ხიბლი
ტყუილი ეშმაკის ხელში ერთ-ერთი მთავარი იარაღია. ადამიანთა დაცემაც მოტყუებით, ცილისწამებით მოხდა. დღესაც თითოეული ჩვენგანი სიცრუის მონაა, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით.
თითოეული ჩვენგანი მოტყუებულია და მცდარი წარმოდგენა აქვს სამყაროზე, მოვლენებზე და, რაც მთავარია, საკუთარ თავზე. სწორედ ეს იწვევს ამპარტავნებას, რაც საბოლოოდ ყოველი ცოდვის დასაბამი ხდება. ქრისტიანობაში არსებობს განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობა - ხიბლი, რომელიც ამპარტავნების ყველაზე საშიში გამოვლინებაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მოტყუებულ მდგომარეობას. ხიბლი მეტად საშიში სულიერი სნეულებაა. მისგან თავის დასაცავად მამები ასეთ ხერხს გვთავაზობენ - წუთითაც არ დაუშვათ, რომ ხიბლში არა ხართ, რადგან მხოლოდ ის არის ხიბლისგან თავისუფალი, ვისაც თავი ხიბლში ჰგონია. ხიბლის შესახებ გვესაუბრება სიონის ტაძრის მსახური დეკანოზი ლავრენტი ბუზიაშვილი.
- მამაო, რა არის ხიბლი?
- ხიბლი საეკლესიო ტერმინია, რომლითაც აღნიშნავენ ადამიანის გარკვეულ არაჯანსაღ სულიერ მდგომარეობას. ეს არის პიროვნების არასწორი წარმოდგენა საკუთარ თავზე, თითქოს ის სწორად ცხოვრობს, სულიერად ძალიან კარგად არის, რომ მიაღწია დიდ სიწმინდეს. შეიძლება ხიბლში მყოფი გარკვეულ სულიერ წარმატებებსაც მიაწერდეს თავის თავს, ჰქონდეს "ხილვები", ეგონოს, რომ ეცხადებიან წმინდანები, ანგელოზები ან ესმოდეს მათი ხმები და ეს ხმები თუ არსებები ასწავლიდნენ მას სულიერ ცხოვრებას. ამ დროს ადამიანი თავს ღვთის რჩეულად მიიჩნევს და ვარდება დემონურ ამპარტავნებაში. საკუთარ თავზე რეალურზე დიდი წარმოდგენა თითოეულ ჩვენგანს აქვს, ამიტომაც გარკვეულწილად ხიბლში ვართ ყველანი და ამან სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩაგვაგდოს, არამედ უნდა შევიგრძნოთ ჩვენი დაცემულობა და საკუთარ თავზე რეალური წარმოდგენა ვიქონიოთ.
- საიდან და როგორ წარმოიშვება ხიბლი?
- ყოველი ცოდვა ადამისა და ევას დაცემიდან იღებს სათავეს. თავდაპირველად ისინი ღვთის მორჩილნი იყვნენ, ამიტომაც ცხოვრობდნენ ბედნიერად და უფალთან ერთობაში, ვიდრე აღასრულებდნენ ღვთის მცნებას - არ ეჭამათ აკრძალული ხის ნაყოფი. მაცდურმა ვერ აიტანა მათი მდგომარეობა და შეცდენა გადაწყვიტა. ადამსა და ევას უთხრა, ამ ხის ნაყოფის გემოსხილვით ღმერთები გახდებითო. სწორედ აქ ჩანს ხიბლი. ადამიანებმა, უმეცრების გამო, რომ ვერ ხვდებოდნენ, რა საფრთხის წინაშე იდგნენ, დაუჯერეს ცილისმწამებელს, ირწმუნეს, რომ შეეძლოთ დიდებულებით უფალს გატოლებოდნენ. შეექმნათ მცდარი წარმოდგენა საკუთარ თავზე, ღვთის მცნებების დაუცველად მოინდომეს სრულყოფა, სულიერ სიმაღლეთა მიღწევა. სწორედ ეს არის ხიბლი. ამიტომაც ყოველი ხიბლში მყოფი იმეორებს სატანის და ადამის შეცოდებას, კარგავს სულიერ ორიენტირებს და ქრისტეს გარეშე ცდილობს განღმრთობას. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ხიბლის სათავე ხდება პირველ რიგში ურჩობა და უმეცრება.
- როდის არის საშიშროება ხიბლში ჩავარდნისა?
- ხიბლი უფრო მაშინ ემართებათ, როცა არ სარგებლობენ სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, არ არიან მორჩილნი, თვითნებურად, ურჩობით ცდილობენ სიწმინდის გზაზე სიარულს. ასეთ დროს განსაცდელები გარდაუვალია, მათ შორის ერთ-ერთი უსაშინლესი - ხიბლიც.
- თუმცა ზოგი მიიჩნევს, რომ მოძღვრის მორჩილებით ადამიანს ერთმევა თავისუფალი ნება.
- ეს თავისუფლების დამახინჯებულად გაგების ბრალია. თავისუფალი ნება არ არის ქრისტიანის თვითმიზანი. ის იმისთვის არ მიეცა ადამიანებს, რომ რაც მოუნდებათ, ის აკეთონ, უაზრო ახირებები, ვნებები დაიკმაყოფილონ. თავისუფლების ასეთი გაგება აბსურდული და სასაცილოა. ცხადია, არსებობს შეზღუდვები, მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანი ცოდვისგან გათავისუფლდეს და იყოს არა ეშმაკის, არამედ ღვთის მონა. ვისაც არ სურს სწორ გზაზე სიარული, მას არც არავინ ავალებს. მაგრამ თუ გადაწყვეტ, შენივე თავისუფალი ნებით შეუდგე ქრისტეს, უნდა დაიცვა კიდეც ის წესები, რაც ქრისტეს ეკლესიაშია მიღებული. შესაბამისად, უნდა დაემორჩილო მოძღვარს, რადგან ამ გზაზე გამოუცდელი ხარ, ამიტომ შენზე გამოცდილის, ღვთისაგან დადგენილი ადამიანის რჩევებით უნდა იხელმძღვანელო. ამ ლოგიკით თავად მოსე, მოციქულები, თვით უფალი ყოფილან თავისუფლების შემზღუდველები. განა შეიძლება ნების დისკრედიტაციად ჩავთვალოთ - არა კაც ჰკლა; არა იპარო; არა იმრუშო? ეს ხომ სულის ცხონებისთვისაა საჭირო. თუ ჩვენ ვეძებთ კეთილ განვითარებას, ასეთი რამ უნდა მოგვწონდეს კიდეც. ნერგს, სწორად რომ გაიზარდოს, სარს უსობენ. ცხადია, ეს შეზღუდვაა ნერგისთვის, მაგრამ ამავე დროს არის გარანტია იმისა, რომ ხე სწორად გაიზრდება და არ დამახინჯდება.
- რა ნიშნებით იცნობა ხიბლი? ყველაზე მეტად რომელი თვისებები აქვთ გამოხატული ამ ადამიანებს?
- ხილვები და გამოცხადებები ვახსენეთ. ეს ერთ-ერთი ნიშანია ხიბლისა. ახასიათებთ აღტაცებულობა, ლოცვებთან განსაკუთრებული მგრძნობელობითი დამოკიდებულება, თითქოს გრძნობენ შეხებას ან კეთილსურნელებას. შეიძლება მხედველობითი წარმოსახვებიც კი ჰქონდეთ. ეკლესია, წმინდა მამები გვაფრთხილებენ, მკაცრად მოვეკიდოთ ასეთ "ხილვებსა" თუ შეგრძნებებს, ყველანაირ აღტაცებას. ჭეშმარიტი ლოცვა არის მშვიდი და ის ნერვულ სისტემას კი არ აღაგზნებს, არამედ მაქსიმალურად აწყნარებს ადამიანს.
ხიბლში მყოფისთვის დამახასიათებელია თავდაჯერებულობა. მართლმორწმუნე ქრისტიანი დაჯერებული მხოლოდ საეკლესიო კანონებში, სჯულის წესებსა და დოგმატებში უნდა იყოს, რადგან ისინი საღვთო ჭეშმარიტებებია. სხვა მხრივ კი არც ერთ საკითხში არ მართებს სიჯიუტე და შეუვალობა. ამ ხალხს კი სწორედ სიჯიუტე ახასიათებს, რომელიც შეიძლება პრინციპულობადაც კი მოგვეჩვენოს. თავდაჯერება ხიბლის დასაწყისია. ადამიანი უჯერებს თავის აზრებს, სუბიექტურ წარმოდგენებს, ცდილობს იპოვოს "ახალ-ახალი გზები გადარჩენისათვის". ხიბლში მყოფი თვლის, რომ მიაღწია გარკვეულ სულიერ საფეხურებს მხოლოდ და მხოლოდ თავისი შრომით და მიაჩნია, რომ მას ამ საქმეში ღმერთი არ დაეხმარა. სიტყვით შეიძლება არავინ აღიაროს, მაგრამ მოხიბლულთა განწყობა ამგვარია - მათ ღმერთი არ სჭირდებათ. მას შემდეგ კი, რაც ადამიანი ჩათვლის, რომ გადარჩენა უფლის მადლის გარეშეც შეუძლია, სულიერი ცხოვრების ცენტრი უფლიდან "საკუთარ მეზე" გადადის, იწყება სულიერი ეგოცენტრიზმი, რასაც საბოლოო დაცემამდე მივყავართ.
გარდა ამისა, მათთვის დამახასიათებელია უსიყვარულობა. ეს ბუნებრივია. თბილი და მოსიყვარულენი ჩანან, მაგრამ გული ცივი აქვთ. ყველას რისხვას ატეხენ თავს, განსაკუთრებით მათ, ვინც "ღვთის რჩეულებად" არ აღიარებს. ვისთანაც უფალი არ არის, არც მადლია და არც სიყვარული, რამეთუ თავად ღმერთია სიყვარული. ამიტომაც მოხიბლულნი მეტისმეტად მკაცრები და მიუტევებლები არიან ცოდვილის მიმართ. მოყვასს პატარა შეცდომაზე ისე განიკითხავენ, თითქოს უკანასკნელი დამნაშავე იყოს. არადა მასზე დიდ ცოდვაში არიან თავად. მაცხოვარი ამგვარი დამოკიდებულების მქონე ადამიანებს ეუბნება: "ვაი თქვენდა, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკვდართათა და ყოვლითა არაწმიდებითა. ეგრეცა თქვენ გარეშე სჩანთ წინაშე კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულობითა და უსჯულოებითა".
- როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე, თუ მოყვასს ხიბლში ხედავს? ხელის შეწყობა, შექება, ცხადია, არ შეიძლება. მაგრამ ზოგჯერ დაშლა, მხილება საწინააღმდეგო შედეგს გვაძლევს, რადგან ხიბლში მყოფი თვლის, რომ მას სამყარო განუდგა, დევნიან, როგორც ადრე ყველა წინასწარმეტყველს, წმინდანს...
- ხიბლი არის სულიერი დაავადება, ავადმყოფს კი მკურნალობა უნდა. სნეული მიმართავს რაც შეიძლება გამოცდილ ექიმს, დანარჩენს კი ექიმი აგვარებს. ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც, სულიერი სნეულების დროს უფრო გამოცდილ მოძღვარს უნდა მივაკითხოთ. თუ ის ჩათვლის, რომ მდგომარეობა მეტისმეტად მძიმეა და სნეულება შორსაა წასული, ამისთვის სხვა გზები არსებობს და ამას მღვდელი გვასწავლის, თუ არადა თვითონ უმკურნალებს სნეულს. ამ შემთხვევაში უკვე ინდივიდუალურად წყდება, როგორ მოექცნენ ადამიანს.
- ხშირად ხიბლში ისეთი ადამიანები ვარდებიან, რომლებიც გარკვეულ სულიერ საფეხურზე დგანან, გარკვეულ ღვაწლს ტვირთულობენ და ამის შემდეგ ამპარტავნებას ეცემიან ხოლმე.
- არაერთი ღირსი მამა, ბერი, დიდი მოღვაწე, ასკეტი ჩავარდნილა ხიბლში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხიბლი მხოლოდ რჩეულებს ემართებათ. უბრალოდ, ასეთ დროს ეშმაკი გამძვინვარებულია და ყველა საშუალებით ცდილობს ადამიანის შეცდენას.
კიევ-პეჩორის პატერიკში ასეთი შემთხვევაა აღწერილი: ბერი იაკობი დიდი სულიერებით გამოირჩეოდა, მაგრამ საშინელ ხიბლში ჩავარდა. იმდენად დააუძლურა და გაანადგურა ამ მდგომარეობამ, რომ ჩვილი ბავშვივით გახდა. ვერ ჭამდა, ვერ სვამდა, ვერ დადიოდა. ხელახლა ასწავლეს ყველაფერი - სიარული, მეტყველება და ა.შ. საბედნიეროდ, მან ღვთის მადლითა და თავისი მოღვაწეობით პირვანდელი სულიერი მდგომარეობა დაიბრუნა. შეინანა, გამოსწორდა და იმქვეყნად როგორც საკვირველმოქმედი, როგორც წმინდანი, ისე წავიდა. მას ეშმაკები ვერ ეკარებოდნენ.
- აქედან გამომდინარე, ალბათ დიდი ბრძოლა აქვთ სასულიერო პირებს. ისინი ხომ უდიდეს ჯვარს ტვირთულობენ.
- რა თქმა უნდა, ღვთისმსახურების ცხოვრება მეტად რთულია. ამას ხშირად მრევლიც უწყობს ხელს. მოძღვარს განადიდებენ, რაც ძალიან საშიშია. მღვდელი მრევლის ცნობიერებაზე მაღლა უნდა დადგეს, უნდა შეინარჩუნოს სიფხიზლე. ბოლოს და ბოლოს, თვით წმინდანები, წინასწარმეტყველები ღვთის მადლის გარეშე არარა იყვნენ. და თუ ადამიანი მართლაც განსწავლულია, როგორ ექნება დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე? რას ამბობენ ეკლესიის ბურჯები - მიწა ვარ, მტვერი, ნაცარი და მატლიო. თუ ისინი თავს ასეთ ცოდვილებად თვლიდნენ, ჩვენ საიდან ვსწავლობთ, რომ დიდები ვართ, რომ სამყარო ჩვენს გარშემო ტრიალებს?
- მოძღვრისთვის, სასულიერო პირისთვის ხიბლი ალბათ ორმაგად საშიშია, იქიდან გამომდინარე, რომ მრევლი აბარია.
- რა თქმა უნდა. მღვდელი მრევლის სულიერ ცხოვრებას აკონტროლებს და თუ თავად ასეთ მძიმე ცოდვაშია, სხვებს როგორღა წაიყვანს ცხონების გზაზე? ასეთ დროს უნდა ვილოცოთ მოძღვრისთვის. ჯერ კიდევ მოციქულები მოუწოდებდნენ ხალხს - თქვენი მოძღვრებისთვის, ჩვენთვის ილოცეთო, რადგან, კიდევ ვიმეორებ, მათზე განსაკუთრებულად მძიმე ბრძოლაა დაშვებული.
- ასეთ დროს შეიძლება თუ არა მრევლმა ამხილოს მღვდელი?
- აჯობებს, უფრო გამოცდილ მოძღვარს ან, უკეთეს შემთხვევაში, ეპისკოპოსს მივმართოთ. ისინი განსაზღვრავენ, როგორ მოექცნენ სასულიერო პირს. მრევლი მხოლოდ თავისი ძალებით ძნელად თუ შეძლებს მოძღვრის გამოსწორებას. ჩვენ მხოლოდ ლოცვა შეგვიძლია, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს.
- წეღან ახსენეთ, აუცილებელი არ არის, ხიბლში მოღვაწე ჩავარდესო. უფრო ხშირად როგორ ადამიანებს ემართებათ ეს სნეულება?
- ახალმოსულებს. მათ ყოველთვის ახლავთ გარკვეული ეიფორია, აღტაცება ნებისმიერ საქმეში. ხშირია ხიბლი ახალნაკურთხ სასულიერო პირებშიც. გარკვეული აღტაცებულობა, ხიბლი ყველას აქვს, მაგრამ საწყის ეტაპზე ეს არ არის ძალზე საშიში. მთავარია, დროულად მოვეგოთ გონს და ცოდვას გასაქანი არ მივცეთ.
- რატომ ხდება ასე?
- ახალმოსული ბევრად მონდომებულია და დიდია საშიშროება, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგას, ხიბლს მიეცეს. სულიერი ცხოვრება ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა ვითარდებოდეს და არა ერთი ხელის მოსმით. თავიდან ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ილოცოს, მაშინ როცა ამის სულიერი საფუძველი არა აქვს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხიბლის სათავე უმეცრებაა. ამიტომაცაა მოძღვარი საჭირო. ის მორწმუნეს აუხსნის, რომ თავიდან ამხელა ღვაწლის აღება არასწორია. თუმცა არ არის კარგი, ადამიანს ყველაფერი დაუშალო. მის შემართებას გარკვეული გასაქანი უნდა მისცე, ოღონდ მართლმადიდებლობის, ზომიერების კვალდაკვალ.
- ხშირად ხიბლში მყოფები სასწაულებს ეძებენ. პირველ რიგში რისთვის ევლინება ადამიანს სასწაული და როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მათ მიმართ?
- სასწაული, ეკლესიის სწავლებით, არასოდეს ხდება შემთხვევით, უმიზეზოდ. ეს არის სულიერი აუცილებლობით გამოწვეული მიზანდასახული მოვლენა ადამიანების მოსაქცევად, ცოდვილ ცხოვრებაზე დასაფიქრებლად, მათ სულიერად აღსაზრდელად, ზოგჯერ შეიძლება დასასჯელადაც. არის შემთხვევები, როცა სარწმუნოების დიდებულების დასამტკიცებლად ხდება. სასწაულები ადამიანებს არა იმდენად დამსახურების, არამედ რწმენის გამო ეძლევათ ხოლმე. გულით ლოცვის და თხოვნის შემდეგ ღმერთი ზოგჯერ სასწაულებრივად უსრულებს სათხოვარს. ასეთ დროს ნამდვილად ვერ ჩავთვლით ამ ადამიანს სასწაულმოქმედად.
თუ ადამიანის სულისთვის საჭიროა, უფალი აუცილებლად მოავლენს სასწაულს. ასე რომ, სასწაულით რაღაც უნდა ვისწავლოთ, ღვთის დიდება უნდა დავინახოთ, ჩვენს ცხოვრებაზე დავფიქრდეთ, არათუ ხიბლში ჩავცვივდეთ.
- ზოგი ეკლესიაში მხოლოდ სასწაულების გამო დადის.
- ამგვარი დამოკიდებულება, სამწუხაროდ, ძალზე ხშირია. სალოცავად მხოლოდ მაშინ წავლენ, თუ გაიგებენ, რომ იმ ტაძარში, მონასტერსა თუ ხატთან სასწაული მოხდა. ეს არასწორი დამოკიდებულებაა. რა თქმა უნდა, სასწაული ღვთის დიდებულების გამოხატულებაა, უფლის ბრწყინვალების ამ გამოვლინებას თაყვანი უნდა ვცეთ, მაგრამ უფრო ხშირად ეს ზედაპირული, მხოლოდ მშვენიერ ემოციებზე დაფუძნებული ქცევაა. უფალი ამბობს, - ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს და არა მიეცეს მას, გარნა სასწაული იონასიო. ჯერ კიდევ მაცხოვრის დროს ხალხი უფალთან არ მიდიოდა ცოდვათა შესანდობად, სულისთვის სასარგებლო საუბრის მოსასმენად, სულიერად დასაპურებლად და გადასარჩენად, არამედ სასწაულების სახილველად. რა თქმა უნდა, ამას ღმერთი უარყოფითად შეაფასებს.
- ზოგჯერ საკვირველი სიზმრებიც ხდება ხიბლის მიზეზი.
- ქრისტიანი ფრთხილი უნდა იყოს და თავი შეიკავოს მათი დაჯერებისგან. არსებობს გამაფრთხილებელი, მამხილებელი სიზმრები. მათგან ადამიანს სარგებლის მიღება შეუძლია. არასწორია სიზმრებით მომავალზე წარმოდგენის შექმნა, მით უმეტეს, მათი გამოცხადებებად შერაცხვა. წმინდა მამები ამბობენ, ადამიანი, რომელიც ცდილობს, სიზმრები ახსნას და მათ მიჰყვეს, უგუნურ კაცს ჰგავს, რომელიც თავისი ლანდის დაჭერას ცდილობსო.
- ხომ შეიძლება ვინმეს მართლაც გამოეცხადოს წმინდანი?
- თუ იმ მოტივით არ ვირწმუნებთ თუნდაც ღვთისაგან მოვლენილ სიზმარს, რომ არ შევცდეთ, ღმერთი ცოდვად არ ჩაგვითვლის და სხვა გზით გამოაჩენს თავის სურვილს.
- სამწუხაროდ, ხიბლში მყოფნი ცხოვრებას უმეტესად თვითმკვლელობით ასრულებენ. რატომ ხდება ასე?
- იმიტომ, რომ ადამიანები სულიერად მახინჯდებიან. შეიძლება თავი არც მოიკლან, მაგრამ თუ არ მოექცევიან, ცხოვრებას სამუდამო სატანჯველში გაატარებენ. ყველაზე მძიმე შედეგი, ცხადია, თვითმკვლელობაა.
- ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ალბათ ხიბლისგან განკურნება ძალზე რთულია.
- დიახ. ეს ურთულესი საქმეა და უდიდესი განსაცდელებიც ახლავს. ბერი იაკობის შემთხვევაც ამაზე მეტყველებს. არსებობს მეორე უკიდურესობაც. ხიბლისგან გათავისუფლებულს ჰგონია, ამ მდგომარეობამდე ლოცვამ, მეტანიამ მიიყვანა და არა მისმა არასწორმა დამოკიდებულებამ. ამიტომ ყველანაირ ღვაწლს უგულებელყოფს. ეს შეცდომაა. მორწმუნე განათლებული უნდა იყოს, რათა შეძლებისდაგვარად იცოდეს, საიდან შეეცდება ეშმაკი შემოტევას და თავის დაცვა შეეძლოს. ღმერთი არავის ტოვებს და თუ ვინმე მონდომებულია, უფალი შეეწევა, დაცემულს აღადგენს და ხიბლში მყოფსაც გამოიყვანს. მთავარია, ადამიანს სურდეს ეს და მოიკვეთოს ის აზრი, რომ სხვაზე აღმატებულია.
დღევანდელი ყოფა იმდენად დაშორებულია ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას, რომ საწყისებამდე გვიჭირს მისვლა. როგორ შეიძლება რაღაც სიმაღლეებზე გვქონდეს პრეტენზია? ელემენტარულს - დილა-საღამოს ლოცვებს, აღსარებას, ზიარებას ვერ ვახერხებთ და რა ხიბლზე შეიძლება ვილაპარაკოთ? ღმერთმა ყველას მოგვცეს გონიერება, რომ მიუკერძოებლად ვხედავდეთ ჩვენს თავს, ვიაზრებდეთ დაცემას და უფალს გადარჩენისათვის შევღაღადებდეთ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და დაგიცვათ ხიბლისაგან. ამინ.
ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
გვანცა გოგოლაძე