როდესაც ადამიანი ვინმეს ძვირად იხსენიებს - სხვის ნაკლოვანებებზე, შეცდომებსა და ცოდვებზე ავსიტყვაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ განიკითხავს, განსჯის მოყვასს.
ეს სიძულვილი და ბოროტი განზრახვაა და არა მოყვასის სიყვარული, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი მცნებაა: "შეიყუარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი" - ამ სიტყვებით მაცხოვარმა ხომ მოყვასის სიყვარული მცნებად დაგვიდო და ადამიანთა სიყვარულისკენ მოგვიწოდა, უფრო მეტიც - უმთავრეს და პირველ მცნებას - ღმერთის სიყვარულს გაუთანასწორა. ცხადია, სიყვარული განკითხვით, სხვათა ცოდვებსა და ნაკლოვანებებზე ძვირსიტყვაობით არ გამოიხატება. როდესაც ადამიანს რაიმე ნაკლი აქვს და ცოდავს, სიყვარულით უნდა მივუთითოთ და ვასწავლოთ და არა ზურგს უკან, ბოროტი განზრახვით ვიმეტყველოთ მასზე. სიყვარულით ნაკარნახევ განკითხვას არც უფალი გვიკრძალავს, არამედ, როგორც წმინდა გრიგოლ ნოსელი ბრძანებს: "გვიკრძალავს განსჯას შეუწყნარებელს", რაც სწორედ ადამიანის ზურგს უკან მის შეცდომებზე ძვირსიტყვაობით გამოიხატება. ღვთისკენ სავალ გზაზე დაცემულთა წამოყენება, მათი კეთილგანზრახული განსჯა ქრისტიანს ვალდებულებადაც კი აქვს. შეუწყალებელი განსჯით კი თვითონვე ვიგდებთ თავს ცოდვაში და ვუხვევთ ღვთის გზიდან...
გვესაუბრება ზესტაფონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი რევიშვილი.
- "ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომელითა განკითხვით განიკითხავთ, განიკითხნეთ და რომელითა საწყაულით მიუწყოთ, მოგეწყოთ თქვენ", - ბრძანებს უფალი. ეს სიტყვები მკაცრად გვიკრძალავს განკითხვას, მოყვასზე ძვირსიტყვაობას, თანაც ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ დიდი ძალა აქვს მას და რამდენად მკაცრად განვისჯებით უფლისგან ამ ცოდვის სანაცვლოდ. "რაითა არა განიკითხნეთ" სწორედ უფლისგან განკითხვას, განსჯას გულისხმობს: "მოყვასის განკითხვით შენ მას კი არ განიკითხავ, არამედ საკუთარ თავს, რომელსაც გადასცემ საშინელ სამსჯავროსა და მსჯავრს. როგორც თავიდანვე ჩვენზეა დამოკიდებული ცოდვების პატიება, ასევე ამ სამსჯავროზეც ჩვენ თვითონ ვადგენთ საზომს ჩვენი განსჯისა", - გვიქადაგებს წმინდა იოანე ოქროპირი. ენის კეთილად დაცვა იმდენად დიდი რამაა, რომ მის გარეშე ცხონება შეუძლებელია. უფალიც ხომ ბრძანებს: "სიტყვათა შენთაგან გამართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯოო". მხოლოდ განკითხვამ, ძვირის მთქმელმა ენამაც კი შეიძლება აზიაროს ადამიანი მარადიულ სატანჯველს.
ადამიანის განკითხვის უფლება მხოლოდ ღმერთს - ცოცხალთა და გარდაცვლილთა ერთადერთ მსაჯულს აქვს. ქრისტე ხომ გვასწავლის: "ჩემი არს შურისგება და მე მივაგო მათ". ეს კი იმას ნიშნავს, რომ არა თუ უმიზეზოდ, ჩვენს მიმართ შემცოდეთა მიმართაც არ ვიმეტყველოთ ბოროტი ენით. მოციქულთა სწავლებით, სრულყოფილი მაშინაა ადამიანი, თუკი სიტყვითაც არ ცდება.
მოყვასის განკითხვისას ვერც სამართლიანნი ვიქნებით, რადგან ხშირად თვითონვე ვაკეთებთ იმას, რის გამოც სხვებს განვიკითხავთ. ესეც რომ არ იყოს, ჩვენ არ ვიცით ერთმანეთის სულის ღირსება და დაფარული აზრები, ადამიანის გულთამხილველი მხოლოდ ღმერთია, მხოლოდ მან უწყის, როგორია ადამიანი სინამდვილეში, თანაც არც ის ვიცით, ის ცოდვა, რომლის გამოც განვიკითხავთ, მოინანია თუ არა, განიცდის თუ არა სინანულს თავის ნაკლოვანებათა გამო - იქნებ გულწრფელად შეინანა და უფლისაგან შენდობა მიიღო. თუკი უფალმა მიუტევა, ჩვენ რატომღა არ ვპატიობთ, ან ვინ ვართ, რომ სხვას განვიკითხავთ?
- ალბათ განკითხვის ცოდვის ყველაზე მძიმე გამოვლინება ღვთისმსახურთა განკითხვაა.
- დიახ, რადგან ღვთისმსახურნი, იოანე ოქროპირის სიტყვებით რომ ვთქვათ, უფლის ანგელოზები არიან დედამიწაზე, თუმცა ღვთისმსახურნიც ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან და მათაც აქვთ ნაკლოვანებები და სისუსტეები. თუკი ზოგჯერ მათ მიერ ჩადენილ არაღვთივსათნო ქმედებებსაც წავაწყდებით და ვთვლით, რომ ამით ჩვენი სულიერი წინსვლა ბრკოლდება, საქვეყნოდ კი არ უნდა განვიკითხოთ, არამედ პირადად მას მივუთითოთ. ვუთხრათ, რომ მათი არასწორი საქციელის გამო ვბრკოლდებით. თუკი არ დაფიქრდება და შეიცვლება, შემდეგ, სახარებისეული მითითების თანახმად, "მასთან ორი ან სამი მივიდეს და მიუთითოს, შემდეგ კი - მთელი კრებული". თუკი ესეც არ გამოიღებს ნაყოფს, მრევლს უფლება აქვს, ის ეპისკოპოსის წინაშე ამხილოს. ეს ღვთივსათნო საქმედაც კი ითვლება.
- ყველამ იცის, რომ განკითხვა და ძვირსიტყვაობა კეთილი საქმე არ არის, მიუხედავად ამისა, მაინც გვჩვევია. რატომ ესწრაფვიან ადამიანები ასერიგად ამ ცოდვას?
- განკითხვის მთავარი მიზეზი საკუთარი ცოდვების დაუნახაობაა. როდესაც ადამიანი საკუთარ ნაკლოვანებებს ვერ ამჩნევს ან სურს დამალოს, ამპარტავნებითაა შეპყრობილი. ეს კი შედეგია ღმერთთან დაშორებისა. ღმერთს დაშორებულს ადვილად იმორჩილებს ბოროტი სული და აღასრულებინებს თავის ნებას, რაც განკითხვითაც გამოიხატება. ანტონ ჭყონდიდელი ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანებს: "სანამ კაცი ქრისტეს არ განეშორება, მანამდე მას არც ბოროტი განზრახვა იპყრობს. მხოლოდ ქრისტესთან განშორების შემდეგ აქვს კაცს ბოროტი ზრახვები, ისევე, როგორც ეს იუდას დაემართა..."
"არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოსო", - ბრძანებს მაცხოვარი. ანუ უცოდველი და უნაკლო ადამიანი არ არსებობს, თუმცა საკუთარ შეცოდებებს და ნაკლს ძნელად ვამჩნევთ და ვაცნობიერებთ. ერთ-ერთი ბერი, რომელიც ცოდვაში ჩავარდნილი ბერის განსასჯელად შეკრებილმა ძმებმა იხმეს, არ მივიდა მათთან, მაგრამ როდესაც კვლავ შეუთვალეს, გელოდებითო, ადგა და წავიდა. თან ქვიშით სავსე დახვრეტილი კალათა წაიღო. ბერებს გაუკვირდათ: - მამაო, ეს რა არისო? - ეს ჩემი ცოდვები გროვდება ჩემს უკან, მათ ვერ ვხედავ და სხვისი ცოდვების განსასჯელად კი მოვედიო. ბერებმა ეს რომ გაიგონეს, ძმა აღარ განუსჯიათ, მიუტევეს მას.
ადამიანი საკუთარ ცოდვებსა და ნაკლოვანებეს ისე რომ ხედავდეს, როგორც სხვებისას, მოყვასს არ განიკითხავდა. ჩვენს ცოდვებზე ფიქრს რომ მივყვეთ, დროც არ დაგვრჩება სხვების შეცოდებებზე ფიქრისთვის და მათ დასანახად. ზოგჯერ იმ საქციელის გამოც კი განვსჯით ადამიანს, რომელიც საკუთარი თვალით არ გვიხილავს და მხოლოდ მოგვისმენია. ეს უფრო მძიმე ცოდვაა.
- გამოდის, რომ თუკი ადამიანი საკუთარ სისუსტეებსა და ცოდვებს გააცნობიერებს და შეიცნობს, განკითხვის ცოდვას ამ გზით შეებრძოლება და სძლევს.
- ეს მართლაც საუკეთესო საშუალებაა განკითხვის ცოდვასთან საბრძოლველად და ამ ცოდვილი ჩვევის დასაძლევად: "გაასამართლე, განჩხრიკე შენი თავი", - ნათქვამია ბიბლიაში. თავის განჩხრეკა სწორედ საკუთარი თავის განკითხვას გულისხმობს და ამით ადამიანი გადაეჩვევა მოყვასის განკითხვას. სულიერი განსჯა, განჩხრეკა სულიერი მდგომარეობისა ქრისტიანის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა. თუკი საკუთარ სულიერ მდგომარეობას განუწყვეტლივ ვადევნებთ თვალყურს, უკეთური, ღვთის ნების საწინააღმდეგო სურვილები, მათ შორის განკითხვის სურვილიც, არ გაგვიჩნდება.
განკითხვისა და მსგავს ვნებათა დასაძლევად საუკეთესო საშუალებაა მარადიულობასა და საშინელ სამსჯავროზე ფიქრიც, ხსოვნა სიკვდილისა. წმინდა მამები სწორედ ამ გზით აღწევდნენ სულიერ სრულყოფას.
- ცხადია, ამ ყველაფერს ადამიანი უფალთან სიახლოვის, მისი შეწევნის გარეშე ვერ მოახერხებს.
- რასაკვირველია და ვერც ერთ კეთილ საქმეში ვერ განმტკიცდება. სათნოებათა შეძენა და მათში განმტკიცება მხოლოდ ღვთის ძალისხმევითა და შეწევნით გვენიჭება. უფალთან სიახლოვე, ვიცით, რომ ეკლესიური ცხოვრებით - ლოცვით, მარხვით, სიმდაბლით, სიმშვიდით, მოყვასის სიყვარულითა და სხვა ქრისტიანულ მცნებათა შეუხრელი დაცვა-აღსრულებით გამოიხატება. მცირე ხნითაც რომ დავივიწყოთ ღმერთი, ვშორდებით მას და ეშმაკი გვიახლოვდება. ღმერთთან დაშორებულ მისი შეწევნის გარეშე დარჩნილ ადამიანს კი ადვილად იმორჩილებს ბოროტი სული და თავის ნებაზე ათამაშებს, ათასგვარი ცოდვისკენ და ცოდვილი ჩვევისკენ მიდრეკს. განკითხვისა და ავსიტყვაობისა თუ სხვა სახის უქმადმეტყველების ცოდვაში ჩაგდებას კი ადვილად ახერხებს, რადგან მიწიერ ცხოვრებაში ყოველწუთს შეიძლება დავინახოთ განკითხვის მიზეზი, მით უფრო დღეს, როდესაც გაცივდა ადამიანთა გულები და დავკარგეთ სიყვარული, თანადგომის უნარი.
- განკითხვა, მოყვასზე ძვირსიტყვაობა ეკლესიურად მცხოვრებთაც სჩვევიათ და მათაც უჭირთ ამ ცოდვილი ჩვევის დაძლევა.
- ხშირად ადამიანები თავს მორწმუნედ მიიჩნევენ, ცდილობენ კიდეც, ღვთისთვის სათნომყოფელი ცხოვრებით იცხოვრონ - დადიან წირვა-ლოცვაზე, ეზიარებიან, აბარებენ აღსარებას, აღავლენენ ლოცვებს და ა.შ., მაგრამ მათი რწმენა არ არის მტკიცე და სიღრმისეული. ეს იმაშიც ვლინდება, რომ ეკლესიურად მცხოვრები ადამიანები მცირე შეცდომასაც ვერ პატიობენ მათ მსგავსთ, ზოგჯერ სრულიად უმიზეზოდ და უსაფუძვლოდაც კი განიკითხავენ ადამიანებს. ეს ეკლესიური, სულიერი განათლების უქონლობის ბრალია, თანაც ბევრს სულიერი მოძღვრის მორჩილებაც უჭირს და არ ასრულებს. ზოგიერთს, იმის გამო, რომ ეკლესიაში დადის და მოძღვარი ჰყავს, ჰგონია, ყველაფერი იცის და სულიერებაში სათანადო ცოდნა და გამოცდილება შეიძინა, ამის გამო კი არაეკლესიურად მცხოვრებ ადამიანებზე აღმატებული ჰგონია თავი. ცხადია, ასე არ არის. ჩვენ თუ რაიმე ვიცით, სხვებსაც სიყვარულით, თავმდაბლად უნდა ვასწავლოთ და არა ამპარტავნებით. შესაძლოა ადამიანი ეკლესიაში დადიოდეს და საეკლესიო წესებსაც იცავდეს, მაგრამ თუკი ეს ამპარტავნებაში ჩააგდებს, სხვა ცოდვებსაც გაიმრავლებს და ღვთის წინაშე ვერ ამაღლდება. ამპარტავნება ხომ იმდენად მძიმე და ვერაგი ცოდვაა, ანგელოზიც კი დასცა და ეშმაკად აქცია.
- წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მოყვასის კეთილგონივრულ განკითხვას, განსჯას არც უფალი გვიკრძალავს. რა იგულისხმება კეთილგონივრულ განკითხვაში?
- ადამიანის შეცდომასა და ნაკლზე ზურგს უკან კი არ ვსაუბრობთ, მოყვასის ცოდვა და ნაკლი კი არ გვიხარია, არამედ თვითონ შეცდომილს ვამხელთ. ეს არის კეთილგონივრული განკითხვა, რასაც საფუძვლად მოყვასის სიყვარული და ცოდვილის გამოსწორების სურვილი უდევს. ეს იმას მიანიშნებს, რომ გული შეგვტკივა მასზე, ვცდილობთ, ცოდვა და მავნე ჩვევები დავანახოთ და მათი დაძლევისკენ ვუბიძგოთ.
- ამპარტავნების გარდა კიდევ რა შეიძლება გახდეს განკითხვის მიზეზი?
- ცილისწამება. სხვათა მიერ შეთხზული ცილისწამების გამოც განვიკითხავთ მოყვასს. თუკი საკუთარი თვალით დანახული შეცოდების გამო გვეკრძალება ადამიანის განკითხვა, მით უფრო უნდა ვერიდოთ ადამიანის ისეთი საქციელის გამო განსჯას, რომელიც არ გვიხილავს და მხოლოდ გვსმენია. ზოგჯერ განკითხვითა და ჭორაობით ადამიანები საკუთარი პრობლემებისა და ცოდვების დავიწყებას ცდილობენ, თითქოს ამ გზით ნუგეშს ეძიებენ. ცხადია, ამას არანაირი გამართლება არ მოეძებნება. შესაძლოა განკითხვისა და სხვათა შეცოდებებზე ძვირსიტყვაობისას მართლაც შვებით ამოვისუნთქოთ, დავივიწყოთ საკუთარი ტკივილი, მაგრამ ეს ნუგეში წუთიერია, თანაც მოჩვენებითი და ვერც სულიერ შვებას მოგვანიჭებს, რადგან ბოროტი სულისგან მომდინარეობს. ჭეშმარიტ შვებას მხოლოდ ღვთაებრივი ნუგეში მოგვმადლებს, ამიტომ ღვთაებრივი ნუგეში და წყალობა უნდა ვეძებოთ ღვთის წინაშე გულწრფელი ლოცვით. განსაცდელთა მიზეზი საკუთარ ცხოვრებაში უნდა მოვიძიოთ. განსაცდელი ხომ ღვთისგან გვეძლევა ისევ და ისევ ჩვენს სასიკეთოდ - გამოსაფხიზლებლად. უფალი კი იმაზე დიდ განსაცდელს არ მოგვივლენს, რომლის დაძლევასაც ვერ შევძლებთ, თავადვე შეგვეწევა და დაგვეხმარება ნებისმიერი გასაჭირის დაძლევაში, თუკი, რა თქმა უნდა, მისკენ მივმართავთ გულისყურს.
ბევრმა ისიც არ იცის, როგორ უნდა ითხოვოს, უფალს აყვედრის კიდეც: მე მონათლული ვარ, ეკლესიაში დავდივარ და ეს განსაცდელი რატომ უნდა შემმთხვეოდაო. თუ მონათლული და ქრისტიანი ხარ, ქრისტიანულადაც უნდა იცხოვრო, ეს კი მხოლოდ ნათლისღებით და ტაძარში მისვლით არ გამოიხატება, უპირველესად, ცოდვები უნდა შევიცნოთ და მოვიძულოთ, გავცეთ, ვიღვაწოთ ღვთისთვის და მადლი და წყალობაც არ მოგვაკლდება.
- სიტყვის მნიშვნელობაზეც ვისაუბროთ. განკითხვას და ძვირსიტყვაობას ხომ სწორედ სიტყვების წარმოთქმით გამოვხატავთ.
- სიტყვას უდიდესი ძალა შესწევს - შეიძლება გვაცხონოს ან სამუდამოდ დაგვღუპოს და მარადიულ ტანჯვას გვაზიაროს. ნეტარებას მადლიანი, ღვთისთვის სათნომყოფელი სიტყვები მიანიჭებს ადამიანს. ავსიტყვაობამ კი შეიძლება თავადაც დაგვღუპოს და სხვებიც დააზიანოს, ჩვენს ნათქვამს შესაძლოა ადამიანის მკვლელობაც მოჰყვეს. ფიზიკურად თუ არ მოვკლავთ კაცს, ავი სიტყვით გულს მაინც ვატკენთ და მოვუკლავთ. ესეც მკვლელობის ცოდვად გვეთვლება, ამიტომ ყოველი სიტყვის წარმოთქმამდე დიდი დაფიქრება გვამრთებს. წმინდა მამები გვასწავლიან, შეიძლება სიმართლეს ვეუბნებით ადამიანს, მაგრამ თუკი ჩვენი მართალი სიტყვა გულს ატკენს მას, უმჯობესია გავჩუმდეთო. მით უმეტეს, ზოგჯერ ისიც არ ვიცით, რა ფორმით უნდა ვუთხრათ მართალი სიტყვა მოყვასს. მხილება და მართალი სიტყვა მხოლოდ მაშინ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, თუ საფუძვლად სიყვარული და თანაგრძნობა, მისი გამოსწორების სურვილი უდევს.
იყვნენ წმინდა მამები, რომლებიც დროის უმეტესობას მდუმარებაში ატარებდნენ. ამას იმის გამო კი არ აკეთებდნენ, რომ საუბარი და ქადაგება არ შეეძლოთ ან იმის ძალა არ შესწევდათ, ვინმესთვის რაიმე ესწავლებინათ; მათი მდუმარების ერთადერთი მიზეზი ზედმეტი საუბრისგან გარიდება იყო. სწორედ მდუმარებით ებრძოდნენ განკითხვასა თუ სხვა სახის უქმადმეტყველების ცოდვას თუ მდუმარებისას შინაგან ლოცვას მიმართავდნენ ან სხვა ღვთივსათნო საქმეს აღასრულებდნენ. მხოლოდ აუცილებლობის დროს მეტყველებდნენ მცირედს.
- გამოდის, რომ განკითხვას მდუმარებითაც შეიძლება ვებრძოლოთ, მაგრამ ერისკაცს ხომ ესოდენ დიდი ღვაწლის ტვირთვა გაუჭირდება.
- ცხადია, ერში მცხოვრებნი წმინდა მამათა მსგავს მდუმარების ღვაწლს ვერ იტვირთავენ, თუმცა შესაძლოა ადამიანს გაუჩნდეს სურვილი, გარკვეული დროის მანძილზე მდუმარებას მიეცეს. ასეთ დროს აუცილებელია სულიერი მოძღვრის კურთხევა, რადგან მან იცის, რა სულიერ სიმაღლეზე დგას მისი სულიერი შვილი და რამხელა სულიერი ღვაწლის დამტევია. კურთხევის გარეშე კიდევაც რომ მიეცეს ადამიანი მდუმარებას, ვერ შეძლებს, ბოროტი სული არ შეაძლებინებს.
ერი მცოხვრებ ადამაიანთა უმეტესობა სრულ მდუმარებას ვერ მიეცემა, მათ ეს არც მოეთხოვებათ, მაგრამ ფუჭი, არაღვთივსათნო საუბრებისგან მაინც უნდა შეიკავოს თავი.
- რომელი ცოდვები აღმოცენდება განკითხვისაგან?
- განკითხვას მრავალი ცოდვა მოჰყვება, უპირველესად, მოყვასის გაუტანლობა და სიძულვილი. სხვათა განმკითხეს ხომ სიძულვილი ალაპარაკებს. იმ დროს, როდესაც განიკითხავს, სძულს ის ადამიანი, რომლის ნაკლსა და შეცოდებებზეც ძვირსიტყვაობს. განკითხვას მოჰყვება მრისხანებაც - ვისთან ერთადაც განვიკითხავთ მოყვასს, შესაძლოა მასაც შევეკამათოთ...
- არ არსებობს ცოდვა, რომელიც სძლევს ღმერთის გულმოწყალებას. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ღმერთი ყველა ცოდვას შეგვინდობს და მოგვიტევებს, თუკი სინანულით მოვიქცევით მის მიმართ. ამდენად, თუკი ადამიანი გააცნობიერებს, რაოდენ მძიმე ცოდვაა განკითხვა და გულწრფელად მოინანიებს მას, ღვთისგან ეს ცოდვაც ეპატიება. საინტერესოა, რა საზღაური ელის ადამიანს, რომელიც არ განიკითხავს მოყვასს...
- ერთ-ერთ პატერიკში მოთხრობილია ასეთი შემთხვევა: ერთ მონასტერში ცხოვრობდა დაუდევარი ბერი. ის ხშირად იგვიანებდა მსახურებაზე. ამით ძმებს გულს სტკენდა. ისინი მონასტრის წინამძღვარს ბერის მონასტრიდან გაშვებასაც კი სთხოვდნენ. ბერი მოულოდნელად დასნეულდა, სიკვდილის პირას მივიდა. ბერები დაღონდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ მისი სული იღუპებოდა. როდესაც მის სარეცელთან შეიკრიბნენ, ყველამ დაინახა, რომ მომაკვდავს სახეზე სიმშვიდე და ნათელი დასდგომოდა, თითქოს ვიღაცას ესაუბრებოდა. მალე ბერი გონს მოეგო. ვის ესაუბრებოდიო, ჰკითხეს ბერებმა. "ძმებო, თქვენ იცით, რომ მე უღირსად ვცხოვრობდი. დავინახე, დემონები როგორ მოადგნენ ჩემს სარეცელს. ხელში ეჭირათ ქარტია, რომელშიც ჩემს მიერ ჩადენილი ყველა ცოდვა იყო ჩაწერილი. მფარველი ანგელოზი კი ჩემგან შორს იდგა და ტიროდა. უცბად მომესმა ხმა ზეციდან: - არ განსაჯოთ და არ განისჯებით, ამ ბერს არავინ განუკითხავს და მე მას ყველაფერს ვპატიობო. იმ წუთშივე ეშმაკის ხელში ქარტია დაიწვა და დემონები ღრიალით გამშორდნენ. ძმებო, ბერად შედგომის შემდეგ ერთი ადამიანიც კი არ განმიკითხავს. თქვენ მე მკიცხავდით და სამართლიანადაც, მე კი, ცოდვილი, არავის განვიკითხავდი", - უპასუხა მათ მომაკვდავმა ბერმა და გარდაიცვალა მართალის სიკვდილით. ამ პატერიკიდან ნათლად ჩანს, რაოდენ დიდი ძალა შესწევს განუკითხაობას და ღვთის რამდენად დიდ წყალობას დაიმსახურებს ადამიანის სული, რომელიც მოყვასის განკითხვისაგან იკავებს თავს. მისი სული მარადიული ნეტარი ცხოვრებით დატკბება. როდესაც მოყვასის ნაკლს და ცოდვებს არ ვჩხრეკთ და არც ვავსიტყვაობთ, ამით საკუთარ ცოდვებს ვაცნობიერებთ და ვგლოვობთ. ხოლო ასეთი ცდილობს კიდეც ცოდვათაგან განრიდებას და განწმენდას. ეს კი სულს სასუფევლისთვის ამზადებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი