ეკლესია არის ადამიანთა განსაკურნებელი ადგილი და თუ იქ ნარკომანი ან ლოთი დაინახეთ, კი არ უნდა განიკითხოთ, არამედ გაგიხარდეთ, ერთი მათგანი მაინც თუ დაადგება ჭეშმარიტების გზას
სნეულება ორგვარია: ხორციელი და სულიერი, მაგრამ არსებობს სნეულებანი, რომლებიც ხორცსაც ვნებს და სულსაც.
ასეთი ცოდვებია ლოთობა და ნარკომანია. გვესაუბრება სამთავისისა და გორის ეპისკოპოსი მეუფე ანდრია (გვაზავა).- მეუფეო, რა არის ლოთობა და ნარკომანია - ცოდვა თუ ავადმყოფობა?
- ორივე ერთად. უპირველესად, ეს ცოდვაა, შემდეგ კი ავადმყოფობად იქცევა. როცა ადამიანი პირველად სვამს ან იღებს ნარკოტიკს, ამას სავსებით ცნობიერად სჩადის. აკეთებს არჩევანს ვნების სასარგებლოდ. მერე კი ისე ეჩვევა, რომ ზოგჯერ უნდა კიდეც თავის დანებება, მაგრამ აღარ შეუძლია. ამგვარად გადაიზრდება ცოდვა ხორციელ სნეულებაში.
- რომელი უფრო მძიმე ცოდვაა ან თუ შეიძლება მათი შედარება?
- ორივე მძიმეა. მათი შედარება გაგვიჭირდება და არც იქნება მართებული. ეს მხოლოდ ერთ ასპექტში შეიძლება: ცოდვის მოქმედების მიხედვით ორივე ერთნაირია. უფალი ბრძანებს, ვინც გახრწნის ჩემს ტაძარს, მეც გავხრწნი მასო. ლოთიცა და ნარკომანიც უფლის ამ მცნებას არღვევენ - ხრწნიან არა მარტო სხეულს, არამედ შინაგანადაც ანადგურებენ ადამიანს; იხშობენ სულიერებას, ვნებებს ემონებიან. ასე ხდება პიროვნების ხორციელი და სულიერი დეგრადაცია. ადამიანი კარგავს თავს, უარს ამბობს მდგომარეობაზე, რომლისთვისაც შეიქმნა, განღმრთობის შესაძლებლობაზე, და ცოდვის მორევში ეშვება. გარდა ამისა, კაცი ძნელად იჯერებს, რომ ლოთი ან ნარკომანია. უმეტესად, ასეთებს ჰგონიათ, რომ თუ მოინდომეს, იოლად დაანებებენ თავს სასმელსა თუ ნარკოტიკებს. მეტისმეტად გვიან აცნობიერებენ, რომ ამ სენით არიან ავად.
- რატომ ხდება ადამიანი ლოთი ან ნარკომანი? მიზეზის პოვნას ალბათ დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, როცა საქართველოში ასე იმატა ამ ვნებით შეპყრობილთა რიცხვმა.
- ჩვენი ახლო წარსული უღმერთობით, ურწმუნოებით, ცრუ ფასეულობებით იყო გაჯერებული. ცხოვრებიდან, აზროვნებიდან სარწმუნოების ამოღებამ დააკნინა პასუხისმგებლობის გრძნობა ღმერთისა და მოყვასისადმი. ადამიანები ერთმანეთს წყენას, მწუხარებას, ტკივილს იოლად აყენებენ. ალბათ, ეს არის თავიდათავი ამ ვნებათა გავრცელებისა. ეს მეტყველებს ჩვენს ზნეობრივ დეგრადაციაზე. ამას ხელს უწყობს ის გარემო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, "თანამედროვეობის", გარყვნილების სულით გაჟღენთილი გარემო.
ადამიანს სასმელისა და ნარკოტიკისკენ ბევრი რამ უბიძგებს. მაგალითად, ჩვენმა ახალგაზრდობამ გამოიარა დრო, როცა, ასე ვთქვათ, "გამოსულ, ქუჩის ბიჭებში" ნარკომანია კარგ ტონად ითვლებოდა. საზოგადოების ერთი ნაწილის ცნობიერებაში იყო ელემენტი ერთმანეთისთვის ვაჟკაცობის დამტკიცებისა. ფიგურირებდა აზრი, თითქოს ეს ყველაფერი ცოდვა, ავადმყოფობა სრულებითაც არ იყო. მეტიც, მათი მიღება აუცილებლობად მიაჩნდათ, მთავარია, პათოლოგად არ ქცეულიყავი. ასეთ დროს თავის შეკავება ცუდ ტონად ითვლებოდა. ამიტომაც ბევრჯერ ნარკოტიკთა მოხმარების, ალკოჰოლის მიღების მიზეზი სწორედ ეს გამხდარა.
მეორე მიზეზი, ჩემი აზრით, არის სისუსტე პიროვნებისა, როცა ის ცდილობს გაექცეს რეალობას, პრობლემებს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს, ვთქვათ, დაძაბულობით, რომელიც სულიერად ტეხს ამ ადამიანს. ასეთ მძიმე მდგომარეობაში ხშირად "მეგობრები" სთავაზობენ ხოლმე, პრობლემის ამგვარ მოგვარებას... საბოლოოდ აღმოაჩენს, რომ პრობლემა მოუგვარებელი დარჩა, თვითონ კი დასნეულდა. ამის გაცნობიერება ზოგს უარეს სტრესს აყენებს, გამოსავალს ვეღარ პულობს და კვლავაც და კვლავაც ამ საშუალებებს ეტანება. ზოგჯერ მიზეზი ახლობლის დაკარგვა, წარუმატებლობაა. ბუნებით სუსტი პიროვნებები ვერ უძლებენ გაჭირვებას და ჰგონიათ, ასე ცხოვრებას დაემალებიან. რეალურად კი პრობლემა რჩება და ახლებიც წარმოიქმნება.
თუმცა, ზოგჯერ ნარკოტიკს ცნობისმოყვარეობის გამო სინჯავენ.
- ღვინის სმა ნებისმიერ შემთხვევაში ცოდვაა? მას ხომ ლიტურგიისას იყენებენ?
- ღვინო წმინდა სასმელია. მას ლიტურგიაში იყენებენ. მოგეხსენებათ, გეთსამანიის ბაღში ქრისტემ ღვინო და პური აკურთხა, დაურიგა მოწაფეებს და უთხრა, რომ ეს მისი სისხლი და ხორცი იყო და მის მოსახსენებლად მიღება დაავალა: "ამას ყოფდეთ მოსახსენებლად ჩემდა". ყოველ წირვაზე პური და ღვინო, სულიწმინდის მადლით, თვით ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაიქმნება. ლოთი ბღალავს ამ სასმელს. ღვინის გარკვეული დოზით მიღება, ცხადია, შეიძლება და ეს არ არის დანაშაული მონასტერშიც კი. დღესასწაულებზე მამები ღვინოს სვამენ ხოლმე. ცოდვაა ღვინის გადაჭარბებული სმა.
- მცირე დოზით ნარკოტიკის მიღებაც შეიძლება?
- არა. ნარკოტიკის მიღება მცირე დოზითაც კი არ შეიძლება. დღეს ახალგაზრდები ხშირად "ერთობიან", ასე ვთქვათ, უფრო მცირე, ნაკლებად თვალშისაცემი ფორმით. მაგალითად, ანაშა საკმაოდ პოპულარულია. ბევრი მას ზიანის მომტანად არ მიიჩნევს. სინამდვილეში კი ყველაფერი მცირედით იწყება, თავიდან ხომ არავინ ფიქრობს, პათოლოგი გახდეს, მაგრამ ხდებიან. ამიტომ თავს ასეთი ქცევა უნდა ავუკრძალოთ. აქ, ცხადია, საუბარი არ არის მორწმუნეზე. დაუშვებელია, ის ამგვარი საშუალებებით ერთობოდეს. ეს ბოროტი გართობაა. და თუ მსგავსი რამ მოხდება, მან უნდა იცოდეს, რომ ჩაიდინა დიდი ცოდვა და ნანობდეს. ხშირად ამბობენ, სახარებაში არ წერია, ნარკოტიკს არ გაეკაროო. სახარებაში გარკვევითაა ნათქვამი, რომ ღვთის ტაძრის გახრწნა, მისი შებღალვა ცოდვაა. ადამიანია სწორედ ღვთის ტაძარი. გარდა ამისა, ყველაფერი, რისი გაკეთებაც, აღსრულებაც ადამიანს უფლის მცნებაზე უპირატესად მიაჩნია, არის ცოდვა და უფლისგან დაშორება.
- ბრძანეთ, ლოთობა და ნარკომანია პიროვნებაში ათასგვარ ვნებას წარმოქმნისო. ალკოჰოლის ან ნარკოტიკის ზემოქმედებით ჩადენილი ცოდვა ადამიანს იმგვარადვე მოეკითხება, როგორც საღ გონებაზე ყოფნის შემთხვევაში?
- ვფიქრობ, ცოდვა თანაბარია. ადამიანი ნარკოტიკის ან ალკოჰოლის მიღებისას ხომ აცნობიერებდა, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა. დასაწყისშივე, საფუძველშივე დევს ეს საფრთხე. და თუ ამ საშიშროებას ვინმე ყურადღებას არ მიაქცევს, მერე "წუთიერი გართობა" ძვირად დაუჯდება. იმიტომაც არის ლოთობა და ნარკომანია მძიმე სენი, რომ ის ადამიანს გაუაზრებლად ათასგვარ ცოდვას ჩაადენინებს.
სახარებაში არის ნათელი მაგალითი ასეთი შემთხვევისა. ჰეროდეს ცოლად ჰყავდა ძმის, ფილიპეს, ცოლი - ჰეროდიადა. ამის გამო მას წმინდა იოანე წინასწარმეტყველი ამხილებდა. ის ჰეროდემ დაატუსაღა. ერთ საღამოს ჰეროდესთან გამართულ ნადიმზე იცეკვა ჰეროდიადას ასულმა, სალომეამ. მთვრალი ჰეროდე მისმა ცეკვამ ისე მოხიბლა, რომ გაუაზრებლად ნებისმიერი სურვილის აღსრულება აუთქვა. ქალმა, დედასთან შეთანხმებით, წმინდა ნათლისმცემლის თავი მოითხოვა. ჰეროდე მიხვდა თავის შეცდომას, მაგრამ გვიანი იყო. სიტყვა ვერ გატეხა, წმინდანს თავი მოჰკვეთა და სალომეას ლანგრით მიართვა. ასე რომ, სასმელი ადამიანს გონებას უბნელებს და სხვა ცოდვაში აგდებს. ცოდვა წალეკავს ყველა მის მატარებელს, თუ დასაწყისშივე არ შეებრძოლება.
- პირველმა ნარკოტიკმა და სასმელმა სადამდე შეიძლება მიიყვანოს კაცი, როგორ მოქმედებს ეს გარემოზე, სამყაროზე?
- საერთოდ ადამიანი პათოლოგიურ მდგომარეობამდე გარკვეული დროის შემდეგ მიდის. ეს პიროვნება გადის ცოდვისა და ავადმყოფობის გზას. ამ გზაზე ჩანს, თუ როგორ ხდება მისი სულიერი და ხორციელი დეგრადაცია, ის კარგავს ადეკვატურ რეაქციას გარემოში მიმდინარე მოვლენებზე. ამ ცოდვის, დაავადების შედეგს ყველა ვხედავთ: ეს არის დანგრეული ოჯახები, შეურაცხყოფილი ცოლქმრული, მამაშვილური, დედაშვილური, მეგობრული ურთიერთობები, გაუბედურებული ახლობლები.
ნარკოტიკი, შეიძლება ითქვას, საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა. თუმცა ნარკომანი არაფერს ერიდება, ის მზად არის, გაყიდოს მთელი საბადებელი, არ ჭამოს, არ ჩაიცვას, ოღონდაც ნარკოტიკი იყიდოს. საბოლოოდ, როცა ავადმყოფი არჩევანის წინაშე დგება - ნარკოტიკი, სასმელი თუ ოჯახი, - ის ცოდვას ირჩევს.
- რას ეტყოდით მშობლებს, როგორ მოიქცნენ, რომ მაქსიმალურად დაიცვან შვილები ამ ვნებისგან?
- უპირველესად, მშობლებმა არ უნდა დაკარგონ შვილთან კონტაქტი. უდიდესი დრო უნდა დაუთმონ ბავშვებს. არ უნდა დაიზარონ ლოცვა შვილისთვის. ყოველთვის, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ღმერთი აძლევს ყველაფერ სიკეთეს დასაბამს, რომ მის გარეშე არაფერი კარგი არ ხდება. შვილების აღზრდა ურთულესი საქმეა. ღვთის შეწევნის გარეშე არაფერი გამოგვივა. ლოცვა არის საუკეთესო იარაღი ნებისმიერ საქმეში. ლოცვა და კონტაქტი. რაც შეეხება სასმელსა და ნარკოტიკებს, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ზოგს აკრძალვა შველის, ზოგს, პირიქით, - მოფერება. ამიტომ ერთიანი გზა, თუ როგორ ვიმოქმედოთ, არ არსებობს. მშობელი უნდა იცნობდეს შვილის ფსიქოლოგიას და აქედან გამომდინარე უნდა იმოქმედოს.
- ლოთებთან და ნარკომანებთან ურთიერთობა ძალიან რთულია. არ იცი, რა დროს რას ჩაიდენენ. მათთან ურთიერთობა ძალიან უჭირთ ოჯახის წევრებსაც. რას ეტყოდით მათ, როგორ მოიქცნენ?
- ლოთი და ნარკომანი ოჯახისთვის მართლაც დიდი უბედურებაა. ცხადია, ვერავის დაავალებ და მოსთხოვ, იქონიოს ულევი, უსაშველო მოთმინება. ძალიან ძნელია, ცხოვრობდე მუდამ გაბრუებული კაცის გვერდით, რომელიც, არ იცი, რა დროს რას ჩაიდენს; შეიძლება გონება აერიოს და შეურაცხგყოს. ასეთ პირობებში ცხოვრება რთულია და ვფიქრობ, რომ არ მაქვს უფლება ადამიანებს ამისკენ მოვუწოდო. რეალურად ასე უნდა მოიქცნენ, მაგრამ ვიცით, რომ არავის გვაქვს მოყვასის ჭეშმარიტი სიყვარული. ულევი, უწყვეტი სიყვარული აქვს მხოლოდ უფალს, რომელიც თვითონ სიყვარულია. როგორც ბრძანებს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი: ღმერთი სიყვარული არსო. ამიტომაც ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ამ გაჭირვებულის უფლამდე მიყვანა უნდა იყოს. არ შეიძლება ადამიანს დაავალო იმაზე მეტი, ვიდრე თავად გააკეთებ ან თვით ამ პიროვნებას შეუძლია. როცა ლოთის ან ნარკომანის მეუღლე გეუბნება, რომ წლების მანძილზე ითმენდა ქმრის გულგრილობას, შეურაცხყოფას და მასთან ვეღარ იცხოვრებს, რთულია, მას იმედი, სიყვარული და მოთმინება მოსთხოვო. მაგრამ რეალურად ეს ერთადერთია, რამაც შეიძლება ამ ადამიანს უშველოს - დაელოდოს მოყვასის გამოსწორებას, მთელი გულით ილოცოს მისთვის. მთავარია, ამ პიროვნებამ თავისი იარის მომშუშებელი, პრობლემის გადამჭრელი იპოვოს. მიხვდეს, ვინ დაეხმარება ამ მძიმე წუთებში. მთავარია, თვითონ იპოვოს უფალი და თავისი ტკივილი ღმერთამდე მიიტანოს. მიიტანოს მწუხარე, შემუსვრილი გულით და იმედით, რომ ღმერთი მის ტკივილს შეიწირავს. უნდა ჰქონდეს რეალური შეგრძნება, რწმენა, რომ უფალი დაეხმარება და ასეთ დროს ღმერთი მას მართლაც უშველის, რამეთუ ვინც ითხოვს უფლის წყალობას, ყოველთვის იღებს, ვინც აკაკუნებს ღვთის კარზე, მას ყოველთვის უღებენ კარს, ის მიდის უფლამდე და უფალი ივანებს მის გულში. ასე რომ, ღვთის რწმენის გარეშე პრობლემა ვერ მოგვარდება. ჩვენ უნდა ვეძებოთ ამ პრობლემის სათავე, საწყისი, ეს კი უფლის დაკარგვა, მისი არცოდნაა. ამიტომაც განკურნება მხოლოდ ღვთის შეცნობით მოხდება.
- თუ ადამიანი ნარკოტიკს ან სასმელს იმიტომ ეტანება, რომ პრობლემებს, ამ სამყაროს გაექცეს, თუ არ სურს რეალობაში ცხოვრება, არის თუ არა ეს ღვთისადმი უმადურობა? შეიძლება თუ არა ნარკომანს ან ლოთს უმადური ვუწოდოთ, რადგან ვერ აფასებენ ღვთისგან მოცემულ სამყაროს, ვერ აფასებენ იმ შანსს, რაც ღმერთმა უბოძა - მოიპოვონ სასუფეველი?
- ეს სიმართლეა, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ ამ ადამიანებს არ უნდა დავაკისროთ დიდი პასუხისმგებლობა. არ უნდა ვუთხრათ, შენ ხარ ღვთის ხატება და მსგავსება, შენ შებღალე შენში უფალი, არ გაქვს მისდამი მადლიერება იმიტომ, რომ მათ არ იცოდნენ ღმერთი. და ვინც არ იცის უფალი, ის ვერც ცოდვისგან თავის შეკავებას შეძლებს და მას არც ღმერთი მოსთხოვს პასუხს მკაცრად, მთელი სისავსით. პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, ადამიანებს დავანახოთ ღმერთი, შევაცნობინოთ, რომ ისინი უფლის ხატები არიან და მათი ვალია, ღვთისთვის სრულყოფილნი იყვნენ, რადგან თავად მაცხოვარი ამბობს: "იყვენით სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს". და, რაც მთავარია, ამ პიროვნებებს უნდა ვაჩვენოთ სიყვარული.
- საზოგადოება როგორ უნდა მოექცეს მათ, რა უფრო სწორია - მათი იზოლაცია, ცოდვის დაფარვა, აშკარა მხილება თუ მკაცრი ტონი?
- ამაზე ცალსახა პასუხის გაცემა შეუძლებელია. როგორც აღვნიშნე, მათ არ უნდა მოვთხოვოთ ყველაფერი სრული სიმკაცრით, სისავსით. არ უნდა ვაჩვენოთ, თითქოს ისინი ყველაზე საშინელი ადამიანები არიან და მათთან ურთიერთობა არ გვსურს. მახსენდება ერთი ეპიზოდი ნოეს ცხოვრებიდან. ის დათვრა და შიშველს ჩაეძინა. ეს მისმა შვილებმა დაინახეს, მაგრამ განსხვავებულად მოიქცნენ: ერთმა დაცინვა დაიწყო, მეორე კი მივიდა, მამას არ შეხედა, ისე დააფარა. ჩვენ არ უნდა ვიყოთ უმოწყალო მსაჯულები. ხშირად პიროვნებას, რომელსაც ცოდვაში ვხედავთ, ისე განვიკითხავთ, არც კი ვიცით, რამ მიიყვანა აქამდე. ამ ადამიანებს უნდა შევუქმნათ ისეთი გარემო, რომ, ერთი მხრივ, არც უარყოფას გრძნობდნენ და არც იმას, რომ ასე ყოფნა ნორმალური და მისაღებია. ჩვენი მთავარი მოვალეობა "ოქროს შუალედის" პოვნაა.
- რას იტყოდით ნარკოტიკების გამყიდველების შესახებ?
- ნარკომანიაზე დიდი ცოდვა აწვება ამ ნივთიერების გამავრცელებელს, ვინც ადამიანთა დაღუპვით, გზიდან გადადრეკით ფულს შოულობს. ასეთებს არ აქვთ უფლება, საკუთარი "ბედნიერება, კეთილდღეობა" სხვების უბედურებაზე ააგონ. თან მათი "ბედნიერებაც" ხომ ისევე დროებითი ილუზიაა, როგორც ნარკოტიკის მოქმედება. მათ ავიწყდებათ, რომ ყველა ადრე თუ გვიან მოკვდება, ქონება აქ დარჩება, იქ მხოლოდ მათ მიერ გაკეთებული საქმეები წაჰყვებათ და როცა უფალი პასუხს მოსთხოვთ თითოეული იმ ადამიანის სულზე, რომელიც მათ აცდუნეს, მერე ფული ვეღარ უშველით. დაფიქრდნენ ამ საკითხზე. ხომ არ შეიძლება მხოლოდ დღევანდელი დღით ვიცხოვროთ, მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობაზე, მხოლოდ ხორცზე ვიფიქროთ და სხვა ყველაფერი დავივიწყოთ. ასე ადამიანები ცხოველებს ემსგავსებიან, რადგან ყველა სხვა ქმნილებისგან განმასხვავებელს, აღმატებულს - სულს კარგავენ. ისინი მკვლელები არიან, მკვლელობის სწორ ცოდვას სჩადიან. მიჭირს კიდეც სიტყვების პოვნა ამ ყველაფრის გამოსახატავად.
გარდა ამისა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია მათ, ვინც ნარკოტიკისა და სასმლისკენ სხვებს უბიძგებს. ასე ისინი ლოთობის, ნარკომანიის ტოლფას ცოდვას სჩადიან და ემსგავსებიან ეშმაკს, რომელიც დღენიადაგ კაცთა შეცდენას ცდილობს.
- ბევრს, რომელიც აცნობიერებს ამ ცოდვას, მისგან თავის დაღწევა სურს, მაგრამ ფიზიკურად არ შეუძლია. როგორ ფიქრობთ, რამდენად შედეგიანია სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობა?
- მიჭირს თქმა, რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს ამ ადამიანთა იზოლაცია. იზოლირება უნდა მოხდეს არა იმ მოტივით, თითქოს კეთროვნები არიან, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მათ დავეხმაროთ, რათა მოსწყდნენ გარემოს, სადაც სცოდავენ. ცენტრები, ცხადია, უნდა არსებობდეს, მაგრამ თუ ადამიანის სურვილი არ იქნა, არაფერი გამოვა. მინახავს ისეთებიც, ვინც ამ ცენტრებში მკურნალობდა და 1-2 წელი არ სვამდა, არ იკეთებდა ნარკოტიკს, მაგრამ მერე ისევ დაიწყო. თუ პიროვნებამ არ იგრძნო პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე, ვერ მიხვდა, რომ უფალია ერთადერთი, ვინც მუდამ მასთანაა, ვინც მის გულშია, ვერ გამოსწორდება. მას შეუძლია დაემალოს შვილებს, მშობლებს, მეუღლეს, ხალხს, მაგრამ უფალს ხომ ვერსად გაექცევა? გამოჯანმრთელებაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის პიროვნება დანაშაულს და პასუხისმგებლობას გრძნობს ღვთისადმი. სარეაბილიტაციო ცენტრებში, პირველ რიგში, უნდა ხდებოდეს სულიერი რეაბილიტაცია. ჩემი აზრით, დასახვეწია მათი მკურნალობის მეთოდიკა, ტაქტიკა, მკურნალობა არ უნდა იყოს მხოლოდ მედიკამენტური. ექიმები, უპირველესად, უნდა დაეხმარონ პაციენტს ამ პასუხისმგებლობის გააზრებაში. ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ ცენტრებში მოძღვრებიც იმოღვაწებენ.
- თუ არის შემთხვევები, რომ ამ ადამიანებს ეკლესიამ უშველა.
- ბევრს ვიცნობ ისეთს, ვინც მივიდა ეკლესიაში და ამ სნეულებისგან განიკურნა. განიკურნა ღვთის რწმენის გამო. ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ შედეგიანი. მათ ეკლესია, პირველ რიგში, პასუხისმგებლობის შეგრძნებაში ეხმარება. ტაძარში არის უდიდესი სიწმინდე - უფლის სისხლი და ხორცი. ამიტომ წარმოუდგენელიც კია, ვინც ამ მადლს შეიგრძნობს, ცოდვაში დარჩენა ისურვოს.
- უწმინდესმა მღვდლებს დაავალა, რომ ამ ადამიანებისთვის ტაძარში საგანგებო ლოცვები ჩაატარონ.
- დიახ, კვირის განმავლობაში სხვადასხვა ტაძარში ამ ცოდვათა წინააღმდეგ ტარდება პარაკლისები, ზოგან წირვაც კი. არსებობს ღვთისმშობლის ხატი "შეუსმელი ბარძიმი". მასზე სწორედ ლოთობისა და ნარკომანიისგან განსაკურნებლად ლოცულობენ. მე ვურჩევდი ყველას, განსაკუთრებით ამ ავადმყოფთა ახლობლებს, ილოცონ ამ ხატის წინაშე, სთხოვონ დედა ღვთისმშობელს განკურნება, დაესწრონ პარაკლისებს, წირვა-ლოცვას და უფალი მათ ვედრებას აუცილებლად შეიწირავს. შეიძლება დღეს და ხვალ არა, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შავნაბადას მონასტერმა იტვირთა ასეთი ადამიანების დახმარება. მათ აქვთ სერიოზული შედეგები. ჩემთანაც ბევრი მოდის და მთხოვს, რომ რომელიმე მონასტერში გავუშვა, რადგანაც სურთ ცოტა ხნით მაინც მოსწყდნენ იმ წრეს, გარემოს. მონასტერში ბევრი სხვანაირად იწყებს აზროვნებას, რჩებიან თავთან მარტო და სერიოზულად ფიქრობენ. ეკლესია ხელს უწყობს ამ ყველაფერს. ზოგჯერ საზოგადოება ფიქრობს, რა უნდათ ამ ეკლესიაშიო. მინდა მაცხოვრის მაგალითი გავიხსენო. ის სვიმონ ფარისეველთან მივიდა. ამ დროს მოვიდა მეძავი, რომელმაც ქრისტეს ფეხთა ბანა დაუწყო. სვიმონმა იფიქრა, თუ ეს წინასწარმეტყველია, უნდა მიმხვდარიყო, ვინ ბანს ფეხებსო. მაშინ ქრისტემ უპასუხა, რომ ამ ქვეყანაზე მოსული იყო არა მართალთა, არამედ ცოდვილთა განსაკურნებლად. ასე რომ, ეკლესია არის ადამიანთა განსაკურნებელი ადგილი და თუ იქ ნარკომანი ან ლოთი დაინახეთ, კი არ უნდა განიკითხოთ, არამედ გაგიხარდეთ, ერთი მათგანი მაინც თუ დაადგება ჭეშმარიტების გზას.
- თუ ადამიანი მოვიდა ეკლესიაში, მაგრამ მაინც ვერ ეშვება ცოდვას, შეიძლება მისი ზიარება?
- ეს არის სამოძღვრო პრაქტიკის საკითხი და ის ყველამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ერთს ვიტყოდი: ამან არ უნდა მიიღოს პერმანენტული ხასიათი - ადამიანი აგრძელებდეს სმას, ნარკომანიას, პარალელურად ტაძარში დადიოდეს და ეზიარებოდეს. მასზე ღვთის სისხლის და ხორცის მიღებამ გარკვეული გავლენა უნდა იქონიოს. უნდა გააცნობიეროს, თუ რას იღებს. უფრო სწორად, ვის იღებს. სხვაგვარად, ის დაეჩვევა მუდმივად ცოდვის პირობებში ზიარებას. ამან შეიძლება მისი მოდუნება გამოიწვიოს. ეს კი ბრძოლაში დამარცხების წინაპირობაა.
- ზოგიერთ ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება ნებადართულია. სწორია ამის ლეგალიზება? არსებობს მოსაზრება, რომ ასე მომხმარებელთა რიცხვი შემცირდება, ვინაიდან გაქრება ნარკოტიკისადმი ცხოველური ინტერესი.
- ჩემი აზრით, ეს ყოვლად დაუშვებელია. პირიქით, ლეგალიზებით პრობლემა არ აღმოიფხვრება. ასე შეიძლება ის ისეთმა ადამიანებმა გასინჯონ, რომელთაც, არალეგალიზების შემთხვევაში, ეს აზრადაც არ მოუვიდოდათ.
- მაშ, როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას?
- ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა შეძლოს მაქსიმალურად შეამციროს გამსაღებელთა რიცხვი. ცხადია, არავის გვაქვს ილუზია, რომ ოდესმე ნარკოტიკს აღარავინ გაყიდის, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, ის ბევრად უფრო რთულად მოსაპოვებელი გავხადოთ. დღესდღეობით, თუ მატერიალური შესაძლებლობა გაქვს, ნარკოტიკის ყიდვა პრობლემა არ არის, ასეთ პირობებში ნარკომანიას ბრძოლა რომ გამოვუცხადოთ, სასაცილოც კია.
- სწორად მიგაჩნიათ თუ არა ნარკომანთა და ლოთების დაჭერა?
- პრობლემას ვერც ასე ვუშველით. ამ ადამიანებს რაიმესი რომ ეშინოდეთ, ნარკოტიკს არასდროს გაიკეთებდნენ. ისინი ხომ სრულიად გააზრებულად მიდიან უდიდეს რისკზე და სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ.
- სწორია თუ არა ძლიერი ტკივილების დროს გამაყუჩებლად ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენება, ნარკოტიკების მედიცინაში მოხმარება?
- ორმა რამემ შეიძლება გადაატანინოს ადამიანს ფიზიკური სნეულება: რწმენამ, ძლიერმა სულიერებამ, ან ტკივილგამაყუჩებლებმა. არ შეიძლება, როცა ადამიანს აუტანელი ტკივილები აქვს, წამალი არ მივცეთ. თუ ავადმყოფს აქვს ძლიერი რწმენა (ასეთები დღეს ერთეულები არიან), მან შეიძლება დაითმინოს, მაგრამ ჩვენთვის ეს განუხორციელებელია. ამის გაკეთება არავის მოეთხოვება. ასე რომ, ძლიერი ტკივილებისას ნარკოტიკული წამლების მოხმარება ეკლესიის მიერ დაშვებულია და ის ცოდვად არ ითვლება. მით უმეტეს, რომ ავადმყოფი ნარკოტიკებს არ იკეთებს საკუთარი სიამოვნებისთვის, ვნების გასაძლიერებლად.
ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
გვანცა გოგოლაძე