არა აქვს მნიშვნელობა, კაცს ტყვიას ესვრი, სიტყვით მოკლავ, აცდუნებ თუ გარყვნი...
კაცის კვლა ადამიანის ერთ-ერთი უძველესი ცოდვაა. პირველი მკვლელი, თანაც საკუთარი ძმისა, კაენი იყო. მას შემდეგ მრავალი უდანაშაულო სისხლი დაიღვარა.
ყველაზე საშინელი, ყველაზე სულისშემძვრელი მკვლელობა კი იყო ჯვარცმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, კაცად მოსული ღმერთისა, რომელმაც თავისი სიკვდილით ჩვენი ცოდვები გამოისყიდა."არა კაც კლა", - ბრძანებს უფალი. ეს მცნება ახალი აღთქმის ადამიანებისაგან გაცილებით მეტს მოითხოვს, ვიდრე მხოლოდ კაცის კვლის აკრძალვაა. სწორედ ამის თაობაზე გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი გიორგი (სხირტლაძე).
- მამაო, თავისთავად მკვლელობა საშინელი ფაქტია, მაგრამ რამდენად მძიმე ცოდვაა კაცის კვლა ეკლესიური თვალთახედვით?
- უფლის მეექვსე მცნება - "არა კაც კლა" - კრძალავს კაცის კვლას, ადამიანის სიცოცხლის მოსპობას. სიცოცხლე უძვირფასესი ნიჭია, რომელიც ღმერთმა ადამიანს უწყალობა, ამიტომ მასზე ძალადობა, მისი წართმევა უდიდეს ცოდვად ითვლება.
რა სახითაც არ უნდა იყოს კაცის კვლა ჩადენილი, იგი ღვთის ნების საწინააღმდეგო საქმეა. ეს მცნება გვიკრძალავს ადამიანზე ყოველგვარ ძალადობას, მით უმეტეს, პირდაპირ კაცის კვლას, იარაღით - ტყვიით, ხმლით, საწამლავით, სიტყვით.
სიძულვილიც კაცის კვლის ერთ-ერთი სახეა, იგი პოტენციური, მაგრამ განუხორციელებელი შესაძლებლობაა კაცის კვლისა. კაცის კვლაა არა მარტო სხვაზე ძალადობა, არამედ თვითმკვლელობაც, რაც შედეგია ურწმუნოების, სასოწარკვეთილების, ზნეობრივი დაცემის, დასუსტების, ფსიქიკური აშლილობის, გაორებისა და დეგრადაციის. თვითმკვლელს დაკარგული აქვს სასოება ღვთისა, არ ესმის ცხოვრების საზრისი, ჯვარი არ უტვირთია, განკითხვაშია, გაბოროტებულია, ღმერთის წინააღმდეგ ამხედრებულა და უფლის მოცემულს უკან ახლის სახიერ ღმერთს.
სამწუხაროდ, ზოგჯერ მკვლელს "რომანტიკოსისა" და "გმირის" შარავანდედით მოსავენ, ხოლო "გამარჯვებულს", რაც არ უნდა ცოდვილი იყოს, საზოგადოება კრიტიკის გარეშე იღებს. დღეს იარაღსაც თავმოყვარეობის გამო და ვითომ აგრესიისაგან თავდასაცავად ატარებენ, უმეტესად კი მართალია შეურაცხყოფილი, დაჩაგრული, ზოგჯერ განადგურებულიც.
ქრისტე ღმერთი გვასწავლის შემწყნარებლობას, მოთმინებას, შეურაცხყოფის ატანას და არა შურისძიებას, ბოღმას, მაგრამ როცა ქვეყანაში გადარჩენის ერთადერთი საშუალება ძალაა, ხშირად სისხლისმღვრელ შედეგებთან გვაქვს საქმე. გარდა ამისა, ხალხს ვერ შეუგნია, რომ თუ ვინმეს რაიმეს წაართმევენ, დაწყებული ქონებიდან, სიცოცხლით, პატიოსნებითა და სახელით დამთავრებული, დაუსჯელად არ ჩაივლის და რომ ყოველივე ცუდი, მიმართული ჩვენი მოყვასის წინააღმდეგ, პოტენციურად მისი კვლის გამოხატულებაა.
- მამები ამბობენ, რომ ფიზიკურის გარდა სულიერი სიკვდილიც არსებობს. შესაძლებელია თუ არა, ადამიანმა კაცის კვლის ცოდვა სულიერ ასპექტში ჩაიდინოს, ვიღაც სულიერად მოკლას?
- არა აქვს მნიშვნელობა, კაცს ტყვიას ესვრი, სიტყვით მოკლავ, აცდუნებ თუ გარყვნი... ის კი არა, ადამიანს ზნეობრივად რომ გარყვნი, სწორედ ეს არის ყველაზე დიდი მკვლელობა. რა მაგალითი გვაქვს დღეს, როგორი ფილმებია - ძალადობა, უხამსობა, კადნიერება, ძალის, მუშტისა და ძალადობის, ადამიანის სულიერი და ხორციელი განადგურების კულტი, დაუნდობლობა, ადამიანისთვის ტკივილის მიყენება, გლახაკის არშეწევნა, სოციალურ ფენებს შორის გაუცხოება, რასაც დღეს ვაწყდებით - მდიდრები, რომლებსაც ნაკლებად ენაღვლებათ გაჭირვებული, დაჩაგრული მოყვასი, სნეული იქნება ის, გლახაკი თუ მწუხარე... ადამიანი, რომელიც არ ცდილობს მძიმე მდგომარეობიდან მოყვასის გამოყვანას, პოტენციური მკვლელია.
- სახარებიდან ვიცით, უფალი ზოგჯერ მრისხანებას კაცის კვლის ცოდვასთან აიგივებს. რითი ჰგავს ისინი ერთმანეთს?
- თავისთავად მრისხანება შეიძლება სამართლიანი იყოს. შეიძლება, ადამიანი ამხილო, რაღაც ცოდვიდან იხსნა, მერე კი რისხვა მშვიდობასა და მიტევებაში გადაიზარდოს. მაგრამ თუ მრისხანებით ადამიანის წინააღმდეგ ფიზიკურად ან სულიერად შესცოდავ, ეს კაცის კვლის ტოლფასია.
- საუბედუროდ, განვლილმა საუკუნემ საშინელი ცოდვა დაგვიტოვა აბორტის სახით. ხშირად ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რატომ არის იგი ცოდვა.
- უფალი განაგებს ადამიანის სიცოცხლესა და სიკვდილს, სული კი უკვდავია. ამიტომ არა აქვს ადამიანს თვითმკვლელობის უფლება. ასევე არა აქვს ქალს უფლება, თავად განაგოს მომავალი შვილის სიცოცხლე, მოკლას იგი, ანუ გაიკეთოს აბორტი. ადამიანის სული მისი ჩასახვის წამს იქმნება, ამიტომ აბორტი მკვლელობის ტოლფასია. რა სამედიცინო ტერმინებიც არ უნდა მოვიშველიოთ, ის, ვინც ნაყოფს კლავს საკუთარ სხეულში და ვინც სხვას კლავს, ღვთის წინაშე თანაბრად ცოდვილია.
- როდესაც ამის სამედიცინო ჩვენებაა?
- ეკლესია მკურნალობას არ კრძალავს, მედიცინა და ექიმიც ღვთის შექმნილია. პირიქით, თუ ავად ხარ, წამალი უნდა მიიღო.
როდესაც დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მედიცინა უპირატესობას დედას ანიჭებს, მაგრამ აქ მოძღვარმა და ექიმმა ერთმანეთის აზრი უნდა გაითვალისწინონ, რათა მომაკვდინებელ ცოდვას გადავურჩეთ. როცა საშიშროება დიდია, შეიძლება, მღვდელმთავრისა და მოძღვრის კურთხევით რაღაც კონსენსუსამდე მივიდეთ, თუმცა ნაყოფის მკვლელობას ეკლესია არც ერთ შემთხვევაში არ ამართლებს, მაგრამ თუკი ნაყოფი მკვდარია ან მოსალოდნელია, მალე დაიღუპოს, ამ შემთხვევაში დედის სიცოცხლის გაფრთხილება უფრო გონივრული იქნება.
- რატომ იკრძალება თვითმკვლელის მოხსენიება წირვის დროს, როდის უშვებენ გამონაკლისს ან რატომ არის თვითმკვლელობა მკვლელობაზე უფრო დიდი ცოდვა?
- თვითმკვლელის მოხსენიება არ შეიძლება. ოდითგანვე ასე იყო. თვითმკვლელს იმ სასაფლაოზეც კი არ კრძალავდნენ, სადაც მართლმადიდებლობაში აღსრულებულნი განისვენებდნენ. თვითმკვლელი ღვთის გმობაშია, სულიწმინდის გმობაშია. კაცმა თუ მოიპარა, დაუბრუნებს, წაართვა - უკან მისცემს, შეურაცხყოფა მიაყენა - შეურიგდება, ფიზიკურად დააზიანა - წამალს მიუტანს, აწყენინა - პატიებას სთხოვს, მაგრამ კაცი თუ მოკლა, ვეღარ გააცოცხლებს.
ხომ საზარელია ადამიანის მკვლელობა, - მისი მონანიება მაინც შეიძლება, მაგრამ თავს თუ მოიკლავ, პატიებას ვეღარ ითხოვ. ღვთის გმობით გადახვალ მარადიულობაში და თან წაიღებ მომაკვდინებელ ცოდვას. ამიტომაც არის, რომ ასეთი ადამიანი არათუ წესის აუგებელი რჩება, იმ სასაფლაოზეც არ იმარხება, სადაც სხვებს კრძალავენ.
გამონაკლისები შეიძლება დავუშვათ, როცა ადამიანი ლაბილური ფსიქიკისაა ან შეურაცხადია (რაც სამედიცინო დასკვნით დასტურდება). ასეთ თვითმკვლელს, თუ ის მონათლული იყო, ეკლესია წესს უგებს.
- ერთია საქმის აღსრულება და მეორე - მასზე ფიქრი. რამდენად მძიმეა გონებაში დაშვებული აზრი მკვლელობასა თუ თვითმკვლელობაზე?
- გონება ადამიანს ღვთის ხატად და მსგავსად აქვს მიცემული. ნებისმიერი დამახინჯება გონებრივი ქმედებისა დიდი ცოდვაა. ეს ითქმის არა მარტო მკვლელობაზე, იგივე ეხება მრუშობას, ქურდობას, წამებას, შეურაცხყოფას... ჩვენი გონება ჩვენი ცხოვრების შედეგია და ჩვენი ცხოვრება - ჩვენი გონების შედეგი. რაც ვიცით, რასაც ვფიქრობთ, იმის მიხედვით ვცხოვრობთ და ისინი ვართ. ვფიქრობ, ეს ადამიანის შინაგანი ცხოვრების ნებისმიერ გამოვლენას ეხება.
- ეს ცოდვა შეიძლება სიტყვითაც ჩაიდინო, როდესაც ადამიანს ხმამაღლა უსურვებ სიკვდილს. ვგულისხმობ წყევლას, რასაც ასეა შეჩვეული ჩვენი საზოგადოება. რამდენად მძიმე ცოდვაა იგი?
- არსებობს მაგია, შავი მაგია, ჯადოქრობა, ადამიანისათვის ვნების მანძილზე მიყენება. ამის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა შურიანი, ბოროტის მოსურნე ადამიანის წყევლა, რაც ძალიან დიდი ცოდვაა. წყევლა ადამიანზე ხელის ჩაქნევა, მისთვის ხაზის გადასმა და შავი ძალებისთვის გადაცემაა.
- მაგრამ ეკლესიის მადლი ხომ იცავს ადამიანს?
- ნებისმიერი ბოროტი ქმედება, ბოროტი აზრი, ბოროტი ენერგია, ბოროტი ზრახვა ადამიანთან მიდის. თუ ეს ადამიანი ცოდვით დაბრკოლებული ცხოვრებით ცხოვრობს, მაშინ ეს მისთვის უფრო ადვილად მისავალია, - მოგეხსენებათ, მსგავსი მსგავსს იზიდავს, - ის უფრო ადვილად მისაწვდომია მისკენ მიმართული ავი ქმედებისათვის. მაგრამ როდესაც ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს, ეზიარება, ინანიებს, იგი დაცულია სულიწმინდისაგან მფარველი ანგელოზის, მოძღვრის, სულიერი დების, ძმების მიერ, ის მრევლში - სულიერ ოჯახში იმყოფება და ბოროტის მახეებს თავისი მორჩილებითა და სიყვარულით განერიდება. ასეთი ადამიანი, როგორც სარკე სხივს, ისე ირეკლავს ბოროტს და ვაი იმას, ვინც ეს ბოროტი გაუგზავნა.
ნათქვამია, წყევლა მაწყევარისააო. ასეც არის, ადამიანს, რომელიც სხვას წყევლის, საკუთარი წყევლა ათმაგად უბრუნდება უკან.
თქვენ გახსოვთ წმინდა კვიპრიანესა და წმინდა იუსტინას მაგალითი. კვიპრიანეს შეეძლო, ბოროტი ძალების დახმარებით ნებისმიერისთვის თავს მოეხვია საკუთარი ნება, მაგრამ მშვენიერი ქალწული იუსტინა მისთვის მიუწვდომელი, დაუპყრობელი აღმოჩნდა. ბოროტი სულები თავქუდმოგლეჯილები, დამარცხებულები ივლტოდნენ მისგან. ვერავითარი წყევლა, ჯადო, გათვალვა ვერ ჭრიდა იუსტინაზე... ბოლოს კვიპრიანე დაემხო მაცხოვრის ფეხთით, მოექცა, სამღვდელო პირი გახდა, ეპისკოპოსად აკურთხეს და მოწამებრივადაც კი აღესრულა.
იოანე ღვთისმეტყველს ერთმა მოგვმა ბოროტი სული მიუგზავნა, სული ამოხადეო. იოანემ დაიჭირა სული, ქრისტეს სახელით შეკრა, ჰკითხა, ვისი გამოგზავნილი იყო, შეიტყო ისიც, რომ ასეთი დავალება მას ბევრჯერ ჰქონდა შესრულებული და უკაცრიელ ადგილას გადაასახლა. რამდენი სულიც არ მიუგზავნა მოგვმა, უკან არც ერთი აღარ დაუბრუნდა. ბოლოს თვითონაც ეახლა, ხოლო იოანე ღვთისმეტყველმა ქრისტეს სახელით ღვთის წინაშე დააჩოქა და დაამხო იგი.
იოანე ღვთისმეტყველმავე ჩაუშვა ზღვაში კვინოპ გრძნეული თავისი ბოროტი სულებითურთ, რის შემდეგაც შავი მაგიის ყველა სამსხვერპლო და ტაძარი დაემხო, ხოლო კუნძული, რომელიც მას ჰქონდა დაპყრობილი, მოექცა და განიწმინდა.
ჯადოქრობა არსებობს. იგი უმძიმესი ცოდვაა. ეკლესია შავ მაგიაში მონაწილეს მკვლელის მსგავს ეპიტიმიას ადებდა - 20 წლით უზიარებლობით სჯიდა. ბოროტის მახეებისგან ადამიანმა თავი უნდა დაიცვას ჯვრით, სწორი, ეკლესიური ცხოვრებით. ამ მხრივ ძალიან დიდი ძალის მქონეა გახსნის ლოცვები, რომელთაც სწორედ იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში აღვავლენთ.
- უკვე აღვნიშნეთ, რომ დღეს ძალიან მომრავლდა ძალადობის ამსახველი ფილმები და მულტფილმებიც კი. როგორ დავიცვათ თავს მოხვეული ძალმომრეობისაგან ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში არიან და ადვილად ექცევიან გარესამყაროს გავლენის ქვეშ?
- მასმედია იარაღია. წესით, ის "ინფორმაციული მფარველი ანგელოზი" უნდა იყოს და არა "მოწინააღმდეგე დემონი". ხომ იტყვიან, ადამიანს მარჯვნივ ანგელოზი უზის, მარცხნივ კი დემონიო. ასევეა მასმედიაც; მას სიკეთის თესვაც ხელეწიფება და ბოროტისაც. ის უნდა იყოს კეთილისმყოფელი, მანათობელი, მაკურნებელი, ოპტიმიზმის, მორალური ენერგიის მიმცემი და არა ადამიანის გამანადგურებელი. მთელი ჩვენი საინფორმაციო საშუალებები უკეთეს შემთხვევაში კრიმინალურ ქრონიკამდე და კონფლიქტებამდე დადის. უცხოეთში ამას ცალკე გადაცემა ან ცალკე არხი ეთმობა. ფილმების უმეტესობა ძალადობით, განადგურებით, სუპერმენის ანუ ზეადამიანის დამახინჯებული, პრიმიტიული სტერეოტიპებითაა სავსე. ეს ყოველნაირად ამახინჯებს ადამიანის გონებას. ახალგაზრდა ფილმიდან სხვა ფასეულობებს იწოვს, რეალობაში კი სულ სხვა რამეს აწყდება. რეალობასა და მის წარმოსახულ სამყაროს შორის წარმოიქმნება უზარმაზარი კონფლიქტი, რომელიც უკეთეს შემთხვევაში აგრესიით ვლინდება, უარესში კი - თვითმკვლელობით ან მკვლელობით.
დღეს ადამიანი ლამის ინფორმაციის ზღვამ წალეკოს. მას შეუძლია, ეს უზარმაზარი ინფორმაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ან მოიწამლოს მისით. ამიტომ ბავშვებიც უნდა მოვარიდოთ და ჩვენც უნდა ვერიდოთ შემთხვევით გადაცემებს, შემთხვევით წიგნებს, შემთხვევით ინფორმაციას, რადგანაც შემთხვევითობა არ არსებობს, არსებობს ჩვენი უცოდინარობა, და ამ უცოდინარობის ნაპრალში შეიძლება ისეთი რამ შემოვიდეს, რაც ცნობიერებას ძალიან დაგვიზიანებს და რომლის გამოსადევნადაც შემდეგ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება.
- პირადად მე დიდად შემაშფოთა ამას წინათ კომპიუტერული თამაშების მსოფლიო შეჯიბრმა, სადაც ისინი სპორტული თამაშების რანგშია აყვანილი. ახალგაზრდობა ისედაც მეტისმეტად არის გატაცებული ამ გასართობით, რითაც ერთგვარად მკვლელობის, ძალადობის თანაზიარი ხდება. თქვენ რას გვეტყვით ამის შესახებ?
- სწორი ბრძანეთ, საკმაოდ ბევრია თამაში, რომლებიც თითქმის რეალურის იდენტურ ვირტუალურ სივრცეს გვიჩვენებს, სადაც არანაკლები სისასტიკით, დაუნდობლობით ხდება მკვლელობა, სისხლის ღვრა, ჩაგვრა, ძალადობა.
ვირტუალური თამაშები ადამიანს ილუზიურ სამყაროში შესვლის საშუალებას აძლევს. მაგრამ ილუზიური სამყარო ილუზიურია და ასეთადვე დარჩება. ზოგს კი ჰგონია, რომ სამყარო მატრიცაა, მაგრამ ჩვენი სამყარო არც სცენარია, არც რომანი, არც ვინმეს მიერ დაწერილი დრამა. ის ღვთის მიერ არის შექმნილი და ჩვენ მასში რეალურად ვიმყოფებით. ინდუისტები ამბობენ, რომ სამყარო მაიაა - ილუზიაა. ინდოელი ბუდისტებიც მიიჩნევენ, რომ სამყარო არ არსებობს. ეს შეცდომაა. თუ რამე არ არსებობს, პირველ ყოვლისა ვირტუალური სამყარო, დემონური რეალობა, წარმოსახვის ნაყოფი. მაგრამ ის თავისთვის როდი რჩება; როცა ჩვენ მას თანავეზიარებით, ეს სამყარო ჩვენში შემოდის. და ჩვენს შინაგან სამყაროზე ძალადობს. ასეთი თამაშებით გატაცებულთა შინაგანი სამყარო გადაგვარებულია - ეწყებათ შიშები, აღქმის გამრუდება, მოჩვენებები.
ძალიან არის გავრცელებული ოკულტური, ეზოთერული თამაშები: გადიან გვირაბებში, ურჩხულებს ეომებიან, ეს ურჩხულები არსებითად დემონური გამოსახულებებია, მღვიმეების კედლებზე სატანისტური ნიშნებია, სახელებიც დემონოლოგიიდანაა ამოღებული. ეს მცოდნე, "განათლებული" ხალხის მიერ შედგენილი თამაშებია, ამიტომ სახუმაროდ არ გვაქვს საქმე - შეიძლება, საბოლოოდ ეს ძალიან მტკივნეული გამოდგეს ჩვენთვის. ეს თამაშებია, სხვადასხვა სახის ფობიებს რომ იწვევს და უკეთეს შემთხვევაში მთავრდება პარანოიით, თუ ფსიქოზითა და შეშლილობით არა, მეგალომანიითა და კომპლექსებით. მოთამაშის შინაგან სამყაროში ადგილი აღარ რჩება - რასაც დღე თამაშობს, ღამეც ის ესიზმრება.
- არსებობს გამოუვალი მდგომარეობა - ომი, სადაც ადამიანი კაცის კვლას ვერ მოერიდება, ასევე - მკვლელობა თავდაცვის მიზნით, რომელსაც საერო კანონი ამართლებს. რას ამბობს ამაზე საღვთო სამართალი?
- ომი მხოლოდ მაშინაა დაშვებული, როცა სარწმუნოების, სამშობლოს, ოჯახის, ხალხის დასაცავად მიმდინარეობს. დაპყრობითი ომის წარმართვა ცოდვაა. მართალია, მტრის მოკვლისათვის არც განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლებენ და არც ეკლესიისაგან მიიღებს ეპიტიმიას, მაგრამ კაცის კვლა მაინც უნდა მოვინანიოთ.
- სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ზოგიერთ კუთხეში კიდევ არის შემორჩენილი სისხლის აღების წესი, მიუხედავად იმისა, რომ ეს კუთხეები არ ყოფილა მოკლებული ქრისტიანულ მადლს. ამ ჩვეულების ფესვები, ალბათ, ძველ აღთქმაში უნდა ვეძებოთ, რომელიც კბილი კბილისა წილო, მოითხოვდა.
- ჩვენი ცნობიერება ჯერ ბოლომდე არ გამოსულა ფეოდალიზმის ეპოქიდან. გვგონია, რომ ევროპელები ვართ და რომ XXI საუკუნეში ვცხოვრობთ. მაგრამ საპირისპიროზე მეტყველებს თუნდაც კლანობრივი ცნობიერება, რაც ჯერ კიდევ მყარად მკვიდრობს საქართველოში. სისხლის აღებაც კლანობრივი ცნობიერების ერთ-ერთი გამოვლინებაა. როდესაც ადამიანი თავისი გვარისა და სანათესაოს იქით აღარ იხედება, მისთვის სამყარო აქ მთავრდება. თუ გვარის წევრი განადგურდა, მისთვის სამყაროს ნაწილი ნადგურდება, რაც იმ ადამიანის სისხლით უნდა შეივსოს, ვინც იგი გაანადგურა - სისხლი სისხლისა წილ.
მკვლელობა და სისხლის აღება ღვთის მცნების საწინააღმდეგოდ ჩადენილი დიდი ცოდვაა. ეს არის გამოვლინება ფსიკიქის პათოლოგიისა, როცა ადამიანს სიძნელის დაძლევა მხოლოდ და მხოლოდ მტრის განადგურების გზით ესახება. ზოგიერთი პოლიტიკური ბელადი თუ ხელისუფალი ადამიანის განადგურებას პრობლემის განადგურებასთან აიგივებდა - არ არის ადამიანი, ე.ი. არ არის პრობლემა. ეს ყველაზე იოლი, ინკვიზიტორული და იეზუიტური გადაწყვეტაა, რაც ცივილიზებულ საზოგადოებასა და ნებისმიერ საღად მოაზროვნე ქრისტიანში ჯანსაღი პროტესტის გრძნობას ბადებს.
- გადაეცემა თუ არა მკვლელობის ცოდვა შთამომავლობას?
- გადაეცემა. მაცხოვარს რომ უთხრეს ებრაელებმა, შენი სისხლი ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოსო, განა არ არის ასე? განადგურდა იერუსალიმი, ქვა ქვაზე არ დარჩა. ქრისტეს ჯვარმცმელებმა თავი დაიწყევლეს. ქრისტე ახალი აბელია, რომელიც ბოროტთა მიერ იქნა მოკლული, თუმცა, აბელისაგან განსხვავებით, რომელიც ადამიანი იყო, იგი სრული ღმერთი და სრული კაცია.
წმინდა მამა ამბობს, რომ ადამისა და ევას ცოდვა, რომელიც ზოგს მარტო ვაშლის ჭამა და მრუშობა ჰგონია, იყო ასევე დაუმორჩილებლობა, ღვთის წინააღმდეგ გაბრძოლება, ავაზაკობა, ტყუილი და მკვლელობაც კი.
კაცს თუ მოუნანიებელი აქვს მკვლელობა, მისი შვილები სულიერად დაზიანდებიან. მართალია, ცოდვა პირდაპირ არ გადადის - რაკი მამა იყო მკვლელი, შვილი მაინცდამაინც მკვლელის სასჯელით არ ისჯება, მაგრამ ირიბი მოქმედება აუცილებლად ექნება, ამიტომ ის ცოდვა მთელმა ოჯახმა უნდა გამოისყიდოს ნათლისღებით, ზიარებით და ა.შ.
ზოგჯერ ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც თითქოს კარგად ცხოვრობენ, მაგრამ არაფერი გამოსდით, მათ ირგვლივ სულ უბედურებები და არეულობებია. რატომ? მან ან მისმა წინაპარმა ან სულიერად გაანადგურა ვინმე, ან ფიზიკურად, სასულიერო პირს მიაყენა შეურაცხყოფა, ან ეკლესია დაანგრია, ან ჯვარი ჩამოაგდო ეკლესიიდან - ამაზე მეტი მკვლელობა რა შეიძლება იყოს?! კაცს თუ მცირედ მაინც აქვს შენარჩუნებული საღი აზრი, ჩადენილი ცოდვები უნდა მოინანიოს.
XX საუკუნე სისხლიანი საუკუნე იყო, მილიონობით, ათეულობით მილიონი ადამიანის სისხლი დაიღვარა. თავი რომ დავანებოთ რევოლუციებს, კერძო გადატრიალებებსა თუ მკვლელობებს, ჯერ მარტო ორი მსოფლიო ომი რამდენს ნიშნავს! შეიქმნა ტოტალური განადურების წყალბადისა და ატომური იარაღი, კაცობრიობას არა მარტო სხვისი, არამედ საკუთარი თავის განადგურებაც კი შეუძლია.
- მამაო, რამდენიმე ქვეყანაში უკვე დაკანონებულია ევთანაზია, როდესაც უიმედო ავადმყოფს ექიმები სიცოცხლეს უწყვეტენ. აქვს თუ არა ამ ქმედებას რაიმე მორალური გამართლება?
- ეკლესია ასეთ ქმედებას არ აკურთხებს და მას ღვთის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს.
- დაგვლოცეთ, მამაო!
- ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და სულიერი ძალები მოგანიჭოთ. მოვინანიოთ ცოდვები, ხშირად ვეზიაროთ, ვაკეთოთ ქრისტესმიერი სიკეთე, გავიღოთ მოწყალება, ვიყოთ სულგრძელნი, მშვიდნი, თავმდაბალნი, შევეწიოთ ერთმანეთს მიწიერი თუ სულიერი ცხოვრების სიძნელეებში და გზა ხსნილი გვქონდეს ღვთის სადიდებლად და სულის საცხოვნებლად. ამინ!
ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
მარი აშუღაშვილი