიები არსებობს. მე კი საქმე მდიდრებთან მაქვს". მართლაც, მან ამერიკაში ერთი მიგდებული რანჩო ოაზისად აქცია. და ეს საოცრება მისი 6000 მიმდევრის შრომით შეიქმნა. მთავარი ფინანსური ბაზა იყო შემოწირული ფული ოშოს "ადეპტი-გასტროლიორებისა". რომლებიც გურუსგან შორს ცხოვრობდნენ, მაგრამ რეგულარულად სტუმრობდნენ მას და დიდ თანხებს ურიცხავდნენ. რაჯნიშის ქონება 200 მილიონ დოლარს აღწევდა. ჰყავდა 4 თვითმფრინავი, შვეულმფრენი და 91 "როლს-როისი". რაჯნიშისტები, სიმდიდრის წყალობით, პოლიტიკაშიც ერეოდნენ, მათ მოახერხეს ახლომდებარე ქალაქ ენტელოუპის მერად სასურველი პიროვნების არჩევა. სანაცვლოდ ქალაქს სახელი გადაარქვეს და რაჯნიში უწოდეს. ამომრჩეველთა რიცხვის გასაზრდელად კი რაჯნიშისტებმა ნიუ-იორკიდან და სან-ფრანცისკოდან ლოთები და უსახლკაროები ჩამოიყვანეს - 350 000 კაცი. როდესაც მათი უკან დაბრუნება განიზრახეს, ისინი გაჯიუტდნენ და წასვლაზე უარი თქვეს. რაჯნიშმა შეირაღებული მებრძოლებიც კი გამოიყვანა მათ წინააღმდეგ, მაგრამ ამაოდ და იძულებული გახდა, მათ იქ ყოფნას შეგუებოდა. მაგრამ რაჯნიშპურამის მიდამოებში პოლიცია ხშირად პოულობდა უცნობი შხამით მოწამლული ლოთების გვამებს. ეჭვი რაჯნიშისტებზე მიიტანეს. ოშომ საშიშროება იგრძნო. მძიმე მდუმარების აღთქმა დადო და თავისი კომუნის საქმეებს განერიდა. იგი ოთხი წელი დუმდა. ამ ხნის განმავლობაში კი მისი მიმდევრები "უზენაესი ქურუმი ქალის", შილა სილვერმენის მეთაურობით, ათასგვარ უკეთურებას სჩადიოდნენ მეზობელი ფერმერების შევიწროებით დაწყებული მსხვილი ფინანსური მაქინაციებით დამთავრებული. დაზვერვის ფედერალურმა ბიურომ საქმე აღძრა რაჯნიშის სექტის მიმართ.
ოშო ჩრდილოეთ კაროლინის ქ. შარლოტში დააპატიმრეს. პორტლენდის (ორეგონის შტატი) სასამართლომ 1985 წლის 14 ნოემბერს მას წმინდა სიმბოლური სასჯელი მიუსაჯა: 10 წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა და 300 000 დოლარის ჯარიმა. ამასთან, 5 დღის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა აშშ-ის ტერიტორია. ოშო რამდენიმე თვის მანძილზე ამაოდ ეძებდა პოლიტიკურ თავშესაფარს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. აშშ-ის მთავრობის მოთხოვნით ყველგან უარს ეუბნებოდნენ, რის გამოც 1986 წლის ზაფხულს კვლავ ინდოეთში დაბრუნდა. ჯანმრთელობა უკვე შერყეული ჰქონდა და 1990 წლის 18 იანვარს გარდაიცვალა.
ასეთი სკანდალური იყო ცხოვრება ბჰაგავან შრი რაჯნიშისა. კაცისა, ვინც არანაკლებ სკანდალური ტოტალიტარული სექტა ჩამოაყალიბა. სექტა, რომელიც დიდ საშიშროებას უქადის როგორც ცალკეულ პიროვნებას, ისე მთელ საზოგადოებას.
მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა