აკვამლებული პაპიროსი ან სიგარა წარმატებული ბიზნესმენის ხელში მართებულად აღიქმება ჩვენს მიერ, როგორც დასავლური ცივილიზაციის სიმბოლო. სიგარეტის რეკლამაში გვპირდებიან, გადააქციონ ჩვენი ცხოვრება ბედნიერი წუთების უწყვეტ ჯაჭვად, გვხვდება მრავალი პლაკატი, ხოტბას რომ ასხამენ ამა თუ იმ სიგარეტის ღირსებას. "პაემანი ამერიკასთან", "ნამდვილი ამერიკა" - ღაღადებენ წარწერები უზარმაზარ პანოებზე, სადაც აღბეჭდილია მანჰეტენის ცათამბჯენთა პერსპექტივა, კოვბოები და მოტოციკლისტები შორეული დასავლეთის მტვრიანი პეიზაჟების ფონზე.
ამერიკა - წარმატების ქვეყანა, ადგილი, სადაც თავმოყრილია ყოველივე საუკეთესო, რაც კი დედამიწაზე არსებობს, სადაც ნამდვილი ადამიანები ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრობენ და რომლებიც ამერიკული დოლარებით ამერიკულ სიგარეტებს ყიდულობენ.
თუკი სიგარეტი თავისთავად იზიდავს და არ განიცდის მომხმარებლის ნაკლებობას, მისი შეერთება "ნამდვილი ამერიკული კეთილდღეობის მითთან" კიდევ უფრო ამძაფრებს სურათს და ამრავლებს მისი ჩასუნთქვის მსურველთა რიცხვს.
საგულისხმოა სიგარეტის წევის ისტორია. მისი წარმოშობა ადასტურებს, რომ ამ ვნებას მხოლოდ დემონთა დახმარებით შეეძლო საზოგადოებაში ფეხის მოკიდება. სწორედ ამიტომ არავითარ წამებას და სასჯელს არ შეეძლო, ადამიანი ამ მავნე ჩვევისაგან ეხსნა.
1492 წლის 12 ოქტომბერს, როდესაც ქრისტეფორე კოლუმბი კუნძულ სან-სალვადორს მიადგა, ის და მისი თანამგზავრები შეძრა უჩვეულო სანახაობამ - აბორიგენები პირიდან და ცხვირიდან კვამლს უშვებდნენ. საქმე ის იყო, რომ ინდიელები აღნიშნავდნენ "წმინდა" დღესასწაულს, რომელზეც ისინი სრულ გაბრუებამდე ეწეოდნენ განსაკუთრებულ ბალახს. ამ მდგომარეობაში ისინი კავშირს ამყარებდნენ დემონებთან და შემდეგ ჰყვებოდნენ, თუ რას ეუბნებოდა მათ "დიადი სული".
სამშობლოში დაბრუნებულმა ესპანელმა მეზღვაურებმა ევროპულ საზოგადოებას ზემოაღნიშნული "სიამოვნება" გააცნეს.
ამგვარად, თამბაქოს წევის ჩვეულება კერპმსახურებიდან იღებს სათავეს.
და აი, ეშმაკთა მონაწილეობითა და ფარული ხელშეწყობით, მთელ ევროპასა და აზიაში დაიწყო თამბაქოს ციებ-ცხელება. რას აღარ აკეთებდნენ მთავრობა და სასულიერო პირები, რომ ეს ბოროტება აღეკვეთათ: დაწესებული იყო ეკლესიიდან განკვეთა, დამნაშავეთა სიკვდილით დასჯა და მათი პირში ჩიბუხგაჩრილი თავების გამოფენა, თამბაქოთი მოვაჭრეების ცოცხლად დაწვა, ცხვირისა და ტუჩების დაჭრა, გადასახლება...
არცთუ უსაფუძვლოდ მოიკიდა ფეხი თამბაქოს მეტსახელმა "სატანის საკმეველმა". გადმოცემის თანახმად, როდესაც ძველი აღთქმის ეკლესიაში მოსე წინასწარმეტყველის დროს (XIX ს. ქრისტეს შობამდე) დაწესებულ იქნა კანონიკური ღვთისმსახურება საკმევლის გამოყენებით, სატანამ, რომელიც ღმერთისადმი თავისი სიძულვილით ვერასოდეს აღემატება ღვთის საქმეთა კარიკატურულ მიბაძვას, აიძულა თავისი მიმდევარი ეშმაკები, საკუთარი ბაგეებით ეკმიათ მისთვის. ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ მოწევის მიმართ უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება უწინარეს ყოვლისა სასულიერო პირებმა გამოხატეს. თუთუნის წევისა და ყნოსვის ჩვევა ჯერ კიდევ პეტრე დიდის დროს განისჯებოდა როგორც უღვთო და ეშმაკისეული საქმე, ხოლო როდესაც ერთმა რუსმა ვაჭარმა 1697 წელს, პეტრეს საზღვარგარეთ გამგზავრების წინ, მთავრობისგან თამბაქოს გაყიდვის მონოპოლია შეიძინა, პატრიარქმა ადრიანემ იგი მთელი ოჯახითა და შთამომავლობითურთ განკვეთა ეკლესიიდან და მისი გვარი საუკუნოდ დაწყევლა.
თამბაქო, როგორც არაწმინდა და ანტირელიგიური მოვლენა, რუსეთში XVII საუკუნის ბოლომდე აკრძალული იყო პატრიარქის მიერ, ხოლო ერთი მოგზაურის შენიშვნით, არც ერთი მღვდელი არ შედიოდა თამბაქოთი გაბოლილ ოთახში. ამას შეიძლება დაემატოს ისიც, რომ საუკეთესო რუსი მღვდელმთავრები XVII-XIX საუკუნეებისა ლმობიერად ეკიდებოდნენ მოწევის "მეცნიერებას" ერისკაცთა შორის (როგორც ჩანს, ამ ბოროტების საყოველთაო გავრცელების გამო), მაგრამ ძალიან მკაცრნი იყვნენ, როდესაც საქმე სასულიერო პირებს, განსაკუთრებით კი მღვდელმსახურებს ეხებოდა.
რას წარმოადგენს მოწევა სულიერი თვალსაზრისით და რა ზიანი მოაქვს ადამიანის სულისა და ხორცისთვის?
ეს არის ცოდვა, რომლის სათავეც თვითტკბობისკენ მიდრეკილებაში უნდა ვეძებოთ. რის გამოც არ უნდა ეწეოდეს ადამიანი - ნერვული თუ გონებრივი დაძაბულობის მოსახსნელად, მეგობრული თუ საქმიანი ურთიერთობის დასამყარებლად, ალკოჰოლის მიერ მოგვრილი თრობის დროს დამატებითი სიამოვნების მისაღებად (მრავალნი მხოლოდ დალევის დროს ეწევიან) და ბოლოს - მოჩვენებითი თვითდამკვიდრებისთვის (რაც მოზარდთა მწეველად ჩამოყალიბების მიზეზი ხდება), ფაქტი ერთია: თამბაქო სასიამოვნოდ გვეჩვენება, იწვევს გამეორების სურვილს და ასე თანდათანობით ყალიბდება ჩვევა - დამღუპველი ვნება საბრალო მწეველს თავის ბადეში ახვევს.
მოწევა სულიერი ვნებაა: მოწევის სურვილი ადამიანს ბუნებრივად არ ახასიათებს (როგორც, მაგალითად, ჭამის, სმის, ოჯახის ყოლისა). შეიძლება ითქვას, რომ მოწევა ლოცვის ერთგვარი ანტიპოდია. ლოცვა წმინდა მამებთან სულის სუნთქვად იწოდება, ის ახდენს ადამიანის ყურადღების კონცენტრაციას თავის თავსა და ღმერთზე, ჰგვრის მას ჭეშმარიტ სიმშვიდეს, იწვევს გონებისა და გულის განწმენდას, სულიერი ძლიერებისა და მხნეობის შეგრძნებას.
მოწევა, რომელიც სხეულის სუნთქვასთან არის დაკავშირებული, იწვევს ამ გრძნობათა სუროგატს. ის ანტიპოდია ლოცვის სიმბოლოსი - კეთილსურნელოვანი გუნდრუკის კმევისა. თამბაქო ადუნებს სულს, ამრავლებს და აძლიერებს ვნებებს, აბნელებს გონებას და ნელი სიკვდილით ანგრევს ჯანმრთელობას. გაღიზიანებადობა და სევდა - ეს შედეგია თამბაქოს წევისაგან ავადმყოფურად განმცდელი სულისა.
მოწევა მკვლელობადაც შეიძლება ჩაითვალოს და თვითმკვლელობადაც ორი მიზეზით: ჯერ ერთი, მწეველი ჰაერს თამბაქოს კვამლით აბინძურებს და ავტომანქანებისა და ქარხნების გამონაბოლქვთან ერთად მას სუნთქვისთვის უვარგისს ხდის. ამასთან, არა აბსტრაქტული კაცობრიობის, არამედ მის უშუალო სიახლოვეს მყოფი ადამიანებისათვის. და თუკი საწარმოო და სატრანსპორტო ნარჩენების არსებობა ჰაერში ნაწილობრივ კიდევ შეიძლება გავამართლოთ ადამიანთათვის სასარგებლო საქმიანობით, ჩვენი ბინების, ოფისებისა და სხვა ადგილების გაბოლვას იმ უცოდველ სიამოვნებას უნდა ვუმადლოდეთ, რომელზე უარის თქმაც ზოგიერთს ჩვენს ახლობელს რაღაც უსუსური მიზეზების გამო არ ძალუძს.
მწეველები მოწევით გამოწვეული პაუზების გამო საერთო ჯამში უფრო ცუდად და ნაკლებს მუშაობენ, უფრო ხშირად, მძიმედ და დიდხანს ავადმყოფობენ, უფრო ადრე იხოცებიან. გარდა ამისა, ხანძრების დაახლოებით მესამედი, - ეს უკვე ზუსტად არის დადგენილი, - მათი მიზეზით ხდება.
მეორე მიზეზი, რომელიც ნებას გვაძლევს, მოწევა მცნების "არა კაც ჰკლა" - დარღვევად ჩავთვალოთ, სულიერია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თამბაქოს წევა ვნებაა. რა არის ვნება საერთოდ და როგორია ამ სიტყვის მნიშვნელობა? ვნება მამათა ნაწერებში ეწოდება ცოდვის მატარებელ, ბილწ მიდრეკილებას, რომელიც ხანგრძლივი აყოლის გამო როგორღაც შეესისხლხორცა, ჩვევად, "მეორე ბუნებად" გადაექცა სულს. იმდენად ძლიერია სულზე ამ ჩვევის ზემოქმედება, რომ სავსებით დამაჯერებელ, საღ, ლოგიკურ მსჯელობასაც კი არ შეუძლია, წინ გადაეღობოს მას. გამოდის, რომ ადამიანი მთელ თავის ძალისხმევას, მთელ ძალასა და სურვილებს მიმართავს სიამოვნების მისაღებად, რომელზეც ჩვევის ძალითაა მიბმული მისი სული. ყველაზე ძლიერი არგუმენტი - სინდისის ხმა - უსუსური ხდება, რადგან აწყდება მრავალრიცხოვან, ეშმაკურ თავის მართლებათა კედელს, რომელსაც თავად ვაგებთ, რომ როგორმე არ ვაღიაროთ ჩვენი მანკიერება და ის უწყინარ ჩვევად წარმოვაჩინოთ. ამიტომაც არის, რომ ყოველგვარი არგუმენტი მოწევის წინააღმდეგ უძლურია. ცოტას თუ დახმარებია მოწევის ვნებისგან განკურნებაში თვით ყველაზე დამამცირებელი ფაქტებიც კი, მაგალითად, ის, რომ ადოლფ ჰიტლერი მოწევას (ლოთობასთან, პორნოგრაფიის დანერგვასა და აბორტების ნებადართულობასთან ერთად) დაპყრობილ ტერიტორიებზე ხალხის დამონების უმძლავრეს იარაღად მიიჩნევდა. "მხოლოდ არაყი და თამბაქო!" - მოუწოდებდა ის თავის 1942 წლის დეკლარაციაში.
განსაკუთრებით დამღუპველია მოწევის ვნება, თუკი იგი ყმაწვილობიდანვე გაგიჯდება.
ზოგიერთი ათონელი ბერი იმდენად რადიკალურია, მწეველ მომლოცველებს აღსარებაზე არც კი იღებს - მიიჩნევს, რომ თუ ადამიანს არ შეუძლია თამბაქოს მიტოვება, მით უფრო ვერ შეძლებს იგი სხვა ცოდვილ მიდრეკილებათაგან განწმენდას.
მათთვის კი, ვისაც მოწევა მცირე ცოდვა ჰგონია, მოვიყვანთ ერთ შემთხვევას, რომელიც ცხადყოფს, რაოდენ საძაგელია იგი ღვთის თვალში.
XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც თურქებმა მართლმადიდებელ ბერძენთა უმრავლესობა მცირე აზიის ოლქებიდან გაასახლეს, სმირნის მახლობლად ასეთი შემთხვევა მოხდა: ერთ თურქ ყასაბს ღვთისმშობლის ძველი ხატი ჰქონდა, რომელსაც ხორცის საჭრელად იყენებდა. ერთმა მართლმადიდებელმა იხილა ეს, გადაწყვიტა, ხელი შეეშალა სიწმინდის შეურაცხყოფისთვის და ხორცთან ერთად იყიდა ხატიც, როგორც ჩვეულებრივი დაფა. შინ მიიტანა, გაწმინდა და სასტუმრო ოთახში კედელზე ჩამოკიდა. საუბედუროდ, ის მწეველი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ ძილში ყოვლადწმინდა ქალწული გამოეცხადა და გააფრთხილა: თუ არ შეწყვეტდა მისი ხატის შეურაცხყოფას სიგარეტის კვამლით, აჯობებდა, თურქისთვის დაებრუნებინა. დედა ღვთისამ არჩია, ყასაბს ხორცი დაეჭრა მის ხატზე, ვიდრე მართლმადიდებელ ქრისტიანს ბილწი "სატანის საკმეველი" ეკმია მისთვის.
ქრისტიანი მიხვდა თავის ცოდვას და მას შემდეგ აღარასოდეს მოუწევია.
მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა