თავისი ხვედრით მუდმივად უკმაყოფილო ადამიანი უფალს ყვედრის
ერთ-ერთი ლპობადი რტო, რომელიც პირველქმნილი ცოდვის შედეგად დანერგილ უკეთურების ხეზე ამოიზარდა, ყვედრების ცოდვაა.
ყვედრების ცოდვილი ჩვევა, სამწუხაროდ, თითოეულ Gვენგანს გვახასიათებს, ზოგჯერ გაუცნობიერებლად, გაუაზრებლადაც კი აღმოვGნდებით მაყვედრებლის მდგომარეობაში. ყვედრება ორი სახის არსებობს: მოყვასისა და ღვთისადმი მიმართული. ცხადია, ორივე შემთხვევაში ვცოდავთ, თუმცა უფლის მიმართ თუნდაც გაუცნობიერებლად წარმოთქმული ყვედრება ხარისხობრივად აღემატება მოყვასის ყვედრებას...გვესაუბრება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან არსებული ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით შენგელია:
- ღვთის ყვედრება ბიბლიური ცხოვრების დასაწყისიდან გაისმა. როდესაც ღმერთმა პირველი ადამიანები შექმნა, მათ ყველაფერი მისცა - უფლება ედემის ბაღში მეუფებისა, ყველანაირი ასპარეზი სულიერებისა: სიყვარულისა, სიმშვიდისა, სიხარულისა... ვიცით, რომ ეშმაკმა იმძლავრა, გადაწყვიტა, ჩამოეშორებინა ადამიანი შემოქმედისთვის, შეძვრა გველის სიცოცხლეში და მოახერხა, ეცდუნებინა ევა, ევამ კი შეაცდინა ადამი. როდესაც გულთამხილავმა უფალმა ეს დაინახა, შეეცადა, ადამიანი სინანულის გზით დაბრუნებოდა ღმერთს, მაგრამ აქ ადამიანმა გამოიჩინა სისუსტე - იმის ნაცვლად, რომ სინანულში ჩავარდნილიყო, ადამი ღმერთს მიმართავს - შენ რომ დედაკაცი მომეცი, იმან მაცდუნაო. ეს იყო უფლის ყვედრების პირველი გამოვლინება ადამიანის მხრიდან. ევაც, იმის ნაცვლად, რომ სინანული დაუფლებოდა, ყველაფერს გველს, შესაბამისად - ეშმაკს, აბრალებდა. ყვედრება იყო დასკვნითი აქტი ღვთის ურჩობისა, დასტური იმისა, რომ ადამიანმა ცოდვაში დარჩენა აირჩია. ამ საქციელით ადამიანი დაშორდა ღმერთს, უარი თქვა უფალზე. ადამიანსა და უფალს შორის უზარმაზარი უფსკრული გაჩნდა.
- პირველი ადამიანების მხრიდან ყვედრების გამოვლინების მთავარი მიზეზი ხომ ამპარტავნება იყო. ცხადია, დღემდე ამპარტავნება შობს ყვედრებას, ამ ცოდვილ ჩვევას ღვთისა და მოყვასის მიმართ...
- პირველი ყვედრების უმთავრესი მიზეზი, როგორც ვთქვით, ადამიანური სისუსტე იყო, რომელიც ამპარტავნების სახით გამოვლინდა. ნაცვლად იმისა, რომ მორჩილებით ეპასუხათ და თავმდაბლობით გამოესყიდათ დანაშაული, სულის სიღრმეში ჩაბუდებული ამპარტავნების გამო ყვედრებაც კი გაუბედეს უფალს. ამპარტავნება საწყისია, ფუნდამენტია სიცივისა, გულგრილობისა, სიძულვილისა, რამაც ადამიანში შემდგომ ურწმუნოება ააშენა, კაცი უსჯულოებამდე მიიყვანა. ცხადია, ამპარტავნებას დღემდე ამგვარი დამღუპველი თვისება აქვს.
ყვედრებამ წარმოაჩინა ადამიანის უსუსურობა და სისუსტე. ამპარტავნებაზე დაფუძნებული ყვედრება, როგორც ვთქვით, ადამიანის სუსტი ბუნებიდან ამოიფრქვა და წალეკა ის სიყვარული, რომელიც უფალმა ორი ადამიანის სულში დანერგა. ამის გამოსყიდვის ერთადერთი საშუალება სინანული იყო. ყვედრებითა და უსინანულობით დაუძლურდა ადამიანის ბუნება, სულიერება. ერთ-ერთი რტო, რომელიც ამპარტავნებამ ადამიანის ცხოვრებაში გამოიღო, სწორედ ყვედრება გახლდათ. შეიცვალა ადამიანის კეთილშობილური ბუნება, რომელიც შემოქმედმა მასში შესაქმის ჟამს ჩადო და შეიცვალა მისი დამოკიდებულებაც სიკეთის მიმართ. თუკი ცოდვით დაცემამდე ადამიანი მხოლოდ სიკეთისკენ იყო მიმართული, ცოდვისმქმნელობის, ბუნების ცოდვისკენ მიდრეკის შემდეგ უკეთურების ქმნას ამჯობინებს, ცოდვის ჩადენა უფრო სიამოვნებს და ეადვილება.
- დაცემული ანგელოზის ქმედებაში, ღვთის შეწინააღმდეგებაშიც თუ შეიძლება დავინახოთ უფლის მიმართ გამოვლენილი ყვედრება?
- ლუციფერის ქმედებაშიც გაისმა ღვთისადმი ყვედრება, როდესაც მან აღიმაღლა თავი, წარმოიდგინა, რომ შეიძლებოდა სამყაროში უფალივით ყოფილიყო. მან პირველმა ამოიღო ცოდვის მახვილი და მიმართა ზეცას, უკვდავებას, მარადიულ სიყვარულს, მარადიულ ცხოვრებას და ცოდვაში ჩაიგდო თავი. დაცემის წუთიდან დღემდე დაცემული ანგელოზი ამპარტავნებასა და ღვთის ყვედრებაში იმყოფება - როგორ თუ არ არის, ვითარცა ღმერთი. უფალთან დაშორების შემდეგ დაცემული სულების ჯავშანი სიძულვილია, გარშემორტყმულნი არიან ამ გრძნობით და დაუკარგავთ სიკეთის აღქმის უნარი. ამპარტავნების გამო უფალთან ყველაზე ახლოს მდგომმა ანგელოზმა ვერ შეინარჩუნა ის ჯილდო, რომელიც შემოქმედმა მიანიჭა, ვერ შეიმეცნა თავისი უკეთური ნება და შეეწინააღმდეგა უფალს. ამით ყვედრებაც გამოავლინა.
- კაცობრიობის მიერ მხსნელის, მაცხოვრის მიმართ გამოვლენილი უმადურობაც გავიხსენოთ, რაც ადამიანთა სახსნელად მოსული განკაცებული უფლის ჯვარცმით დაგვირგვინდა...
- ცოდვით დაცემის შემდეგ უფალმა ადამიანები კი არ მიატოვა, არამედ ჩამოაშორა სამოთხის ბაღს, სამოთხის მშვენიერებას. ამით დაანახა, რომ ვიდრე სინანულის გრძნობამდე არ მივლენ, ვერ ეღირსებიან სამოთხეში დამკვიდრებას. უფალმა გამოიჩინა კაცთმოყვარეობა და ჩამოვიდა დედამიწაზე ადამიანთა სახსნელად. როდესაც ახალი აღთქმის პერიოდი იწყება, მაცხოვარი გამოდის ხალხში და იწყებს ქადაგებას. განსაკუთრებულს არაფერს ითხოვს - მოუწოდებს სინანულისკენ, სურს, ხალხში გააღვიძოს სინანულის გრძნობა, რომელიც ადამიანს ცოდვით შებოჭილობისგან ათავისუფლებს, მაგრამ მას ცივად დახვდნენ. მწიგნობრები, განათლებული საზოგადოება, იმდროინდელი იმპერიის მესვეურები ვერ ხედავდნენ, რაოდენ მარტივად მოუწოდებდა მაცხოვარი ადამიანებს - მხოლოდ ვილოცოთ, მხოლოდ გვიყვარდეს ერთმანეთიო... მოუწოდებდა თავმდაბლობისა და სიყვარულისკენ, ეცხოვრათ არა გადაბრალებითა და ყვედრებით, როგორც ეს ადამსა და ევას დაემართათ, არამედ ყოფილიყვნენ მორჩილნი და სინანულში მყოფნი, რაც იქნებოდა სულიერი ამაღლების, მათში უზარმაზარი სიკეთის აღმოჩენის საშუალება. სწორედ ეს ვერ შეითვისა ადამიანურმა ბუნებამ, სინანულის აუცილებლობა ვერ დაინახეს მაცხოვრის მოწოდებაში. ამიტომაც იყო, რომ გულგრილად, გაქვავებული გულით წარდგნენ ღმერთის წინაშე. თავიანთი ქმედებით აგრძნობინეს - არ გვჭირდებიო. მტრადაც კი მიიჩნიეს. ცდილობდნენ, საზოგადოებისგან მოწყვეტილი ყოფილიყო, მის ნათქვამს აქარწყლებდნენ და თავიანთი მწიგნობრული აზროვნების ახალ იდეებს ახვევდნენ თავს ხალხს. იმდროინდელი ეპოქის ადამიანთა ქედმაღლურ საქციელში ჩვენს სახსნელად მოსული უფლის მიმართ ყვედრებაც გამოვლინდა.
- გამოხსნის შემდეგ თითოეულს მიეცა შესაძლებლობა, სძლიოს ცოდვებს, განიწმინდოს ნებისმიერი ცოდვისა თუ ცოდვილი ჩვევისგან, რაც, თავისთავად, ყვედრებასაც გულისხმობს. ვიცით, რომ ამ დრომდე ადამიანს ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა...
- თუკი ადამიანი ჩაიხედავს საკუთარ გულში და აღმოაჩენს, რომ მასში მძლავრად არის სარეველა ბალახი სხვადასხვა ცოდვის სახით, შეიმეცნებს ცოდვებს და ეცდება თავისი ცხოვრებიდან, თავისი ცნობიერებიდან მათ ამოძირკვას, აუცილებლად დაუბრუნდება იმ სულიერ სისუფთავეს, რომელიც ადამს ჰქონდა ცოდვით დაცემამდე. ეს არ იქნება ერთჯერადი აქტი, არამედ ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ამ მდგომარეობის მიღწევის შესაძლებლობა გვაქვს, რადგან ეს არის უკვდავება, უფალი კი გზას არ გვიკეტავს უკვდავებისა და მარადიულობისკენ. მთავარია, ადამიანმა ჩაიხედოს საკუთარ თავში, იმუშაკოს, იღვაწოს და ამოძირკვოს თავისი არსებიდან მანკიერი თვისებები.
- ღვთის მიმართ ყვედრების მიზეზად ხშირად იქცევა სხვადასხვაგვარი განსაცდელი. ზოგჯერ ადამიანს მიწიერი, ყოფითი მდგომარეობაც არ აკმაყოფილებს...
- ადამიანებს მართლაც გვახასიათებს უფლის ყვედრება - ხშირად უკმაყოფილებას გამოვთქვამთ - როგორ თუ ღმერთმა თხოვნა არ შეგვისრულა; სხვას უფრო დიდი ნიჭი, მიწიერი სილამაზე ან უკეთესი მატერიალური მდგომარეობა მისცა. არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლის ფარი და მახვილი ყვედრებაა, მუდმივად უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით, თავისი ხვედრით. ვერც კი ხვდება, რომ ამგვარი დამოკიდებულებით უფალს აყვედრის და ეს ეშმაკისგან ჩაგონებული, მანკიერი მდგომარეობაა. ამქვეყნად ყველაფერი უფლის სურვილითა და ნებით ხდება. მთავარია, უფლის ყოვლადკეთილ ნებას მოვარგოთ ჩვენი თავისუფალი ნება და ყველაფერს მართებულად შევიმეცნებთ.
ზოგჯერ ადამიანი, რომელიც მოუმზადებელი აღმოჩნდება განსაცდელთან შესახვედრად, გაუცნობიერებლადაც ხდება ღვთის მაყვედრებელი - თვლის, რომ არ იმსახურებს ამა თუ იმ განსაცდელს. ზოგჯერ განსაცდელში ჩავარდნილი საყვედურსაც გამოთქვამს უფლის მიმართ. უნდა ვიცოდეთ, რომ განსაცდელი ღვთისგან გასავარჯიშებლად, სულიერი აღზრდისა და განმტკიცებისთვისაა მოვლენილი, რათა ადამიანმა უფალს მიყრდნობილმა იცხოვროს. ნებისმიერ განსაცდელს მოთმინებით უნდა შევხვდეთ და მადლობა შევწიროთ უფალს მისი მოვლინებისთვის, იმისთვის, რომ განსაცდელს ასეთი მაკურნებელი ძალა მისცა, რომელიც ადამიანს გამოსასწორებლად სჭირდება.
- ყვედრების მიზეზად ხშირად მოყვასისთვის გაკეთებული კეთილი საქმეებიც იქცევა...
- ხშირად ადამიანები სიკეთეს ანგარებით აკეთებენ და იქვე ელიან საზღაურს. სიკეთისა და მოყვასისადმი ამგვარი დამოკიდებულება შეზღუდული აზროვნებისა და ნაკლოვანებების მიმანიშნებელია.
ზოგჯერ კაცი მართლაც გულით ეხმარება მოყვასს, მაგრამ თუკი მისი სიკეთე ან ვერ დაინახეს, ან მადლიერება არ გამოხატეს, ყვედრებას იწყებს. ამგვარი ქმედებით ფეხქვეშ ვთელავთ და წყალში ვყრით გაკეთებულ სიკეთეს. სიკეთეს ყვედრებით დავამძიმებთ და ჩავძირავთ ცოდვის უფსკრულში. ასეთი სიკეთე ვერასოდეს მისწვდება ზეცას. სიკეთე ფარულად, ღვთის სადიდებლად უნდა ვაკეთოთ და მის სანაცვლოდ აქ, დედამიწაზე კი არა, ზეცაში გველის სრული პასუხი, ღვთის მადლიერება. ჩვენ კი აქვე გვსურს შეგვასხან ქება-დიდება ჩვენი ადამიანობის გამო...
- მშობლებსა და შვილებს, დედმამიშვილებს შორისაც ხშირად იჩენს ხოლმე თავს ყვედრება. შეიძლება ითქვას, ეს ჩვენს საზოგადოებაში ერთ-ერთი გავრცელებული სულიერი სენია. თუკი მშობელმა რომელიმე შვილს მეტი გაუკეთა, ეს ოჯახში დაუსრულებელი ყვედრებისა და უთანხმოების საბაბად იქცევა...
- მართლაც, ხშირად ვხვდებით ამგვარი ფაქტების მოწმენი. სამწუხაროდ, ზოგიერთ შვილს მიაჩნია, რომ მშობლებს უფრო ნაკლებად უყვარს, ვიდრე მისი და ან ძმა. ეს არის ოჯახის მანკიერება, შედეგი ღვთისგან განდგომილი აზროვნებისა და შვილების მცდარი აღზრდისა. მშობლები არასწორ მიმართულებას აძლევენ შვილების სულიერ აღზრდას. მართებული ცხოვრების, მართებული აზროვნებისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის ადამიანის ცხოვრება ეკლესიურ ცხოვრებასთან უნდა იყოს შესისხლხორცებული.
- ქრისტიანის ერთ-ერთი მოვალეობა ალბათ ყვედრების დათმენაცაა, ჩვენი სარწმუნოება ხომ გვავალდებულებს, მივუტევოთ და შევუნდოთ მაწყინართ...
- როდესაც გვყვედრიან, ვეცადოთ, მოთმინებითა და სიყვარულით შევხვდეთ; ვიფიქროთ, რომ რაღაც დავაშავეთ, შევცოდეთ და ამიტომაც დაუშვა უფალმა, რომ გვაყვედრონ. უფალი ჩვენგან ისეთ ღვაწლსა და სიმტკიცეს არ მოითხოვს, რაც ჩვენს სულიერ შესაძლებლობას აღემატება. ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ, ჩვენი ნებისყოფის გამოსაცდელად და განსამტკიცებლად ხდება. თუკი მოვიწადინებთ, საკუთარ თავში აუცილებლად გამოვნახავთ რესურსს, რომ გავუმკლავდეთ ამ მდგომარეობას. განსაცდელებით ვიწრთობით და ვერკინებით ბოროტს, რომელიც ვერ გვაიძულებს, დავყვეთ მის უკეთურ ნებას და ამა თუ იმ ცოდვისკენ, ამ შემთხვევაში - მაყვედრებლის შეურაცხყოფისკენ მიგვდრიკოს.
ზოგიერთს მიაჩნია, რომ ვერ დაძლევს ამა თუ იმ ცოდვას. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ადამიანის გონება დაშორებულია უფალს. გულითა და გონებით ღმერთთან მყოფი ადამიანი თავისთავად მიჰყვება უფლის ნებას და ძალდატანების გარეშე ასრულებს მის მცნებებს.
- რამდენად მძიმე ცოდვაა ყვედრება?
- ყვედრება, მით უფრო, თუკი ღვთისადმია მიმართული, უმძიმესი ცოდვაა. ეს არის უფალთან შერკინება, უმადურობის გამოვლინება ღვთის მიმართ. სულის ამგვარი მდგომარეობით სიკეთეს, სიკეთის შემოქმედს ვებრძვით. ადამიანი უფალთან კი არ ბრუნდება, რაც მისი მიზანი და დანიშნულება უნდა იყო, არამედ უფსკრულისკენ მიექანება.
თუკი ადამიანში ყვედრებამ იმძლავრა, შესაძლოა, გამოუსწორებელ შედეგამდეც მივიდეს კაცი; როდესაც ადამიანი ღვთის ყვედრებას იწყებს, შესაძლოა, სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს და თვითმკვლელობამდეც კი მივიდე - აღმოჩნდეს სიცარიელეში, როდესაც არაფრის გაკეთების, სწორი აზროვნების უნარი აღარ ექნება, გამოფიტული და სულიერებისგან დაცლილი ეშმაკის მარიონეტად იქცევა, რომელიც ადვილად მოახერხებს მისი ცხოვრების, მისი სულის ჯოჯოხეთისკენ წარმართვას.
- რა არის ყვედრების საპირისპირო სათნოება?
- სულგრძელობა. თვით სიტყვა მიგვანიშნებს მის არსზე. სული უსასრულოდ დიდი, ვრცელი, მომთმენი და ყოვლისმომცველია. სულგრძელობა გამოხატავს ადამიანის დიდსულოვნებას; ამ სულიერ მდგომარეობაში მყოფი გარშემორტყმულია უსასრულოდ დიდი თავმდაბლობითა და სიყვარულით. ყვედრებიდან სულგრძელობის მდგომარეობაში გადასვლა ბოროტების ნაპირიდან სიკეთის ნაპირზე გადასვლას ნიშნავს, რასაც თავმდაბლობით, მორჩილებით, სიყვარულით შევძლებთ.
- ალბათ ეკლესიისა და მოძღვრის მორჩილების გარეშე ადამიანი ვერ დააღწევს თავს ყვედრების ცოდვილ ჩვევას...
- უფალმა საშუალება მოგვცა, ეკლესიური ცხოვრებით გამოვისყიდოთ ცოდვები, შევისწავლოთ საკუთარი თავი, დავინახოთ, ვინ ვართ და მივაღწიოთ სინანულს, გამოვიდეთ სულიერი ავადმყოფობის მდგომარეობიდან და აღსარების მეშვეობით განწმენდილნი მივუახლოვდეთ უფალს. ამქვეყნად უფალს ზიარების მეშვეობით მივეახლებით. ადამს და ევას ჰქონდათ საშუალება, ეხილათ ღმერთი და ესაუბრათ მასთან, ჩვენ კი განწმენდილი სულით, განწმენდილი გონებითა და სუფთა გულით განვიცდით უფალთან სიახლოვეს, ვიხარებთ იმით, რომ ჩვენში შემობრძანდა უფალი და მას გულსა და გონებაში ვატარებთ. შეიძლება ითქვას, ადამიანი უფალთან ფიზიკურ სიახლოვესაც აღწევს, როდესაც მის სისხლსა და ხორცს ეზიარება. ეს კი უპირველესად მოძღვრის მორჩილებით მიიღწევა, რომელიც სწორ გზაზე გვაყენებს და ეკლესიურად გვაცხოვრებს.
P.S. რამდენიმე თვის წინ, 2009 წლის 30 აგვისტოს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი დავით შენგელია ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იგი აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. "კარიბჭის" რედაქცია ულოცავს მამა დავითს ამ საპატიო ჯილდოს.