კარგი იქნება, თუ ოცდაცამეტჯერ წაიკითხავ იესოს ლოცვას და შემდეგ იტყვი სათქმელს
მართლმადიდებლური სარწმუნოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სხვადასხვა ვნებასთან ბრძოლას
, რომელთა გახელებაც დიდ ზიანს აყენებს ადამიანს და აშორებს ღმერთს. ერთ-ერთი მათგანი მრისხანების ვნებაა, რომლის გამოვლენასაც თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. მით უმეტეს, დღეს ასე დამძიმებულ სოციალურ ფონზე ადამიანისთვის ჩვეულებრივ მოვლენად ჩანს გაღიზიანება, კონფლიქტი, ნერვული დაძაბულობა. მრისხანების სული მძლავრად შემოიჭრა ჩვენში და ვერც კი ვამჩნევთ, ისე იმონებს მთელ კაცობრიობას. ამ თითქოსდა "უწყინარ" ცოდვას ისეთი მძიმე შედეგები მოსდევს, რომელთა აღმოფხვრასაც უდიდესი ძალისხმევა სჭირდება.
როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, როგორ მოვიქცეთ მრისხანების შემოტევისას? რა ვქნათ, როცა გვირისხდებიან? მრისხანების ვნების სულიერ-ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ გვესაუბრება დეკანოზი დავით ციცქიშვილი.
- მრისხანების ვნების როგორი გამოვლინებები არსებობს?
- მრისხანების ვნების სხვადასხვა სახეს ვხვდებით. პირველი - გაშმაგება, გააფთრებაა. ამ დროს ზოგჯერ სიგიჟის ზღვარსაც კი უახლოვდებიან და იმდენად კარგავენ წონასწორობას, რომ სურვილი უჩნდებათ, არ დაინდონ, გაამწარონ, დასაჯონ თავისი სიბრაზის მიზეზნი. ხშირად გაშმაგებისას ისეთი სიტყვები დასცდებათ, იმგვარად შეურაცხყოფენ სხვას, რომ დამშვიდებულნი ნანობენ და სირცხვილი სწვავთ.
მრისხანების გამოვლენის ერთ-ერთი სახეა გულღრძოობა, როდესაც დიდხანს გაჰყვებათ წყენა, უჭირთ პატიება, მიტევება, ხშირად იხსენებენ შეურაცხმყოფელ სიტუაციას, საუბრის დეტალებს და ზოგჯერ შურისძიების, სამაგიეროს გადახდის გეგმასაც კი სახავენ.
მრისხანების ვნების სახეებია აგრეთვე სიძულვილი, ადვილად წყენა, ზედმეტი ეჭვიანობა, როცა ხშირად ჰგონიათ, რომ დასცინიან, ზიანის მიყენებას ცდილობენ, ხრიკებს ხლართავენ.Aასევე ვნების სახეა წრეგადასული უნდობლობა მეუღლის, ოჯახის წევრების, ახლობლებისა თუ ნაცნობების მიმართ. ასეთ დროს, რა მართალიც არ უნდა ეჩვენებოდეს კაცს საკუთარი თავი, მისი შინაგანი მდგომარეობა უთუოდ დემონური ძალის გავლენის ქვეშაა.
- აფექტურ მდგომარეობაზე რას იტყვით?
- აფექტური მდგომარეობა მრისხანების ყველაზე მძაფრი სახეა. ამ დროს ადამიანის ცნობიერება იმდენად ვიწროვდება, რომ აზრს, ფიქრს გონებაში გზა ეკეტება. განრისხებულს არაფერი ესმის, ვერ იგებს სხვის საუბარს, რჩევა-დარიგებებს, შეურაცხადია, თავს ვერ აკონტროლებს და ყველაფერი შეუძლია ჩაიდინოს. აფექტური სტრესის თანმხლები მოვლენებია: სისხლის მიმოქცევის გაძლიერება, თვალის გუგების გაფართოება, წამოწითლება, გონებაში ფიქრთა სწრაფი მონაცვლეობა გამღიზიანებლისკენ. ზოგთან ეს უმწვავესი ემოციური მდგომარეობა სულ სხვაგვარად ვლინდება. ამ დროს შეიძლება შინაგანი მდგომარეობა კი არ გააქტიურდეს, მოდუნდეს, მოეშვას, ადამიანი გაფითრდეს, გაშეშდეს, აზრთა მდინარება შეუნელდეს. აფექტს, მიუხედავად იმისა, რომ იგი უმწვავეს ემოციად ითვლება, არ ახასიათებს ხანგრძლივობა, ის მალე ნელდება, თუმცაღა მცირე ხნის განმავლობაშიც კი შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოგვცეს.
- მაგრამ სამართლიანადაც ხომ ბრაზდება კაცი?
- მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) გამოყოფს მრისხანების სხვადასხვა სახეს: "პირველი, როცა სამართლიანად ჯავრობენ რაიმე მძიმე მიზეზის გამო, მაგალითად, როდესაც ღვთის, უფლის მგმობელ სიტყვებს გაიგონებენ, დაცინვას სარწმუნოებისას; ასევე ბრაზდებიან სხვა საპატიო მიზეზიდან გამომდინარე... წუხდებიან, ჯავრობენ სხვისი გარყვნილების შემხედვარე - თავად რომ არასწორად ცხოვრობენ და ამით სხვებსაც არსებობას უმრუდებენ; როცა უყურებენ ბოროტ, უსამართლო ადამიანს, ვინც მოყვასს ტანჯავს და არღვევს ღვთის, სახელმწიფოს სჯულს. ასეთ შემთხვევებში კაცის მრისხანება დასაძრახი კი არ არის, არამედ ღვთისთვის მისაღებია, სათნო, რადგან განპირობებულია სიმართლის სიყვარულით, საღვთო შურით და კაცის სიკეთეს, არაბოროტებას წარმოაჩენს.
მრისხანების მეორე სახე თუმცა ესოდენ წმინდა და სათნო არ არის, როგორც პირველი, მაგრამ მაინც არც ის არის დასაძრახი და გასამტყუნი. კაცს ხშირად მოუვა გული და გაჯავრდება, როდესაც ვინმე ჩაგრავს სიტყვით ან საქმით. თუ ვინმემ ცილი დასწამა, უსამართლოდ უჩივლა, წაართვა რამე, შეუძლებელია, ადამიანს გული არ მოუვიდეს, არ გაჯავრდეს, არ დაიწყოს წუხილი, ჩივილი ამის გამო. ისიც ცოცხალი არსებაა და ყველაფერს ვერ მოითმენს. მაგრამ როცა გჩაგრავენ, გემტერებიან, გული რომ მოგივიდეს და გაჯავრდე, მაინც შეეცადე, დაიოკო გრძნობები, გეშინოდეს, არ წარგიტაცოს მან, ცოდვაში არ ჩაგაგდოს. თუ იმ ზომით განრისხდი, რომ შურისძიება დაიწყე სიტყვით ან საქმით, მაშინ თავადაც მას დაემსგავსები და შენი გაბრაზება უფლისთვის საწინააღმდეგო, ცოდვილი იქნება".
შეიძლება მართალი იყო ახლობლებთან, მეგობრებთან თუ უბრალო შემხვედრთან დამოკიდებულებაში, მაგრამ თავისთავად ზედმეტი გაღიზიანება, გაანჩხლება უკვე ქმნის შენში დემონურ მდგომარეობას. ამის ფონზე კი საკუთარი სიმართლე უკვე დიდად არაფრად მოჩანს.
- რამდენად გამართლებულია აზრთა სხვადასხვაობის გამო კამათი?
- წმინდა ბარსანოფი დიდი და წმინდა იოანე გვირჩევენ: "სამჯერ უთხარი სხვას შენი აზრი, შეხედულება და თუ არ მოინდომებს გაგებას, დაანებე თავი, რადგანაც კამათი ცუდი საქმეა". ამიტომაც უნდა მოვერიდოთ კამათს, რომელიც ზიანის მომტანია, გვიკარგავს სულის სიმშვიდეს, ღვთაებრივ სულთან თანაზიარობას. კამათს შედეგი არ მოაქვს, თუკი მოდავეები, როგორც ეს უმეტესწილად ხდება, სიტყვას არ გადადიან და არ ცდილობენ, ეძიონ ჭეშმარიტება. წმინდა მამები არა მხოლოდ არ გვირჩევენ ჩავებათ კამათში, არამედ, მათი შეხედულებით, უნდა განვეშოროთ კიდეც მოდავეთ.
- თავშეკავების თვალსაზრისით, მეტად რთულია ოჯახური გარემო; რასაც ითმენენ სახლის გარეთ, იმას ხშირად ვეღარ ახერხებენ ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან...
- დიახ, ადამიანები სახლის გარეთ უფრო აკონტროლებენ თავს, უცხო ხალხთან ურთიერთობისას უფრო ცდილობენ გამოიჩინონ ტაქტი, არ აჰყვნენ ემოციებს. ხოლო შინ შეიმჩნევა ერთგვარი მისწრაფება, განთავისუფლდნენ იმ შებოჭვისგან, რომელიც უცხო ხალხთან ურთიერთობას ახლავს თან. შინ უკვე თავისუფლად, მოურიდებლად გამოთქვამენ საკუთარ აზრებს, შეხედულებებს, გამოხატავენ ემოციებს, დიდად აღარ ცდილობენ თავშეკავებას, თითქოს ეს გარეთაც კმარა. ეს კი იწვევს იმას, რომ ხშირად განუსჯელად, გაუაზრებლად, გრძნობებს აყოლილნი ამბობენ სათქმელს, მიუთითებენ სხვას შეცდომებზე, თან ნაკლებად ცდილობენ შეარჩიონ საუბრის ტონი, სიტყვები, დრო, რათა ახლობელი არ გაღიზიანდეს, დაბრკოლდეს, დაკარგოს წონასწორობა.
წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) ამბობს: "დიდი სათნოებაა მოთმინება, რომელსაც ადამიანი სწორედ ოჯახში უნდა მიეჩვიოს. შინაური ცხოვრება სარკეა, სადაც კაცის ჭეშმარიტი ბუნება, ხასიათი ჩანს. ქრისტიანთათვის სახლი ანუ ოჯახი მეორე ეკლესიაა. როგორც ტაძარში, ოჯახშიც სიწმინდით და მორიდებით უნდა იქცეოდეს".
- ზოგი უფრო მდგრადია მრისხანების ვნების მიმართ, ზოგი კი მეტად ექცევა მისი გავლენის ქვეშ. აქედან გამომდინარე, ყველას თანაბარი ძალისხმევის გამოჩენა არ სჭირდება ამ ვნების დასაძლევად...
- წმინდა იოანე კიბისაღმწერელი აღნიშნავს: "ზოგიერთი, თავადაც არ ვიცი, რატომ, ბუნებით მიდრეკილია თავშეკავებისკენ, მდუმარებისკენ, თავმდაბლობისკენ ან გულჩვილობისკენ. სხვებთან კი იგივე ბუნება ეწინააღმდეგება ამ კარგ თვისებებს, მაგრამ ისინი თავს აიძულებენ ამისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მარცხდებიან, მე მათ, როგორც საკუთარ ბუნებაზე მოძალადეებს (კარგი გაგებით), პირველებზე მეტად ვაქებ".
ამა თუ იმ მიზეზის, თუნდაც თანდაყოლილი ტემპერამენტის გამო ზოგი მეტად არის სიფიცხისკენ, მრისხანებისკენ მიდრეკილი, ზოგი - ნაკლებად, მაგრამ ის, ვისაც უფრო დიდი ძალისხმევის გამოჩენა სჭირდება ამა თუ იმ ვნებასთან საბრძოლველად, ვთქვათ, თანდაყოლილი ბუნებრივი მონაცემების გამო, წარმატების შემთხვევაში უფრო მეტ მადლს მოიხვეჭს, ვიდრე ის, ვისაც ამისთვის ბრძოლა მაინცდამაინც არ სჭირდება.
- როგორ ვებრძოლოთ მრისხანების ვნებას?
- წმინდა მამები კრძალავენ მრისხანების ჟამს საუბარს, სხვისთვის პასუხის გაცემას მანამ, ვიდრე არ დამშვიდდები, არ დაცხრება შენში ვნება. მოსკოველი მიტროპოლიტი ფილარეტი ამ შემთხვევაში დუმილს გვირჩევს და თან იესოს ლოცვის დაწყებას, რათა ჩვენი თავშეკავება ლოცვით იქნეს განმტკიცებული. ეს ღვთისმსახურების წესი ასუსტებს იმ მომენტში მრისხანების დემონის ზემოქმედებას და, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე შეიძლება ვერ მოხერხდეს სიმშვიდის მოპოვება, შედეგი მაინც აუცილებლად ჩანს. ერთ-ერთ მოძღვარს იესოს ლოცვის შესახებ ჰკითხეს: "ზოგჯერ ამ ლოცვას ვკითხულობ და თან განვიკითხავ სხვას, ვბრაზობ, მაღიზიანებს. ღირს კი საერთოდ ასეთ დროს ლოცვა, ხომ არ ვლინდება და უბრალოვდება იგი?" პასუხი კი ამგვარი იყო: "რომ არ ლოცულობდე, შეიძლება ისე გაშმაგდე, რომ საკუთარ თავსაც და სხვასაც მეტად ავნო".
მრისხანების ჟამს თუ გაჩუმება არ შეიძლება და აუცილებლად პასუხია გასაცემი, მაშინ, გამოცდილ მოღვაწეთა რჩევით, კარგი იქნება, თუ ოცდაცამეტჯერ წაიკითხავ იესოს ლოცვას და შემდეგ იტყვი სათქმელს. სიბრაზეს ასუსტებს იმ კაცის ადგილას თავის წარმოდგენა. თუ შეეცდები, გაიგო მისი ქცევის მიზეზი, მოინდომებ მისი თვალით დაინახო ის, რაც გაღელვებს, უფრო იოლად მოიპოვებ სიმშვიდეს.
- იქნებ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უყურებს ეკლესია ფსიქიკურ აშლილობებს?
- თავდაპირველად ფსიქიკური აშლილობის მქონე ხალხს ეკლესია მკურნალობდა. ახლა ისტორიკოსთაგან ცოტას თუ ახსოვს, რომ ფსიქიატრიული მეცნიერების ჩამოყალიბება პირველ ეტაპზე მონასტრული გახლდათ. მართლმადიდებლურ ქვეყნებში სხვადასხვა კუთხიდან მოჰყავდათ სულით ავადმყოფები, შეპყრობილები.Mმონასტრის ძმები სიყვარულით ეპყრობოდნენ მათ, ლოცვით, ნაკურთხი წყლით, უდრტვინველი მოვლით, სხვა საეკლესიო საშუალებებით ცდილობდნენ შეემსუბუქებინათ მათი მძიმე ყოფა.
შემდეგ დადგა უკვე მომდევნო ეტაპი, დაიწყო ფსიქიატრიის ეკლესიიდან გამოყოფის ხანა, რომელიც დაახლოებით მე-19 საუკუნის ბოლოდან იღებს სათავეს. ეს მეცნიერება უფრო ობიექტური გახდა, მკვლევრები უკვე ეყრდნობოდნენ მარტოოდენ ფაქტებს, კლინიკურ დარღვევებს, სულიერი მომენტი კი თანდათან გაფერმკრთალდა, განიდევნა მათი თვალთახედვის არედან. ფსიქიკური პრობლემები მხოლოდ ფსიქიატრთა საქმედ გამოცხადდა, ხოლო ეკლესიამ, მღვდელმა, ღვთაებრივმა საიდუმლოებებმა დაკარგა თავიანთი ფუნქცია.
ეს ადრე იყო, მაგრამ ახლა სულ სხვა ვითარებაა, ალბათ დადგა დრო, რომ თანდათანობით შეიცვალოს მდგომარეობა. ფსიქიატრიამ უნდა გამოიყენოს ის მეტად მნიშვნელოვანი ცოდნა, საშუალებები, რომელიც მართლადიდებელ სარწმუნოებას გააჩნია ამ მიმართულებით და საკუთრივ ეკლესიამაც უნდა გაითვალისწინოს ის დიდი გამოცდილება, რაც ფსიქიატრიულმა მეცნიერებამ დააგროვა ამ მხრივ. გაერთიანებული ძალისხმევით უნდა მოხდეს ფსიქიკურ გადახრათა წინააღმდეგ ბრძოლა.
- ისმის კითხვა: მაინც რატომ უშვებს ღმერთი ამ სახის სნეულებებს და რა მნიშვნელობა, დატვირთვა აქვს მათ?
- სანამ საკუთრივ ფსიქიკურ აშლილობებზე შევჩერდებოდეთ, მოკლედ შევეხოთ მართლმადიდებლური კუთხით უფლის მხრიდან სნეულებათა დაშვების მიზეზებს. ზოგჯერ ღმერთი მათ გვიგზავნის, როგორც სასჯელს ცოდვებისათვის, ხანდახან ვნებათა დათრგუნვისა და განწმენდისათვის, ავადმყოფობა თავიდან გვაცილებს მომავალ ცოდვებს, რასაც ჩავიდენდით, რომ ვყოფილიყავით ჯანმრთელნი და უზრუნველნი, ლაღნი. შეიძლება სენი ჩვენი უსაქმურობისთვისაც შეგვეყაროს, რათა გამოვფხიზლდეთ და ვიზრუნოთ სულისთვის. ზოგჯერ უფალი ავადმყოფობებით გამოსცდის ჩვენს მოთმინებასა და რწმენას, რათა მოგვიმზადოს ჯილდო მომავალი ცხოვრებისათვის. თითოეულს საკუთარი სინდისი ეტყვის, თუ რით არის განპირობებული მისი ავადმყოფობა.
აქ აღსანიშნავია კიდევ ერთი რამ, როგორც მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი წერს: "არც ერთი ავადმყოფობა არ შეიძლება მიეწეროს მარტოოდენ არც პირადულ ან წინაპრული ხაზის ცოდვას, არც კიდევ ადამის და ევას ქმედებას და ა.შ. თქმა იმისა, რომ შიზოფრენია, კიბო ან რაღაც სხვა სენი აუცილებლად ცოდვას უკავშირდება, არ შეიძლება. არცთუ იშვიათად ხდება, რომ ღმერთი ავადმყოფობას საკუთარი ხსნისათვის უგზავნის კაცს.
მახსენდება ნაცნობის მონათხრობი იმის შესახებ, - აღნიშნავს მეუფე ანტონი, - თუ როგორ სთხოვეს წმინდანს ელოცა ერთ-ერთი კაცის განკურნებისთვის. მან ილოცა და უფალმა გაუმჟღავნა, რომ შეეძლო, გენეკურნა იგი, მაგრამ ეს სენი მის და გარშემომყოფების ხსნისთვის იყო განკუთვნილი... წმინდანთა ცხოვრებაში ვხვდებით ისეთ მაგალითებს, როცა ისინი ან უბრალო მორწმუნენი ავად იყვნენ არა ცოდვილიანობის გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ ეს მათთვის გახლდათ გზა ხსნისა, თანაც არა მხოლოდ მათთვის, არამედ გარშემომყოფთათვის.
ერთ-ერთი სულიერი, ფსიქოთერაპიული დახმარების ხერხია - გაჭირვებისას გაიხსენო, წარმოიდგინო შენზე მძიმე ყოფაში, ვთქვათ, საპატიმროში, ფრონტის წინა ხაზზე მყოფნი, ვინც ინვალიდის სავარძლით გადაადგილდება. ზოგჯერ უფალი უშვებს, რომ სწორედ იმ მომენტში ნახო ასეთი ხალხი, როდესაც განსაკუთრებით გიჭირს, გიტევს სასოწარკვეთილების ვნება, თვლი, რომ მეტად გაუსაძლისია შენი ყოფა, მაშინ ხვდები, რომ არსებობენ ადამიანები უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფნი, ვისთან შედარებითაც დიდად არაფრად მოჩანს საკუთარი ტკივილი, გაჭირვებაში ყოფნა. მაშინ უნებურად ფიქრობ, თუ ეს ხალხი ასე სულგრძელად, დიდსულოვნად იტანს ტანჯვას, მე რაღა დამემართა.
ცნობილია, რომ ის, ვინც ჩვენს ქვეყანაში ეკლესიას დევნიდა, ტაძრებს ანგრევდა ან რაიმე მასალა წამოიღო იქიდან, მიითვისა რომელიღაც ნივთი, სასჯელს ვერ გადაურჩა. დღემდე ისჯება სხვადასხვა სასჯელით მისი საგვარეულოც.Bბევრი მათი შთამომავალი კი ცოდვათა გამოსასყიდად აღადგენს წინაპართა დანგრეულს, აშენებს ახალს. თუმცაღა ღირსი მამა ნიკოლოზ სერბი ასევე წერს: "ნუ წარვიკვეთთ სასოს! ყოველივე ბრმა ბედისწერა როდია. გულმოწყალე უფალს ძალუძს აღკვეთოს სასჯელი ბავშვზე, თუკი გამოვლენილ იქნა ჭეშმარიტი სინანული, ზეციური მამის მიმართ აღვლენილ იქნა მიტევებისთვის გულმხურვალე ლოცვა. წმინდა ფანურიუსის დედა ზნეობაშებღალული ქალი გახლდათ, მაგრამ მისი შვილი ცოდვათა გამო არათუ დაისაჯა, წმინდანიც კი გახდა. ფანურიუსმა იცოდა, რომ ცოდვილი დედა ჰყავდა და მისთვის გულმხურვალედ ლოცულობდა".
ძალიან ხშირად ფსიქიკური აშლილობა თავს იჩენს მაშინ, როცა ადამიანი მიელტვის სხვადასხვა სახის მისტიკურ, ოკულტურ რიტუალებს, იქნება ეს სპირიტული სეანსები, მკითხაობა, თეთრი თუ შავი მაგია და სხვა. ამ შემთხვევაში გარკვეული ხნის შემდეგ აუცილებლად აქვს ადგილი ამა თუ იმ სახის ნერვულ, ფსიქიკურ აშლილობას.
- ნევროზებზე რას გვეტყვით, რაც ასე გახშირდა ჩვენს დროში?
- ნევროზი ფსიქიატრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, მაგრამ კარგი იქნება, თუ იგი გაშუქდება მართლმადიდებლურ-ფსიქოლოგიური კუთხითაც. დღეს ისე არის გავრცელებული ეს დაავადება, რომ მის შემსწავლელ სპეციალისტთა წრეში ასეთი სევდიანი ხუმრობაც კი გვხვდება: "ის კი არ უნდა იკითხო, გაწუხებს თუ არა ნევროზი, არამედ მისი რა სახე გაქვს". ხშირად ამ ნერვულ აშლილობას არაეკლესიური ცხოვრების წესი, ცნობიერება განაპირობებს და ვინც თავისი ყოფის მართლმადიდებლური ნირით გამოირჩევა, ცდილობს იცხოვროს უფლისთვის სათნოდ, დაიცვას ეკლესიური წესები, რაც შეიძლება ერიდება ცოდვას, მას ნევროზი არ დაემართება, ან თუ უკვე აქვს, ადრე თუ გვიან აუცილებლად განიკურნება მისგან.
ცნობილი მართლმადიდებელი ფსიქიატრის დ. ავდეევის მიხედვით: "ტრადიციული მედიცინა ნევროზის სამ სახეს გამოყოფს, მის ნევრასთენიულ, აკვიატებულ მდგომარეობათა და ისტერიულ ფორმებს". "ნევრასთენია (ძალის უკმარისობა - asthenia) ყველაზე გავრცელებულ სახედ ითვლება და როგორც სახელწოდება მიუთითებს, მას ნერვული სისუსტე ახასიათებს, რამაც დროთა განმავლობაში შეიძლება მეტად გამოიფიტოს, დააძაბუნოს ადამიანი. იგი ასევე ბიძგს აძლევს სხვადასხვა დაავადების გამოვლენასაც.
ნევრასთენიკის ტიპური პორტრეტი ასეთია: სწრაფად აღგზნებადი, ფეთქებადი, გაღიზიანებული, აშკარად ღალატობს ნერვები ან, პირიქით, მოშვებული, მტირალა იერის კაცი, რომელიც გრძნობს დაღლილობას და სასიცოცხლო ძალების განლევას. მაგრამ საინტერესოა, რომ ნევრასთენიკის გაღიზიანება, სიფიცხე მიმართულია არა საკუთარი თავის, არამედ მხოლოდ გარემომცველი საზოგადოების მიმართ, მას ყველა და ყველაფერი აღიზიანებს, ხშირად ჭირვეულობს, ბრაზდება და თითქოს ვერასდროს ადის ისეთ სულიერ სიმაღლეზე, რომ დაინახოს თავისი შეცდომები, ცოდვები. ამგვარად, ნევრასთენია მეტად თუ ნაკლებად არის უფრო ეგოისტური ნევროზი, რომელიც საზრდოობს იმ ცოდვილი ვნებით, რომელსაც წმინდა მამები ამპარტავნებას ანუ ქედმაღლობას უწოდებენ. როგორც მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი) აღნიშნავს: "განა შესაძლებელია ნევრასთენიკად ისეთი კაცის წარმოდგენა, რომელიც თავმდაბლობით, სიკეთით და მოთმინებით გამოირჩევა? პასუხი, ალბათ, ნათელია".
აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზის გამოვლენას აკვიატებული აზრების, მოგონებების, ეჭვების, ქმედებების გაჩენა წარმოადგენს. იგი, შესაძლოა, დემონური თავდასხმების შედეგი იყოს. აბა, სხვანაირად როგორ შეიძლება აიხსნას ჭამის წინ რამდენიმე ათეულჯერ ხელების დაბანის სურვილი ან დაუოკებელი სწრაფვა გამვლელთა ღილების დათვლისა. დედას, რომელსაც ძალიან უყვარს შვილი, უცბად უჩნდება შიში იმისა, რომ შეუძლია მისი მოგუდვა. ასეთი აზრი აძრწუნებს. იგი არ არის ნაკარნახევი რეალური გარემოებით, არ შეესაბამება ზნეობრივ ნორმებს, მოკლებულია ყოველგვარ ჯანსაღ საფუძველს, მაგრამ იგი მაინც ჩნდება. ავადმყოფი მეტად იტანჯება, წუხდება თავისი მდგომარეობით, მაგრამ ვერაფერს უხერხებს მას.
აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზს განეკუთვნება აგრეთვე აკვიატებული შიშების გაჩენაც. თუ განიცდიან მას, როგორც რაღაც გაურკვეველთან დაკავშირებულს, მაშინ ადგილი აქვს შიშის სინდრომის გამოვლენას, ხოლო თუ ეშინიათ, ვთქვათ, სიბნელის, სიმაღლის, ბასრი საგნების, ჩაკეტილი სივრცის - ასეთი მდგომარეობა უკვე განისაზღვრება, როგორც ფობია. ზოგჯერ ფობია ვლინდება შესაბამის სიტუაციაში: სიმაღლის შიში ზევით ასვლისას, თაგვის დანახვისას, მაგრამ არცთუ იშვიათად ის ჩნდება ფიქრის დროსაც. მას მნიშვნელოვნად განაპირობებს გრძნობადი წარმოსახვის გახელება. არა მხოლოდ ეშინიათ სიმაღლიდან ჩავარდნის, არამედ ყოველმხრივ აღვივებენ მას, წარმოიდგენენ შეთხზულ სიტუაციას, თავის დაკრძალვას, ჩასასვენებელში ყოფნას და სხვას. ამგვარი შიში ილუზორული ან ნაკლებ მოსალოდნელია.
ნევროზის ისტერიული ფორმის შემთხვევაში წინ საკუთარი თავის საქვეყნოდ წარმოჩენის სურვილია წამოწეული. ნევროზის ამ ფორმით დაავადებულნი ყურადღებას ითხოვენ სხვისგან და თუ ეს ასე არ არის, მძიმედ განიცდიან მას.
ისტერიის დროს ზიანდება ადამიანის როგორც გონებრივი, ისე ემოციური, ნებელობითი პროცესები. გონება მიმართულია მოჩვენებითი სნეულების წარმოსასახავად, გრძნობითი მხარე კი მკვეთრად ითრგუნება. ან, პირიქით, ადგილი აქვს გაძლიერების მომენტს.
- როგორ უნდა ებრძოლოს ადამიანი ნევროზს?
- გავრცელებული აზრის მიხედვით, ამ ფსიქიკურ აშლილობას სხვადასხვა ადამიანისთვის დამთრგუნველი გარემო პირობები განაპირობებს, სტრესული მომენტები და მისგან თავის დაღწევის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ საშუალებად მატრავმირებელი სიტუაციის შეცვლა, შეძლებისდაგვარად განეიტრალება ითვლება. თუმცა ახლა მორწმუნე ფსიქიატრთა, ფსიქოლოგთა წრეში, და არამხოლოდ მათთან, სულ უფრო იდგამს ფეხს ის აზრი, რომ მთავარი არახელსაყრელი გარემო პირობები კი არ არის, არამედ თავად ადამიანია, მისი პიროვნული თვისებები, მსოფლმხედველობა, ცხოვრებისეულ სიძნელეთა გადალახვის, დათმენის უნარი.
ჩვენი ცხოვრებისეული ყოფა მუდმივად მრავალი გასაჭირის დათმენა, სიძნელეთა გადალახვაა. ვინ შეძლებს ასცდეს მას? "ეს სოფელი ბოროტსა ზედა სდგას", - ვკითხულობთ სახარებაში და ხშირად ამქვეყნიური თვალსაზრისით გამარჯვებულად, დიდი მიღწევების მქონედ, იქნება ეს მატერიალური სფერო, კარიერა თუ სხვა პატივმოყვრული მიზნების აღსრულება, ღვთისგან, ეკლესიისგან შორსმდგომი ხალხი მოჩანს. ის კი, ვინც უმეტესწილად მარცხდება და ვერ იკმაყოფილებს თავის მიწიერ, ყოფით სურვილებს, ვერ აღწევს სანუკვარ მიზნებს, ვერ იკავებს, მისი აზრით, შესაფერის ადგილს საზოგადოებაში, ახდენს საკუთარი ნიჭის, უნართა რეალიზაციას, არცთუ იშვიათად, ნერვულად ავადდება და ხშირად ამის ერთ-ერთი გამოვლინება სწორედ ნევროზია. ასეთი კატეგორიის ხალხისგან ის არის დაცული, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს და სწორი მართლმადიდებლური ცნობიერებით გამოირჩევა.
არსებობს სხვადასხვა ფსიქოლოგიური ცენტრი, სადაც ამა თუ იმ ხერხით, ტესტით ხდება კაცის მიდრეკილებების, უნარების დადგენა, საზღვრავენ, თუ ყველაზე მეტად რა პროფესიისთვის არიან მოწოდებულნი, რისი კეთება იქნება მათთვის სხვაზე უფრო სარგო. ამგვარ ცენტრში მიმსვლელებს ურჩევენ, აძლევენ რეკომენდაციას, რა მოღვაწეობით დაკავდნენ, უხეშად რომ ითქვას, განუსაზღვრავენ ადგილს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ფსიქოლოგთა რჩევის გათვალისწინება მიზანშეწონილია, მაინც ასეთი მიდგომა არ განაპირობებს საბოლოოდ ნამდვილი ადგილის პოვნას ცხოვრებაში. იგი უფლის დახმარებით, შემწეობით მიიღწევა. ეს კი მაშინ ხდება, როცა ცდილობენ, იცხოვრონ ღვთისთვის სათნოდ, ერიდებიან ცოდვას, იცავენ ეკლესიურ წესებს. მაშინ განსაკუთრებით იზრდება უფლის მფარველობა ადამიანის მიმართ და იგი იმაშიც იჩენს თავს, რომ დიდი ნაბიჯი იდგმება წინ სწორი ადგილის მოსანახად პროფესიული თვალსაზრისით, საკეთებელი საქმის განსაზღვრის მიხედვით და ა.შ.