აზარტული თამაშები აღძრავს ჟინს, ვნებას, მრისხანებას, მოწინააღმდეგის სიძულვილს, შუღლსა და მტრობასაც კი
სიტყვა "აზარტი" რაიმეთი თავდავიწყებით გატაცებას ნიშნავს. აზარტი რომ მძიმე ცოდვაა, ამის ახსნა არც ერთ მართლმორწმუნე ქრისტიანს არ სჭირდება.
მის დამღუპველ შედეგს ხშირად მიწიერ ცხოვრებაშიც ვაწყდებით. სამწუხაროდ, აზარტი, განსაკუთრებით - აზარტული თამაშებით გატაცება, თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი გავრცელებული სენია...გვესაუბრება წმინდა ნინოს ტაძრის მოძღვარი, მამა დავით ქვლივიძე:
- აზარტის ვნება ადამიანში ბოროტი სულისგან ჩნდება, ეშმაკი შთააგონებს. სახარების თანახმად, უფალი ბრძანებს: პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ყოველივე კეთილი შეგეძინოთ თქვენ. იესო ქრისტე ასევე შეგვაგონებს: ნუ ზრუნავთ, რა ჭამოთ და რა სვათ... ყველაფერს უფალი მოგცემთ. და მოჰყავს შროშანების მაგალითი: შეხედეთ, როგორ იზრდება ველის შროშანი, ის ხომ არაფერზე ზრუნავს, არამედ უფალი ზრდის მასო.
წმინდა წერილი გვასწავლის, რომ უპირველესად ცხონებაზე, ღვთისგან ლოცვა-კურთხევის მიღებაზე, უფლის კეთილგანწყობის მოპოვებაზე, საბოლოოდ კი სასუფევლის დამკვიდრებაზე ვიზრუნოთ. ეს უნდა იყოს ადამიანის საბოლოო მიზანი, ამისთვის გავჩნდით დედამიწაზე. ბოროტი სულები კი უკეთურ სურვილებს, მათ შორის - აზარტის ვნებას, აღგვიძრავენ, რათა დავივიწყოთ სასუფეველი და სულზე ზრუნვა. ბოროტისგან შეთავაზებულ ვნებებს აყოლილი ადამიანი ივიწყებს სულიერებას და იღუპავს სულს. ის ზიანს აყენებს სხვებსაც. აზარტის ვნებით შეპყრობილი ადამიანი ვნებს ოჯახს - სულიერადაც და მატერიალურადაც.
- მართალია, ვნებებს ეშმაკი აღგვიძრავს, მაგრამ თუ ადამიანი მის ნებას არ დაჰყვა, ცოდვას ძალით ხომ ვერ ჩაადენინებს?
- ცხადია, თუ ჩვენი ნება არ იქნა, ბოროტ სულს ჩვენზე ძალით ზემოქმედება არ შეუძლია, მიზანს ვერ მიაღწევს. ეშმაკი ჩვენში მხოლოდ უკეთურ სურვილებს აღძრავს, ბოროტ იმპულსებს გვაწვდის. თუკი ავყვებით, მის ბადეში ვეხვევით, თავს საკუთარი ნებით ვაბარებთ ეშმაკს.
ბოროტ სულს არათუ ადამიანზე ძალადობა, ცხოველებში შესვლაც კი არ შეუძლია - ამის უფლებაც არ აქვს. სახარებიდან ვიცით, რომ ეშმაკეულისგან განდევნილი ეშმაკთა ლეგიონი მაცხოვარს სთხოვს, ღორების კოლტში შესვლის უფლება მაინც მოგვეციო და ბოროტი სულები მხოლოდ მისი ნებართვით აკეთებენ ამას. ასე რომ, ჩვენი ნების გარეშე არც ერთ ცოდვაში არ ჩავცვივდებით.
- აზარტის ვნების ყველაზე მძიმე გამოვლინება ალბათ აზარტული თამაშებია...
- საზოგადოდ, ნებისმიერი აზარტული თამაში უფალს გვაშორებს და ცოდვად გვეთვლება. ყველაზე მეტად კი ადამიანის სულს საკაზინო თამაშები ვნებს. პირდაპირ გეტყვით - კაზინო ეშმაკის სახლია. ე.წ. რულეტკაზე დატანილ ციფრებს თუ შევკრებთ, 666 ანუ ეშმაკის, მხეცის ნიშანი გამოდის. განა იქ შესული კაცი ეშმაკს არ აძლევს სულს? ბოროტის კერძი არ ხდება? ხშირად მისაუბრია ასეთ ადამიანებთან. მათსა და ნარკომანიის სენით შეპყრობილთა შორის არავითარი სხვაობა არ არის. ისინი ისევე არიან მიჯაჭვულნი აზარტის ვნებას, როგორც ნარკომანი წამალს. თამაშის სანაცვლოდ ნებისმიერ რამეს დათმობენ. ზოგიერთ ქვეყანაში კაზინოები აკრძალულია, როგორც მოქალაქეების გაკოტრებისა და გაუბედურების მიზეზი. ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ კაზინოთი გამდიდრებული კაცი არ არსებობს, გარდა მეპატრონისა, თუმცა ისიც საკითხავია, ის მეპატრონეც იხვეჭს თუ არა ამ სიმდიდრის წყალობით თუნდაც მიწიერ ბედნიერებას. ასეთი გზით მოპოვებულ ფულს აუცილებლად მოჰყვება დიდი პრობლემები. ბოროტი სული კეთილად არავის არაფერს აძლევს, სანაცვლოდ ყოველთვის რაღაცას ითხოვს, თანაც ძალიან ბევრს.
- ფართოდ არის გავრცელებული ბანქოს თამაშიც...
- ბანქო მართლმადიდებლობის მოძულეთა მიერ არის მოგონილი. ეს მისტიკური თამაშია. ქრისტიანს არა თუ თამაში, ბანქოს ხელში აღებაც კი ცოდვად ეთვლება, რადგან მასზე ქრისტეს ჯვარცმის ელემენტებია ასახული. ჯვარი იმ ჯვარს ნიშნავს, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს; აგური - სამჭვალებს, რომლითაც იესო ქრისტე ჯვარზე მიამსჭვალეს; გული შუბის წვერია, ჯვარცმულ უფალს რომ უგმირეს გვერდში და სისხლით შეიღება, ამიტომაც არის გული წითელი ფერის; ყვავი შუბზე წამოცმულ ღრუბელს აღნიშნავს, რომელიც მაცხოვარს წყლის ნაცვლად ძმარში გაჟღენთილი მიაწოდეს. ამის ნიშნად არის ყვავი შავი ფერის. ვალეტები წმინდა მოწამეები "არიან", დამები - წმინდა დედები, კაროლები - ეპისკოპოსები. მათ ხელში კვერთხი და ჯვრიანი სფეროები უჭირავთ (ძველ რუსულ ბანქოზე პირდაპირ ჩანს, რომ მასზე წმინდანები არიან გამოსახულნი). ტუზი "ტაფუს" - ქრისტეს საფლავს ნიშნავს. იერუსალიმში უფლის საფლავის მცველ ღვთისმსახურთ შესამოსელზე უკანა მხრიდან "ტაფუს" აწერიათ. ჯოკერი ეშმაკია. წარმოიდგინეთ, რამხელა ცოდვაში ვარდება ადამიანი, როცა ბანქოს თამაშს იწყებს და ქრისტეს ჯვარცმის ელემენტებს ერთმანეთს ურტყამს! ამით უფლის ჯვარცმას შეურაცხყოფს. მეტსაც გეტყვით: გინდა ბანქო გითამაშია და გინდა ჯვრები და სხვა ქრისტიანული სიწმინდეები შეგიმუსრავს და შეურაცხგიყვია! აშკარაა, რომ იგი ქრისტეს მოწინააღმდეგეთა მოგონილია. სამწუხაროდ, მოახერხეს და ბანქო ქრისტიანებშიც გაავრცელეს.
- რას გვეტყვით სხვა აზარტულ თამაშებზე - დომინოზე, ნარდზე, ჭადრაკზე?..
- თამაში იმას ჰქვია, როცა ეთამაშები, სიყვარულს გამოხატავ სხვა ადამიანების მიმართ. აზარტული თამაშები კი აღძრავს ჟინს, ვნებას, მრისხანებას, ხშირად მოწინააღმდეგის სიძულვილს, შუღლსა და მტრობასაც კი, განსაკუთრებით - თუ თამაში ფულზეა. წაგებულს სძულს მოწინააღმდეგე. ზოგჯერ - იმდენად, რომ მის სიკვდილსაც ნატრობს, რათა ფული არ მიუტანოს. ასეც რომ არ მოხდეს, აუცილებლად გაუჩნდება არაქრისტიანული, ღვთისთვის მიუღებელი ფიქრი და ქმედება.
თქვენ წარმოიდგინეთ, არც მოგებას მოაქვს თუნდაც მიწიერი სიხარული და ბედნიერება. მისაუბრია მოთამაშეებთან და ყველა ერთხმად ამბობს, რომ მოგების დროს ვერავითარ სიხარულს ვერ გრძნობს. ეს ადამიანები აზარტის ვნებით არიან შეპყრობილნი.
ქრისტიანის უმთავრესი საქმე ლოცვა და ღვთივსათნო საქმეების კეთებაა. ნებისმიერი აზარტული თამაში, თუნდაც სამაგიდო, არაქრისტიანულია, ეწინააღმდეგება ღვთის ნებას. ამიტომ ვეცადოთ, რაც შეიძლება ნაკლები დრო დავუთმოთ გართობასა და თამაშს. თუკი ადამიანი ღვთისკენ ისწრაფვის, ცდილობს, ეკლესიის წაღში იყოს - აღსარებით, ლოცვით, მარხვით, ზიარებითა და სხვა ღვთივსათნო ქმედებით თანდათან გაიზრდება სულიერად და აზარტული თამაშის სურვილიც თავისთავად გაუქრება.
- ზოგიერთი მონეტების, წიგნებისა თუ სხვა ნივთების შეგროვებით არის გატაცებული. კოლექციონერობაც ხომ ერთგვარი აზარტია, თუმცა ზოგჯერ ადამიანი მნიშვნელოვან და სასარგებლო ნივთების კოლექციას აგროვებს...
- ქრისტიანული სარწმუნოებისა და ეკლესიისთვის მისაღები და ერისთვის სასარგებლო ნივთებისა თუ წიგნების კოლექციის შეგროვება არ გვეკრძალება, მაგრამ ეს საქმიანობა კერპად არ უნდა ვაქციოთ. ზოგიერთს იმდენად უყვარდება შეგროვილი ნივთები, რომ მათ გამო ყველაფრის დათმობა შეუძლია. ეს კერპთაყვანისმცემლობაა - ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა.
- ბოლო რამდენიმე წელია ტელესერიალების ყურება საქართველოში ერთგვარ აზარტად იქცა. როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქრისტიანს სერიალების მიმართ?
- ვფიქრობ, ჩვენს ტელეარხებზე სერიალების ჩვენება ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დივერსიაა. ნებისმიერ მათგანში კათოლიკობის, კათოლიკეთა ცხოვრების წესის პროპაგანდა წარმოებს. მათი წყალობით ჩვენთვის, ფაქტობრივად, მისაღები ხდება უცხო ქვეყნის ცხოვრების წესი, უცხო ხალხის ტრადიციები.
დავფიქრდეთ და დავაკვირდეთ, რა ხდება სერიალებში: ვერ მიხვდები, ვინ ვისი შვილია, ვინ ვისი დაა, ვინ ვისი შეყვარებული. ძმას ძმის ცოლი უყვარს, თანაც ეს ადამიანი დადებით პიროვნებადაა გამოყვანილი. სცენარი ისეა დაწერილი, რომ მაყურებელმა ასეთ ხალხს თანაუგრძნოს.
სამწუხაროდ, საქართველოში უამრავი ადამიანია შეპყრობილი სერიალების აზარტით. თანაც ვერც აცნობიერებენ, რომ ცოდვაში ვარდებიან. მეტიც, შემოგედავებიან კიდეც - მერე რა მოხდა, ჩვენ ხომ ასე არ მოვიქცევითო. შესაძლოა, უფროსებმა მართლაც არ გააკეთონ ის, რაც ტელესერიალებში ხდება, არ მიიღონ მათი ცხოვრების წესი, მაგრამ, სამაგიეროდ, ბავშვები მოიქცნენ ასე, ტელევიზორის ცქერისას გვერდით რომ გვისხედან და უცხო ქვეყნის ტრადიციებზე იზრდებიან. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ტელესერიალები ზრდასრულ თაობაზე არ ახდენს უარყოფით და დამღუპველ გავლენას.
სერიალები გარყვნილების ქადაგებაა, სულიერი შხამია, ოღონდ ლამაზად შეფუთული.
- ალბათ გულშემატკივრობაც აზარტის ერთ-ერთი სახეა...
- გადავიღოთ ვიდეოფირზე ადამიანი, რომელიც მთელი არსებით გულშემატკივრობს ამა თუ იმ სანახაობას, შემდეგ ხმას დავუწიოთ და ისე ვუყუროთ - როგორ წამოხტება, ყვირის, სხვადასხვა ემოციას გამოხატავს. დავფიქრდეთ, ტოვებს კი იგი ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას? განა შეიძლება, ქრისტიანი ასე იქცეოდეს? ნათლად ჩანს, რომ ზღვარს გადასული გულშემატკივრობისას კაცი აზარტის ვნებითაა შეპყრობილი. ქრისტიანული სარწმუნოება კი გვასწავლის, თავი შევიკავოთ გართობისა და სანახაობების ხილვისგან. მაგრამ რადგან 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ერისხალხი ვართ, ჩვენივე სისუსტეების გამო კიდევ შეიძლება ზომიერების ფარგლებში რაღაცები დასაშვები გახდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტიანული სარწმუნოება ამას შეიწყნარებს. უნდა ვიცოდეთ, რა შედეგი მოჰყვება ნებისმიერ არაქრისტიანულ ქმედებას და მათ დაძლევასა და მოძულებას ვეცადოთ.
- ჰოროსკოპების შესახებაც ვისაუბროთ. ზოდიაქოს ნიშნების რწმენაც ერთგვარი აზარტის გამოვლინებაა. მათი ჩვენს ირგვლივ არაერთ ადამიანს სწამს...
- ჰოროსკოპები სათავეს წარმართული, კერპთაყვანისმცემლური რელიგიებიდან - ბუდიზმიდან, ინდუიზმიდან, სხვა აღმოსავლური რელიგიებიდან იღებს და უდიდესი სიცრუეა. წარმართთა ღმერთნი, ვიცით, რომ ეშმაკნი არიან. ჰოროსკოპებიც ეშმაკის სწავლებაზე, სიცრუეზეა დაფუძნებული.
საქართველოში ჰოროსკოპი პირველად მეფე ლაშა-გიორგის დროს გაჩნდა. სწორედ ამ პერიოდში მოიხსენიება პირველად "ქართლის ცხოვრებაში": "უჩინმაჩინები (მონღოლები) გამოჩნდნენ, რომელთათვისაც ზეცა თორმეტ ნაწილად არის დაყოფილი. იქიდან ადამიანის ბედს აგებენ და ეშმაკს ემსახურებიანო". ასე აფასებს "ქართლის ცხოვრება" ჰოროსკოპებს. მიიღო თუ არა ქართველმა კაცმა სწავლება ჰოროსკოპების შესახებ, სულიერი დაცემაც დაიწყო...
წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა ხატად და მსგავსად თვისსა. როგორც შემოქმედია თავისუფალი, ასევე კაციც თავისუფალ არსებად შექმნა. ჰოროსკოპების მიხედვით კი გამოდის, რომ ღმერთი წინასწარ გეგმავს ადამიანის ცხოვრებას და ჩვენ ვიცით, რა გველის ხვალ, ზეგ, მომავალში... მაშ, რიღასთვის ვლოცულობთ და ვითხოვთ ღვთისგან წყალობასა და მადლს? ან სხვა მცნებებს რაღატომ ვასრულებთ?
ადამიანი თავისუფალი არსებაა და თვითონვეა შემოქმედი თავისი ცხოვრებისა. ჰოროსკოპებს თუ დავუჯერებთ, თავისუფალი არსებები კი არა, რობოტები ვყოფილვართ. ამასთან, თუკი ვიცით, რა მოხდება მომავალში, ისიც უნდა ვუწყოდეთ, სამოთხეში მოვხვდებით თუ ჯოჯოხეთში. თუ ცოდვას ჩავიდენთ, ეს ჩვენი კი არა, უფლის ბრალი გამოდის, ღმერთი ყოფილა დამნაშავე ჩვენს ცუდ საქმეებში. ნახეთ, სადამდე მიჰყავს ჰოროსკოპების რწმენას ადამიანი!
კიდევ ერთ ფაქტზე გავამახვილოთ ყურადღება. გემზე თუ თვითმფრინავში, ჰოროსკოპის ენით თუ ვიტყვით, სხვადასხვა ვარსკვლავზე, სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ მყოფი ადამიანები არიან. კატასტროფის დღეს კი ყველანი ერთად იხოცებიან, არადა ეს დღე, ჰოროსკოპით, ზოგიერთი მათგანისთვის ბედნიერი უნდა ყოფილიყო, ზოგისთვის კი უბედური.
ამას ერთადერთი ახსნა აქვს - ჰოროსკოპი ეშმაკის მოგონილი სიცრუეა!
- ზოგიერთი თავდავიწყებითაა გატაცებული ათასგვარი მკითხაობით...
- სხვადასხვა ჯურის მკითხავებს, მისნებს ინფორმაციას ბოროტი სულები აწვდიან, ისინი კი ადამიანებს გადასცემენ. მათთან ურთიერთობა დაუშვებელია. მათ ოთახში შესვლასაც კი უნდა მოვერიდოთ, რადგან იქ ბოროტი სულების მოწვევის ადგილია, იქ მყარდება კონტაქტი ბოროტ სულებთან. როგორც ტაძარია ღვთის სახლი და იქ ანგელოზები მყოფობენ, ასევეა მისნებისა და მკითხავების სამყოფელი ეშმაკის სახლი, სადაც უხილავად ბოროტი სულები ტრიალებენ და ირგვლივ ყველაფერი უკეთურებითაა გაჯერებული. ძნელი მისახვედრი არ არის, რას მოიწევს საკუთარ თავზე მკითხავთმორწმუნე და მათთან "პრობლემების მოსაგვარებლად" მისული ადამიანი.
- ქრისტიანობის პირველ საუკუნეებს თუ გადავხედავთ, ნათლად დავინახავს, რომ ძველ ქრისტიანებში აზარტის ვნება, მით უფრო - აზარტული თამაშები, არ იყო გავრცელებული. თანამედროვე საზოგადოების დიდი ნაწილი კი ამ ვნებით არის სნეული. რა არის ამის მიზეზი?
- სახარების თანახმად, მაცხოვარი პირდაპირ ბრძანებს, რომ ბოლო ჟამს ეშმაკი გაბატონდება და მთელი სიმძაფრით ეკვეთება კაცობრიობას. ანტიქრისტეს გამოჩენისას ხალხი უგულო, უსულო, უსიყვარულო, ღვთისგან განდგომილი გახდება. ასეთი საზოგადოება მოითხოვს ანტიქრისტეს და, ღმერთის დაშვებით, მიიღებს მას. ვშიშობ, მოახლოებულია განდგომილების ჟამი, ბოლო ჟამი, ჟამი ანტიქრისტეს მოსვლისა. ამიტომ ყველანაირად ვეცადოთ, თავი მოვიზღუდოთ უკეთურებათა და ცოდვათაგან. ვისწრაფოთ ღვთისკენ, რათა ბოროტმა სულმა თავის მორევში არ ჩაგვითრიოს.
ძველი ქრისტიანები არც იმდენ უკეთურებასა და გარყვნილებას უყურებდნენ, დღეს რომ ვაწყდებით. სულიერებაზეც მეტად ზრუნავდნენ - ყოველ კვირას ეზიარებოდნენ, ერთმანეთის სიყვარული და გატანა იცოდნენ, ფიზიკურ სამუშაოსაც გაცილებით მეტ დროს უთმობდნენ. ფაქტობრივად, დროც არ რჩებოდათ, დროსტარებაზე ეფიქრათ და ვნებებს აჰყოლოდნენ.
- სასწაულის ძიების სურვილით შეპყრობილი ადამიანებიც არსებობენ...
- სასწაულთა ხილვისკენ სწრაფვის სათავე ხიბლია. ამ მდგომარეობაში ადამიანს ბოროტი სული აგდებს, რომელიც სხვადასხვა სახით მოქმედებს მასზე, აღუძრავს ღვთის საწინააღმდეგო ვნებებს, რათა სული წარუწყმიდოს.
- აზარტის ცოდვაში ალბათ ძირითადად არაეკლესიურნი ვარდებიან, რომელთაც სულიერი განათლება აკლიათ...
- სამწუხაროდ, აზარტი ეკლესიურ ადამიანებსაც იპყრობს. ეშმაკი მათ მეტად ებრძვის და ამცირებს, რათა შური იძიოს მათზე, დაამარცხოს და მიწაზე დაანარცხოს. მაგრამ ხსნა ჩვენს ხელთაა - ჩვენი გადარჩენა უფალ იესო ქრისტეში და უფლის ეკლესიაშია. ეკლესია სამწყსოა, ქრისტე კი მწყემსი. რომელ ცხვარს უფრო იოლად შეჭამს მგელი? რომელიც ფარას ჩამორჩება და მწყემსის ყურადღება მოაკლდება. ასევე ადვილად დაიმორჩილებს და წარიტაცებს ბოროტი ადამიანის სულს, რომელიც ეკლესიის წიაღს მოსწყდება.