სამწუხაროდ, დროის სულისკვეთებისა თუ საზოგადოების გარკვეული ნაწილის "გემოვნების" შესაბამისად, ყოველ ეპოქაში ჩნდებოდნენ ეკლესიური წეს-ჩვეულებებისგან განსხვავებული "ახალი ტრადიციების" დამკვიდრების მსურველნი. ასე ვიღებდით "ნოვატორ მქადაგებლებს" და "ნოვატორულ ქრისტიანობას".
ქრისტიანული და საამქვეყნო ღირებულებების უცნაურ აღრევას არცთუ შორეულ წარსულშიც ჰქონდა ადგილი. "ვეძიოთ ახალი, პროგრესული ფორმები", - განაცხადეს კომუნიზმის მაშენებლებმა და ქრისტიანული ეკლესიის საიდუმლოებათა და წეს-ჩვეულებათა (ნათლობა, ქორწინება, მიცვალებულის წესის აგება და სხვა) რევიზიასაც შეუდგნენ და მათ ნაცვლად ახალი საზოგადოებრივი ყოფისთვის შესაფერისი "პროგრესული ფორმების" დამკვიდრებასაც.
"ახალი წესით ნათლობის" ღონისძიება
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ არცთუ შორეულ წარსულში საქართველოში დამკვიდრებული და საყოველთაოდ გავრცელებული სამოქალაქო ცერემონიები სწორედ იმ ავადსახსენებელი რეჟიმის მონაპოვარია, რომლის მთავარი მიზანიც ეკლესიის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა იყო. "წითელი ხელისუფლება" გასაოცარი გულმოდგინებით ცდილობდა რწმენის ამოშანთვას ადამიანთა გულებიდან და სანაცვლოდ, ახალი, საეკლესიო წეს-ჩვეულებებთან დაპირისპირებული სამოქალაქო რიტუალების დანერგვას.ათეისტები საქმეს სამოქალაქო ომის დამთავრებისთანავე შეუდგნენ. მალე მათ "ახალი წესით ნათლობის" ღონისძიება შეიმუშავეს. 1923 წელს ქ. სეროვეში "მონათლეს" კიდეც მუშის გოგონა. გოგონასთვის სახელის დარქმევა სახალხო ზეიმად აქციეს. "ნათლიებმა" ერთსულოვნად შეადგინეს ოქმი, სადაც ეწერა: "ჩვენ გნათლავთ შენ არა ჯვრით, წყლითა და ლოცვებით, არამედ ბრძოლისა და შრომის წითელი ალმით, რომელიც დაცხრილულია ტყვიებით, დაფლეთილია ხიშტებით"...
1924 წელს უკვე ცნობილმა მხედართმთავარმა კოტოვსკიმ მოაწყო მეუღლესთან ერთად პატარებისთვის სახელის მიკუთვნების ოფიციალური ცერემონია (ცხადია, საეკლესიო წესით ნათლობის საპირისპიროდ). დამსწრენი ამ ცერემონიის შესახებ ასე ჰყვებიან: "კოტოვსკი ტრიბუნასთან იდგა, მშობლებს მასთან რიგრიგობით მიჰყავდათ თავიანთი პატარები. იგი ბავშვს ხელში აიტაცებდა და ხმამაღლა აცხადებდა მშობლების მიერ შერჩეულ სახელს". იმისთვის, რომ ამგვარი "ინდივიდუალური მიგნებები" ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში დამკვიდრებულიყო, საჭირო იყო ენთუზიასტთა წახალისება, ამიტომაც "ახლებური მონათვლის" წესის შემუშავებისთვის შრომა არ შეწყვეტილა... და აი, უკვე 40-იანი წლებიდან დიდი მონდომებით ნერგავენ საზოგადოებაში ლატვიელი მებადურების (!) მიერ შემუშავებულ პატარებისათვის სახელის მიკუთვნების კოლექტიურ ცერემონიალს. ამ სამოქალაქო ცერემონიალს ნათლობის ეკლესიური წესიდან მხოლოდ ნათლიების მოწვევა შერჩა, თუმცა მასშიც ერთგვარი ცვლილებები შეიტანეს: თუ ადრე ნათლია ნათლულის სულიერ ზრდაზე იღებდა პასუხისმგებლობას და, შესაბამისად, სულ მცირე, რელიგიურობა მაინც მოეთხოვებოდა, ახლა "ნათლიებად" მდიდარ, საზოგადოებაში გავლენის მქონე პირებს ირჩევენ, ისეთებს, რომელთაც სურვილიც ექნებათ და შესაძლებლობაც, "ნათლულის" მიწიერ კეთილდღეობაზე იზრუნონ. ასე და ამგვარად მკვიდრდება საზოგადოებაში "პრესტიჟული ნათლიის" სტატუსი.
გახსოვთ, ალბათ, ოტია ქამუშაძე "დარისპანის გასაჭირიდან". ვაჟის შეძენის შემდეგ მის ოჯახშიც ჩამოვარდა სიტყვა ნათლობაზე. პირველ რიგში, ერთი ნათლია ეცოტავა ეკვირინეს, ბავშვის ბებიას, შემდეგ კი თავმომწონე და კუდაბზიკა ნააზნაურალი მხოლოდ იმიტომ დათანხმდა "ყაზახი სამადაძის" ნათლიობას, რომ "შეძლებული და ზრდილობიანი ყაზახის ნათლიად ყოლა ბავშვისთვისაც გამოსადეგი იქნებოდა". "ნეტა მეც მომნათლავდეს ის ოჯახდაქცეული, თუკი მართლა მდიდარია! ცოტა რამეს მაინც გამორჩებოდა კაცი!" - არჩევანს უწონებს დედა-შვილს პორფირი...
და ის, რაც კლდიაშვილთან ღიმილს იწვევს, ფოტოგრაფიული სიზუსტით ასახავს სულიერებისგან დაცლილი საზოგადოების ზნეობრივ დეგრადაციას. უფრო მეტიც - დროთა განმავლობაში საზოგადოებამ იმგვარად იგუა ყოველგვარი "სიახლე", რომ სხვაგვარად ვეღარც კი წარმოედგინა...
სამწუხაროდ, "პრესტიჟული ნათლიის" ინსტიტუტის დამკვიდრების გარდა, "სახელდებით ნათლობაც" მეტად გავრცელებულა საქართველოში. არცთუ იშვიათად დღეს ხანდაზმული ადამიანებისაგან ისიც გვსმენია, რომ ვერ იხსენებენ, არიან თუ არა მონათლულები, ან თუ არიან - სად (ეკლესიაში?), ან ვის მიერ (სასულიერო პირის?). ან მხოლოდ ის ახსოვთ, რომ ესა თუ ის ადამიანი მათ ნათლიად იწოდება... გამორიცხული არ არის, მათი ნაწილი მაინც "სამოქალაქო ნათლობის" ("სახელდებით ნათლობის") მსხვერპლი იყოს; ამ მსხვერპლს ხომ უპირობოდ მოითხოვდა საბჭოთა ადამიანების კომუნისტური სულისკვეთებით აღზრდის ამოცანები!
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელით ვაცხადებ: ამ წუთებიდან თქვენ ითვლებით ცოლ-ქმრად
მმაჩი - კანცელარიული პროცედურით ეს აბრევიატურა ოფიციალურად ასე იშიფრება: "მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩაწერის ბიურო".ეკლესიური ტრადიციით, ქორწინების აქტი საქართველოში ძველი დროიდანვე ოფიციალურად ფორმდებოდა ეკლესიაში (თვით XX საუკუნის შუა წლებამდეც კი). მხოლოდ საბჭოთა ეპოქაში "დაკარგა" ჯვრისწერამ და ქორწინებამ ეკლესიური დანიშნულება. დღეს საზოგადოება უბრუნდება რწმენას, თუმცა, სამწუხაროდ, ჯვრისწერა, ზოგ შემთხვევაში მაინც, საქორწილო ზეიმის მხატვრულ (რომანტიკულ) მხარედ და სამშვენისად არის ქცეული...
საინტერესოა, რომ საეკლესიო წესის რღვევისთვის თავდაუზოგავი მუშაობა კვლავაც ბალტიისპირეთში დაიწყო. 1957-59 წლებში გაზეთ "ედაზში" (ესტონეთი) დაიბეჭდა ტარტუს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორების (ლააზიკი, მოტტი, კალისტი...) რეკომენდაციები (!) ქორწინების ახალი რიტუალის დამკვიდრებისა და მათით საეკლესიო წესების ჩანაცვლების აუცილებლობის (!) შესახებ. 1959 წელს ახალი ტრადიციის ტარტუელმა ენთუზიასტებმა ახალი სამოქალაქო წეს-ჩვეულებების - სამოქალაქო ნათლობის, ქორწინების, დაკრძალვის და სხვ. ცერემონიების დასამუშავებლად სპეციალური კომისიაც კი ჩამოაყალიბეს, რომელსაც სათავეში ტარტუს დეპუტატი, ცნობილი ესტონელი პოეტი ფელიქს კოტტა ედგა.
ნოვაცია ასეთია: სამოქალაქო ქორწინება სრულდება მმაჩის ბიუროში. დანიშნულ დროს ახალგაზრდები ხელს აწერენ ქორწინების მოწმობას. წამყვანი საზეიმოდ აცხადებს: "ესტონეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელით ვაცხადებ: ამ წუთებიდან თქვენ ითვლებით ცოლ-ქმრად" - და გადასცემენ ქორწინების მოწმობას (შეთანხმების შემთხვევაში, საქორწინო ბეჭდებსაც), ისმის მენდელსონის მარში...
ნოვაცია აიტაცეს. 1959 წლის ნოემბერში ლენინგრადში საბჭოთა კავშირში პირველი "ქორწინების სასახლე" გაიხსნა. 1961 წელს მსგავსი დაწესებულება იხსნება მოსკოვში. მალე ამ ქალაქებს მოკავშირე რესპუბლიკების დედაქალაქებმაც მიბაძეს, მათ შორის - თბილისმაც.
თავი მოგვეჭრება, ხორცი რომ არ გვქონდეს
მრავალ ტრაგიკომიკურ ჩვევას ჩაეყარა საფუძველი ჩვენში მიცვალებულის ეკლესიურად დაკრძალვის წესში შეტანილი "საბჭოთა ცვლილებებისა და დამატებების" გამოც. აქაც "დრომ მოიტანა" ის, რომ ეკლესიურად დაკრძალვის წესები სამოქალაქო-სამგლოვიარო ცერემონიებით შეიცვალა. ისევ და ისევ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ნოვატორთა მიბაძვით, საქართველოში წესად შემოიღეს მიცვალებულის ეკლესიაში დასვენების ნაცვლად "ცნობილ" პიროვნებათა ცხედრების კულტურის სასახლეებში, საზოგადოებრივ დაწესებულებებში, გარდაცვლილის სამოღვაწეო ობიექტებში (სამსახურებში) დასვენება. ათეისტი მოხალისეები საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის რეგულარულად აწყობდნენ სპეციალურ სემინარებს თემაზე: "როგორ მოვაწყოთ დაკრძალვა ახალი ტრადიციით". პრაქტიკაში დამკვიდრდა ცხედართან "საპატიო ყარაულის" დგომა - რაც სხვა არაფერი უნდა იყოს, თუ არა კვლავაც ეკლესიური ტრადიციის (განუწყვეტელი ფსალმუნება) ალტერნატიული და გარეგნულად მიმსგავსებული შინაარსგამოცლილი ფორმა.გადააზრებული და ეკლესიური შინაარსისგან დაცლილი აღმოჩნდა პანაშვიდების ფორმაცა და შინაარსიც. წესითა და რიგით, განსვენებულის პანაშვიდზე მისული მორწმუნე თავადაც შენდობას ითხოვს მიცვალებულის სულის წინაშე და მასაც შეუნდობს მის წინაშე ჩადენილ შესაძლო ცოდვას. ამასთანავე, იზიარებს ჭირისუფლის მწუხარებას და შეეწევა მას სულიერადაც და ყოფითადაც. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მიცვალებულის სულისთვის ეკლესიის მიერ განწესებული საკითხავები დამსწრეთათვისაც არის განკუთვნილი - მათ წუთისოფლის მსწრაფლწარმავლობასა და ამაოებას და რწმენის საჭიროებას შეახსენებს, ხოლო სამოქალაქო პანაშვიდების სამგლოვიარო ცერემონიებზე მისვლა-მოსვლა ლამის მხოლოდ ცოცხალთა (ჭირისუფალთა) "დასაფასებელ" რიტუალად იქცა.
ჭირისუფალთაგან გარდაცვალებულის სულის საოხად გასაშლელი სუფრაც არცთუ იშვიათად გვახსენებს "იმერული ესკიზების" ერთ-ერთ ეპიზოდს - ბევრი უცხო და მოსარიდებელი სტუმარი გვეყოლება, მთავრობიდანაც იქნებიან და თავი მოგვეჭრება, ხორცი რომ არ გვქონდესო... ეკლესიურად კი არც სუფრაზე მისატანი ღვინის რაოდენობაა განსაზღვრული და არც შესასმელ სასმისთა რიცხვი. სუფრის მთავარი დანიშნულება სრულიად სხვაა (მიცვალებულის სახელზე მოწყალების გაღება...) და არაფერი აქვს საერთო სუფრის მრავალფეროვნებით თავმოწონებასთან.
წარმართული, ქრისტიანული და გაურკვეველი წარმომავლობის (მათ შორის - საბჭოური) რწმენა-წარმოდგენების მართლაც უცნაურმა ნაზავმა მიცვალებულის საფლავის ვიზუალური მხარეც მრავალმხრივ შეცვალა. თვალთახედვიდან გაქრა აუცილებელი სიმბოლო - ჯვარი და მისი ადგილი ლამის მრავალსართულიანმა სახლებმა და ვიდეოაპარატურით აღჭურვილმა "თანამედროვე პირამიდებმა" დაიკავა.
ტრაგიკომიკურია ასევე წარმართობანარევი წარმოდგენების ერთგვარად დაკანონების მცდელობაც, თუნდაც ისეთის, დედალი ცხვარი დაიკლას თუ მამალი, იმის შესაბამისად, გარდაცვლილი ქალია თუ კაცი, ან ის, რომ პრესტიჟის საქმედ ვაქციოთ "ჭირის სუფრაზე" სტუმართა რაოდენობა... ვინ საზღვრავს, რამდენკაციანი სუფრა სჯობს მიცვალებულის სულისთვის?!
***
საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოება ნელ-ნელა თავისუფლდება ნაძალადევად თავსმოხვეული "საბჭოური წარმართობისგან" და უბრუნდება ჭეშმარიტ სარწმუნოებას, უბრუნდება ეკლესიის წიაღს. ამდენად, კიდევ უფრო სასიხარულო იქნება, თუ საეკლესიო საიდუმლოებებშიც (ნათლისღება, ქორწინება...) რელიგიური შეგნებითა და შემეცნებით მივიღებთ მონაწილეობას და არა მექანიკურად ანუ რელიგიური უცნობელობით, რადგან თუ ძველ ცრურწმენებსა და ნაძალადევად თავსმოხვეულ ჩვეულებებს როგორმე ჩამოვიშორებთ, მაგრამ ეკლესიაში მხოლოდ გარეგნულს მივანიჭებთ ზედმეტ მნიშვნელობას, უკვე სწორედ ეს უკანასკნელი აღმოჩნდება სხვადასხვა გაუკუღმართებული რწმენა-წარმოდგენების "ახალ ტრადიციებად" ჩამოყალიბების მიზეზი.მოამზადა
ეკატერინე ქორიძემ
ეკატერინე ქორიძემ