ვერცხლისმოყვარეობა რომ ღვთივსათნო საქმე არ არის და ადამიანს ცოდვად ეთვლება, ამის ახსნა არც ერთ ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანს არ სჭირდება.
როგორც წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებს, ვერცხლისმოყვარეობა არის ძლიერი სურვილი იმისა, რომ შევიძინოთ სიმდიდრე, განსაკუთრებით - ყოველგვარი სიმდიდრის წარმომადგენელი - ფული. წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის განმარტებით, ვერცხლისმოყვარეობად ითვლება: ფულისა და უძრავ-მოძრავი ქონების სიყვარული; გამდიდრების დაუოკებელი სურვილი; მისი მიღწევის გზებზე დაუსრულებელი ფიქრი; მოსალოდნელი სიღატაკის შიში; სიძუნწე, ანგარება; სხვისი ქონების მითვისება; მევახშეობა; გაჭირვებულთათვის ქონების გამოძალვა...
გვესაუბრება ზესტაფონის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა კირიონ მუშკუდიანი:
- უფალმა ადამიანს შეუქმნა სამყარო, ქმნა მის გვირგვინად და უთხრა, იმსახურე ეს სამყარო ღვთის სადიდებლადო. ამიტომ ნებისმიერი მიწიერი ქმედება და საქმე, ყოველივე, რაც წუთისოფელში გვეძლევა, ღვთის სადიდებლად, მისი ნების შესაბამისად უნდა მივმართოთ და გამოვიყენოთ, მათ შორის ვერცხლიც - ფულიც. უფალი არ გვიკრძალავს ფულის, ქონების მოპოვებასა და შეძენაზე ზრუნვას. მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ღვთის სასოების, უფლის შეწევნის იმედით. მიწიერ ცხოვრებაში ადამიანს სჭირდება საცხოვრებელი, საზრდელი, შესამოსელი... რაც აუცილებელია, მათ მოპოვებაზე ზრუნვა არ გვეკრძალება, მაგრამ როდესაც აუცილებელზე მეტის მოპოვებაზე ვიწყებთ ზრუნვას მხოლოდ უზრუნველი ცხოვრების და ფუფუნების გამო, ვერცხლისმოყვარეობაში ვვარდებით.
ფული და ქონება აუცილებელიც კია, თუკი მას ღვთივსათნო საქმეთა საკეთებლად გამოვიყენებთ. მდიდარი იყო იოსებ არიმათიელიც. მას რომ ძვირფასი ბაღი არ შეეძინა, უფალს ხომ ვერ დაასვენებდნენ საუკეთესო ადგილზე? სოლომონის ტაძრის ასაშენებლად და გასამშვენებლად ხომ ყველაფერი საუკეთესო გამოიყენეს - ხე, ლითონი, ფარდაგი... მოსე წინასწარმეტყველს პირდაპირ ავალებს უფალი, რომ მოძრავ ტაძარში დადგას ოქროს ქერუბიმნი (ანგელოზთა ქანდაკება), ოქროსგან ქანდაკებული სასანთლე, ოქროს ტაბლაც...
- ანუ მთავარია სიმდიდრის მართებულად გამოყენება.
- სიმდიდრე ადამიანს ღვთისგან ნიჭის სახით ეძლევა. თუ უფალმა არ ინება, არათუ სიმდიდრის მოპოვებას, ნაბიჯის გადადგმასაც ვერ მოვახერხებთ, მაგრამ შემდეგ თვითონ ადამიანზე, მის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებს მას. უფლისგან სიმდიდრე კეთილად გვეძლევა, რათა მოწყალების საქმეებით - ეკლესია-მონასტრებისა და უპოვართა შეწევნით შევეწიოთ სულს და ვცხონდეთ. საკუთარი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, ქონება შესაძლოა ბოროტად გამოიყენოს ადამიანმა მაშინ, თუ ვერცხლისმოყვარეობისკენ მიიდრიკება.
ადამიანი მოურავი, განმკარგულებელია ღვთისგან ბოძებული ქონებისა და არა ბატონ-პატრონი, ღვთის საზღაურსაც იმის მიხედვით მიიღებს, როგორ განკარგავს მას.
სახარებაში მოთხრობილია იგავი ტალანტებზე. აქედან ჩანს, რომ მოწყალების გაცემასთან ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიღვაწოთ ღვთისგან ჩაბარებული ტალანტის, ქონების გასამრავლებლად, რათა ხუთი ტალანტის მფლობელი მონის მსგავსად, მონაგებიც უფალს ჩავაბაროთ, ისევ და ისევ ღვთივსათნო საქმეთა ქმნით. მათ კი, ვინც, ერთი ტალანტის მფლობელი მონის მსგავსად, რომელსაც ბატონმა ბოროტი და ზარმაცი უწოდა, "დაფლავს", არ გამოიყენებს ქონებას ღვთისა და მოყვასის სასიკეთოდ, ღვთისგან ნაბოძებიც წაერთმევა.
- მაგრამ ჩვენს გვერდით ხომ არაერთი მდიდარია, რომლებიც არ ცხოვრობენ ეკლესიურად და არც ქონებას იყენებენ ღვთივსათნო საქმეთა საკეთებლად.
- როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, უფალი ზოგჯერ ადამიანს იმიტომ არ ართმევს სიმდიდრეს, რომ საყვედრებლად და მიზეზად არ ექცეს - ფული რომ მქონოდა, სხვაგვარად მოვიქცეოდი და ვცხონდებოდიო. უფალი კაცს ცხონების ყველა შესაძლებლობას და პირობას აძლევს. საერთოდ, ყველას ინდივიდუალური კავშირი აქვს უფალთან, ღვთისგან თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ჯვარი ებოძება - ზოგს სიმდიდრის, ზოგს სიღარიბის, ზოგს ავადმყოფობის, ზოგს ჯანმრთელობის სახით. თითოეულს ის ჯვარი ებოძება, რომლითაც ყველაზე ადვილად შეძლებს ცხონებას, თუმცა ღვთისგან ბოძებული ცხონების შესაძლებლობის გამოყენება მის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული.
სახარებაში მოთხრობილია იგავი უგუნურის სიმდიდრის შესახებ. მას ერთ წელიწადს უხვი მოსავალი მოუვიდა, გადაწყვიტა, - დავანგრევ ჩემს საუნჯეებს და უფრო დიდს ავაშენებ, ავავსებ მოსავლით და ცხოვრებას უზრუნველად გავატარებო. უფალმა უთხრა: - უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და რაც დაიმზადე, ვიღას დარჩებაო? ადამიანი, რომლის ცხოვრების მთავარი მიზანი ქონების დაგროვება და სიცოცხლის უზრუნველად გატარება იყო, თავის სიმდიდრეს ვეღარასოდეს გამოიყენებდა, ვერც წუთისოფელში და ვერც ამა სოფლიდან გასვლის შემდეგ. მაცხოვარი იგავის ბოლოს ბრძანებს: "ისიც ასევეა, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება". "ღმერთში გამდიდრება". სწორედ სიმდიდრის ღვთივსათნო საქმეთა საკეთებლად გამოყენებას გულისხმობს. უგუნურ მდიდარს კი არასოდეს უფიქრია, მცირედი მაინც მიეცა თავისი ქონებიდან უპოვართათვის.
- ვერცხლისმოყვარეობის ცოდვაში ჩავარდნის მიზეზად ხომ შეიძლება სიღარიბეც იქცეს?
- ვერცხლისმოყვარეობის ცოდვაში მართლაც ხშირად ვარდებიან ღარიბები - წუხილი უქონლობის გამო უკვე ვერცხლისმოყვარეობაა. ბევრი იმიტომაა სიღარიბეში, რომ არა აქვს ნიჭი, გონება და მადლი, ქონებას უპატრონოს, განსაზღვროს, როგორ წარმართოს იგი. შეიძლება ღარიბი ადამიანი გულმხურვალედ ევედრებოდეს უფალს ქონებას, მაგრამ იმის გამო არ ეძლეოდეს ღვთისგან, რომ სწორედ სიღარიბით უნდა ცხონდეს.
- იშვიათად შევხვდებით ადამიანს, თუნდაც ეკლესიის წევრს, რომელიც მიდრეკილი არ არის ვერცხლისმოყვარეობისკენ. რა არის ამის მთავარი მიზეზი?
- დღეს მართლაც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული ბომონის, ფულის თაყვანისცემა. თითქმის ყველას გონებაც, ნიჭიც და შესაძლებლობაც მიმართულია ფულის შოვნისკენ, რათა მისი საშუალებით მოიპოვონ თავისუფლება და მოიწყონ უზრუნველი ცხოვრება. ფული და სიმდიდრე კი არ ანიჭებს ადამიანს ჭეშმარიტ თავისუფლებას, არამედ უფალთან სწორი დამოკიდებულება. უფალი ხომ ბრძანებს, ჭეშმარიტება შეიცან და მან გაგათავისუფლოს შენო.
ვერცხლისმოყვარეობის უმთავრესი მიზეზი და საფუძველი, ისევე როგორც ნებისმიერი ცოდვისა, მცირედმორწმუნეობა ან საერთოდ ურწმუნოება და რელიგიური გაუნათლებლობაა.
- რომელ ცოდვებს შობს ვერცხლისმოყვარეობა?
- ვერცხლისმოყვარეობისგან ხშირად მომდინარეობს შური, თაღლითობა, სიცრუე, მკვლელობა, თვითმკვლელობაც კი... ამ ცოდვას ადამიანი ხშირად მიჰყავს ღვთის იმედისა და სიყვარულის დაკარგვამდე. როდესაც კაცი იწყებს ფულის და ქონების დაგროვებას, ზრუნავს ხვალინდელ დღეზე, რათა მშვიდად და უზრუნველად იცხოვროს, მას არ აქვს უფლის სასოება. უფალი ხომ ბრძანებს: "შეხედეთ ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციური მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე უკეთესი არა ხართ?.. თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არა, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედმორწმუნენო? ამრიგად, ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთ?.. ვინაიდან თქვენმა ზეციურმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს, ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და ესე ყოველივე შეგეძინოთ თქვენ. ამრიგად, ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისი აქვს თავისი საზრუნავი". "სასუფევლის ძიება" სულზე, სულიერ ცხოვრებაზე ზრუნვას გულისხმობს. თუკი უფალთან მყოფობით ცხოვრების წესად ვაქცევთ სულიერებაზე ზრუნვას, უფალი ყოველივეს მოგვმადლებს, რაც მიწიერი ცხოვრებისთვის, ხორციელი არსებობისთვისაა აუცილებელი. თუმცა ხშირად არ ჰყოფნის ადამიანს სულიერება, დაელოდოს უფლისგან მოცემულ ხვალინდელ დღეს, ვერცხლისმოყვარეობა სძლევს. ურჩევნია, დღეს შეინახოს და დააგროვოს.
- ალბათ ვერცხლისმოყვარეობის ყველაზე მძაფრი და სასტიკი გამოხატულება იუდას მიერ უფლის გაცემა იყო, მან ხომ ოცდაათი ვერცხლის სანაცვლოდ გასცა მაცხოვარი: "ეშმაკეულით შეპყრობილ ათას კაცთან მიჯობს საქმის დაჭერა, ვიდრე ერთ ვერცხლისმოყვარესთან, რადგან არც ერთ ეშმაკეულით შეპყრობილს არ გაუკეთებია ის, რაც გააკეთა იუდამ უფლის გულისთვის", - ბრძანებს ერთ-ერთი წმინდა მამა.
- იუდას დაცემის მიზეზი ვერცხლისმოყვარეობა გახდა, ამ ცოდვილი ჩვევის საშუალებით მოახერხა ბოროტმა სულმა მასში შესვლა. ვიცით, რომ იუდას ებარა მოციქულთა სალარო, საიდანაც ფულს იპარავდა, მიუხედავად იმისა, რომ უფლება ჰქონდა, ფული საკუთარი შეხედულებისამებრ ეხარჯა - უფალმა იცოდა მისი სისუსტე და ამიტომაც სწორედ მას ჩააბარა მოციქულების სალარო, რათა ამ გზით ცოდვისაგან ეხსნა - იუდა საკუთარ თავს ხომ არ მოჰპარავდა? თუმცა იუდას სულში არაფერი შეცვლილა.
- ვერცხლისმოყვარეობის ცოდვით დაცემული ადამიანი იუდას ცოდვას ხომ არ იმეორებს?
- ამ ცოდვით შეპყრობილი მართლაც ხდება თანაზიარი იუდას ცოდვისა, რადგან ფულის გულისთვის ნებისმიერ დროს შეიძლება უღალატოს უფალსაც და მოყვასსაც.
- რომელია ვერცხლისმოყვარეობის საპირისპირო სათნოება?
- მოწყალება, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი სათნოებაა სულიწმინდის მადლის მოსაპოვებლად და სულის საცხოვნებლად. კარგად აქვს ნათქვამი შოთა რუსთაველს: "რასაცა გასცემ - შენია, რასც არა - დაკარგულიაო". გაცემაში სწორედ მოწყალება იგულისხმება. ღვთისთვის გაცემული უფლისგან ასმაგად დაგვიბრუნდება. გულმოწყალე ადამიანებს უფალი ნეტარებს უწოდებს. მათ უდიდესი ჯილდო - მარადიული ნეტარი ცხოვრება ელოდებათ. ყველა უნდა ცდილობდეს, თავისი ქონება უპოვართაც გაუნაწილოს, გასცეს, რისი საშუალებაც აქვს.
- ზოგჯერ მოწყალებაც ხომ აგდებს ადამიანს ვერცხლისმოყვარეობაში?
- ეს მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი მოწყალებას ანგარების - პირადი სარგებლის მისაღებად, კაცთა წინაშე განსადიდებლად ან დანანებით გასცემს. ისე გაეცი, მარჯვენა ხელმა არ იცოდეს მარცხენასიო, - ბრძანებს უფალი. ეს იმას ნიშნავს, რომ მოწყალება ჩუმად, დაფარულად, უფლის რწმენითა და სასოებით უნდა ვაკეთოთ. უფალი ხომ დაფარულსაც ხედავს და საზღაურსაც მოგვაგებს.
- გარდა მოწყალებისა, კიდევ რა საშუალებებით შეიძლება შევებრძოლოთ ვერცხლისმოყვარეობის ცოდვას?
- საკუთარი ძალისხმევით ადამიანი ვერც ერთი ცოდვის დაძლევას ვერ შეძლებს. ამისთვის საჭიროა ეკლესიასთან სიახლოვე. ადამიანმა უპირველესად უნდა გააცნობიეროს ამ ცოდვის სიმძიმე და მისი დამღუპველი ზემოქმედება. საუკეთესო საშუალებაა ხსოვნა განკაცებული უფლის ნებაყოფლობითი სიღატაკისა და სიგლახაკისა, რომელიც ჯერ ხორციელად მოვლინების დროს გვიჩვენა, შემდეგ კი - თავისი მიწიერი ცხოვრებით, ასევე ხსოვნა სიკვდილისა და უფლის სამსჯავროსი, სადაც ჩვენს მიერ ქმნილი საქმეების მიხედვით განვიკითხებით.
- რატომ ითვლება ვერცხლისმოყვარეობა მომაკვდინებელ ცოდვად?
- როდესაც უფალმა ადამს სამოთხის შუაგულში მდგარი კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხის ნაყოფის ხმევა აუკრძალა, უთხრა: რომელ დღესაც ჭამოთ, სიკვდილითა მოკვდეთო, ანუ ღვთის ნების წინააღმდეგობა - ცოდვა სულიერად კლავს ადამიანს, მის სულს ჯოჯოხეთისთვის ამზადებს. შესაბამისად, ხელს გვიშლის ცხონებაში. ცხადია, გულწრფელი სინანულით ეს ცოდვაც მოგვეტევება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი