ადამის განდევნა სამოთხიდან
უფალმა ადამი ხატად და მსგავსად თვისად შექმნა. შთაბერა მას უკვდავი სული და ბინად სამოთხე დაუდგინა. მაგრამ ადამი გადავიდა უფლის მცნებას, შეჭამა აკრძალული ხის ნაყოფი, რისთვისაც ღმერთმა დასაჯა და სამოთხიდან განდევნა.
აქედან შემოიჭრა ადამიანში ცოდვა, ხრწნილება, სიკვდილი და ახლა თითოეული ჩვენგანის მოვალეობა ღმერთთან პირველყოფილი ურთიერთობის აღდგენაა. ეს ბიბლიური ამბავი ყველამ კარგად ვიცით, თუმცა უმეტესობა მას პრიმიტიული ზღაპრის სიუჟეტივით უყურებს. რეალურად კი ადამის ცხოვრება კაცობრიობის ყოფის განსახიერებაა და მისი ცხოვრების ყოველ დეტალს უდიდესი მნიშვნელობა, სიმბოლური დატვირთვა აქვს. ადამის სამოთხიდან განდევნაზე წმინდა მამებმა ტომეულები დაწერეს. ცხადია, ერთი სტატიით ამ თემას ვერ ამოვწურავთ, მაგრამ შევეცდებით, ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებზე გავამახვილოთ მკითხველის ყურადღება. გვესაუბრება წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის (ლურჯი მონასტრის) მსახური დეკანოზი გრიგოლი (კუმელაშვილი).
- მამაო, რა მნიშვნელობა ჰქონდა ადამის შექმნას, როგორ აღიქვამს ეკლესია ადამიანს?
- ქრისტიანული ეკლესიისთვის ადამიანი არის ხატება და მსგავსება ღვთისა, მარადისობის გამოხატულება, გამოხატულება დაუსრულებელი პოტენციური უნარისა - მიუახლოვდეს პირველსაწყისს, შემოქმედს, უფალს.
მოგეხსენებათ, უფალი 5 დღის განმავლობაში ქმნიდა ხმელეთს, ზღვას, ქვიშას, ცხოველებსა და ფრინველებს. მე-6 დღეს კი მან შექმნა თავი და გვირგვინი სამყაროსი - ადამიანი. თავის ხატად და მსგავსად ქმნილს უფალმა უკვდავი სული შთაბერა. ადამის დაბადება იყო უდიდესი სიყვარულის აქტი, ღვთის მოწყალებისა და სახიერების გამოხატულება. ადამიანი ორ სამყაროს - სულიერსა და მატერიალურს - მოიცავდა. მასში ერთიანდებოდა ზეცა და დედამიწა. მას უდიდესი მისია ეკისრა - ზეციურის მიწიერთან შეერთება. სწორედ მისი საშუალებით უნდა მომხდარიყო მთელი სამყაროს, კოსმოსის განღმრთობა. როგორც აღვნიშნეთ, ადამი ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნა. სწორედ ამიტომ უფალმა მას მიანიჭა უკვდავება, სიკეთის ქმნის, სიყვარულის უნარი, ყოველი სიკეთე და, რაც მთავარია, მიანიჭა თავისუფალი არჩევანი, ნება - თავად განესაზღვრა, იქნებოდა თუ არა ის უფალთან, საღვთო ნეტარებაში.
- ადამის შემდეგ შეიქმნა ევა. ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა?
- ადამს ბაღში ჰქონდა ყველაფერი; მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მოიწყინა, რადგან არ ჰყავდა მეგობარი. ამიტომ შეუქმნა უფალმა მისი ნეკნიდან ევა - "შემწე, მსგავსი მისი". ასე გამოიხატა ქალისა და მამაკაცის ერთიანობა. როგორც ნეკნი არის ახლოს ადამიანის გულთან, ისე ახლოს უნდა იყვნენ ქალი და მამაკაცი, ცოლი და ქმარი ერთმანეთთან.
- რატომ შექმნა უფალმა ევა ნეკნიდან და არა მიწიდან, ისე როგორც ადამი?
- ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია. დაუკვირდით, ევა რომ შექმნილიყო, როგორც ადამი, მიწისაგან, მაშინ კაცობრიობას ექნებოდა ორი საწყისი, ორი დასაბამი. ადამიანი გახდა კაცობრობის ერთადერთი დასაბამი, წყარო, რომელშიც მისტიკურად ერთიანდება ყველა ადამიანი, ვინც კი იცოცხლებს ამ ქვეყანაზე. ამიტომაც ადამის მიმართ კურთხევა - ვრცელდება მთელ კაცობრიობაზე, ისევე როგორც მისი დაცემა, სულიერი დეფორმაცია გადაეცა მთელ სამყაროს.
- ბიბლია საუბრობს ბოროტისა და კეთილის ცნობად ხეზე. რატომ იდგა ეს ხე სამოთხის ბაღში, რატომ კრძალავდა უფალი მისი ნაყოფის გემოსხილვას?
- ბიბლია საუბრობს ორ ხეზე. ერთი იყო სიცოცხლის ხე, რომლისგანაც ადამმა უკვდავება მიიღო და ბოროტისა და კეთილის ცნობადის ხე, რომელსაც უნდა განესაზღვრა ადამის დამოკიდებულება ღვთისადმი - ან მორჩილების სანაცვლოდ სინერგია (უფლისა და ადამიანის ნების თანხვედრა), ან ურჩობის სანაცვლოდ უფალს მოშორება. ასე რომ, უფალმა ადამს ხე დაუდგინა როგორც საშუალება, სრულყოფილიყო უფლის მორჩილებაში. ზემოთ ვახსენეთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ადამს ჰქონდა, თავისუფალი არჩევანი იყო. უფალმა თვით თავისთან ყოფნაშიც კი არ შეზღუდა ადამი და მისცა მას არჩევანის საშუალება. ღვთის განუზომელი სიყვარული ადამიანთა მიმართ გამორიცხავს ყველანაირ ძალდატანებას. ადამს თავისუფლად უნდა აერჩია, იქნებოდა თუ არა უფალთან. სხვაგვარად ეს მყოფობა არ იქნებოდა ჭეშმარიტი. ადამი ვეღარასოდეს იგრძნობდა უფლის სიკეთეს, მასთან სიახლოვის დიდებულებას, თუ თავად არ მოიპოვებდა, თავისი შრომით არ მოიხვეჭდა ღვთის მადლს.
აქვე უნდა აღინიშნოს ერთი რამ. ედემის ბაღში ეს ხე მხოლოდ გამოსაცდელად არ იდგა. მოვიდოდა ჟამი, როცა ისინი ამ ხის ნაყოფის ჭამის უფლებას მიიღებდნენ. ადამი და ევა იმ ეტაპზე არ იყვნენ ნაყოფის გემოსხილვისთვის მზად. მათმა მოუთმენლობამ და სულმოკლეობამ ისინი საერთოდ გაყარა სამოთხიდან. მოგეხსენებათ, პირველი ადამიანები დაცემულმა ანგელოზმა აცდუნა. დემონი, ეშმაკი შეძვრა გველის სხეულში და მისი პირით ადამიანების ცდუნება განიზრახა. ჩნდება კითხვა - რად დასჭირდა მას სხვისი პირით საუბარი, ხომ შეეძლო პირდაპირ გამოცხადებოდა მათ? იმიტომ, რომ იცოდა, თუ ასე არ მოიქცეოდა, ადამი და ევა არ დაუჯერებდნენ. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ეშმაკი იმდენად ამაზრზენია, ადამიანებს ნამდვილი სახით რომ ეცხადებოდეს, არავინ მიენდობოდა. ამიტომაც მიმართა ამ ხერხს. შევიდა ერთ-ერთი არსების სხეულში, რომელიც თავისი ცხოვრების ნირით მიწაზე, ამ ქვეყანაზე მიჯაჭვულობას გამოხატავდა. ის მივიდა ევასთან და ჰკითხა: მართლა გითხრათ ღმერთმა, არც ერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო? დაუკვირდით, ის არ ამბობს სრულ სიცრუეს, სიმართლის ნაწილსაც ურევს. ეს არის ყველაზე დიდი მზაკვრობა. ის ტყუის, ამახინჯებს უფლის მცნებას და ცილს სწამებს ღმერთს, თითქოს ის კაცთა მიმართ სასტიკი იყოს და არ სურდეს მათი სრულყოფილება. ევა აჰყვება გველს საუბარში და ეუბნება, - მხოლოდ ერთი ხის ნაყოფის ჭამა აგვიკრძალაო. მაგრამ ამის მიუხედავად, მის გულში ურწმუნოების მარცვალი მაინც "ჩავარდა". მისი უპირველესი ცოდვა სწორედ გველთან საუბრის გაგრძელებაა, თუმცა კი მიხვდა, ის უფალს ეწინააღმდეგებოდა. ამის შემდეგ გველი ეუბნება: უფალმა იმიტომ დაგიწესათ ეს აკრძალვა, რომ არ უნდა, მასავით ყოვლისმცოდნენი გახდეთო. მიიღეთ ხის ნაყოფი და გახდებით ღმერთებიო. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ამ დროს ევას აღეძრა ყოვლისშემძლეობის სურვილი და ოცნებას მიეცა, აჰყვა გრძნობებს და ხის ნაყოფი მიიღო. ამის შემდეგ აცდუნა კიდეც ადამი.
ეშმაკისა და ევას საუბარი ადამიანთა ცდუნების ტიპური მაგალითია. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეშმაკი ყოველთვის მოდის შეფარვით, სხვის კალთას ამოფარებული. შემდეგ გვატყუებს, ცილს სწამებს უფალს, ცდილობს ადამიანის გულში ღმერთის დაკნინებას. ცდილობს დააჯეროს, რომ ესა თუ ის საქციელი სრულებითაც არ არის ცოდვა. ამის სანაცვლოდ უამრავ სიკეთეს და ბედნიერებას ჰპირდება. ადამიანის დანაშაული თავიდან იმაში მდგომარეობს, რომ აგრძელებს ბოროტთან "საუბარს" და გარკვეულწილად, უჯერებს მას, თუმცა შეიძლება ამას არც აღიარებდეს. ის ივიწყებს უფალს, მის მცნებას და იმ წუთში მხოლოდ იმ ნეტარებაზე ფიქრობს, რომელიც ამ საქციელით მოენიჭება. შემდეგ ცოდავს. ამის მერე კი გამოჩნდება ეშმაკის ნამდვილი სახე. ადამიანიც გაუგებს ცოდვას გემოს, რომელიც ტკბილი მხოლოდ წამიერად აღმოჩნდება. მერე კი იწყება ჯოჯოხეთი, საშინელი ტანჯვა, გრძნობა უფალთან სიახლოვის დაკარგვისა, თუმცა უკვე გვიანია და ამიერიდან მხოლოდ სინანულს შეუძლია მისი გადარჩენა. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ადამი არის გონების, ევა კი გრძნობის გამოხატულება. გრძნობისა და გონების ჭიდილი ხშირად განგვიცდია და ყოველდღე ვხედავთ, თუ როგორ ეცემა ადამი. სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში უმეტესად გრძნობა იმარჯვებს ხოლმე.
- რა მოხდა დაცემის შემდეგ?
- უპირველესად, მათ აეხილათ თვალები და მიხვდნენ, რომ იყვნენ შიშველნი. როორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, დაცემამდე ისინი უფლის მადლით იყვნენ გარშემორტყმული, შესაბამისად, ვერც ერთმანეთის სიშიშვლეს ხედავდნენ. დაცემის შემდეგ განშორდათ მადლი და დაინახეს კიდეც ერთმანეთის სიშიშვლე, გახდნენ უფრო მიწიერნი, ამქვეყნიურნი. უფალი ცოდვის მერე ადამს ეძახის: "ადამ, ადამ, სადა ხარ?!" ეს სიტყვები ისე არ გავიგოთ, თითქოს უფალმა ადამის სამყოფელი არ იცოდა, არამედ ამ კითხვაში უპირველესად შემდეგი უნდა მოვიაზროთ: "ადამ, რა მდგომარეობაშია შენი სული?!" მისი სულის მდგომარეობა კი საქციელიდანაც ჩანს. ის იმალება, გაურბის სამყაროს შემოქმედს. ვერ ხვდება, რომ უფალი ყოველგან მყოფი და ყოვლისმხედველია.
- რატომ ხდება ასე?
- დაცემის შემდეგ შეიცვალა ადამის დამოკიდებულება ღვთისადმი. მას განშორდა მადლი და სხვანაირად დაიწყო აზროვნება. გულში ჩაუქრა უფლის სიყვარული, ღმერთი აღარ იყო მისთვის მთავარი, ცხოვრების არსი, მიზანი. უფალი გახდა გარეგნული ძალა, მრისხანე, დაუნდობელი ძალა, ამიტომაც სურდა მისგან თავის დაღწევა. დაცემამდე ადამს უფლება ჰქონდა, ედემის ბაღში მცხოვრები არსებებისთვის სახელი დაერქმია. ეს ნიშნავდა, რომ ზედმიწევნით კარგად იცოდა მათი თვისებები, თავისებურებები, მის წინ სამყარო გადაშლილი წიგნი იყო, დაცემის შემდეგ კი გონება ისე დაუბნელდა, უფალს ემალებოდა, მას მხოლოდ ფიზიკურ ჭრილში მოიაზრებდა.
რა მოხდა შემდეგ? უფალმა ადამსა და ევას სინანულისკენ მოუწოდა, მაგრამ მათ ყველაფერი გველს გადააბრალეს, არ სურდათ თავიანთი დანაშაულის აღიარება. ამ საქციელში ალბათ ბევრი ჩვენგანი საკუთარ თავს ამოიცნობს. ისინი სამოთხიდან განიდევნენ. აქედან დაიწყო სწრაფვა დაკარგული სამოთხისაკენ, ძიება წარსული ბედნიერებისა, რომელიც დღეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში გრძელდება. ადამმა სამოთხიდან განდევნით დაკარგა შინაგანი სამოთხე. როცა უფალმა ხის ნაყოფის ჭამა აუკრძალა, უთხრა, ურჩობის შემთხვევაში სიკვდილით მოკვდებიო. სიკვდილი ორგვარი არსებობს: ხორციელი, როცა ხდება სულისა და ხორცის გაყრა და სულიერი, როცა სული უფალს შორდება. ეს უკანასკნელი ფიზიკურ სიკვდილზე ბევრად მძიმეა და უფალი სწორედ ამ სიკვდილს გულისხმობდა. ადამი სულიერად მოკვდა, რადგან მისი სული უფალს მოშორდა.
წარმოიდგინეთ, ახლა, მისი მდგომარეობა: ედემიდან განდევნილს როგორი სევდა და სასოწარკვეთა მოიცავდა. თითქოს გამოსავალი აღარ იყო, მაგრამ უფალმა, თავისი განუზომელი წყალობით, არ დატოვა ის უნუგეშოდ და აღუთქვა, დედაკაცის თესლი შემუსრავს გველის თავსო (მიაქციეთ ყურადღება, რომ უფალი ამბობს, არა მამაკაცის, არამედ დედაკაცის თესლს, რაც ყოვლადწმინდა ქალწულისგან მესიის მოვლინების მაუწყებელი იყო). ამ დროიდან დაიწყო ლოდინი მესიის მოსვლისა. მთელი ძველი აღთქმა ქრისტეს განხორციელებისთვის მზადება იყო.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რატომ განაშორა უფალმა ისინი სამოთხეს? იყო თუ არა ეს მხოლოდ სასჯელი? არა, ესეც უფლის სიყვარულის გამოხატულება იყო. ადამმა, როგორც ვთქვით, დაკარგა შინაგანი სამოთხე, ამიერიდან უფლის სიახლოვე მას ვეღარ ახარებდა, მხოლოდ ტანჯავდა. ის რომ სამოთხეში დარჩენილიყო, თავად ედემი იქცეოდა მისთვის სატანჯველად - მუდმივად გაახსენებდა, თუ რა დაკარგა. ამიტომაც განდევნა უფალმა და მისცა საშუალება, სინანულით, საკუთარი შრომით მოეპოვებინა დაკარგული სამოთხე, მოეპოვებინა იმაზე აღმატებული, ვიდრე წარსულში ჰქონდა, რამეთუ, საბოლოოდ, ქრისტეს განხორციელებით კაცობრიობამ იმაზე მეტი მიიღო, ვიდრე ადამში დაკარგა.
რაც წმინდა წერილში წერია, რეალურად მოხდა, მაგრამ ამას ჰქონდა უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობაც. ნუ ვიფიქრებთ, თითქოს ადამის ცხოვრება ერთი კონკრეტული ადამიანის ცხოვრება იყო. არა, ადამი სიმბოლური გამოხატულებაა მთელი კაცობრიობისა და, თუ დავუკვირდებით, ბევრ მსგავსებას აღმოვაჩენთ ჩვენს თავთანაც და სამყაროსთანაც.
- ბრძანეთ, ადამმა დაცემის შემდეგ ღმერთთან კავშირი, უფლის მადლი დაკარგაო. ცხადია, ეს მის აზროვნებასა და გრძნობაზე აისახებოდა. როგორ შეცვალა ადამი ცოდვით დაცემამ?
- უნდა აღინიშნოს, რომ ადამში შური, სიძულვილი ჩადებული იყო, მაგრამ მათ არ ჰქონდათ ცოდვის სახე. დაცემის შემდეგ ამ გრძნობებმა დეფორმაცია განიცადეს და ცოდვად იქცნენ. შური იყო ადამიანის სურვილი, ყოფილიყო სხვასავით წარმატებული, მაგალითად, სარწმუნოებაში. თუმცა დღეს ის უკვე ბოროტ გრძნობად იქცა, რომელიც სხვების დაკნინებას გულისხმობს და ბოღმით ავსებს მის მატარებელს. სიძულვილი უნდა ჰქონოდა ადამიანს ეშმაკის, უფლის მტრის მიმართ, მაგრამ დღეს ამ გრძნობამ მისამართი შეიცვალა და ადამიანებს ხშირად მოყვასი სძულთ... რატომ მოხდა ასე? დაცემის შემდეგ ადამიანის ცნობიერებაში შეიცვალა ყველაფერი. თუ ადრე მისი ცნობიერების, გულის, სულიერი ცენტრი იყო უფალი, მისი სიყვარული, ახლა მასში გაბატონდა ვნებები და მთავარი ადგილი საკუთარმა თავმა, "მემ", დაიკავა. ყველა ცოდვის სათავე თავმოყვარეობაა. ადამიანმა დაიწყო მხოლოდ საკუთარ სარგებელზე ფიქრი. წმინდა თეოფანე დაყუდებული ადამიანში გაბატონებულ ვნებებს ხეს ადარებს, რომლის ფესვიც თავმოყვარეობაა და სწორედ აქედან ამოიზრდება ყველა სხვა დანარჩენი ცოდვა, რომლებიც, საბოლოოდ, ისევ მას კვებავენ. ადამიანი იღვწის, პირველ რიგში, საკუთარი თავის დასაკმაყოფილებლად. ქრისტიანის მიზანი სწორედ ამ ცენტრის ისევ უფალზე გადატანაა. სიტყვა "ასკეტიკა" არ გულისხმობს მხოლოდ მონაზვნების ცხოვრების წესს. ის სიტყვასიტყვით ვარჯიშს ნიშნავს, - იგულისხმება სულიერი ვარჯიში. ყოველი ადამიანი, ერისკაცია ის თუ ბერი, სულიერად უნდა "ვარჯიშობდეს". ყოველი ჩვენგანი უნდა ცდილობდეს საკუთარი ნების უარყოფას, ცდილობდეს, მის გულში მთავარი ადგილი უფალმა დაიკავოს, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი ცხონება. "უარყავნ თავი თვისი, აღიღე ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე", - ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
- დაბოლოს, თქვენ ახსენეთ მიზეზი, თუ რატომ იყო თვით ადამისთვის უკეთესი სამოთხიდან განდევნა. ხშირად ასეთი კითხვაც იბადება: რატომ არსებობს ჯოჯოხეთი, რატომ არ შეჰყავს უფალს ყველა ცოდვილი სამოთხეში?
- სწორედ იმიტომ, რომ თუ სამოთხეში მოხვდება ადამიანი, რომელსაც არ ექნება უნარი უფალთან ურთიერთობისა, რომელიც არ იქნება თავისი მდგომარეობით სამოთხის ღირსი, ის დაემსგავსება მშიერ კაცს, რომელიც მდიდრულ სუფრასთან ზის, მაგრამ ჭამა არ შეუძლია, წყაროს წინ მდგომ მწყურვალს, რომელსაც დალევა არ შეუძლია. ამიტომაც, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ჯოჯოხეთი, ჯოჯოხეთური ტანჯვები არის უკანასკნელი სიკეთე და მოწყალება უფლისა ცოდვილისთვის გაცემული, რომ ხორციელ ტკივილებზე გადართულმა დაივიწყოს ყველაზე მძიმე და სასტიკი - უფალთან განშორების ტკივილი. როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, ვერანაირი ცეცხლი, ვერანაირი მატლი, ვერანაირი ტანჯვა ვერ მომაყენებს იმ ტკივილს, რასაც ის, რომ უფალი ჩემგან პირს მიიბრუნებსო.
ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
გვანცა გოგოლაძე