საენტოლოგია
,,თუ კარგად დააკვირდებით, მათ თვალებში გაყინულ, არაფრისმთქმელ მზერას წააწყდებით"...
,,საენტოლოგია ბოროტებაა, მისი მეთოდები და ხრიკები - ავი ნაყოფის მომტანი, მათი პტაქტიკაში გამოყენება სამედიცინო, ზნეობრივი და საზოგადოებრივი თავლსაზრისით სერიოზულ საფრთხეს შეიცავს"
ავსტრალიის ვიქტორიას შტატის საენტოლოგიის
კვლევის კომისიის დასკვნა, 1965 წელი.
კვლევის კომისიის დასკვნა, 1965 წელი.
საენტოლოგია რონ ჰაბარდის ,,საავტორო ზღაპარია", რომელიც მეცნიერებისა და რელიგიის ამა თუ იმ იდეებით შეკოწიწდა და შემდგომ ყველაფერი ერთობ პოპულარულ ენაზე დაიწერა. ხსენებული სექტის სწავლება ისეთ წიგნთა ამერიკულ ეკვივალენტებად იქცა, როგორიცაა ,,გასართობი ფსიქოლოგია", ,,გასართობი რელიგიათმცოდნეობა" და ასე შემდეგ. ყოველივე კი უხეში ოკულტიზმით და 50-იანი წლების სამეცნიერო-ფანტასტიკური და ჯაშუშური რომანების ტერმინოლოგიით შეზავდა. თუმცა, საენტოლოგიის უმთავრესი მახასიათებელი უკიდურესად ეფექტური, აგრესიული და შეუპოვარი მარკეტინგი გახლავთ.
საენტოლოგიის კლასიფიკაცია, თუნდაც პირობითად, პრაქტიკულად, შეუძლებელია, მოკლედ განსაზღვრა კი - უკიდურესად რთული.
შეიძლება ითქვას, რომ საენტოლოგია ტიპური დესტრუქციული ტოტალიტარული სექტაა, აქედან გამომდინარე, ამგვარ სექტათა შორის, ალბათ, ყველაზე შიშისმომგვრელი...
რაღა თქმა უნდა, არსებობს ,,ანანდა მარგა", რომელიც თვითმკვლელობებით, საერთაშორისო ტერორიზმით, იარაღით, ვაჭრობითა და ნარკოტიკებითაა დაკავებული, სექტის ხელმძღვანელთა ჯიბის გასასქელებლად წევრ ქალებს პროსტიტუციისაკენ უბიძგებს, მაგრამ ამის მიუხედავად, მსგავსი ორგანიზაცია ვერასოდეს გახდება მასობრივი.
კიდევ ერთი მაგალითია ,,აუმ სინრიკე", რომელიც ,,ზარინით" (ორგანოფოსფორული ნაერთი, ქიმიური იარაღი, რომელიც გაერომ აკრძალა) წამლავდა ადამიანებს ტოკიოს მეტროში...
ხსენებული სექტის მოქმედების სპექტრი საკმაოდ შეზღუდულია, ამასთან, შეუზღუდავმა ძალაუფლებამ მის ჩათქვირულ წინასწარმეტყველს გონი დააკარგვინა და საშინელი ტერორისტული აქტები უკარნახა...
აქვე გავიხსენოთ მუნიტური მსოფლიო ორგანიზაცია, უდავოდ ამაზრზენი ტოტალიტარული სექტა, რომლის სამიზნეც იდეალისტი, მაძიებელი სულისა და გონების ახალგაზრდობაა და რომელიც უზარმაზარ სამრეწველო, ფინანსურ და საინფორმაციო იმპერიის მეპატრონე გახლავთ.
გორბაჩოვისა და ჯორჯ ბუშ უფროსის სტილის გადამდგარ პოლიტიკოსებს უყვართ მუნიტურ კონფერენციებზე დასწრება და გვარიანი ჰონორარების მიღება, მაგრამ ამის მიუხედავად, გაქანების მასშტაბების, თვითდამკვიდრებისათვის ბრძოლის ეფექტურობითა და გავრცელების არეალით მუნიტური სექტა საენტოლოგიას ჩამორჩება. თქვენ წარმოიდგინეთ, თვით ჟურნალისტებიც კი უკიდურესად ერიდებიან საენტოლოგებთან საქმის დაჭერას, მით უფრო, მამხილებელი სტატიების წერას მათ შესახებ.
საენტოლოგია ,,უბრალო" ადამიანებზეა გათვლილი, ვისაც სულიერი ძიებანი ნაკლებად ადარდებს და კარიერისა და ამქვეყნიური წინსვლისაკენ ისწრაფვიან.
საენტოლოგიაში ნახავთ ყველაფერს, რაც ტოტალიტარულ სექტას ახასიათებს, თანაც გამძაფრებულ ფორმებში. თურმე ამ სექტის ყოველდღიური შემოსავალი 3-4 მილიონ დოლარს აღემატება, ულმობლად ეპყრობიან მტრებს, ჩინებულად ფლობენ ცნობიერების კონტროლის მეთოდებს და უახლეს ფსიქოლოგიურ ხერხებს იყენებენ.
საენტოლოგები არაფერს პატიობენ, არაფერი ავიწყდებათ და კრიტიკოსთა გაჩუმებას ყველა საშუალებით ახერხებენ.
საენტოლოგია - კარგად შენიღბული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლსაც გააჩნია დაზვერვისა და კონტრდაზვერვის, აგრეთვე უსაფრთხოების სამსახურები, ,,ეთიკის სასამართლო" (ორგანიზაციის წევრთა მეთვალყურეობის შიდა სამსახური), აგრეთვე, საკუთარი სადამსჯელო სამსახურები, რომელთაც ურჩების ,,მორჯულება" ევალებათ... არსებითად, სწორედ ეს გახლავთ საენტოლოგთა სამხედრო და იდეოლოგიური ელიტა.
თუ იმასაც დავამატებთ, რომ მოუმზადებელი ადამიანისათვის საენტოლოგთან გაცნობისას საეჭვო გარემოება ძალზე ცოტა შეიძლება იყოს, ეს სექტა ძალზე სახიფათოა.
იგი თითქოს პოსტ-საბჭოთა ცნობიერებაზე გათვლილი და საამისოდ განზრახ შექმნილი სრულყოფილი და თანაც პოპულარული იდეოლოგიაა.
საენტოლოგები ენერგიული და მიზანდასახული ადამიანების, თითქოს ხორცშესხმული ,,კაპიტალისტური ოცნების" შთაბეჭდილებას ტოვებენ. მაგალითისათვის მოვიყვანოთ მათი ვაჭრობის სტილი: - იციან, როგორ გაყიდონ, რა გზით დაგითანხმონ, ყველაფერზე მზა პასუხები აქვთ, ამასთან, თითქოს კეთილმოსურნე, ღიმილიანი და სასიამოვნო ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, გაყინულ და არაფრისმთქმელ მზერას წააწყდებით...
თავიდან ყველა ერთად მუშაობს პოტენციური კლიენტის დასარწმუნებლად, რომ საენტოლოგია რელიგია კი არა, არაჩვეულებრივად ეფექტიანი, თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ადამიანს საკუთარი თავის მართვაში, გარშემომყოფებთან ურთიერთობაში, საქმიანობის ჩამოყალიბებასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში ეხმარება, გეტყვიან, რომ ჰაბარდმა ეს მეთოდი მეცნიერებისა და ტექნიკის უახლეს მიღწევათა საფუძველზე ჩამოაყალიბა და რომ მას რელიგიასთან საერთო არაფერი აქვს, მეტიც, - შესაძლებელია, ადამიანი ამა თუ იმ რელიგიის მიმდევარი იყოს, ან საერთოდ არ ეკუთვნოდეს არც ერთ კონფესიას, მაგრამ, იმავდროულად, სამაგალითო საენტოლოგიც იყოს. მეტიც, საენტოლოგია, მათი თქმით, თურმე თქვენი რელიგიური ტრადიციის უკეთ შეცნობაში, გათავისებაში და, შესაბამისად, რწმენის განმტკიცებაში დაგეხმარებათ.
სანამ საენტოლოგიის შესახებ განვაგრძობდეთ თხრობას, ჰაბარდის საყვარელ გამონათქვამს მოგიტანთ: - ,,აკეთეთ ფული, აკეთეთ მეტი ფული, აკეთეთ უფრო მეტი ფული, სხებსაც აიძულეთ მუშაობა, რომ მათაც თქვენთვის აკეთონ ფული!"
სწორედ ამაში მდგომარეობს საენტოლოგიის ეპიგრაფი. ეს ციტატა კი ჰაბარდის სამუშაო მითითებიდან გახლავთ, რომელიც მხოლოდ შტატიან თანამშრომელთა შორის ვრცელდებოდა:
- ,,ჩვენი მიზანი მშვიდად ჯდომა კი არა, თავისუფლება და ჩვენი ბიუროს წარმოების ამაღლებაა. ერთადერთი, რაც ეთიმართლოს (,,ეთიკის სასამართლო") აინტერესებს, გახლავთ: ა) ახალი ტექნიკის დანერგვა და სრულყოფილად ათვისება; 2) მუშაობის დონის მუდმივი სრულყოფა, სამუშაოს ,,ხუთიანზე" შესრულება ჩვენი ბიუროს გასაფართოებლად. ამიტომ, თუ სტატისტიკის თანახმად თანამშრომელი რიგიანად მუშაობს, მას ეთიმართლო არ ჩაეძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკლე დროში დაადგენს უმცირეს წვრილმანებსაც... საერთოდ, თუ რომელიმე თანამშრომელი ვირივით მუშაობს, თამამად შეუძლია, მკვლელობაზეც კი წავიდეს, ხოლო თუ მოვალეობას ,,ხუთიანზე" არ აღასრულებს, ნებისმიერი უზუსტობისათვის ძმარს ადენენ ცხვირიდან"...
როგორც ჰაბარდი თვლის, დედამიწის მკვიდრთა 20% ,,დამთრგუნველი პიროვნებების" ან ,,ანტისოციალური ელემენტებისაგან" (ფსიქიკურად დასნეულებული ადამიანებისაგან) შედგება, რომელთა გამოსწორება შეუძლებელია, ამიტომ მათი გამიჯვნა, სტერილიზაცია და ფიზიკური განადგურებაა საჭირო, ყველა ზომის მიღება საიმისოდ, რომ დანარჩენი 80%-ის განვითარება არ შეფერხდეს.
იმას, ვინც ზემოთ ნახსენებ ,,დამთრგუნველ პიროვნებებს" ეკონტაქტება, პრობლემის პოტენციურ წყაროდ იწოდება... თუ ამ დიაგნოზიანი პირი არ ,,გამოჯანმრთელდა", შესაბამისად ეპყრობიან.
საენტოლოგიას აქვს ცნება ,,სამართლიანი თამაში", რომელსაც სექტის მტრების წინააღმდეგ იყენებენ. აქვე მოგვყავს ამ ტერმინის თვით საენტოლოგთა განმარტება: - ,,ნებისმიერ საენტოლოგს შეუძლია ჩამოართვას ქონება ნებისმიერ დამთრგუნველ პიროვნებას ან ამგვარ პირთა ჯგუფს (ანუ მოპაროს ან ყაჩაღურად წაგლიჯოს, - ა. დ.), ან ნებისმიერი სახის ზიანი ისე მიაყენოს, რომ ეკლესიის მხრიდან სასჯელის საფრთხე არ ჰქონდეს... მას უფლება აქვს, მახეში გააბას ადამიანები, მოატყუოს, სასამართლოში უჩივლოს და ფიზიკურადაც კი გაანადგუროს (ანუ მოკლას, - ა. დ.)".
საენტოლოგიამ სახელი არა მხოლოდ სექტის მტერთა უმოწყალო დევნით გაითქვა, არამედ იმათი შევიწროებითაც, ვინც მისი მისამართით ხმამაღალი კრიტიკა გაბედა. ,,თუ შესაძლებელია, საერთოდ მოსპეთ ისინი!" - მოუწოდებს ჰაბარდი, რადგან, მისი ფილოსოფიის თანახმად, საენტოლოგიის მიმართ სამყაროს მხოლოდ აღფრთოვანების უფლება რჩება.
გაგრძელება შემდეგ ნომერში