შური ისევე ღრღნის სულს, როგორც პატარა ჭია - უზარმაზარ ხეს და საბოლოოდ გამარჯვებაც მას რჩება - ხე ხმება და კვდება.
სულ პაწაწინა მარცვალი მაინც ამ მანკიერი თვისებისა ყოველ ჩვენგანში მოიპოვება.
დიდი ჩხრეკა-ძიებაც არ დაგვჭირდება, თუკი საკუთარ თავს ყურს მივუგდებთ და არ გამოგვეპარება არც ერთი სურვილი თუ ზრახვა ჩვენი გულისა, როგორც არ უნდა გაგვიკვირდეს, ძალიან სწრაფად აღმოვაჩენთ მას ჩვენში.
განა არასოდეს გაგვივლია გულში ასეთი სიტყვები, როცა მოყვასის წარმატება გვსმენია: მე რატომ ვერ მივაღწიე იმავეს, ჭკუა არ მაკლია და ჯანი?! თუ დავაკვირდებით, ამ ერთი შეხედვით რიტორიკულ კითხვაში ჩანს შურის არსებობა, სულ მცირე დოზით, მაგრამ მაინც... ჩვენ, რა თქმა უნდა, არასოდეს გაგვიანალიზებია ეს მხოლოდ გულში გავლებული ფრაზა. ვინ იცის, რამდენჯერ წაგვიყრუებია და ამით გასაქანი მიგვიცია კიდეც შურისთვის ჩვენს გულებში.
ასე წვეთ-წვეთად გროვდება ის ჩვენში და ბოლოს ხმამაღლაც გვათქმევინებს: მას რომ აქვს, მე რატომ არ უნდა მქონდეს, რითი ვარ მასზე ნაკლები?! - ეს კი უდავოდ ამტკიცებს შურიანობას. და რა გულდასაწყვეტიც არ უნდა იყოს, ხშირად ჩვენც აგვიბამს მხარი ადამიანისთვის, რომელიც შურით გვესაუბრება სხვაზე, ხოლო თუკი ჩვენ გამოგვიტანია სააშკარაოზე ჩვენი შურით სავსე ფიქრები, ცხადია, თანამოსაუბრე ჩვენც გამოგვჩენია. არადა, ღვთის ერთგულნი რომ დავრჩენილიყავით, მაშინვე გავაწყვეტინებდით შურიან სიტყვას მოსაუბრეს და დიდი სიყვარულითა და თანაგრძნობით ავუხსნიდით, რომ შური შვიდი მომაკვდინებელი ცოდვიდან ერთ-ერთია.
შურს სიყვარული უნდა დავუპირისპიროთ, ჭეშმარიტი სიყვარული, რომელიც პირველ ადგილას - უფალს, შემდეგ - მოყვასს და სულ ბოლოს - ჩვენს თავს აყენებს. ჩვენი დამბადებელი, უსაზღვროდ კაცთმოყვარე ღმერთის სიყვარული კი მისი მცნებებისადმი ერთგულებაში გამოიხატება. ერთგულება საღმრთო სწავლების მუდმივ ხსოვნასა და აღსრულებას გულისხმობს. გამოდის, თუ უფალი ჭეშმარიტად გვიყვარს, მარად უნდა გვახსოვდეს მისი სწავლება, რომელიც ათ მცნებაში მოგვცა: "არა გული გითქუმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქუმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყოს მოყუასისა შენისა".
მაგრამ ადამიანები ვართ, გულმავიწყნი, ამიტომაც ვებმებით ხოლმე ეშმაკის დაგებულ მახეში. გვიპყრობს შური, რომელსაც წმინდა ეფრემ ასური ეშმაკის ისარს უწოდებს. "სიკვდილი სოფლად შურის მიზეზით შემოვიდა, - ბრძანებს წმინდა მამა, - რადგან ვისაც შური აქვს, ის ყოველივეს ეწინააღმდეგება, არ სურს, ვინმე მასზე დიდ პატივში იყოს". სწორედ შემოქმედის შეშურდა დაცემულ ანგელოზს, ისურვა უფალზე დიდი პატივი ჰქონოდა და ამიტომაც დაკარგა ღვთაებრივი სინათლე. მან, შურით აღსავსემ, ვერ აიტანა ადამის ხილვა სამოთხეში ღმერთთან ახლოს და ღვთის წინააღმდეგ მისი აღძვრა გადაწყვიტა. ამ დროს მოხდა ადამიანისთვის უფლისგან მომადლებული თავისუფალი ნების გამოცდა. მას უნდა გაეკეთებინა არჩევანი ღვთისადმი ერთგულებასა და ურჩობას შორის, რაც აკრძალული ხილის ჭამით გამომჟღავნდებოდა. რა მოხდა? ადამმა ღვთის მცნება დაარღვია და ამგვარად დაკარგა მარადიული სიცოცხლე მამის წიაღში.
თუ რატომ არის შური მომაკვდინებელი ცოდვა, წმინდა ბასილი დიდი განგვიმარტავს: "შურიანები ემსგავსებიან ორბს, რომელიც ერიდება ბოსტნებსა და ბაღებს და მყრალსა და ბინძურ ადგილებს ეტანება, ან კიდევ ბუზს, რომელიც სურნელოვანი საგნებისკენ კი არ ისწრაფვის, არამედ ჭუჭყიან საგნებზე ჯდება. ასევეა შურიანი ადამიანის სული - ის იმდენად ჩაფლულია შურის ჭაობში, რომ მოყვასის კეთილ თვისებებს სრულიად ვეღარ ხედავს, ყველაფერში უარყოფით მხარეს ეძებს. თუ ხედავს, მოყვასი მარხულობს, იტყვის: ამპარტავნებით ინახავს მარხვას, რათა სხვაზე უკეთესი გამოჩნდესო. თუ დაინახავს, რომ ადამიანი მუხლჩაუხრელად შრომობს, იტყვის: მუცლისთვის ირჯება და უნდა, როგორმე ქება დაიმსახუროსო. ხოლო თუ ცოდვაში ნახა მოყვასი, იმის მაგივრად, დაუყვავოს და დაეხმაროს ცოდვის მორევიდან გამოსვლაში, მთელ ქვეყანას მოსდებს მის ამბავს, რომ მეტი ტკივილი მიაყენოს მას", - წერს წმინდა ბასილი დიდი თავის სწავლებაში "შურისათვის".
შური სიბნელეა სულისა. შინაგანად დაბნელებული ადამიანი კი ვერც გონებით და ვეღარც თვალით ხედავს გარშემო არსებულ ნათელს. შურით სრულიად მოცული სული კვდება. ეს სიკვდილი კი სამარადჟამოა. ამიტომ გვაფრთხილებენ წმინდა მამები, ყოველ მცირე გამოხატულებას შურისას უდიდესი სინანული დავახვედროთ ფარად. ღრმა სინანული გააძევებს მას ჩვენგან და სალბუნად დაედება შურის მიერ სულისთვის მიყენებულ ჭრილობას, რომ მეტად აღარ გამიზეზდეს, გამწვავდეს და მთლიანად არ მოედოს სულს.
პრაქტიკულ ხერხსაც გვთავაზობენ შურის წინააღმდეგ გასალაშქრებლად - სიმდაბლით აღჭურვილნი უნდა გავიდეთ ბრძოლის ველზე. როგორც კი შეგშურდება ვინმესი, - გვასწავლიან ღვთივგანბრძნობილი მამები, - მაშინვე მიდი მასთან და უთხარი, შენი შემშურდაო. ეს ყველაზე დიდი აღიარებაა ცოდვისა. ამპარტავნებით ნაკვებ შურს კი ისე არაფრის ეშინია, როგორც სიმდაბლისა. თუკი შეძლებ ასეთი თავმდაბლობა გამოიჩინო, ღვთის მადლი არ დააყოვნებს, როგორც ერთგულ შვილს, ხელში აგიტაცებს და შურიც ვეღარასოდეს მოგეკარება. სძლევ ჭიის მსგავსად ადამიანის სულის მღრღნელ მანკიერებას და სამუდამოდ გამარჯვებული დარჩები, რადგან უფალი ათჯერ და ათასჯერ მეტს მოგაგებს გარჯისთვის. შენთვის განმზადებული იქნება სამუდამო განსასვენებელი მარადიულ სიცოცხლეში, რადგან თავად დაიბრუნე მამის დაკარგული წიაღი, სამოთხე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი