მას შემდეგ ეშმაკი ცდილობს, პირველი ადამიანების დარად ჩვენც შეგვაცდინოს და უფლის მადლსა და მოწყალებას განგვაშოროს. ჩვენს თითქმის ყოველ ცოდვას საფუძვლად სწორედ ამპარტავნება უდევს. მისი დანახვა გვიჭირს, რადგან ძალზე მზაკვრულადაა ჩვენს სულებში დაბუდებული. და მხოლოდ მაშინ, როდესაც ღვთაებრივი მადლი გონებას მცირედ მაინც გაგვინათებს, ჩვენი ამპარტავანი ზრახვები ხილული ხდება ჩვენივე სულიერი თვალისათვის. და რაც უფრო მეტად ძალგვიძს ამ მადლის მიღება, მით უფრო ცხადად ვხედავთ საკუთარ არსებაში ამპარტავნების ფესვებს.
"კარიბჭის" სტუმარია ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელი ზაქარია (მარგალიტაძე).
- ამპარტავნება დემონური თვისებაა. იგი ამბოხია ღვთისა და ყოველივე ღვთაებრივის წინააღმდეგ. იგი დამანგრეველი შავი ენერგიაა და მიზეზი ყოველგვარი ბოროტებისა: მწვალებლობისა და საეკლესიო განხეთქილებისა, ერებს შორის დაპირისპირებისა, სისხლისმღვრელი ომებისა, შიდა ოჯახური კონფლიქტებისა.
ამპარტავნების გამო ადამიანი მუდმივ კონფლიქტშია ღმერთთან, გარემომცველ სამყაროსთან, საკუთარ თავთან, ეს კონფლიქტი კი მისი პიროვნული ტრაგედიის მიზეზი ხდება.
ამპარტავნება იგივე კერპობაა, უკიდურესი ეგოცენტრიზმი, რეალობის აღქმის დაკარგვა და საკუთარი თავის მცდარი შეფასება, რაც ყოფით ცხოვრებაში უაღრესი თავდაჯერებულობითა და საკუთარ თავზე მეტისმეტი მინდობით ვლინდება.
ამპარტავნებისთვის დამახასიათებელია მედიდურობა, შფოთი, მუდმივად სხვისი დაკნინება და საკუთარი თავის წარმოჩენა, სიცივე ურთიერთობებში, აგრესია, ყველათი და ყველაფრით უკმაყოფილება.
- მამაო, თქვენს სამოძღვრო პრაქტიკას თუ გადახედავთ, ყველაზე ხშირად რა არის ამპარტავნების მიზეზი?
- ამპარტავნება ორგვარია: ამქვეყნიური და სულიერი. პირველის მიზეზია ინტელექტი, წარმომავლობა, ფიზიკური მშვენიერება, სოციალური მდგომარეობა, სიმდიდრე და ა.შ. სულიერი ამპარტავნებისას ადამიანი ამაყობს საკუთარი სულიერი ნიჭებით, მოძღვრით, მონასტრით... თავდაპირველად ადამიანები მოძღვართან პირველი სახის ამპარტავნებით მოდიან, მაგრამ როდესაც უკვე ეკლესიურად იწყებენ ცხოვრებას, სულიერ ამპარტავნებასთანაც უწევთ ბრძოლა.
მოძღვარს სულიერი შვილების მრავალ ცოდვასთან უხდება შეხლა, მაგრამ ამ ვნებასთან ბრძოლისას დახმარება მას ყველაზე მეტად უჭირს, რადგანაც შეიძლება, კაცმა ბევრს მიაღწიოს სულიერ ცხოვრებაში, მაგრამ ამპარტავნებასთან ბრძოლაში უმეტესად მარცხდება. მამათა ნაწერებს თუ გადავხედავთ, მათი ძირითადი სწავლებები ამპარტავნების საწინააღმდეგო თვისებებს - სინანულს, სიმდაბლეს - ეხება, მაგრამ, ამის მიუხედავად, სწორედ სიმდაბლესა და სინანულს ივიწყებენ დღევანდელი ქრისტიანები ყველაზე მეტად. წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს? მათი ეკლესიურობა ყველაზე მნიშვნელოვანს, ფაქტობრივად, საფუძველსაა მოკლებული.
დღევანდელი ადამიანი სიამაყეზე აშენებს რელიგიურობას, ამიტომაც სულიერ ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით უკიდურესობებს: ლიბერალიზმს, ეჭვს სარწმუნოებაში თუ რელიგიურ რიგორიზმს, რომელიც ამპარტავნებაზეა აგებული. ადამიანები იწყებენ მოძღვრების განკითხვას, გადადიან იერარქებზე და როცა ისინი ეკლესიის საქმეებში ერევიან, ყველაფერს ანგრევენ და ანადგურებენ.
- რატომ უწოდებენ ამპარტავნებას ყველა ცოდვათა დედას, რა ცოდვებია ესენი და როგორ შობს მათ ამპარტავნება?
- ამპარტავნება ის ფესვია, რომელზეც ცოდვით დახუნძლული ხეა ამოზრდილი. ის ყველაზე ძლიერი და დამღუპველი სენია, რომლისგანაც ყოველგვარი ცოდვისმიერი უკეთურება იბადება. იგი შობს მრავალ მის მსგავსსა და მასთან ახლოს მყოფ ცოდვას: საკუთარი თავით ტკბობას, ეგოიზმს, პირფერობას. როგორც იოანე კიბისაღმწერელი ამბობს, ამპარტავნება ღვთის უგულებელყოფაა, დემონის მონაგონი, ადამიანთა შეურაცხყოფა, დედა განკითხვისა, ნაყოფი განდიდებისა, ნიშანი სულის უნაყოფობისა, ღვთის შეწევნის უგულებელყოფა, გონებააშლილობის წინამორბედი, დაცემის, ეშმაკეულობის, მრისხანების მიზეზი, პირფერობის კარი, დემონური კერპობა, მიზეზი სისასტიკისა, არაადამიანური მსაჯული, ღვთის მოწინააღმდეგე, გმობის ძირი.
- თვითონ ამპარტავნების საწყისი ცოდვა რა არის?
- ამპარტავნება იწყება იქ, სადაც ღმერთი აღარ არის უზენაესი ავტორიტეტი და მის ადგილს ადამიანის გონება იკავებს. ადამიანი ხდება სამყაროს ცენტრი, შეპყრობილია საკუთარი უპირატესობის შეგრძნებითა და საკუთარი თავით მალულად ტკბება, რითაც ემიჯნება ღმერთსაც და ადამიანსაც.
დაცემის შემდეგ ადამიანურმა ბუნებამ ამპარტავნებისაკენ უძლიერესი სწრაფვის სახით ძლიერი პათოლოგია შეიძინა. დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა ადამიანი ამ ვნებას გაუმკლავდეს და თავისი ბუნებრივი თვისება - სიმდაბლე შეიძინოს, ამას კი ქრისტეს მცნებების შესრულების გარეშე ვერაფრით შეძლებს.
- რას კარგავს ადამიანი ამპარტავნებით ან რა არის მისი საბოლოო წერტილი, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ ვნებამ?
- ამპარტავნებით ძლეული ადამიანი ვერ იქნება ქრისტიანი, თუნდაც ქრისტიანად იწოდებოდეს, რადგანაც ემოციურად და სულიერად იგი უცხოა ქრისტესთვის. ასეთ ადამიანს არ შეუძლია სინანული, აქედან გამომდინარე, იგი ვერ განახლდება, ვერ განიწმინდება. ამპარტავანი ვერასოდეს იქნება მშვიდი და ბედნიერი, რადგანაც ყველასთან კონფლიქტშია, ჰგონია, იგია ყველაფრის ცენტრი და რაკი ამას სხვები არ იჯერებენ, ყველაზე განაწყენებულია.
ამპარტავნების ზრდასთან ერთად ადამიანი კარგავს სიმშვიდეს, სიხარულს, სიყვარულს, ბედნიერებას და მათ წილ დემონური სასოწარკვეთილება ეუფლება.
ამპარტავანი შეიძლება გარეგნულად რელიგიურიც იყოს, მაგრამ მას გულმხურვალე ლოცვა არ შეუძლია. თავი ჯანმრთელი ჰგონია, არადა, უმძიმეს სენს შეუპყრია. თუ ადამიანმა ამპარტავნება განვითარების პირველ საფეხურზე არ შეაჩერა, თავი არ ანება მოყვასის განკითხვას, მის შეურაცხყოფას, არად ჩაგდებას, სნეულება უმძიმეს ფორმაში - ღვთის შეურაცხყოფასა და უგულებელყოფაში - გადადის, რადგან კაცი უკვე საკუთარ თავს მიაწერს ყველა საქმეს. ადამიანი თვითიზოლაციაში ექცევა. სწორედ ღვთის გმობაა ამპარტავნების საბოლოო წერტილი.
- რას განიცდის ამ დროს ადამიანი?
- მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი შესანიშნავად აღწერს, როგორ მარცხდება ყველა ფრონტზე ამპარტავნება: ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ადამიანი მწუხარებასა და უნაყოფობაში ვარდება, მორალურად იგი მარტოა, სიყვარულისაგან დაშრეტილი და სიძულვილით აღსავსე; საღვთისმეტყველო კუთხით - ასეთი ადამიანის სული მკვდარია. ამ შემთხვევაში ფიზიკურ სიკვდილს სულის სიკვდილი უსწრებს წინ, ანუ ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გეენიის მკვიდრი ხდება. ამ ყველაფერთან ერთად ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ასპექტებსაც თუ შევხედავთ, სახეზეა ნერვული სისტემის აშლილობები და ფსიქიკური დაავადებები.
- რას გვეტყვით ამპარტავნებისგან წარმოშობილი ხიბლის შესახებ?
- ხიბლი განსაკუთრებით საშიში და შენიღბული ტყუილია, რომლის საშუალებითაც დემონს ადამიანი შეცდომაში შეჰყავს. ხიბლი სწორი სულიერი ორიენტაციის დაკარგვაა. მოხიბლული ადამიანი ქვეცნობიერად ატარებს თავისი განუმეორებლობისა და განსაკუთრებული სულიერი სიმაღლის იდეას, რაც სრულებით არ შეესაბამება მის რეალურ სულიერ მდგომარეობას.
- მაგრამ უფალმა თითოეული ჩვენგანი ხომ განუმეორებელ და ინდივიდუალურ არსებად შექმნა?
- ერთია ინდივიდუალიზმი, ის განუმეორებლობა, რომელიც ყველას ახასიათებს, - ამის შენარჩუნება აუცილებელია, - და მეორეა სხვადასხვა თვისების ავადმყოფური აკვიატება, საკუთარი თავისათვის მიწერა, რითაც ადამიანი ცდილობს, ხაზი გაუსვას საკუთარ პიროვნებას, სხვაზე უკეთესი წარმოჩნდეს. მოხიბლული ადამიანი მუდამ ტრაბახობს საკუთარი განუმეორებლობით, მისთვის ეს საცთური ხდება.
ხიბლი იწყება ეკლესიის ურჩობით, საკუთარი თავისადმი განსაკუთრებული მინდობით, რის შედეგადაც ადამიანს შეიძლება ჰალუცინაციებიც კი განუვითარდეს. საკუთარ ფანტაზიებსა და დემონურ გამოცხადებებს ასეთი ხალხი ღვთაებრივ გამოცხადებებად ღებულობს.
ხიბლის საფუძველი, რა თქმა უნდა, ამპარტავნებაა, ამიტომ ხიბლთან ბრძოლაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოძღვრის ყურადღებიან ზედამხედველობას. მოძღვარი განსაკუთრებით უნდა იღვწოდეს სულიერ შვილებში ქედმაღლობის, სიამაყის, თვითგანდიდებისა და პატივმოყვარეობის აღმოსაფხვრელად და წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევს, თუკი ამ თვისებებს უწინარესად საკუთარ თავში შეებრძოლება და აღმოფხვრის. ცარიელი სიტყვებით იგი ვერაფერს გახდება.
მნიშვნელოვანია, რომ მოძღვარმა ამ სენის შესახებ სულიერი ცხოვრების დასაწყისშივე ისაუბროს, ლიტერატურა მიუთითოს. ხიბლისაგან თავის დასაღწევად და სულიერი ცხოვრების სწორად წარსამართად საუკეთესო საშუალებაა წმინდა ასკეტი მამების ნაწერების თანადროული კითხვა.
- ამბობენ, რომ ქართველები ზედმეტად ამპარტავანი ხალხი ვართ. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?
- ვფიქრობ, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებული შეფასებაა. ამპარტავნება ყველა ერისთვისაა დამახასიათებელი და ნებისმიერი მათგანისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. თუ ერის განვითარების მოცემულ ეტაპზე მისი იდეოლოგია ამპარტავნული იდეებითაა გაჯერებული, ეს ერი კატასტროფის წინაშე დგას. ამის კლასიკური მაგალითია ებრაელი ერი. მაცხოვრის თანამედროვე ებრაელების ამპარტავნების ნაყოფი იყო ცრუ მესიანისტური იდეები, რის გამოც ჭეშმარიტი მესია ვერ შეიცნეს, შედეგად კი წყევლა, სამშობლოდან განდევნა და საყოველთაო სიძულვილი დაიმსახურეს. ისტორიამ გვიჩვენა, რომ სიფიცხესა და ამპარტავნებას კარგი არც ქართველი კაცისათვის მოუტანია.
ჩვენი დღევანდელი დაკნინების მთავარი მიზეზიც ამპარტავნებაა. ის, რომ ორ ქართველს მამულის სასარგებლოდ თანამშრომლობა არ შეუძლია, რომ ქართველი ვერაფრით ეგუება პირველობის დაკარგვას, მოძმესთან კონფლიქტს საქვეყნო საქმესაც გადააყოლებს, რომ ერი გათითოკაცებულია, ამპარტავნებისა და ამბიციების შედეგია.
- მაგრამ ის ხომ არ არის ცოდვა, როდესაც რაღაც, ვთქვათ, სამშობლოს წარსული, გეამაყება?
- სამშობლოს სიყვარულს ეროვნულ ამპარტავნებასთან არაფერი აკავშირებს, მათი გაიგივება აზროვნების დეფიციტის შედეგია. პატრიოტიზმი აუცილებელი, გადამრჩენი თვისებაა ერისათვის, მისი თვითმყოფადობისა და უნიკალური ეროვნული თვისებების შენარჩუნების გზა. ერი მყარად უნდა იდგეს თავის ფესვებზე, უყვარდეს თავისი წარსული, ამაყობდეს და მისი კულტურის პოპულარიზაციას ეწეოდეს. სხვაგვარად აუცილებლად აითქვიფება სხვა ერებში და ღვთის ნაბოძებ უნიკალურობას დაკარგავს, რაც ერის დაკნინებას გამოიწვევს. მაგრამ, ამასთანავე, წარსულის წარმოჩენისას აუცილებელია ობიექტურობა. აკვიატებული აზრი საკუთარი ერის გამორჩეულობაზე კარგს არაფერს მოგვიტანს, რადგანაც სხვაა პატრიოტიზმი და სხვაა ნაციონალური უტოპია. პირველის საფუძველი სიყვარულია და იგი აღაშენებს, მეორე ანგრევს, რადგანაც მისი ძირი სიძულვილია.
- ზოგადად ყველანი ვამბობთ, რომ ამპარტავნები ვართ, მაგრამ ამ ცოდვის რეალურად გაცნობიერება ცოტას თუ ძალუძს...
- ყველა ადამიანი ინდივიდია და ამპარტავნებაც მათში სხვადასხვა სახით იჩენს თავს. სულიერ ცხოვრებას ინტელექტით ვერ შევისწავლით და ვერ დავაპროგრამებთ. ადამიანს ყველა ცოდვას, მათ შორის ამპარტავნებასაც, ღმერთი, მისი მადლი დაანახვებს. რაც უფრო მეტად ცდილობს ადამიანი, იცხოვროს სულიერად, პატიოსნად მიუდგეს თავისი სულის ცხონების საქმეს, რაც უფრო მნიშვნელოვანია მისთვის ეს საკითხი, მით უფრო ცხადად ხედავს ის საკუთარ მანკიერებებს. ჩვენი ამპარტავნება ყოფით ცხოვრებაში აისახება და თუ ამ საკითხს სერიოზულად მივუდგებით, ღვთის შეუცნობელი განგებით, იგი ჩვენთვის ადვილად აღსაქმელი გახდება.
- წარმატების ჟამს თითქმის ყველას ეუფლება ამპარტავნება. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სხვადასხვა ცხოვრებისეული თუ სულიერი წინსვლისადმი, რომ ამ ცოდვამ არ გვძლიოს?
- დიდი უმეცრება იქნება ადამიანის მხრიდან, რომ წარმატება საკუთარ თავს მიაწეროს. ამით იგი ყველაფერს დაკარგავს. წარმატების დროს განსაკუთრებით იღვიძებს ამპარტავნების ცოდვა, ცდილობს, ადამიანი დააჯეროს, რომ იგი გამორჩეულია. აქ დიდი სიბრძნე სჭირდება კაცს, რათა დემონური "ვაშა" უარყოს, დაემხოს შემოქმედის წინაშე და ყველაფრისათვის მას შესწიროს მადლობა. როდესაც წარმატებას საკუთარ თავს მივაწერთ, უნდა გავიხსენოთ სახედარი, რომელზეც იერუსალიმში შემავალი მაცხოვარი იჯდა. ხალხი "ოსანას" შეძახილით ეგებებოდა იესოს. ხომ უგუნურება იქნებოდა, ვირს ეფიქრა, ეს შეძახილები მე მეკუთვნისო?
ერთ სასულიერო პირს დაჯილდოებისას პატრიარქმა უთხრა: გაწინაურებთ და დღეიდან უნდა უმატო სიმდაბლეს, მორჩილებას, ღვაწლსა და ლოცვასო. სწორედ ასე უნდა მოიქცეს ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებისეული წინსვლისას.
- რა იარაღს გვთავაზობს მართლმადიდებელი ეკლესია ამპარტავნებასთან საბრძოლველად?
- ამპარტავნებასთან ბრძოლა მხოლოდ სიმდაბლისაკენ სწრაფვითაა შესაძლებელი, სიმდაბლის შეძენა კი, მამების თქმით, მხოლოდ ქრისტეს მცნებების შესრულებით შეიძლება. რაც უფრო წარემატება ადამიანი ამაში, მით უფრო შემცირდება მასში ამპარტავნება. უფალი ამბობს: "მომბაძეთ მე, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსვენება სულთა თქვენთა".
- ამპარტავნებისაგან თავის დასაღწევად საჭიროა თუ არა საკუთარი ცოდვების გახსენება, რათა ჩვენი უღირსება უკეთ შევიგრძნოთ?
- ამ თვალსაზრისით ცოდვების გახსენება, რა თქმა უნდა, სასარგებლოა, მაგრამ ამპარტავნება იმდენად დახვეწილი სნეულებაა, რომ ადამიანს ცოდვებს უმალავს. ამპარტავანს არ შეუძლია ცოდვების განცდა, მათი დანახვა. ერთადერთი, რამაც შეიძლება ამპარტავანი გამოაფხიზლოს, ესაა ამპარტავნული ცხოვრების შედეგად მიღებული შოკი, კონფლიქტი მთელ სამყაროსთან, საკუთარ თავთან, ახლობლებთან. ეს არის მუდმივი უარყოფითი ემოცია, მუდმივი დაპირისპირება ცალკეულ ადამიანებთან, საზოგადოებასთან, სამყაროსთან, ღმერთთან, რაც ძალზე მძიმეა ადამიანური ბუნებისთვის, რადგანაც ამპარტავნება სასოწარკვეთილებას გულისხმობს, მუდმივად სასოწარკვეთილებაში ყოფნა კი ჩიხია. ადამიანთა ერთი ნაწილი პოულობს გამოსავალს, ახერხებს, გაექცეს ამ ცოდვას, გააანალიზოს საკუთარი თავი და, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, შინაგანი სამყაროს ამ საშინელი დესტრუქციის შეჩერება მხოლოდ ღრმა რელიგიურობას შეუძლია. ქრისტეს მცნებები სალბუნია იმ ნაიარევზე, რომელსაც ამპარტავნება ტოვებს.
- ეკლესიის გარეთ ადამიანი, ალბათ, ნაკლებად გრძნობს ამპარტავნებას...
- ვინც გრძნობს, უმეტესად ეკლესიაშიც მოდის. ესენი, ძირითადად, ის ადამიანები არიან, რომლებმაც ამპარტავნების უმძიმესი ვნება საკუთარ თავში აღმოაჩინეს, რომლებიც იღლებიან ამპარტავნების სულისაგან, გრძნობენ, რომ ეკლესიის გარეთ ისინი განუკურნებელნი დარჩებიან.
სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობა მოკლებულია ცოდნას სულიერი ცხოვრების შესახებ, რომლის მეშვეობითაც საკუთარი თავის, საკუთარი თვისებების სწორი შეფასებაა შესაძლებელი, ამიტომ ცდილობს, საკუთარ თავს, საკუთარ სულიერ მდგომარეობას გაექცეს, რეალობისაგან თავის დასაღწევად ათას საშუალებას მიმართავს. რა თქმა უნდა, ამპარტავნებით გამოწვეულ მდგომარეობასთან საბრძოლველად სხვა საშუალებებიც არსებობს: ფსიქოლოგების ჩარევა, საკუთარ თავზე მუშაობა, - მაგრამ ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, მხოლოდ ზედაპირულ ეფექტს იძლევა, მათი მეშვეობით ამპარტავნება ვერ წყდება ფესვებს, დაავადება სიღრმისეულად ვერ იკურნება.
- როგორც მამები ამბობენ, სხვა ადამიანებში ხშირად ის თვისება გვაღიზიანებს, რაც თავადვე გვაქვს გადასალახი. რაკი ამპარტავნება ყოველი ჩვენგანისთვის კარგადაა ნაცნობი, ამ თვისებას სხვაშიც იოლად აღმოვაჩენთ ხოლმე. როცა ჭეშმარიტად განვიცდით, რომ ახლობელი ამპარტავნებას შეუპყრია, გვაქვს თუ არა უფლება, დახმარების მიზნით რაღაცით მივანიშნოთ ამაზე, ან როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?
- ადამიანებს ეს იშვიათად გამოსდით. სხვას რომ რამეზე მივუთითოთ, ეს ჩვენი ფუნქციაც უნდა იყოს და ამის ცოდნა, კომპეტენციაც უნდა გაგვაჩნდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, საუკეთესო გზაა, ადამიანს ცხოვრებით ვუჩვენოთ მაგალითი, ანუ შევეცადოთ, საკუთარ თავში არ განვავითაროთ ცოდვა, მოვიპოვოთ მისი საწინააღმდეგო თვისებები, სიმშვიდე, თვითონვე დავიმკვიდროთ ცხოვრების ისეთი წესი, როგორსაც სხვას ვთხოვთ. სიმდაბლე ადამიანს ყველაფერში ეტყობა: საუბარში, მოქმედებაში, ადამიანებთან ურთიერთობაში. თუმცა ძალიან რთულია, იყო მდაბალი. ფაქტობრივად, საკუთარი ძალებით, ღვთის შეწევნის გარეშე, ეს მიუღწეველია.
რაც შეეხება ადამიანის დახმარებას, ამის სურვილი, ამპარტავნებასთან ბრძოლა იქნება ეს თუ სხვა ცოდვასთან, თავად მისგან უნდა მოდიოდეს. მხოლოდ მაშინ შეიძლება დახმარება. მაშინაც უნდა განვსაზღვროთ, რამდენი შეგვიძლია, რა შეგვიძლია. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი შესაძლებლობები ძალიან მწირია, შეიძლება, სიკეთის ნაცვლად ადამიანს გულიც ვატკინოთ, დავუპირისპირდეთ, არასწორად ჩავერიოთ მის ცხოვრებაში. ამიტომ ამ სახის დახმარება ძირითადად მოძღვრების ფუნქციაა, თუმცა მათაც კარგად უნდა გაიაზრონ ეს ყველაფერი, შეარჩიონ დრო და აუცილებლად ტაქტიანად, გულისტკივილითა და სიყვარულით მიუთითონ. ასეთ დახმარებას ადამიანი მიიღებს.
მამები ამბობენ, რომ ამპარტავნება ისეთი ცოდვაა, რომ ყველაფერს წამლავს, ყველაფერშია, სხვა ცოდვებისაგან განსხვავებით, ადამიანი ამპარტავნებას ხშირად კუბოს ფიცრამდე ვერ ამარცხებს. უდიდესი მამებიც კი მუდმივად მოღვაწეობდნენ მის წინააღმდეგ.
- საინტერესოა, როგორ ინარჩუნებდნენ ასეთი წმინდა მამები სიმდაბლეს, - მრავალ მათგანს ხომ უფლისაგან განეცხადებოდა ზეციური სასყიდელის შესახებ, ბევრი შეგნებულად ირჩევდა მოწამებრივ გზას და იცოდა, ამისთვის სასუფეველს მოიმუშაკებდა. როგორ ახერხებდნენ, არ გაამპარტავნებულიყვნენ?
- ამბა დოროთე ჰყვება, რომ მათ მონასტერში ერთი წმინდა ბერი ზოსიმე მოღვაწეობდა. ერთხელ მასთან სოფისტი მივიდა და ასეთი კითხვა დაუსვა: იცი, რომ მართალი ცხოვრებით ცხოვრობ, გაქვს სათნოებები; როგორღა იმდაბლებ თავს, როგორღა ამბობ, რომ ცოდვილი ხარ, ხომ იცი, სინამდვილეში რაც ხარო? ზოსიმემ ვერაფერი უპასუხა. მეორედაც ჰკითხა იგივე სოფისტმა. ზოსიმემ კვლავ ვერ უპასუხა - რა ვქნა, მართლა ასეთად მივიჩნევ თავსო. ამბა დოროთეც იქვე იმყოფებოდა და ზოსიმეს ნაცვლად მან გასცა პასუხი: როდესაც ადამიანი რაიმეს სწავლობს, ვთქვათ, ხელობას და შემდეგ მას პრაქტიკითაც ეუფლება, მრავალწლიანი შრომის შედეგად ისე ეწაფება ხელი, რომ თვითონაც ვეღარ ხვდება, როგორ აკეთებს თავის საქმეს. ასევეა აქაც, სულიერებაში, - ღვთის მცნებები ისეთი რამაა, რომ მათი შესრულების შედეგად სიმდაბლე ბუნებრივად ეძლევა ადამიანს, თუნდაც სასწაულებს აღასრულებდესო.
- რა ვქნათ უბრალო მოკვდავებმა? თქვენც ხომ ბრძანეთ, რომ ჭეშმარიტი სიმდაბლის მოპოვება ძალიან ძნელია...
- ერთმა საოცარმა ადამიანმა, დიდი საერო და სასულიერო განათლების მქონე მამამ - იღუმენმა ნიკონმა, ძალზე ხანდაზმულმა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თქვა: სიმდაბლის დასაწყისს სიცოცხლის დასასრულსღა მივაღწიეო. ასე რომ, ძალიან რთულია ამპარტავნებასთან ბრძოლა, მაგრამ მთავარია, მცდელობა არ დავაკლოთ. უფალი ამასაც შეგვიწირავს.
ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
მარი აშუღაშვილი