წმინდა მამათა მოძღვრებით, არსებობს რვა უმთავრესი მომაკვდინებელი ცოდვა - "რვა გზა, რომელთაც ჯოჯოხეთისკენ მივყავართ" - სულს მარადიული სატანჯველისთვის ამზადებენ.
მათგან ერთ-ერთია ნაყროვანება, რომელსაც მუცელღმერთობასაც უწოდებენ, რადგან ამ ცოდვაში მყოფი ადამიანი აღმერთებს მუცელს და ემონება გემოს... ნაყროვანების შესახებ გვესაუბრება ზესტაფონის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა იაკობ აბაშიძე.
- ნაყროვანება უპირველესად ეწინააღმდეგება ერთ-ერთ უმთავრეს და უმშვენიერეს ქრისტიანულ სათნოებას - მარხვას, კრძალულებას. როგორც ბასილი დიდი ბრძანებს, თვით სჯულზე ადრე იყო მცნება მარხვისა. იგი ჯერ კიდევ მიწიერ სამოთხეში დაუწესა ღმერთმა პირველ ადამიანებს, როდესაც ედემის ბაღში მდგარი კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხის ნაყოფის ხმევა აუკრძალა, თუმცა ადამმა და ევამ ვერ მოახერხეს ამ მცნების მორჩილებით აღსრულება - შესცოდეს, რაც ღვთის მიერ აკრძალული ხის ნაყოფის გასინჯვით გამოიხატა. მათ მიერ ქმნილი ცოდვის მიზეზი კი, საიდანაც სათავე დაედო ადამიანის ცოდვისაკენ მიდრეკილებას, ამპარტავნებასთან ერთად უკრძალველობა ანუ ნაყროვანებაც იყო.
- ე.ი. ნაყროვანებაში პირველად პირველი ადამიანები ჩაცვივდნენ, იხმიეს ის, რაც მათთვის დაწესებული არ იყო. აქედან გამომდინარე, ადამიანს ნაყროვანებად ეთვლება უზომო ჭამა-სმა ანუ სიმაძღრე.
- წმინდა მამათა მოძღვრებით, ნაყროვანებას რამდენიმე სახე აქვს, ერთ-ერთია ღორმუცელობა - საზრდელის გადამეტებულად მიღება. ადამიანს საზრდელი უფლისაგან ეძლევა, მაგრამ არა იმისათვის, რომ მუცელს დაემონოს, არამედ იმისათვის, რომ იცოცხლოს და ასაზრდოოს სხეული. სასმელი წყლის უზომოდ მიღებაც ადამიანს ნაყროვანების ცოდვაში აგდებს. როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ამქვეყნიური საზრდელის მიღება უნდა შევადაროთ სახედარს, რომლითაც ვმოგზაურობთ. მაგრამ თუ სახედარს ზედმეტს ვაჭმევთ, ის აღარ დაგვემორჩილება. ასევეა ადამიანის სხეულიც: თუკი ზომაზე მეტად ვკვებავთ, ვერ დავიმორჩილებთ, რომ მისი მეშვეობით სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე ვიაროთ. საერთოდ რომ არ ვკვებოთ, მოკვდება, ამიტომ საჭიროა ზომიერების დაცვა. წმინდა მამები გვირჩევენ, ტრაპეზობას თავი დავანებოთ იმ დროს, როდესაც შიმშილს მოვიკლავთ, მაგრამ დანაყრებას ჯერ კიდევ ვერ ვგრძნობთ. ტრაპეზობის შემდეგ ადამიანს უნდა დარჩეს შიმშილის გრძნობა. ეს აუცილებელია ნაყროვანების ცოდვის თავიდან ასაცილებლად. საკვების მიღებისგან თავშეკავება რომ გაგვიადვილდეს, ერთ-ერთი მართლმადიდებელი მამა ასეთ წესს გვთავაზობს: "აიღე იმდენი, რამდენსაც მიირთმევ კარგად დანაყრებამდე, გაყავი სამ ნაწილად და მიირთვი ორი ნაწილი". კარგია, თუ ტრაპეზობისას გულში ვიმეორებთ "იესოს ლოცვას". დაუშვებელია სწრაფად კვება, რადგან ასეთ შემთხვევაში ადამიანი გვიან ხვდება, რომ ზედმეტი საკვები მიუღია.
ღორმუცელობაა უდროო დროს საკვების მიღება, ფარულად ჭამა, ჯანმრთელობისათვის მავნებელი საკვების ჭამა, მარხვის გატეხა და მარხვის დაუცველობა: შესაძლოა ადამიანი მარხვას იცავდეს, მაგრამ სამარხვო პროდუქტები იხმიოს ზომაზე მეტი, ესეც ნაყროვანების ცოდვად ეთვლება.
ნაყროვანების კიდევ ერთი სახეა გემოთმოყვარეობა. ეს არის განსაკუთრებით გემრიელი საკვებით გატაცება, ტკბობა გემოთი, როდესაც ადამიანი იკვებება მხოლოდ ისეთი საკვები პროდუქტებით, რომლებიც განსაკუთრებით მოსწონს. ამ ვნებით შეპყრობილ ადამიანს საზრდელის მიღება უდიდეს სიამოვნებას ჰგვრის.
- ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომრავლდა მრავალფეროვანი სამარხვო პროდუქტები: სამარხვო ყველი, მაიონეზი, ნამცხვრები და ა.შ. ეს ერთგვარ საცდურადაც კი იქცა, რადგან ადამიანთა გარკვეული ნაწილი მარხვის დროს ამგვარი პროდუქტებით კვებაზე გადადის. გამოდის, რომ გემოთმოყვარეობა იპყრობთ.
- თუკი ადამიანი მარხვის დროს მხოლოდ მრავალფეროვან და განსხვავებულ სამარხვო პროდუქტებს ეძებს, ცხადია, ეს მარხვა კი არა, ნაყროვანება იქნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ ეკრძალება სამარხვო მაიონეზის, ნამცხვრებისა და სხვა განსხვავებული სამარხვო საზრდელის მიღება. მთავარია, ყოველდღიურად არ ვიხმიოთ, მაგრამ თუკი მარხვის დროს დაემთხვევა ჩვენი დაბადების ან ანგელოზის დღე, საეკლესიო დღესასწაულები, გარდაცვლილი ახლობლის ორმოცი, წლისთავი ან სხვა მნიშვნელოვანი თარიღი, შეგვიძლია ამ დღეებისთვის საგანგებოდ მომზადებული სუფრისთვის მრავალფეროვანი და განსხვავებული სამარხვო საზრდელიც შევიძინოთ და ვიხმიოთ.
- მემთვრალეობა-ლოთობაც ხომ ნაყროვანების ერთ-ერთი სახეა. რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ღვინის ხმევასთან?
- თუკი ადამიანს საზრდელის და სასმელი წყლის მიღებისასაც კი მოეთხოვება ზომიერება, ცხადია, ზომიერება უნდა დაიცვას მათრობელა სასმელების მიღების დროსაც, რადგან ზომაზე მეტად ნასვამი ადამიანი საკუთარი თავის კონტროლის უნარს კარგავს და ხშირად უკეთურ, ღვთის ნების საწინააღმდეგო საქმეებს სჩადის. "ლოთობა უღმერთობის დასაწყისია, რადგან აბნელებს გონებას, რომლითაც ღმერთს შევიმეცნებთ", - ბრძანებს წმინდა ბასილი დიდი. გავიხსენოთ, რამდენი სამარცხვინო და უკეთური საქმე შეიძლება მოჰყვეს სიმთვრალეს - ბილწსიტყვაობა, მრისხანება, ჩხუბი, ქურდობა, ხორციელ გულისთქმათა აღძვრა, რასაც ადამიანი სიძვა-მრუშობამდე მიჰყავს და ა.შ. იგი, ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველგვარი სამარცხვინო საქმის დედაა, ამიტომაც გვაფრთხილებს პავლე მოციქული: "და ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწეო", მაგრამ ადამიანს საერთოდ კი არ ეკრძალება ღვინის ხმევა, არამედ ზომაგადასული სმა-თრობა ღვინით. მცირე რაოდენობით, ზომიერად სასმლის მიღება ერთგვარ სარგებელსაც კი შეგვძენს - მოგვანიჭებს მხნეობას, მარგებელია ჯანმრთელობისთვისაც. როდესაც დავით ფსალმუნთმგალობელი ბრძანებს: "და ღვინოი ახარებს გულსა კაცისასაო", აქ სწორედ იმ მხნეობით გამოწვეულ სიხარულზეა საუბარი, რასაც ერთი-ორი ჭიქა სასმლის ხმევა შეგვძენს და არა მემთვრალეობით, დათრობით გამოწვეულ მხიარულებაზე, რომელსაც გონების გრძნობათა დაბნელება მოჰყვება.
- თითქმის ყველა წმინდა მამა მიუთითებს, რომ ზედმეტი ჭამა-სმა უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზეც, იწვევს სხვადასხვა სნეულებას. "ვინც საჭიროზე მეტად დატკბება გემოთმოყვარეობით, მას ასმაგად მიეზღვება ავადმყოფობებით", - ბრძანებს წმინდა მარკოზ მოღვაწე, წმინდა იოანე ოქროპირი კი გვიქადაგებს: "ღმერთმა იმიტომ მოგვცა პატარა სტომაქი და იმიტომაც დაგვიდგინა მცირედი საკვების მიღება, რომ სულზე ზრუნვას მიგვაჩვიოს". გამოდის, ნაყროვანების ცოდვაში მყოფი ადამიანი, გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობას ინადგურებს, ვერც ვერანაირ სულიერ სარგებელს შეიძენს. კონკრეტულად რომელ ცოდვებს შობს ნაყროვანება?
- ნაყროვანებისგან ადამიანი ვარდება მრავალ ხორციელ თუ სულიერ ცდომილებაში. "როგორც მსუქან ფრინველს არ შეუძლია მაღლა აფრენა, ასევე არ შეუძლია ნაყროვანების ცოდვაში მყოფ ადამიანს ილოცოს გულწრფელად და იფიქროს ღმერთზე", - ბრძანებს ერთ-ერთი მართლმადიდებელი მამა. ე.ი. ნაყროვანება უპირველესად შობს არაგულმოდგინებას კეთილმსახურებაში, ანუ იწვევს ღვთისთვის სათნო საქმეთა შესრულების დაზარებას - გვაკარგვინებს სულიერ სიფხიზლეს, მღვიძარებას. ნაყროვანება ასევე არის სათავე ეშმაკის ათასგვარი საცდურისა, აქედან მოდის მრუშობა, ამპარტავნება, ვერცხლისმოყვარეობა, უზრუნველობა, სიზარმაცე, უხეში და უმსგავსო ზნე-ჩვეულებები...
- წმინდა მამები ხორციელი და სულიერი სიჯანსაღის შესანარჩუნებლად განსაკუთრებით ხორცეული საკვები პროდუქტების ზედმეტი და ხშირი მიღებისაგან თავშეკავებას გვირჩევენ. რატომ?
- ბასილი დიდი ბრძანებს, თვით სამოთხეში ყოფნა ერთგვარი სახე იყო მარხვისაო. მარხვა კი ყველაფერში კრძალულებას გულისხმობს, მათ შორის ხორცის მიღებისაგან თავშეკავებასაც. სამოთხეში არ იყო ისეთი რამეები, - ხორცის ჭამა, ღვინის სმა და ა.შ., - რაც ადამიანის გონებას აღაშფოთებს. ხორცის ჭამა პირველად წარღვნის შემდეგ იქნა დაშვებული უფლისაგან. ნოე იყო პირველი კაცი, რომელმაც საკლავი დაკლა, თვითონაც ჭამა და ღმერთსაც შესწირა. "ჭამად ყოველთა" კი იმის გამო დაუშვა უფალმა, რომ, როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, გადაიწურა ადამიანის სრულყოფილების იმედი. ცოდვით დაცემის შედეგად დაკნინდა ადამიანი და მისთვის საჭიროც კი გახდა იმაზე მეტი რამ მიეღო, რაც თავდაპირველად, ადამიანის შექმნის დროს იყო მისთვის განსაზღვრული, მაგრამ ის, რომ ხორცის ჭამა თავად უფალმა დაგვიდგინა, უფლებას არ გვაძლევს, სისტემატურად ხორციელი საზრდელით ვიკვებოთ. მას შემდეგ, რაც უფალმა დაუშვა და მისცა ადამიანებს "ჭამად ყოველთა", სიცოცხლის ხანგრძლივობამაც იკლო. ამას გარდა, როგორც წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრძანებს: "ხორციანი საკვები ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე. იგი უკიდურესად ასუქებს სხეულს, განსაკუთრებულ სიმკვრივეს მატებს მას, ახურებს სისხლს, მისი ორთქლი და გაზები საშინლად ამძიმებს ტვინს, ამიტომ ხორცის განუწყვეტლივ მიღება საზიანოა, მაგრამ არა იმიტომ, რომ უწმინდურად მივიჩნევთ მას, არამედ მხოლოდ იმის გამო, რომ იგი განსაკუთრებულ სისქესა და სიმკვრივეს მატებს ჩვენს სხეულს და სულიერ წარმატებაში გვიშლის ხელს".
- წმინდა ეკლესია ერში მცხოვრებ ქრისტიანებს ხორცის ხმევის ნებას აძლევს, მაგრამ ამავდროულად კრძალავს მის სისტემატურად მიღებას და ერთმანეთისგან გამოყოფს ხორციელი საზრდელის მიღებისა და მისგან თავშეკავების დღეებს, ანუ გვიწესებს მარხვას, რათა, როგორც ერთ-ერთი მართლმადიდებელი მამა ბრძანებს, - ამ თავშეკავების დღეებში ქრისტიანს გამოფხიზლების საშუალება მიეცეს. მარხვის დღეებში კი მხოლოდ მცენარეული საზრდელით ვიკვებებით. რა უპირატესობა აქვს მცენარეულ საკვებს?
- როდესაც წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ხორცის ხმევასთან დაკავშირებით გვიქადაგებს, იქვე მცენარეული საზრდელის კეთილმოქმედებაზეც საუბრობს: "მცენარეული საზრდელი საუკეთესოა. იგი ნაკლებად ახურებს სისხლს, სხეულს; მისგან გამოყოფილი და თავის ტვინისკენ აღმავალი ორთქლი და გაზები ნაკლებ ზეგავლენას ახდენენ ტვინზე; დაბოლოს, იგი ყველაზე ჯანმრთელი საკვებია, ვინაიდან ნაკლებ ლორწოს წარმოქმნის კუჭში. ამ მიზეზების გამო მცენარეული საკვების მიღებისას ჩვენი გონება განსაკუთრებით კარგად ინარჩუნებს სიწმინდესა და სიფხიზლეს... როდესაც მცენარეულ საკვებს ვიღებთ, ვნებების მოქმედებაც სუსტდება და მეტი ძალაც გვეძლევა იმისათვის, რომ მთლიანად მოღვაწეობას მივცეთ თავი".
მარხვა გვმართებს არა მხოლოდ ხორცით, ხორცეული საზრდელის მიღებისგან თავშეკავებით, როგორც ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, არამედ საჭირო და უპირატესია სულიერი მარხვა - მარხვა ენით, გონებით, ფიქრით და ა.შ. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანმა მომეტებულად უნდა იზრუნოს სულიერებაზე და იგლოვოს თავის ცოდვათა გამო, რათა მარხვამ თავმდაბლობა მოგვანიჭოს და უფალს მიგვაახლოს, მაგრამ თუ მარხვა გაგვაამპარტავნებს - ხაზს გავუსვამთ იმას, რომ მარხვას ვიცავთ და ამით სხვებზე აღმატებულად მივიჩნევთ თავს, ამას სჯობს ხორცი ვჭამოთ. ფარისეველი და ამპარტავანი კაცის მარხვას არაეკლესიური ერისკაცის უმარხველობა სჯობს, რადგან ის სინანულშია და განიცდის უმარხულობას, ამ სინანულით კი უფრო ახლოსაა ღმერთთან.
ერთ-ერთი ბერი მარხვის დროს ამპარტავნებამ შეიპყრო. როდესაც ეს მისმა მოძღვარმა შენიშნა, ბერი იხმო და დაავალა ბაზარში ხორცი ეყიდა და ეხმია. როგორ, შუა მარხვაშიო?! დიახ, შუა მარხვაში ჩადგები ხორცის რიგში, მოამზადებ და იხმევო, - უთხრა მოძღვარმა, თან დაუწესა, რა რაოდენობით და დღეში რამდენჯერ უნდა ეხმია ხორცი. სწორედ ამის შემდეგ გახადა მოძღვარმა ბერი თავმდაბალი და იხსნა ამპარტავნების საცდურისაგან. ამგვარად, არასწორი მარხვა იგივე საცდურია და სულის ცხონებაში ვერ შეგვეწევა.
- პირველი ადამიანები ხომ ეშმაკის მიერ შეთავაზებული საცთურის მიღების შემდეგ ჩაცვივდნენ ნაყროვანების ცოდვაში. ცხადია, მათ მსგავსად ნაყროვანებისკენ ნებისმიერ ადამიანს ეშმაკი მიდრეკს. როგორ შევებრძოლოთ, წინ როგორ აღვუდგეთ ბოროტის ნებას?
- ბოროტი სული თავად მაცხოვრის ნაყროვანებისკენ მიდრეკასაც კი შეეცადა: როდესაც განკაცებული უფალი იესო ქრისტე ნათლისღების შემდგომ ორმოცი დღე-ღამის განმავლობაში მარხულობდა უდაბნოში, მოშიებულს ეშმაკი მიუახლოვდა და პირველი საცდუნებელი, რაც მან იესო ქრისტეს შესთავაზა, ის იყო, რომ ქვები პურებად გადაექცია. არა პურად, არამედ პურებად - სურს, ნაყროვანებისკენ მიდრიკოს. მიუხედავად იმისა, რომ უფალს შეეძლო მოეხდინა ეს სასწაული, პასუხობს: "დაწერილია, რომ არა მხოლოდ პურითა ცოცხლობს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან". მან თავისი მარხვით უპირველესად ნაყროვანებას სძლია, და არა იმიტომ, რომ თავად საჭიროებდა ამას, არამედ გვასწავლა ხერხი ნაყროვანების მარხვის გზით დაძლევისა. ბოროტი სულის მიმართ წარმოთქმული სიტყვებით კი მიგვანიშნა, - მხოლოდ ხორციელი საზრდო არ კმარა ადამიანის ღირსეული არსებობისა და ცხოვრების ანუ ცხონებისათვის, არამედ საჭიროა ღვთის სიტყვის მოსმენა, მისგან ნაუწყებ მცნებათა დაცვა, რაც თავისთავად მარხვას, დამარხვებას - ხორციელ და სულიერ კრძალულებასაც გულისხმობს.
ნაყროვანების დასაძლევად, ეშმაკის დასამარცხებლად საუკეთესო იარაღია მარხვასთან შერწყმული ლოცვა, რადგან უკეთური სული მხოლოდ მარხვითა და ლოცვით დაიძლევა, როგორც ამას მაცხოვარი მიგვანიშნებს: "ნათესავი ესე არარათ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა" - ამ სიტყვებს კი იმის გამო ეუბნება მოციქულებს, რომ ვერ შეძლეს ეშმაკეულის განკურნება.
საკუთრივ ნაყროვანების ცოდვის თავიდან ასაცილებლად, წმინდა მამები გვირჩევენ, ტრაპეზობის დაწყების წინ ვილოცოთ უფლის მიმართ - შევთხოვოთ შემწეობა, რათა განგვარიდოს ნაყროვანებას. ტრაპეზობისას კი, როგორც მოგახსენეთ, აღვიჭურვოთ შინაგანი ლოცვით: "ნუ საჭმლითა შენითა მას წარწყმედ, რომლისათვის ქრისტე მოკუდა. ნუცა უკუე იგმობის კეთილი იგი თქვენი. რამეთუ არა არს სასუფეველი ღმრთისა საჭმელი და სასმელი, არამედ მშვიდობა და სიხარული სულითა წმიდითა", - გვმოძღვრავს ერთ-ერთი წმინდა მამა. თუკი ადამიანი გააცნობიერებს ნაყროვანების ცოდვის სიმძიმეს და მის მომაკვდინებელ შედეგებს, წესად გაიხდის მარხვასა და ლოცვას, აუცილებლად სძლევს ეშმაკს და მოახერხებს ზომაგადასული ჭამისა და სმისგან თავშეკავებას.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი