ბილწმეტყველება ცოდვაში ჩავარდნის შედეგია. პირველქმნილმა ადამიანმა ცოდვით დაცემის შედეგად სამოთხისეული ყოფიერება დაკარგა და ადვილად დაემორჩილა ცოდვას. მათ შორის ერთ-ერთია ბილწსიტყვაობა.
გვესაუბრება წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარი მამა თეიმურაზი (თათარაშვილი):
- მამაო, ამბობენ, როდესაც ადამიანი ქცევით აღარ სცოდავს, ბრძოლა გადაინაცვლებს შიგნით, გულში და გაბრაზებული სხვის სიტყვიერ შეურაცხყოფას იწყებს, რაც ხშირად ბილწმეტყველებაშიც გამოიხატება.
- ბილწსიტყვაობა, როგორც ცოდვა, ადამიანის ღრმა ფსიქოლოგიური კრიზისის გარეგანი გამოხატულებაა. როდესაც ესა თუ ის პიროვნება გარკვეულ სიტუაციაში ვერ ახერხებს რაიმე დაბრკოლების ან გასაჭირის დაძლევას, შინაგან შფოთს ბილწსიტყვაობით გამოხატავს. ზოგიერთს მის გარეშე ცხოვრებაც აღარ შეუძლია. ასეთი კატეგორიის ადამიანი ყოველდღე უამრავი გვხვდება, განსაკუთრებით მოზარდი. მაგალითად, ბიჭი, რომელიც შედის ყმაწვილკაცობაში, ხშირად ექცევა უფროსი თაობის ზეგავლენის ქვეშ. სწავლობს მათ სამეტყველო ლექსიკას, შინაგანად უჩნდება მიბაძვის სურვილი, რადგან ხვდება, რომ ასეთებს უფრო იოლად გააქვთ თავი და თანატოლებში ავტორიტეტს მოიპოვებენ. ამიტომაც ცდილობს, მარჯვედ გამოიყენოს სხვადასხვა მავნე ჩვევა, მათ შორის ბილწმეტყველებაც. შემდეგ ეს ყოველდღიური ცხოვრების წესი ხდება და მისგან თავის დაღწევა ძალიან უჭირთ. თუმცა ხშირია შემთხვევაც, როცა ადამიანი ხვდება, რა სენითაც არის შეპყრობილი, მაგრამ აღიარებს, რომ უჭირს მისგან თავის დაღწევა. ზოგიერთს გამოსწორება სირცხვილადაც კი მიაჩნია. არადა, ბილწსიტყვაობის ცოდვა, პირველ რიგში, მოქმედებს ადამიანის შინაგან სამყაროზე, უსახიჩრებს სულს და უკარგავს ღვთიურ მადლს.
ადამიანი, რაც არ უნდა განერვიულებული იყოს, ვალდებულია, შეინარჩუნოს შინაგანი სიმშვიდე და ეძებოს ჭეშმარიტი მეგობარი - ღმერთი, რომელიც მას სიმდაბლისკენ მოუწოდებს. ამავე დროს, უნდა შეიყვაროს ლოცვა, რათა უფალმა ამ სოფლის საცდურებისგან თავის დაღწევის ძალა მისცეს. ვინც განიკურნება ბილწმეტყველების მავნე ჩვევისგან, იგი საბოლოოდ მიხვდება, თუ რა სულიერ ჭაობში ცხოვრობდა მანამდე.
- ოჯახური კონფლიქტების დროს ხშირად ახლობლები არ იშურებენ ერთმანეთის მიმართ ბილწ სიტყვებს. ასეთებს რას ეტყვით?
- თანამედროვე ეპოქაში ძალიან ხშირად ირღვევა ოჯახური მყუდროება. ახალშეუღლებულნიც ვერ უძლებენ გამოცდას. სავალალოა, როდესაც ცოლ-ქმრის კონფლიქტი გამოიხატება ისეთი ფორმებით, რასაც თან ახლავს ბილწსიტყვაობა. მართლმორწმუნე ქრისტიანი ასეთ შემთხვევაში ცდილობს, დაითმინოს მეუღლისგან შეურაცხყოფა და შინაგანი ლოცვით გაუხსნას მას გული, გონება და მოაქციოს ჭეშმარიტებისაკენ. თუკი ცოლიც და ქმარიც ეკლესიურად ცხოვრობენ და სულიერი მოძღვრის კურთხევას ასრულებენ, ყველანაირ პრობლემას შედარებით მარტივად აგვარებენ. ყოველი ქრისტიანი უნდა ცდილობდეს საკუთარი ცხოვრების გამოსწორებას. როგორც პავლე მოციქული ამბობს: "მუდამდღე წინ უნდა მივისწრაფოდეთ". არ უნდა დავკმაყოფილდეთ მიღწეულით. თუკი ბილწსიტყვაობის ცოდვა ღვთის მადლით დავძლიეთ, მომავალში უნდა შევეცადოთ, რომ აღარასდროს გავიმეოროთ. ფსიქიკაზე მძაფრად მოქმედებს, თუ ოჯახის უფროსი - მამა, ხშირად ხმარობს ბილწ სიტყვებს ან ჩხუბის დროს უწმაწურად იგინება. ეს ყველაფერი მის სულსაც ასახიჩრებს და მავნე ზეგავლენასაც ახდენს ოჯახის წევრებზეც. ასეთი ადამიანის შვილები მუდამ ფსიქოლოგიურ ტერორში არიან და შინაგანად იძაბებიან მშობლებთან შეხვედრისას. ასეთ ოჯახში, ფაქტობრივად, იკარგება ღვთიური მადლი, რომელიც იცავს თითოეულ კერას, მის სიწმინდეს.
- მამაო, აღსარებაში თუ აღიარებენ ადამიანები ბილწმეტყველების ცოდვას?
- ბილწმეტყველების ცოდვა აწუხებს არა მარტო მრევლის იმ კატეგორიას, რომლებიც პირველად მოდიან აღსარებაზე და ცდილობენ ეკლესიური ცხოვრების დაწყებას, არამედ დიდი ხნის მრევლსაც. ასეთმა ადამიანებმა ხშირად უნდა იკითხონ საეკლესიო ლიტერატურა, წმინდა წერილები, წმინდა მამათა ქადაგებები, მოუსმინონ სხვადასხვა მოძღვრის ქადაგებებს და, რაც მთავარია, საკუთარ თავს შინაგანი კონტროლი გაუწიონ. დაუკვირდნენ, ვისთან აქვთ ურთიერთობა, როგორი მეგობრები ჰყავთ. სასურველია, ისეთ ხალხთან ჰქონდეთ შეხება, რომლებიც მართლმადიდებლური ცხოვრების წესით ცხოვრობენ.
- სახარებაში თუ გვხვდება ბილწმეტყველების მაგალითები?
- მათეს სახარებაში მაცხოვარი ამბობს: თუკი ერთი კაცი მეორეს მიმართავს სიტყვით - სულელო, იგი მისი მკვლელობის თანამდები ხდება. ასეთი სიტყვები ჩვენთვის ყოველდღიურ მეტყველებაში კარგა ხანია დამკვიდრდა. ეს კი მაცხოვრის მიერ დიდ ცოდვად არის შერაცხული, რომ აღარაფერი ვთქვათ ბილწმეტყველებაზე.
- რა ითვლება კონკრეტულად ბილწმეტყველების ცოდვად?
- თუ თანამედროვე ადამიანის ფსიქოლოგიის მიხედვით ვიმსჯელებთ, ბილწმეტყველების ცოდვად ითვლება გინება, უწმაწური, გარყვნილი სიტყვების თქმა, ასევე უხამსი ამბების, ანეკდოტების თხრობა. ვნებიანი სიმღერების მოსმენა. ლექსების კითხვა. ადამიანი, რომელიც ბილწმეტყველია და პარალელურად ცდილობს ეკლესიურად იცხოვროს, ის ფარისეველია. შეუძლებელია ადამიანის ბაგეებიდან ერთდროულად გამოდიოდეს ლოცვაც, ფსალმუნების კითხვის ხმიანობა და ბილწი სიტყვები. ადამიანი ვალდებულია, შინაგანი ბოღმა და ბრაზი აღხოცოს და დაიწყოს ჯანსაღი სულიერი ცხოვრება. ეს ძალიან რთული პროცესია, მაგრამ, ღვთის მადლით, ყოველგვარი ცოდვა ემორჩილება განკურნებას.
ბილწმეტყველების ცოდვას დამორჩილებული ადამიანი არ უნდა მიეცეს სასოწარკვეთილებას და შეეცადოს მისგან თავის დაღწევას, ყველაფერი მოუთხროს სულიერ მოძღვარს და მისგან შესაბამისი რჩევა-დარიგება მიიღოს. მოძღვრის კურთხევით იგი აუცილებლად დაადგება გამოსწორების და წინსვლის გზას.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი