როგორც მამანი ღაღადყოფენ, ადამის მოდგმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი - ხიბლია, განსაკუთრებულად სახიფათო და დამღუპველი ცთომილება, დემონის დიდი მზაკვრობა, სატანის ცოდვის განმეორება, რომლის საფუძველიც ამპარტავნებაა. ასეთი მდგომარეობა კი გამორიცხავს სიმდაბლეს, ხოლო ვისაც ეს აკლია, სულის სიღრმეში მუდამ ეშინია, რადგან მისი ქალაქი რკინის სვეტებსა და რვალის საფუძველს არ ემყარება, ხოლო მისი თავისუფლება, ვინც სიმდაბლეს ვერ მოიპოვებს, სულიწმინდის ბეჭდით არ იბეჭდება.
არავინ იცის იმგვარი შეურიგებელი მტრობა, როგორითაც ბოროტი ადამის მოდგმას წაეკიდა, ეს მტერი მუდამ ჩვენს უზრუნველობასა და ამპარტავნებას უთვალთვალებს და გაცილებით მეტს ზრუნავს ჩვენს დასაღუპად, ვიდრე ჩვენ - საკუთარი ცხოვრებისათვის.
თუ რა ნაყოფი გამოაქვს ხიბლს, გვესაუბრებიან ახალმოწამე მიხეილ ნოვოსელოვი და არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი:
ახალმოწამე მიხეილ ნოვოსელოვი: "ხიბლი - ადამიანური ბუნების დაზიანებაა. ყველა ადამიანი, უკლებლივ, ხიბლის მდგომარეობაშია, რაც წინაპართა ცოდვით დაცემის ნაყოფია. ყველანი ხიბლში ვართ და ამის ცოდნა საიმედო დაცვაა მისგან. ჩვენ ყველანი მოტყუებულნი, მოხიბლულნი და ყალბი მდგომარეობის პატიმარნი ვართ და ამიტომაც ვსაჭიროებთ გათავისუფლებას ჭეშმარიტების მიერ. ჭეშმარიტება კი - უფალი ჩვენი იესო ქრისტეა...
ხიბლი - ადამიანის მიერ სიცრუის ჭეშმარიტებად აღქმა და მისი შეთვისებაა. იგი თავიდან აზროვნების წესზე მოქმედებს. როგორც კი აზროვნება ამ უკანასკნელს მიიღებს, ხიბლი მის სახეს დაასახიჩრებს, მეყსეულად გადავა გულში და გააუკუღმართებს მის შეგრძნებებს.
დაეუფლება თუ არა ადამიანის არსებას, მთელ მის საქმიანობაზე ვრცელდება, წამლავს შემოქმედის მიერ სულთან განუყოფლად დაკავშირებულ სხეულს...
ხიბლი დამღუპველი მდგომარეობაა, რადგანაც მარადიული სიკვდილია.
დაცემის დღიდან ადამიანი მუდმივად და იოლად ხელმისაწვდომი შეიქნა ბოროტისათვის: იგი მიწყივ ცდილობს ჩვენს მოხიბვლასა და მოტყუებას, რისთვისაც ჩვენივე თვითცთუნების მდგომარეობას იყენებს. ეშმაკი აღგვიძრავს ვნებებს და მათ დამღუპველ მოთხოვნებს კეთილსახიერებით მოსავს, ამასთან გვიძლიერებს ვნებათა დაკმაყოფილების წადილს.
ეშმაკეულ ხიბლში მყოფთა მდგომარეობა მეტად ნაირგვარია და ვნებებით ადამიანის დამონების ხარისხს შეესაბამება. მაგრამ ყველა, ვინც საცთურშია, ხიბლში იმყოფება და ავსულთა ტაძრად და მარადიული სიკვდილის იარაღად იქცევა და ჯოჯოხეთის ჯურღმულებში მარადმყოფობისთვისაა განწირული.
ეშმაკეული ხიბლის ყველა სახე, რომელსაც მლოცველი განიცდის, მაშინ აღმოცენდება, თუ ლოცვის საძირკველში სინანული არ ძევს. "თუ ვინმე, - ამბობს გრიგოლ სინელი, - ქედმაღლად და თავდაჯერებით ოცნებობს მაღალ ლოცვით მდგომარეობაზე და მოიპოვებს არა ჭეშმარიტ, არამედ სატანურ მოშურნეობას, მას ეშმაკი, როგორც თავის ხელქვეითს, მოხერხებულად გააბამს მახეში". ყველა, ვინც ძე ღვთისას ქორწილზე მისვლას სინანულის წმინდა სამოსის გარეშე ეცდება, უკუნეთში - ეშმაკეულ ხიბლში განიგდება. სინანული და ამ მდგომარეობის თანმდევი სულის ტკივილი და შემუსვრილება, მგლოვიარე გული, ცრემლები, თვითშერისხვა, სიკვდილის, ღვთის სამსჯავროსა და მარადიული სატანჯველის ხსოვნა და წინაგანცდა, ღვთის მყოფობის შეგრძნება და ღვთისმოშიშება - საღვთო ძღვენია, ფასდაუდებელი, უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი საბოძვარი, უმაღლეს და მარადიულ ნიჭთა საწინდარი. "დაღაცათუ დიდთა მოღუაწებათა აღვასრულებდეთ, - ბრძანებს იოანე კიბისაღმწერელი, - და გული ჩუენი ულმობელ იყოს, ვუწყითმცა, ვითარმედ ვსცთებით" (წმინდა იოანე კიბისაღმწერელი).
სინანული, სულის შემუსვრილება და ტირილი - ნიშანი და დადასტურებაა ლოცვითი ღვაწლის სისწორისა, მათი არარსებობა კი - არასწორი მიმართულების, გადახრის, თვითცთუნების, ხიბლის თუ უნაყოფობის მანიშნებელია. ხიბლიცა და უნაყოფობაც - გარდაუვალი შედეგია ლოცვაში არასწორი მეცადინეობისა, რაც თვითცთუნებას უკავშირდება.
* * *
ლოცვის ყველაზე სახიფათო და არასწორი სახე მაშინ წარმოჩნდება, როდესაც მლოცველი თავისი წარმოსახვის ძალით შექმნის ოცნებებს და სურათებს, რომელთაც თითქოს წმინდა წერილს დაესესხა, მაგრამ სინამდვილეში ისინი მისი პირადი მდგომარეობიდან, დაცემულობიდან და თვითცთუნებიდან წარმოდგებიან. მათი მეოხებით კაცი თავს იტყუებს, ყოველივე ეს კი, ცხადია, ჩვენი დაცემული, გამრუდებული ბუნების მეოცნებეობით ითხზვება და სინამდვილეში არ არსებობს, - იგი გამონაგონია და სიცრუე, რაც ასე ახასიათებს და უყვარს დაცემულ ანგელოზს. * * *
ხიბლის მეორე სახე - "წარმოდგენა" - მაცთუნებელი სურათების წარმოდგენების გარეშე მოქმედებს და ყალბი, ვითომ მადლმოსილი შეგრძნებებისა და მდგომარეობის შეთხზვით კმაყოფილდება. აქედან იშვება ცრუ, გაუკუღმართებული გაგება ყოველივესი. ამგვარ ხიბლში მყოფი იქმნის ცრუ წარმოდგენებს ყველაფერზე, რაც მის გარშემოა. ასეთნი შინაგანადაც მოხიბლულნი არიან და გარეგნულადაც. მეოცნებეობა ძლიერ გავლენას ახდენს "წარმოდგენით" მოხიბლულებზე, მაგრამ მხოლოდ განყენებულ სფეროში მოქმედებს. მეოცნებეობა წარმოსახვაში ან საერთოდ არ ხატავს, ან იშვიათად გამოსახავს სამოთხეს, ზეციურ სავანეებსა და სამკვიდრებლებს, ზეციურ ნათელსა თუ კეთილსურნელებას, ქრისტეს, ანგელოზებსა და წმინდანებს, მაგრამ იგი გამუდმებით თხზავს მოჩვენებით სულიერ მდგომარეობებს, იესოსთან მჭიდრო მეგობრობას, მასთან გულითად საუბრებს, იდუმალ გამოცხადებებს, ხმებს, ნეტარებებს... მათზე დაყრდნობით აგებს ცრუ წარმოდგენას საკუთარ თავზე, ქრისტიანულ ღვაწლზე, აყალიბებს არასწორ აზროვნებასა და გულის ყალბ განწყობას, ათრობს საკუთარ თავს და ხან გახელებას იწვევს, ხანაც - აღმაფრენას.
ამგვარი მრავალფეროვანი შეგრძნებები გამძაფრებული პატივმოყვარეობისა და ხორციელ სიამეთა ტრფიალისაგან მომდინარეობს. მათი მოქმედებით სისხლი ცოდვით, მაცთუნებელ მოძრაობას იწყებს, რაც მადლმოსილ ნეტარებად აღიქმება. პატივმოყვარეობასა და სიამეთმოყვარეობას კი ზესთამჩენობა აღაგზნებს... საშინელი, დემონური სიამაყე დამახასიათებელია მათთვის, ვინაც ხიბლის ესა თუ ის სახე შეითვისა.
ხიბლის პირველი სახით ცთუნებულნი სიამაყეს აშკარა სიშლეგემდე მიჰყავს, მეორე სახით ცთუნებულებში აზიანებს გონებას, რასაც წმინდა წერილი გონების განხრწნას უწოდებს (2 ტიმ. 3,8). ეს უკანასკნელი ნაკლებ შესამჩნევია, რაკი სიმდაბლით, ღვთისმოსაობითა და სიბრძნით იმოსება და მწარე ნაყოფით შეიცნობა.
საკუთარ ღირსებებზე, განსაკუთრებით კი - პირად სიწმინდეზე "წარმოდგენით" დასნებოვნებულები მუდამ მზად არიან ყოველგვარი ხრიკის, ორგულობის, ცბიერების თუ ბოროტების ჩასადენად და ამიტომაც შეურიგებლად მტრობენ შეჭმარიტების მსახურთ და დაუოკებელი სიძულვილით ესხმიან თავს, როდესაც ეს უკანასკნელნი არ აღიარებენ მოხიბლულთა იმ მდგომარეობას, როგორსაც მათ მიაწერს "წარმოდგენებით" დაბრმავებული წუთისოფელი...
წარმოდგენა - ღვთისგან ნაბოძებ ნიჭთა მითვისება და პირადი, არარსებული ღირსებების გამოგონებაა, რასაც თან ერთვის საკუთარი თავის იმედად ყოფნა. ღმერთის განდიდება - საკუთარი თავის განდიდებას ემსახურება, რასაც ფარისეველნი მშვენივრად იქმოდნენ. "წარმოდგენით" შეპყრობილნი, უმეტესად, ტკბობას ეძლევიან და იმის მიუხედავად, რომ სწორ, უმაგალითო და აღმატებულ სულიერ მდგომარეობას მიიწერენ, ცოტა მათგანი თუ იცავს თავს ტკბობის მონობისაგან და ამასაც მხოლოდ გარდამეტებული სიამაყის გამო აკეთებენ.
ხიბლის ამ სახიდან აღმოცენდა დამღუპველი ერესები, განხეთქილებები, უღმერთობა და მკრეხელობა. ამ მდგომარეობის ყველაზე სავალალო და ხილული შედეგია მავნე, მცდარი საქმიანობა, რაც ბოროტებაა, რომელიც, თავისი სიცხადისა და სიდიდის მიუხედავად, ძლივს შესამჩნევი და ნაკლებ მისახვედრია.
"წარმოდგენით" დასნეულებულ მლოცველებს ყველასათვის აშკარა უბედურება იშვიათად, მაგრამ მაინც ემართებათ. ეს იმ მიზეზით ხდება, რომ "წარმოდგენა" უსაშინლეს ცთომილებაში აგდებს ადამიანს, მაგრამ არ იწვევს სიშლეგეს, როგორც ეს არეულ წარმოსახვას მოჰყვება ხოლმე.
ვალაამის კუნძულზე, განცალკევებულ ქოხში ცხოვრობდა სქემოსანი პორფირი, რომელიც პირადად ვნახე. ამ უკანასკნელს ლოცვითი ღვაწლი ედო თავს. თუ რა სახის გახლდათ ეს ღვაწლი, არ ვუწყი, მაგრამ იგი მცდარი რომ იყო, ამ მონაზვნის საყვარელი საკითხავი მიგახვედრებდათ - დიდად აფასებდა დასავლელი მწერლის, თომა კემპენელის ნაშრომს "იესო ქრისტეს მიბაძვა" და ამით ხელმძღვანელობდა. ეს უკანასკნელი ზემოთ ნახსენები "წარმოდეგის" ზემოქმედებით შეიქმნა.
შემოდგომის ერთ საღამოს პორფირიმ ძმობა მოინახულა, რომელთა სკიტიც მისი უდაბნოს სიახლოვეს მდებარეობდა. დამშვიდობებისას ბერებმა გააფრთხილეს: - "ყინულზე გავლა არ გაბედო, რადგან ახლახან ძალზე დათხელდაო". პორფირის უდაბნოს სკიტისაგან ლადოგის ტბის ღრმა ყურე ჰყოფდა, რომლისთვისაც უნდა შემოევლო. სქემმონაზონმა ჩუმად და გარეგნული მორიდებით მიუგო: - "მე უკვე დავმსუბუქდიო" და წავიდა...
მცირე ხნის შემდეგ მამებმა განწირული ყვირილი გაიგონეს...…შეშფოთებულები წამოხტნენ და გაიქცნენ, მაგრამ რადგან უკვე ბინდი იდგა, მაშინვე ვერ შეძლეს ჩაძირულის ამოყვანა და როდესაც სხეული წყლიდან გამოიტანეს, სული უკვე განშორებოდა...
* * *
შეხედეთ, როგორ თანხმდებიან მამები წმინდა წერილთან, რომელიც ამბობს: "საკუერთხი არა გთნდეს... მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსრვილი. გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს".სულიერი სიგლახაკისა და სინანულის განცდას უნდა დაემყაროს ადამიანისაგან გაღებული მსხვერპლი, თორემ ღვთისაგან განიგდება.
ძლიერ მესათნოება პიმენ დიდის გამონათქვამი: "თუ ყოველ დროს და ყოველივეში საკუთარ თავს დავადანაშაულებთ, ყველგან ვპოვებთ სიმშვიდეს". სხვა მამამ კი ამგვარად ბრძანა: "ჩვენ მოვიხსენით იოლი ტვირთი საკუთარი თავის დადანაშაულებისა და ავიკიდეთ მძიმე – სხვათა ბრალდებისა".
ამგვარი ნათქვამები ხომ მთელ წიგნებს უდრის! ვგონებ, წმინდა მეუდაბნოეთა დარად არავინ ჩასწვდომია სახარებას. ისინი თავიანთი ცხოვრებით შეეცადნენ, განეხორციელებინათ სახარება, უღრმესი თავმდაბლობით გამოირჩეოდნენ და მათი ფიქრი დღემუდამ ადამიანის დაცემას ეხებოდა, ხოლო მუდმივი საქმე - საკუთარ ცოდვებზე ტირილი იყო.
სულ სხვა მიმართულებით წავიდნენ დასავლეთის ეკლესიის მოსაგრენი და ეს მისი აღმოსავლეთის ეკლესიისაგან განშორების დროიდან დაიწყო.
ეს უკანასკნელნი დაუყოვნებლივ ისწრაფვიან და სხვებსაც ახალბედათათვის მიუღწეველი სიმაღლეებისაკენ მოუწოდებენ. აღგზნებული და ხშირად გახელებული მეოცნებეობა მათში ყოველგვარ სულიერს ენაცვლება და ამგვარი მეოცნებეობა მადლმოსილება ჰგონიათ.
აღმოსავლეთის წმინდა მამანი მკითხველს სიყვარულის ბადეში გასახვევად და ხილვათა სიმაღლეებისაკენ კი არა, საკუთარი ცოდვისა და დაცემულობის შეცნობის, გამომსყიდველი აღიარებისაკენ მოუწოდებენ. თავიდან უწმინდურ მისწრაფებათა მოთოკვას გვასწავლიან, რომ სხეული დამსუბუქდეს და სულიერი ღვაწლი შეიძლოს. შემდეგ გონებას მიმართავენ, ცვლიან აზროვნების ფორმას, შეგნებას და დაცემის შედეგად შეძენილი ფიქრებისაგან ათავისუფლებენ.
გონების მართვის შემდგომ მამები გულის განწმენდაზე ზრუნავენ, რაც გაცილებით რთულია. დარწმუნდება რა ახალი აზრის მართებულობაში, გონება იოლად განაგდებს ძველს და ახალს ითვისებს, მაგრამ ჩვევის - ჩვევით და თვისების - თვისებით, შეგრძნებისა კი სხვა, სრულიად ახალი შეგრძნებით შეცვლა შრომას, ძალდატანებას და ხანგრძლივ ჯაფას მოითხოვს ჩვენგან.
ეს ძნელად წარმოსადგენი ბრძოლაა, რომლის სისასტიკესაც წმინდა მამები ამგვარად აღწერენ: "გაიღე სისხლი და მიიღე სული!"
დიდებისმოყვარეობის წყალობით ადამიანი ნაადრევად ისწრაფვის იმგვარი სულიერი მდგომარეობისაკენ, რომლის მიღწევაც, ბიწიერების გამო, ჯერ არ ძალუძს, ამიტომაც, ვერ აღწევს რა ჭეშმარიტებას, თავადვე თხზავს ოცნებებს... ეს თვითცთუნებაა და ამ მდგომარეობაში იმყოფება ყველა უკანონოდ მოსაგრე... დასავლელმა მწერლებმა სწორედ ამგვარ მდგომარეობაში შექმნეს არაერთი წიგნი და სწორედ ამ წიგნებს ეწაფება ხარბად დაბრმავებული და ამპარტავანი წუთისოფელი, რომელიც თავს ზედმიწევნით განათლებულად მიიჩნევს და აღმოსავლეთის ეკლესიის გადმოცემათა განუხრელ დაცვასაც არაფრად აგდებს.
აღმოსავლეთის წმინდა მამებში საერთოდ არ შეინიშნება აღგზნებული მდგომარეობა, ისინი არასოდეს აღინთებოდნენ იმ ენთუზიაზმით, რომელიც სისხლისმიერია და დასავლეთში ხშირად სისხლისღვრის მიზეზიც შეიქნებოდა ხოლმე. აღმოსავლეთის წმინდა მამათა თხზულებანი ჭეშმარიტი თავგანწირვით და ვნებათა დამთრგუნველი სულიწმინდის კეთილსურნელებით სუნთქავს.
* * *
მისტიციზმი და კვიეტიზმი არასწორად წარმართული რელიგიურობის ავადმყოფური წარმონაქმნებია, რომელთა არსებობა მხოლოდ დასავლეთში იყო შესაძლებელი. მისტიციზმისა და კვიეტიზმის მიმდევარნი კეთილ საქმეს - ღმერთთან ცოცხალ ურთიერთობას ეძებდნენ, მაგრამ არასწორი გზით მიდიოდნენ და, რაც მთავარია, იმედოვნებდნენ, რომ საკუთარი ძალისხმევით სამართლიანად დაისაკუთრებდნენ იმას, რასაც საღვთო მოწყალებისაგან ელიან ხოლმე.
ამ თავდაჯერებული თვითშემოქმედებით აღიგზნებოდა წარმოსახვა, ამას ოცნებითი მოლოდინი მოსდევდა, რაც, როგორც მხურვალედ სასურველი, მალევე ხორციელდებოდა და ახდენილადაც ითვლებოდა... ღვაწლის მიზანიც მიღწეული იყო. ყოველივე კი უაღრესად მიმზიდველი საღებავებით ფერადდებოდა და ლამაზ სანახაობებში ვლინდებოდა. ამგვარ ადამიანებს თავბრუს ახვევს ხოლმე დასავლელ მოღვაწეთა ნაწერები, რომელნიც გულისათვის ძვირფას საგნებზე ესაუბრებიან, თუმც კი მკითხველთ ოდენ იზიდავენ და არას აძლევენ. მსგავსი რამ ყოველ ზემოხსენებულ თხზულებას ატყვია.
ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება კი დაფარულია და იდუმალი, რომელსაც მოციქული პავლე უწოდებს: "ცხორებაი... დაფარულ... ქრისტეთურთ ღმრთისა თანა" (კოლ. 3,3); პეტრე მოციქული - "დაფარული იგი გულისა კაცი" (1 პეტ. 3,4), თავად მაცხოვარი კი - "სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა" (ლუკა, 17,21). მაგრამ ამ ცხოვრების გამოვლინება მეტად უბრალოდ ხდება, არავინ იცის, თუ როდის მოდის სულიწმინდა და აღგვძრავს სინანულისაკენ. ამგვარი შინაგანი გადატრიალების შემდგომ სულიწმინდა მორწმუნე გულს ვნებებთან მეტად სამძიმო ბრძოლისთვის განაწყობს, წინამძღვრობს და შეეწევა. ამ ხანგრძლივსა და მტანჯველ ბრძოლას გულის სიწმინდემდე მივყავართ, რომლის წყალობითაც მორწმუნე მუშაკი საღვთო ჭეშმარიტებათა უცხადესად წვდომისა და უტკბეს შეგრძნებათა ღირსი შეიქმნება, ზუსტად იმგვარად, როგორც სახარებასა და მოციქულთა ნაწერებშია განსაზღვრული. უტკბესი შეგრძნება ხანგრძლივი ჯაფისა და მრავალი გამოცდის ბოლოს ჩნდება, როგორც ჯილდოდ მიღებული გვირგვინი.
მისტიკოსები კი სწორედ სრულყოფილების ამ უმაღლეს მწვერვალს ჩააფრინდებიან ხოლმე და ხატოვნად, მაგრამ მუდამ ყალბ ფერებში იმგვარად ასახავენ, როგორც მათ წარმოსახვაში ჩანს ხოლმე.
ჭეშმარიტების გამოთქმა ოდენ გამოცდილებითაა შესაძლებელი, მისტიკოსები კი ოცნებებით იხერგავენ ნამდვილ, "იქით" მიმავალ გზას.
აღმოსავლელი მამები კი, პირიქით, ყველაზე ნაკლებად სწორედ ამ უმაღლეს მდგომარეობაზე საუბრობენ და ყველაზე ხშირად სწორედ სინანულის ღვაწლს, ვნებებთან ბრძოლასა და მათ სხვადასხვა გამოვლინებას ეხებიან.
აღმოსავლეთის ეკლესიისაგან ჩამოშორებისა და სულიწმინდის დაკარგვის შემდგომ დასავლეთის ეკლესიის მიერ უდიდეს წმინდანებად შერაცხულ მოსაგრეთა უმეტესობა ჩემს მიერ აღწერილი მეთოდით ლოცულობდა და აღწევდა ხილვებს, რასაკვირველია, ცრუს... ამგვარ მდგომარეობაში იყო იეზუიტთა ორდენის დამაარსებელი ეგნატე ლოიოლა, რომლის წარმოსახვა, როგორც თავადვე ამტკიცებდა, იმგვარად გახელებული და გავარჯიშებული იყო, რომ ოდენ მონდომებითა და ოდნავი დაძაბვით მის თვალწინ, მისივე სურვილით, ჯოჯოხეთი ან სამოთხე იშლებოდა. მათ ხილვას კი მხოლოდ ადამიანური წარმოსახვა არ ჰყოფნის - იგი დემონთა მოქმედებით აღესრულება.
ღვთის ჭეშმარიტი წმინდანები კი, როგორც ცნობილია, ხილვების ღირსნი ადამიანური ნებით თუ პირადი ძალისხმევით კი არა, საღვთო ქმედებით ხდებოდნენ.
ხილვები მოულოდნელად, უკიდურესად იშვიათად, განსაკუთრებული აუცილებლობისას ეძლევათ და არა შემთხვევით".
არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი: "ხიბლი - ჭეშმარიტი სულიერი ორიენტირების დაკარგვა და სატანის ცოდვის განმეორებაა, როდესაც ადამიანს სწორედ სულიერი ცხოვრების, მართლმადიდებელი ეკლესიის ასკეზისა და სოტეროლოგიის გარეშე სურს მაღალი სულიერი მდგომარეობის მიღწევა, როდესაც იგი ღმერთთან მიმსგავსებას სახარებისეული მცნებებით ცხოვრებისა და ცოდვასთან ბრძოლის გზით კი არ ცდილობს, უამისოდ სურს ღმერთთან გატოლება.
რაღა თქმა უნდა, ბევრი მოხიბლული უთუოდ უარყოფს ამგვარ მტკიცებას, მაგრამ გულის სიღრმეში საკუთარი სულიერი სიმაღლისა და სრულყოფილების იდეას ატარებს, რაც სრულიად არ შეესაბამება არც მის სულიერ მდგომარეობას და არც ცხოვრების წესს.
საიდან იწყება ხიბლი და რა ფორმები აქვს მას? იგი იშობა ეკლესიის ურჩობიდან და ცხონებისა და სრულყოფილების რაღაც სხვა, ეკლესიის გარეთ მყოფ გზათა ძიებიდან, ერთი სიტყვით, სულიერი ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებიდან.
ხიბლის საწყისი ეტაპი - მეტისმეტი მინდობაა საკუთარ თავზე, მაგალითად, საკუთარ სუბიექტურ განცდებზე დაყრდნობა და მათი კულტივირება, რის შედეგადაც, შესაძლოა, ადამიანს სმენითი და ხედვითი ჰალუცინაციებიც კი დაეწყოს. თავისი ფანტაზიისა და დემონური ხიბლის ერთობლივ ნაყოფს ასეთნი ხშირად ღმრთაებრივ გამოცხადებად ან ანგელოსთა ხარებად აღიქვამენ.
ხიბლის, ისევე, როგორც ყველა სხვა ცოდვის საფუძველი, ამპარტავნება და თავდაჯერებაა, ხოლო თვით ამპარტავნებას რამდენიმე ასპექტი და სახესხვაობა აქვს. კაცთა წინაშე ამაღლება, ანუ ამსოფლიური ამპარტავნება ის გახლავთ, რასაც ჩვენ ქედმაღლობას ვუწოდებთ, მაგრამ არსებობს კიდევ სხვა, სულიერი ამპარტავნება, ანუ ღმრთის წინაშე ამპარტავნება, როდესაც ადამიანს ეჩვენება, რომ ყოველნაირი სათნოება ამკობს და ყოველი აქვს, რაც ცხონებისათვის არის საჭირო, რომ მას არავინ და არაფერი სჭირდება. მოხიბლულს ისიც კი ჰგონია, რომ მისთვის თვით ღმრთის მადლის შეწევნაც კი ზედმეტია - თავად მიაღწევს ყველაფერს საკუთარი გონებითა და ნებისყოფით. სწორედ აქედან იწყება სულიერი ცხოვრების ცენტრის ღმერთიდან საკუთარ თავზე გადატანა, ანუ სულიერი ეგოცენტრიზმი. ადამიანს სურს საკუთარ თავში, თავის მისტიკურ განცდებსა და გამოცხადებებში იპოვოს სულიერი ძალა. მსგავსი მსგავსს იზიდავს: - ეს სულიერი სიმპათიის კანონია, ამიტომ ამპარტავნებას ადამიანი განსაკუთრებულად აახლოებს ამპარტავან სულთან - დემონთან. ამპარტავანი კაცის სული იწყებს ინფორმაციის მიღებას დემონებისგან - დაცემულ, ღვთისგან უარყოფილ, ბნელ სულთა სამყაროსგან. ეს ინფორმაცია ბრწყინვალე იდეების სახით მიეწოდება, ისიც სულიერ აღმოჩენად აღიქვამს მას და ჰგონია, რომ აქამდე არავის ჰქონია მსგავსი სულიერი ცოდნა.
გრძნობებისა და სულიერი ემოციების სფეროში სატანა მოხიბლულს რაღაც უცნაურ აღტაცებას განაცდევინებს, რაც ამ უკანასკნელს სულიწმინდის მადლის მოქმედებად, უმაღლეს სულიერ წარმატებად და ზეციურ სამოთხედ ეზმანება.
სინამდვილეში კი ეს ოდენ მისი გაფაქიზებული ვნებებია, დემონისაგან აღძრულნი და სახეცვლილნი. სწორედ ამ ნერვულ აღგზნებას, სისხლისა და ხორცის განხურვებას ღებულობს მოხიბლული სულიერ, ღვთივბოძებულ მდგომარეობად, მაგრამ ისიცაა, რომ სატანურ აღმაფრენებსა და აღტაცებებს სული შინაგანად რაღაც უცხოდ და უცნაურად აღიქვამს. ამიტომ მოხიბლულისათვის პირქუში სიხარულის წუთებს დეპრესია და სასოწარკვეთა ცვლის. თითქმის ყველა მოხიბლულს უდგება ჯოჯოხეთური ტანჯვის ხანმოკლე პერიოდები, როდესაც თვითმკვლელობის სურვილი ეუფლება.
მოხიბლული გრძნობათა დონეზეც ღებულობს ინფორმაციას და ნარკომანის მსგავსად უცნაურ ჩვენებებს ხედავს: - ხან ქაოსური ზმანებები ელანდება, ხანაც - დემონის მიერ გათამაშებული სცენები, ზოგჯერ რაღაც ხმებიც ესმის, რომლებსაც მფარველი ანგელოზის ხმად ან სერაფიმთა გალობად აღიქვამს, ბოლოს და ბოლოს კი დაასკვნის, რომ უკვე აღარავინ სჭირდება - არც მოძღვარი, არც წიგნები და არც ეკლესიის გამოცდილება, - იგი ღმერთმა წინასწარმეტყველად, მოციქულად და მესაიდუმლედ გამოარჩია და ყოველ აზრს თავად უფალი შთააგონებს. მაშინ კი ადამიანი ვეღარ აღიქვამს, თუ რას ეუბნებიან სხვები: თუ უმტკიცებენ, წმინდა მამებს ეწინააღმდეგებიო, მისთვის ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან გულის სიღრმეში მიაჩნია, რომ წმინდა მამებმა, შესაძლოა, რაღაც სულიერ სიმაღლეს კი მიაღწიეს, მაგრამ თავად გაცილებით მაღლა დგას მათზე და მეტსაც ხედავს.
თუ ეტყვიან, ასეთი ხედვა ეშმაკისეულიაო, მოხიბლული ამას გაუნათლებელი ხალხის აზრად მიიჩნევს, რომლებსაც არ ესმით მისი სულიერი სიმაღლე და საკუთარი უმეცრებისა და არარაობის პოზიციებიდან ელაპარაკებიან. ამიტომ მოხიბლული გულის სიღრმეში არაფრად აგდებს მათ, ვინც მის გამოფხიზლებას და ამ დამღუპველი მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობს.
ხიბლის მსხვერპლი ზოგჯერ ის ადამიანიც ხდება ხოლმე, გარკვეულ სულიერ წარმატებას რომ მიაღწია და შემდეგ საკუთარი თავით აღტაცებამ და ნარცისიზმმა სძლია.
ხიბლის მდგომარეობა ერთბაშად როდი იწყება, არამედ ჯერ წინააღმდეგობით, შემდეგ კი ურჩობით ჩვენს წინამძღვრად დადგინებული ადამიანების მიმართ. ურჩობა შემდეგ ყოველგვარი რჩევის სრულ უგულებელყოფასა და მამხილებელთა სიძულვილში გადადის. ადამიანი საკუთარ თავს აკერპებს და რაც უნდა ხანგრძლივ ლოცვით კანონს აღასრულებდეს, ჭეშმარიტი ლოცვა მას არ შეუძლია, რადგან ნამდვილი ლოცვა საკუთარი უღირსების გრძნობას გულისხმობს. მოხიბლული კი, როდესაც უფალს მიმართავს, ქვეცნობიერად ფიქრობს, რომ ყველაფერი, რაც ცხონებისათვის არის საჭირო, უკვე გააჩნია, ამიტომ ღმერთი მისთვის თითქოს ზედმეტიც კი ხდება.
ლოცვისას მოხიბლული ახალ-ახალ საოცარ აღმოჩენებსა და ახალ სულიერ განცდებს დაეძებს და თითქოს ატკბობს საკუთარი ვნებები, რომელთაც ეშმაკი მაღალ სულიერ განცდებად წარმოუდგენს. მაშინ კი ბოროტი სულები განსაკუთრებით ეტანებიან, რადგანაც თავად მისი სულია მზად მათ მისაღებად და უხმობს კიდეც ბოროტს. კაცს ეჩვენება, რომ იგი აქ, მიწაზეც იმავეს განიცდის, რასაც ზეცაში - ანგელოზები. აქ, მიწაზეც იცის და ხედავს ყველაფერს, რასაც მართალთა სულები ჭვრეტენ სამოთხეში.
ასეთი ადამიანი თანდათან აღმერთებს საკუთარ თავს და სამყაროს ცენტრში აყენებს. მოხიბლულს არ ძალუძს სხვათა სიყვარული, რადგან მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს და თანაც როგორ! რაღაც რელიგიური მოწიწებით, ისე, რომ მასში უნებლიე აღშფოთებას იწვევენ ის ადამიანები, ვინც ჯეროვანი პატივით არ ეპყრობა.
ხიბლის ტყვეს ყველასთან მტრობა აკავშირებს და მხოლოდ იმ ადამიანებს სცნობს ყურადღების ღირსად, ვინც მის მოჩვენებით ღირსებებს ირწმუნებს. იგი გონებრივ და სულიერ დეგრადაციას განიცდის და ხალხის დაცინვის საგნად იქცევა, მაგრამ გონს მაინც ვერ მოდის: მიაჩნია, რომ სოფელი მას ისევე უსამართლოდ ექცევა, ისევე დევნის და ტანჯავს, როგორც ყველა წინასწარმეტყველს. მხოლოდ ღვთის განსაკუთრებულ მადლს ძალუძს მათი ხსნა, ოდენ მძიმე და საშინელ ძვრას შეუძლია დაუბრუნოს დაკარგულს სიმდაბლე და აღადგინოს სულის კავშირი ღმერთთან.
წმინდანთა ცხოვრებაში გვხვდება ხიბლის მდგომარეობისა და იმ ხილვების აღწერა, რომლებსაც მოხიბლულნი მაცხოვრის, ღმრთისმშობლისა და ანგელოსთა გამოცხადებად მიიჩნევდნენ და მოითხოვდნენ, რომ მათთვის ყველას შესაფერისი პატივი მიეგო.
ხიბლი რაღაცით მგლის ხაფანგს წააგავს - მისგან თავის დაღწევა ძალიან ძნელია და თუ მაინც ხდება განკურნება, იგი დიდი ტანჯვის, ხანგრძლივი ავადმყოფობის ან ღმრთის განგების განსაკუთრებული ჩარევის შედეგია, ამიტომაც ითვლება ამპარტავნება ყველაზე დიდ საფრთხედ სულიერ ცხოვრებაში. ყოველი ცოდვა განარისხებს ღმერთს, ყოველი ცოდვა - საიდუმლო კავშირია დემონთან, მაგრამ განსაკუთრებულად საშიში მაინც ამპარტავნებაა, რადგან ადამიანს დაცემულ სულებთან ანათესავებს და სატანის სულის თანაზიარს ხდის.
მოხიბლული ხშირად ხედავს ჩვენებებს, რომელთაც ღვთაებრივ გამოცხადებებად აღიქვამს. ამგვარი მირაჟები მას ვიზიონერად აქცევს. ლოცვისას ასეთი მოხიბლული ხშირად წარმოიდგენს ხოლმე იმას, რისთვისაც ლოცულობს, წარმოიდგენს სამოთხისა და ჯოჯოხეთის სურათებს...
ფანტაზია და ხედვითი წარმოდგენები - უკვე ლოცვის პათოლოგიაა, ხშირად (თუმცა, არა ყოველთვის) ეს ხიბლის ნიშანიც არის. ნერვული აგზნებისაგან ზოგს კრუნჩხვები ეწყება და პირზე ქაფი ადგება, ისინი ლოცვას უცნაური შეძახილებითა და ყვირილით წყვეტენ, რაც ხიბლის თანმდევი მოვლენებია. თუმცა ხიბლი მუდამ ასეთი აშკარა არ არის და ხანდახან ფარული ფორმებითაც გვევლინება, მაგრამ ყოველ მის სახეს ერთი საფუძველი აქვს: - საკუთარი თავის გაღმერთება, სულიერი ამპარტავნება, ყოველი სასოების საკუთარ ძალებსა და ღირსებებზე დამყარება და მართლმადიდებლური ასკეზის მიღმა სხვა გზათა ძიება".