განსჯის, განკითხვის უნარი იმისთვის მოგვეცა, რათა საკუთარი თავის განჩხრეკისთვის გამოვიყენოთ
ადამიანს ნებისმიერი უნარი და ნიჭი ღმერთისგან ეძლევა.
უმთავრესი ნიჭი თავისუფალი ნებაა, რომლის მეშვეობითაც ღვთისგან ბოძებული უნარი შეგვიძლია კეთილადაც გამოვიყენოთ - უფლის ნებას დავუქვემდებაროთ და უკეთურებისკენაც მივმართოთ - არჩევანი ბოროტი სულის ნებაზე შევაჩეროთ. ერთ-ერთი ნიჭი განსჯის, განკითხვის, განჩხრეკის უნარია. სწორედ მის შესახებ გვესაუბრება სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარი, მამა იაკობ აბაშიძე. - ადამიანს განსჯის, განკითხვის უნარი ღმერთისგან მიეცა. ეს თვისება შემოქმედმა ყველა ჩვენგანში ჩადო, რათა საკუთარი თავის წინააღმდეგ, საკუთარი თავის განჩხრეკისთვის გამოვიყენოთ. სამწუხაროდ, ამ უნარს ხშირად უმართებულოდ, მოყვასის განსჯისთვის ვიყენებთ.
მოდით ვიკითხოთ, რა არის მიზეზი უფლისგან კეთილად ბოძებული უნარის უფლის ნების საწინააღმდეგოდ - ადამიანთა განსჯისთვის, სხვათა ნაკლოვანებებზე ძვირისმეტყველებისთვის გამოყენებისა. წმინდა მამა მარკოზ მონაზონს დავესესხები: ნებსით ვცოდავთ და ვიტყვით, თითქოს ბოროტი საქმეები ჩვენდა უნებურად გარედან შემოვლენ ჩვენში, არადა შინაგანი გონებიდან აღმოვაცენებთ. სხვა წმინდა მამათა სწავლების თანახმად კი - ვმიზეზობთ და ვაბრალებთ ადამს, ჩვენს პირველ მამას, თითქოს ის იყო ჩვენი ცდომის მიზეზი. ასევე ვმიზეზობთ და ეშმაკს ვაბრალებთ, რომ გვაცდუნებს. ხშირად გარეშე ფაქტებს ვასახელებთ ჩვენი შინაგანი ბრძოლის მიზეზად, არადა ეს ჩვენი გამოუცდელი სულისა და ხორცის შედეგია. ვინც საკუთარი თავის დიდება და ხორცის განცხრომა შეიყვარა, მან ეშმაკს მისცა საშუალება მის სულში შესვლისა. ჩვენ გვმართებს, ვიშრომოთ ხორცით და კეთილი საქმეებით გამოვფხიზლდეთ, სულით კი, ნაცვლად განდიდებისა, საკუთარი თავის შეურაცხყოფა ვისწავლოთ.
- ანუ სხვათა განსჯის უმთავრესი მიზეზი ხორცის განცხრომა, ნაყროვანება და ამპარტავნებაა...
- სწორედ ასეა. ამპარტავნება, საკუთარი თავის განდიდება და სიამაყე იყო მიზეზი იმისა, რომ ანგელოზი სატანად იქცა. დაცემული სული შემდეგ სწორედ განკითხვითა და ცილისწამებით ახერხებს პირველი ადამიანების ცდუნებას. თავის მხრივ ადამი და ევაც ამპარტავნებაზე აღმოცენებული განკითხვითა და ცილისწამებით სცოდავენ: როდესაც ბოროტი სული გველის სახით ეცხადება ევას, ეკითხება: "ღმერთმა მართლა ყველა ხილის ჭამა აგიკრძალათ?" ევა პასუხობს: "შეგვიძლია ყველა ხილის ნაყოფი ვჭამოთ, გარდა კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხისა, თორემ დავიხოცებით". ეშმაკი კვლავ მიუგებს: "კი არ დაიხოცებით, არამედ გახდებით ვითარცა ღმერთი - კეთილისა და ბოროტის მცოდნენი". ამით ცილი დასწამა ღმერთს, განიკითხა. პირველი ცოდვა, ნაყოფი დაცემული სულის ამპარტავნებისა არის განკითხვა და ცილისწამება.
როდესაც პირველმა ადამიანებმა დაივიწყეს ღვთის მცნება - იხმიეს აკრძალული ხის ნაყოფი და სცოდეს, შიში და სირცხვილი დაეუფლათ, სიშიშვლის დასაფარად ლეღვის ფოთლები აიფარეს და უფალს ხეებს შორის დაემალნენ. ხოლო როდესაც ღმერთმა ადამი მოიკითხა და მასაც უფლის წინაშე უხდება პასუხისგება, მიუგებს: "შენ რომ მომგვარე, იმ ქალმა მაცდუნაო". ადამი უფალს განიკითხავს, ცილს სწამებს, ცდომილება არა ჩემში, არამედ შენს ქმნილებაშიაო. როგორ შეიძლება უფალში იყოს ცდომილება?! ცდომილება თავად ადამიანის შეცოდებაში იყო, რაც ცილისწამებითა და განკითხვითაც გამოვლინდა.
- საერთოდ, რატომ გვაძლევს უფალი სხვათა ცოდვებისა და ნაკლოვანებების დანახვის უნარს?
- ისევ და ისევ საკუთარი თავის განსჯისთვის. როდესაც სხვათა ცოდვებსა და ნაკლოვანებებს დავინახავთ, საკუთარ თავს ჩავუღრმავდეთ, ჩვენც ხომ არ ვცოდავთ იმავე ცოდვით. როგორც კეთილმა გამომძიებელმა, ისე უნდა გამოვიძიოთ და განვსაჯოთ საკუთარი თავი.
როგორც მოგახსენეთ, განსჯის, განკითხვის უნარი უფალმა ყველა ადამიანს მიანიჭა. ეს თვისება ყველა კაცში ჩადო, რათა ჩვენივე თავის წინააღმდეგ მივმართოთ, საკუთარი სულიერი მდგომარეობა განვჩხრიკოთ, ჩვენი ცოდვები გამოვიძიოთ და განვიკითხოთ, თუმცა, სამწუხაროდ, ამ კეთილ თვისებას ღვთის ნების საწინააღმდეგოდ ვიყენებთ - სხვათა განსჯისკენ მივმართავთ.
ნუ ეძებ სხვის თვალში ბეწვს, მთავარი საკუთარი თვალიდან დირის ამოღებაა, - მოგვიწოდებს უფალი. ესეც საკუთარი თავის განჩხრეკას გვავალებს, თუმცა ადამიანის გონება ხშირად "სწორედ სხვის თვალში ბეწვის დასანახადაა განვითარებული", საკუთარ თვალში დირესაც ვერ ამჩნევს. თუკი თავს ჩავუღრმავდებით და განვსჯით, იმდენ ცოდვასა და ნაკლს აღმოვაჩენთ, სხვათა განკითხვის აღარც დრო გვექნება და აღარც სურვილი.
- უფალი ხომ პირდაპირაც გვიკრძალავს სხვათა განსჯას, როდესაც ბრძანებს: "ნუ განიკითხავთ, რაიტა არა განიკითხნეთ, მიუტევეთ და მოგეტევებათ თქვენ".
- "მამაო ჩვენოში", რომელიც იესო ქრისტემ ასწავლა და მისცა მოციქულებს, მათი სახით კი მთელ კაცობრიობას, წარმოვთქვამთ: "და მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა". "თანანადებნი" ვალები ანუ ცოდვებია. ამ სიტყვებით უფალს შევთხოვთ, ისევე შეგვინდოს და მოგვიტევოს ჩვენი შეცოდებანი, როგორც ჩვენ მივუტევებთ სხვებს ცოდვებსა და ნაკლოვანებებს. როდესაც ამ სიტყვებს წარმოვთქვამთ, მაგრამ საწინააღმდეგოდ ვიქცევით, ჩვენივე თავს ვისჯით, რადგან არც ჩვენ გვეპატიება საკუთარი ვალები, ცოდვები და ნაკლოვანებები უფლისგან. ვისაც მოყვასის მიტევება არ შეუძლია, მას "მამაო ჩვენოს" წარმოთქმის უფლებაც არ აქვს, რადგან თავს თავისივე ცოდვაში კეტავს.
"არარაი სათნოებაი არს კაცთა შორის, ვითარცა შენდობაი შეცოდებულისა", - ბრძანებენ წმინდა მამები. არ არსებობს უფრო დიდი სულიერი მოქმედება, ვიდრე ცოდვების პატიებაა. ამქვეყნად ამაზე დიდ მადლს ვერ ვაკეთებთ.
ჩვენ რომ საკუთარ თავს განვიკითხავდეთ, სხვას აღარ განვიკითხავდით, ხოლო თუ განიკითხავ სოფელთან ანუ მათთან ერთად, ვინც დასჯის ღირსია, შენც დაისჯები, - ბრძანებს პავლე მოციქული. დავით ფსალმუნთმგალობელი კი უფალს მიუგებს: "შენ მხოლომან მიაგე კაცად კაცსა საქმეთა მათთაებრ". რას ნიშნავს ეს? - მიგება ანუ ადამიანთა განსჯა მხოლოდ უფალს ხელეწიფება. ბრძანებს კიდეც უფალი: ჩემი არს შურისგება და მე მივაგო მათ.
- განსჯა, მოყვასზე ძვირსიტყვაობა განმკითხველის სულზეც ხომ უარყოფითად აისახება?
- როდესაც ადამიანი ცოდვას ჩაიდენს, უმართებულოდ მოიქცევა და განიკითხავ, შესაძლოა, საბოლოოდ ღვთის წინაშე შენი ცოდვა უფრო დიდი აღმოჩნდეს, ვიდრე იმ ადამიანისა, რომელსაც განსჯი. იქნებ უკვე მოინანია კიდეც და განიწმინდა მისგან, ჩვენ კი განვსჯით და ცოდვაში ვიგდებთ თავს.
სხვათა განსჯა, განკითხვა სულსაც გვიმძიმებს, გვიკეტავს სათნოებათა გზას. ვინც ამ ცოდვილი ჩვევისგან თავისუფალია, დადებული აქვს თავისი წილი სასუფეველში. ერთ პატერიკს გაგახსენებთ: ერთ მონასტერში მცონარე ბერი ცხოვრობდა. მას ყველა განიკითხავდა. როდესაც გარდაიცვალა, მონასტრის წინამძღვარს ჩვენებით ეუწყა, რომ ანგელოზმა მისი სული აიტაცა და სასუფეველში დაამკვიდრა. ამის შესახებ მონასტერში მოღვაწე ბერებმაც შეიტყვეს. ყველას გაუკვირდა, როგორ აცხონა უფალმა ასეთი ადამიანი. მას ყველა განიკითხავდა, თვითონ კი არასოდეს არავინ განუკითხავს და ამიტომაც ცხონდაო, - ეუწყათ პასუხად ღვთისგან.
მოდით, ისიც ვიკითხოთ, განა ყველა შემთხვევაში მიუღებელია განსჯა ადამიანისა? სულიერ მოძღვარს ევალება კიდეც, განსაჯოს და კეთილად განიკითხოს სულიერი შვილი, მისი სულიერი მდგომარეობა, ასევე ამხილოს და განსაჯოს თავისი სამწყსო. შვილის განსჯის და მხილების უფლება აქვს მშობელსაც, ასევე სამართალდამცავ ორგანოებს - მათ შეუძლიათ ამხილონ, განსაჯონ და დასაჯონ დამნაშავე.
- მოყვასის მხილებაც ხომ არ გვეკრძალება, როდესაც კეთილად განვსჯით მცდარი საქციელის გამო?
- მოყვასის მხილება არ გვეკრძალება, მაგრამ ადამიანი რომ ამხილო, ამას უდიდესი სიყვარული სჭირდება. მხილებასა და განსჯას ღვთისა და მოყვასის უსაზღვრო სიყვარული უნდა ედოს საფუძვლად. უპირველესად, თავად უნდა ვიყოთ სულიერად მზად იმისათვის, რომ სხვას მივუთითოთ და ვასწავლოთ. თუ ჩვენც ვცოდავთ იმავე ცოდვით, იგივე მანკიერებანი ჩვენც გვაქვს, რომელთა გამოც სხვას ვამხელთ, თავი უნდა შევიკავოთ, თანაც ყველა ადამიანს, ხასიათიდან გამომდინარე, თავისებური მხილება სჭირდება.
- როგორ ვებრძოლოთ განკითხვის, მოყვასზე ძვირსიტყვაობის მავნე ჩვევას?
- წმინდა მამათა სწავლებით, განსჯის მავნე ჩვევის დასაძლევად ადამიანი სულიერების სამ საფეხურზე უნდა ცდილობდეს ასვლას. პირველი საფეხურია - როდესაც განგიკითხავენ, განსჯიან შენს საქციელს, შენ კი ცდილობ, გარეგნულად არ გამოხატო წყენა. შესაძლოა შინაგანად, გულში გვქონდეს კიდეც შფოთი, მაგრამ თუ ამას გარეგნულად არ ვამჟღავნებთ, ეს უკვე პირველ საფეხურზე ასვლას ნიშნავს.
მეორე საფეხური უფრო სულიერია, მეტი ღვაწლით მიიღწევა - როდესაც განგიკითხავენ, შეურაცხგყოფენ ან გდევნიან, შენ არც გარეგნულად გამოხატავ და არც შინაგანად განიცდი ბრაზსა და წყენას. მესამე საფეხური უფრო მაღალსულიერი და ზეციურია. მას ყველაზე მეტად წმინდა მამები აღწევდნენ, თუმცა მასზე ასვლას ყველა ადამიანი უნდა ცდილობდეს. ამ საფეხურზე მაშინ ვდგავართ, როდესაც ვინმე განგვიკითხავს, გვდევნის, გვყვედრის, ჩვენ კი არც გარეგნულად გამოვხატავთ, არც შინაგანად განვიცდით და ვმრისხანებთ, არამედ გვიყვარს განმკითხველი და შეურაცხმყოფელი.
ყოველ სამართლიან ბრძოლას, თუ ამ ბრძოლაში არ დამარცხდები, გვირგვინი, ჯილდო მოჰყვება.
- მთავარია, ბრძოლა არ შევწყვიტოთ ცოდვილი ჩვევის წინააღმდეგ...
- სულიერების მესამე საფეხურზე ასვლა, რომლის შესახებაც მოგახსენეთ, ძალიან ძნელია. რთულია იმის მიღწევა, რასაც ადამიანისგან ეს საფეხური ითხოვს, მაგრამ მიზანი ეს უნდა იყოს - განუწყვეტელი, შეუჩერებელი სვლა სრულყოფილებისკენ. სწორედ ამის სანაცვლოდ შეგვეწევა უფალი. არასოდეს დავჯერდეთ მიღწეულს. თუ ერთ ადგილზე დავდგებით, მიღწეულზე გავჩერდებით, ვერც ცოდვებს მოვიკვეცთ და საბოლოოდ ვერც ცხონებას მოვიპოვებთ. სულიერებაში ადგილზე მდგომი, მიღწეულით კმაყოფილი კაცი ემსგავსება ჭაობად ქცეულ ტბას. თუ ტბაში განუწყვეტლივ არ შედის მცირე შენაკადი მაინც, ჟანგბადი არ მიეწოდება, ის აუცილებლად ჭაობად იქცევა.
- რა საშუალებებით მოვახერხოთ, რომ ამ ცოდვილი ჩვევის წინააღმდეგ ბრძოლა არ შევწყვიტოთ?
- ეკლესიის, სულიერი მოძღვრის, საეკლესიო სწავლებებისა და ეკლესიის მიერ დადგენილი წესების დაცვის გარეშე ადამიანი ვერც ერთ სულიერ პრობლემას ვერ გადაჭრის. საჭიროა აღსარება, წმინდა მამათა შეგონებების სისტემატურად კითხვა. ყველაზე უკეთ სულიერმა მოძღვარმა იცის, რა სულიერი პრობლემები აქვს მის თითოეულ სულიერ შვილს, რატომ უჭირს ამა თუ იმ ცოდვისა და სულიერი სენის დაძლევა. ყველა ადამიანს, მისი ხასიათიდან, ფიზიკური, სულიერი თუ ყოფითი მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაბამისი მიდგომა და სულიერი მკურნალობა სჭირდება. მოძღვარს სულიწმინდის მადლით ეუწყება, ვის როგორ უნდა მიუდგეს და დაეხმაროს ამა თუ იმ სულიერი საკითხის გადაჭრაში.
- ალბათ ამ ცოდვის დასაძლევად საუკეთესო საშუალებაა პირადი სამსჯავროს მუდმივი ხსოვნაც, როდესაც ადამიანი თავად განისჯება, განიკითხება ღვთისგან...
- გარდაცვალების შემდეგ ადამიანს ელის პირადი სამსჯავრო, როდესაც საკუთარი საქმეების მიხედვით განისჯება, განიკითხება უფლისგან. ღმერთი მიუჩენს დროებით სამყოფელს სამოთხეში ან ჯოჯოხეთში, რადგან პირადი სამსჯავრო არ არის საბოლოო და სრული, ჩვენ, დედამიწაზე დარჩენილ ახლობლებს, შეგვიძლია ლოცვით, მოწყალებითა და სხვა სულიერი საშუალებებით შევეწიოთ მიცვალებულთა სულებს და ყოფა შევუმსუბუქოთ.
საბოლოო და სრული განსჯა კაცობრიობისა, თითოეული ადამიანისა მოხდება საბოლოო სამსჯავროზე - უფლის მეორედ მოსვლის ჟამს, როდესაც მეყსეულად განვისჯებით ღვთისგან.
უფლის ყოველი მოქმედება უდიდეს კანონზომიერებასა და უცდომელობაზეა დამყარებული. ამიტომაც უფალი ლოგიკურად ამბობს: მე მოვალ ღამით, ვითარცა ქურდი. არ ვიცით, უფალი როდის მოვა. მას რომ თავისი მოსვლის ჟამის შესახებ ეუწყებინა, ყველა ადამიანი ეცდებოდა, სულიერად მზად მიჰგებებოდა, მაგრამ უფალს ეს არ სურს, ამიტომაც დაფარა თავისი მოსვლის დრო. ბოლო ჟამს კიდევაც რომ დავიწყოთ სულის გადარჩენაზე ზრუნვა, მოძღვრის ძიება და აღსარების ჩაბარებაზე ფიქრი, ვეღარ მოვახერხებთ, რადგან ყველა ტაძრის კარი დაიკეტება, ადამიანებს აღსარების ჩაბარების საშუალებაც აღარ მიეცემათ.
ათი ქალწულის იგავი გავიხსენოთ - ხუთ უგუნურ ქალწულს, რომელთაც ნეფის მოსვლის ჟამისთვის ლამპრებში ზეთი არ ესხათ და შემდეგ წავიდნენ მის შესაძენად, უკან მობრუნებულებს ნეფე ანუ უფალი კარს აღარ უღებს და მიუგებს: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: "არ გიცნობთ!" ზეთში ქრისტიანული სათნოებები იგულისხმება - ლოცვა, აღსარება, მოწყალება, სულგრძელობა და სხვა. უგუნური ქალწულები კი ადამიანთა ის კატეგორიაა, რომელიც განუწყვეტლივ სამომავლოდ დებს ეკლესიური ცხოვრების დაწყებას, აღსარების ჩაბარებაზე, სულის განწმენდაზე ზრუნვას. ჩვენ კი განუწყვეტლივ სულიერი მღვიძარება გვევალება. ყოველწამს მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად, როგორც იგავის დასასრულს გვაუწყებს მაცხოვარი: "იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე", - აქ სწორედ სულიერი მღვიძარება იგულისხმება.
- განსჯის უნარის კეთილად გამოყენების, სულიერი განსჯის შესახებაც ვისაუბროთ, რომლის მეშვეობითაც ადამიანი კეთილად იკვლევს, იძიებს როგორც საკუთარ სულიერ მდგომარეობას, ასევე ამა თუ იმ კონკრეტულ სულიერ საკითხს, რათა სარწმუნოებრივ, ღვთაებრივ ჭეშმარიტებამდე მივიდეს. თომა მოციქული ხომ სწორედ კეთილად განსჯით, გამომძიებლობით მივიდა ჭეშმარიტებამდე...
- თომა არ ერწმუნა მოციქულებს, როდესაც უფლის აღდგომა ახარეს, ამიტომაც მას "ურწმუნო" უწოდეს, მაგრამ ცხადია, თომა მოციქული ურწმუნო არ ყოფილა; მას არ ჰქონდა არგუმენტი, რომ მოციქულების ერწმუნა. თვით იოანე ღვთისმეტყველმაც, უფლის უსაყვარლესმა მოციქულმა, გამოცხადების დამწერმა და უფლის მიერ წესთა მეტყველების მიმღებმა, არ ირწმუნა ქრისტეს აღდგომა, ვიდრე არ წავიდა და საფლავის კარი ღია არ იხილა. მოციქულებმა პირველად მარიამ მაგდალინელის ნათქვამი ქრისტეს აღდგომის შესახებ ცოდვადაც კი მიიჩნიეს. პეტრე მოციქულმაც არ ირწმუნა უფლის აღდგომა, ვიდრე ხელი არ მოჰკიდა მაცხოვრის სუდარას. შემდეგ კი თომას გარდა ყველა მოციქულს ეცხადება მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი. ამდენად, მათ არგუმენტები ჰქონდათ, თომას კი არა, მაგრამ მას უფალი ეჩვენა. ასევე ეჩვენება ნებისმიერ კაცს უფლის ძალა, თუკი ის ღმერთს ეძებს, ენდობა მოციქულთა სწავლებას.
- ვიცით, რომ ორი უმთავრესი ქრისტიანული მცნება, რომლებზეც მთელი ქრისტიანული სჯულია დაფუძნებული, ღვთისა და მოყვასის სიყვარულია. მოყვასის სიყვარული სხვათა განსჯის მოკვეთასაც გულისხმობს, მაგრამ ვიდრე ამ მდგომარეობას მივაღწევთ, უმთავრესი და უპირველესი - ღმერთის სიყვარული უნდა მოვიპოვოთ, უფალთან მივიდეთ და შევიმეცნოთ.
- ღმერთთან ყველა სხვადასხვა გზით მიდის, უმოკლესი გზა კი არის რწმენა, არხილულის დაჯერება, როდესაც ადამიანი ენდობა და სჯერა გადმოცემების, საეკლესიო სწავლების.
ერთ-ერთმა მუსიკოსმა როგორღაც მოახერხა და ვარსკვლავების მოძრაობა ნოტებზე გადაიტანა. შესანიშნავი სიმფონია მიიღო. მან თქვა, რომ სამყარო მღერის. ასე რომ, ადამიანი სამყაროს შემეცნებითაც შეიძლება მივიდეს ღმერთთან - საკმარისია, უფლის მიერ შექმნილ სამყაროს თვალი შეავლოს, განიხილოს ყოველი ქმნილება, ხილული თუ უხილავი, ცოცხალი თუ მკვდარი, არსებები და საგნები, მათი მეშვეობითაც დარწმუნდეს, რომ ღმერთი არსებობს. როგორც ამბობენ, სამყარო ხელთუქმნელი წიგნია, რომლის მეშვეობითაც მეტი შეიცნობა, მაგრამ ადამიანს ხშირად ეს წიგნი არ ეხსნება, რადგან ცოდვებითაა სავსე. "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ", - ბრძანებს უფალი. თუ ადამიანმა გული არ განიწმინდა ეკლესიური ცხოვრებით, აღსარებით, სინანულით, არ მოიშორა შინაგანი სიბინძურე, მას ღმერთი არ ეჩვენება და ვერავითარ სულიერ წარმატებას ვერ მიაღწევს. გული წააგავს სარკმელს. თუ სახლის სარკმელს არ გავწმენდთ, ვერც მზის სხივს დავიჭერთ და ვერც ვერაფერს დავინახავთ. ხოლო თუ გავწმენდთ და გავასუფთავეთ, კარგად დავინახავთ შინიდან ბუნების მშვენიერებას. ასევე უნდა განიწმინდოს ადამიანის სული და გული ცოდვებისგან, რადგან ეს ის სარკმლებია, საიდანაც ღმერთს ვხედავთ. რაც მეტად განიწმინდება ჩვენი გული და სული ცოდვებისგან, მით მეტად აირეკლება ჩვენში ღვთის ჭეშმარიტება და რეალობა, მეტად დავინახავთ და შევიმეცნებთ უფალს.