განუწყვეტლივ მღვიძარე იყავი სულით, რათა მცონარება არ დაგეუფლოს
წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი გვარიგებს: ყოველი აღსასრულებელი საქმის დაწყებას ნუ დააყოვნებ, რადგან პირველი ხანმოკლე დაყოვნება მიგიყვანს მეორე, უფრო ხანგრძლივ დაყოვნებამდე
, მეორე - მესამემდე, კიდევ უფრო ხანგრძლივამდე, და ასე შემდეგ. ამის გამო საქმის დაწყება ძალზე გვიგვიანდება და ან დროულად ვერ ვასრულებთ, ანდა მძიმე ტვირთივით სრულიად მივატოვებთ. თუ ერთხელ დაიგემოვნე უსაქმურობა და მცონარება, შეგიყვარდება კიდეც; შეგიყვარდება საქმიანობაზე მეტადაც, ხოლო როდესაც მოიკლავ ამ სურვილს, თანდათან ჩვევად გექცევა - არ აკეთო, მცონარებაში ჩავარდები და ეს ცოდვა იმდენად დაგეუფლება, რომ ვეღარ გაიგებ, როგორი უმსგავსო და დამღუპველია იგი შენთვის. მხოლოდ მაშინ, როცა მცონარებით დამძიმებული, შერცხვენილი ისევ მთელი მონდომებით შეუდგები საქმის კეთებას, დაინახავ, რა დაუდევარი იყავი მანამდე და რამდენი ღვთივსათნო და სასარგებლო საქმე დაუტევე აღუსრულებელი... გვესაუბრება თბილისის წმინდა ვახტან გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გურამ გურამიშვილი.
- რა არის მცონარება?
- მცონარება, იგივე სულიერი სიზარმაცე, ადამიანური სისუსტეა, რომელიც ცოდვაში გვაგდებს. მცონარებაშია ადამიანი, რომელიც არ ცდილობს საკუთარი ცოდვების დაძლევას, მიაჩნია, რომ მისი სულიერი მდგომარეობა ამას ნაკლებად საჭიროებს, ან საერთოდ არ საჭიროებს. ადამიანი, თავისი ცოდვილი ბუნებიდან გამომდინარე, მცონარებასთან ბრძოლას, ცხადია, მარტო ვერ შეძლებს; აქაც, ისევე როგორც ყველგან და ყველაფერში, მას უფალი შეეწევა, მთავარია, ამის ცოცხალი სურვილი ჰქონდეს. მოგეხსენებათ, ის, რაც კაცთათვის შეუძლებელია, ღვთისთვის შესაძლებელია. ღმერთის შემწეობით, ეკლესიის წიაღში ადამიანს შესწევს უნარი, აღმოფხვრას მცონარება ყოველდღიური ცხოვრებიდან.
ეკლესიის გარეშე მცხოვრებნი, ამპარტავნული ბუნებიდან გამომდინარე, არ მიიჩნევენ საჭიროდ, ჰყავდეთ მოძღვარი, ესწრებოდნენ წირვა-ლოცვას, ამბობდნენ აღსარებას, ეზიარებოდნენ, და ვარდებიან კიდეც მცონარების ცოდვაში. ასეთნი ხშირად თავიანთი არაეკლესიურობისა და, საზოგადოდ, სულიერი სიზარმაცის გამო სხვადასხვა ფორმით იმართლებენ თავს. მაგალითად, ამბობენ, რომ ზოგს - ოჯახური მდგომარეობა, ზოგსაც სამსახურებრივი მოვალეობა არ აძლევს იმის საშუალებას, სისტემატურად იაროს ტაძარში, ილოცოს, შეინახოს მარხვა და, შესაბამისად, იზრუნოს სულის განწმენდისთვის. ვმცონარებთ და ამის აღიარება არ გვინდა, პირიქით, თავის გასამართლებელ მიზეზებს ვეძებთ. თავის მართლება ჩადენილი ცოდვების გამო, ნაცვლად იმისა, დანაშაულის ფესვები საკუთარ თავში ვეძიოთ და გამოსწორებას ვეცადოთ, გაუმართლებელი საქციელია. მოგეხსენებათ, სამოთხიდან განდევნის მიზეზი სწორედ ის გახლდათ, რომ ადამმა ცოდვის შენანების მაგივრად თავის მართლება დაიწყო და უფალიც კი დაადანაშაულა: "შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, იმან მაცდუნაო". პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და ჩვენი შეცდომების ყოველთვის გარემო პირობებზე გადაბრალება გვჩვევია მოკვდავ ადამიანებს. ვმცონარებთ მაშინაც, როცა დაკისრებულ ამა თუ იმ პასუხისმგებლობას გავურბივართ.
თავის ხატად და მსგავსად შეგვქმნა ღმერთმა - ეს დიდი პატივიცაა და დიდი პასუხისმგებლობაც. უნდა ვეცადოთ, ორივე ღირსეულად ვატაროთ. ეს ერთ-ერთია, რაც განგვასხვავებს ცხოველისგან. ფსალმუნში ვკითხულობთ: "კაცი პატივსა შინა იყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვსა და ემსგავსა მას". ადამიანი უღმერთო საქციელითა და უზნეო ცხოვრების წესის დამკვიდრებით მართლაც მიემსგავსება ხოლმე ცხოველს.
სულიერი სიზარმაცის მიზეზი ხშირად ხდება ისიც, რომ ადამიანები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, ავტორიტეტად და იდეალად უფალს ან ამა თუ იმ წმინდანს კი არა, რომელიმე პოპულარულ მსახიობს, მომღერალს, ფეხბურთელს ისახავენ. ამიტომაა, რომ ერთმანეთში ერევათ, ვის უნდა ემსახურონ; ხშირად თვითონ წყვეტენ, როდის მივიდნენ ეკლესიაში, რომელი მარხვა შეინახონ...
- ულოცველობა და ლოცვის დაზარებაც მცონარების გამოვლენაა?
- რა თქმა უნდა. ლოცვა ხომ ღმერთთან საუბარია. რა უმადურია ადამიანი - ღმერთმა მას და მის ოჯახს მშვიდობიანი დილა გაუთენა, მას კი ეზარება, პირჯვარი გარდაისახოს და ლოცვით მადლობა შესწიროს უფალს. მცონარება ლოცვაში მოწმობს იმას, რომ ადამიანს ნაკლებად აქვს ცხოველი სარწმუნოება და სასოება ღვთისა.
მცონარების ერთ-ერთი გამოხატულებაა ისიც, რომ ხშირად მარხვას თავს ვარიდებთ სხვადასხვა გარემოების მომიზეზებით. მაგალითად, ზოგიერთი შობის მარხვას იმიტომ არ იცავს, რომ საახალწლო დღეებს ემთხვევა.
სამწუხაროდ, ხშირად მორწმუნეები გულგრილად ეკიდებიან ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვასაც; თვლიან, თუკი ამ ორ დღეს არ იმარხულებენ, მაგრამ დანარჩენ მარხვებს სრულყოფილად დაიცავენ, ამით არაფერი დაშავდება. რა თქმა უნდა, ამგვარ საქციელს არავითარი გამართლება არ აქვს. თავს იმით იმართლებენ, რომ ხშირად ავიწყდებათ, არღვევენ, ამიტომ უჯობთ, საერთოდ არ დაიცვან ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვა.
- რამდენად სახიფათოა ცოდვების მონანიების გადადება?
- სინანულის გადადება გაუმართლებელი საქციელია და ხშირად დამღუპველიც კი. ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანს გადაუდია აღსარების თქმა, უთქვამს, მამაო, ჯერ მზად არ ვარ აღსარებისთვის, სათანადოდ მოვემზადები და მერე გეტყვითო, მაგრამ, სამწუხაროდ, მომხდარა ისე, რომ შემდგომ არც კი დასცლია აღსარების თქმა, ისე გაუყვანია უფალს ამ ქვეყნიდან. სინანულის გადადებით ცოდვებს ცოდვას ვამატებთ და სულს უფრო ვიმძიმებთ. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანი ეჩვევა სინანულის მუდმივად გადადებას და ბოლოს საკუთარი ცოდვების დანახვის უნარსაც კი კარგავს, შესაბამისად, სინანულიც უქრება. რაც შეიძლება გააკეთო დღეს, ის ხვალისთვის არასდროს არ უნდა გადადო.
- მამაო, კეთილი საქმის დაზარებაც მცონარებაა?
- ლაზარესა და მდიდრის იგავში მდიდრის შესახებ მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ იგი ბრწყინვალედ იმოსებოდა და იხარებდა დღითი დღე. არ ჩანს, რომ მას სხვა საქმე ეკეთებინოს - ბოროტი ან კეთილი. არსადაა ნათქვამი, რომ იგი კაცის მკვლელი, ღვთის მგმობელი ან სხვა რომელიმე სულის წარმწყმედელი ცოდვის ჩამდენი ყოფილიყო, მაგრამ მაინც მკაცრად დაისაჯა და გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეთში მოხვდა. აქედან ვიგებთ, რომ სულის წარმწყმედელ ცოდვას სჩადის, როცა კაცს კეთილი საქმის კეთება შეუძლია, მაგრამ ცხოვრებას უქმად და უსარგებლოდ ატარებს.
- ხანდახან ადამიანები ესწრებიან ღვთისმსახურებას, ლოცულობენ, მარხულობენ, ეზიარებიან კიდეც, მაგრამ სულიერად არ იზრდებიან, თითქოს ერთ ადგილას არიან გაყინულნი. ამ შემთხვევაშიც მცონარების ცოდვასთან გვაქვს საქმე?
- უწმინდესი ხშირად მიგვითითებს, რომ ეკლესიურობა არ განისაზღვრება იმით, ვინ რამდენი წლის მრევლია, ხუთის, ათისა თუ თხუთმეტის; ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ვიზრდებით თუ არა სულიერად, განვიცდით თუ არა სულიერ ფერისცვალებას. მცონარება იპყრობს ადამიანს მაშინაც, როცა სულიერ ზრდაში გარკვეულ მიღწევას ჯერდება, ფიქრობს, რომ მიაღწია მიზანს და ახლა შეუძლია, მეტი აღარ იღვაწოს. ქრისტიანი სულიერ ცხოვრებაში მიღწეულით არასოდეს უნდა დაკმაყოფილდეს.
- მამაო, რა უნდა დავუპირისპიროთ მცონარებას?
- მცონარებას უნდა დავუპირისპიროთ მღვიძარება, სიფხიზლე, გარჯა. პავლე მოციქული წერს: "მღვიძარე იყვენით, მტკიცედ სდეგით სარწმუნოებასა ზედა, მხნე იყვენით და განძლიერდით". მღვიძარე კი ის ადამიანია, რომელიც თავის სულიერ და ხორციელ ძალებს სათანადოდ იყენებს. პავლე მოციქული მღვიძარებას ჩვენგან კეთილ საქმეში, ღვთისმსახურებისა და სჯულის აღსრულებაში ითხოვს. წმინდა ანტონი დიდი ამბობს: განუწყვეტლივ მღვიძარე იყავი სულით, რათა მცონარება არ დაგეუფლოსო. თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ღირსეული ცხოვრებით ვიცხოვროთ. მიწიერ ყოფას კარგად გამოხატავს ქართული სიტყვა წუთისოფელი. დავიბადეთ, ვცხოვრობთ და ხვალ თუ ზეგ ყველა წავალთ ამ სოფლიდან. რახან ხორციელი ცხოვრება დროებითი და წარმავალია, უნდა ვეცადოთ, ამქვეყნად მოვასწროთ სულიერი ფერისცვალება და განწმენდა, შემდგომში ამის საშუალება აღარ მოგვეცემა. გარშემომყოფთათვისაც ღირსეული მაგალითის მიმცემნი უნდა ვიყოთ არა ჩვენი მცონარებითა და უძლურებით, არამედ მღვიძარებით, გარჯითა და მოღვაწეობით.