ფარისევლობა
ფარისევლობა
ნუ მოვიქცევით იუდასავით და უფალს ჯვარს ნუ ვაცვამთ
არის ცოდვები, რომელთა ჩადენას არაეკლესიური ადამიანებიც კი ერიდებიან, საქციელი, რომელიც არათუ ეკლესიურ, მორალურ, ეთიკურ ნორმებსაც სცილდება. მაგრამ ზოგიერთ ვნებას ისე ღრმად აქვს ფესვები გადგმული ჩვენში, რომ ხშირად ვერც კი ვამჩნევთ მათ არსებობას. ერთ-ერთი მათგანია ფარისევლობა, ცოდვა, რომლის შესახებაც ბევრმა არაფერი იცის. არადა, მამათა სწავლებით, იგი იმ ვნებათაგანია, რომლებიც ყველაზე მეტად უშლის ხელს სინანულის --- მართლმადიდებლობის საფუძვლის - მოპოვებას. "ვაი თქვენდა, ფარისეველნო, ორგულნო... გველნო, ნაშობნო იქედნეთანო", - ყვედრიდა მაცხოვარი ფარისევლებს. ეგებ ყოვლადსახიერი, კაცთმოყვარე მაცხოვრის ამ მწარე სიტყვებმა მაინც დაგვაფიქროს ამ ცოდვის საშინელებასა და ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე; ერთი წუთით დავუკვირდეთ, ვინ ვართ: მეზვერის მსგავსი ცოდვილი, რომელიც ღვთისაგან შეწევნას ითხოვს, თუ ფარისეველი, რომელიც მისი გადარჩენისათვის განკაცებულ ღმერთს ჯვარს აცვამს.

გვესაუბრება ორთაჭალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბესარიონი (მენაბდე).

- მამაო, რა არის ფარისევლობა, როგორ განიმარტება ეს ცოდვა?

- ფარისევლობა უღვთო ცხოვრებაა, ცხოვრება მხოლოდ გარეგნული წესების აღსრულებით, როცა ადამიანი შინაგანად, სულიერად ცარიელია. ესაა სიცრუე, ცრუ წარმოდგენა საკუთარ თავზე, გარეგნული მსახურება ღვთისა, ხოლო შინაგანად სრული განდგომა უფლისგან. ამ ვნების არსში ღრმად ჩასაწვდომად გავიხსენოთ რამდენიმე ეპიზოდი ძველი და ახალი აღთქმიდან.

საერთოდ, ყველა ცოდვა დასაბამს ადამის შეცოდებიდან იღებს. გახსოვთ, ალბათ, სამოთხეში გვერდიგვერდ ორი ხე იდგა: ხე სიცოცხლისა და ხე კეთილისა და ბოროტის შემეცნებისა. ადამს, გარდა ცნობადის ხის ნაყოფისა, შეეძლო ნებისმიერი ხილის გასინჯვა. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი კრძალავდა ცოდნის მიღებას, ბოროტისა და კეთილის გარჩევას, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო არა მისგან დამოუკიდებლად - ურჩობით, არამედ უფალთან ერთად, გარკვეული ღვაწლით, გარკვეულ დროში. ე.ი. ადამს ჰქონდა განღმრთობის შესაძლებლობა, ოღონდ ამისთვის უნდა მიეღწია სიმდაბლით, მორჩილებით და ღვთის მცნებების აღსრულებით. მაგრამ მან განღმრთობა უღმერთოდ ანუ მცნებების გარეშე მოინდომა, სულიერ კიბეზე თითო საფეხურის აუვლელად. სწორედ ეს გახდა მიზეზი მისი დაცემისა, საფუძველთა საფუძველი მისი სამოთხიდან გამოდევნისა. ამ სურვილიდან იღებს სათავეს ფარისევლობაც. ადამს დაცემის შემდეგაც შეეძლო სინანულით გამოესყიდა დანაშაული, მაგრამ სინანულის მაგიერ ღმერთს და მოყვასს განიკითხავს, უფალს ემალება, თითქოს შეიძლებოდეს, ღვთის ხედვას სადმე დავემალოთ. უფალს ეუბნება: შენ რომ შემიქმენი ცოლი, იმან მაცდუნაო. ამით თითქოს ღმერთს ეუბნება, - მე კარგი ვარ, ევამ შემაცდინა, არ უნდა შეგექმნა ჩემთვის, კარგი არ აღმოჩნდაო. ამ პასუხიდან ნათლად ჩანს, როგორ შევიდა ადამიანში ცოდვა, როგორ დააზიანა მისი ბუნება და დაუბინდა გრძნობა და გონება, აქცია იგი ცოდვის მონად.

რა მოხდა დაცემის შემდეგ? კაენმა მოკლა ძმა, აბელი, და ეს დამალა. ეგონა, თავს ირწმუნებდა, რომ უფალს მოატყუებდა, დაემალებოდა, ისევე როგორც ამას ცდილობდა მამამისი ადამი. კაენმა შურის გამო მოკლა აბელი, ვერ აიტანა, რომ ღმერთმა აბელის შესაწირავი შეიწირა, მისი კი არა. შური ისეა წილნაყარი ამპარტავნებასთან, რომ მათი განცალკევება შეუძლებელია. საინტერესოა, რატომ შეიწირა უფალმა აბელის შესაწირავი, კაენისა კი არა. აქედან გამოჩნდა, რომ ღვთისთვის სათნოა არა წესების გარეგნულად აღსრულება, არამედ, უპირველესად, გული შემუსვრილი და დამდაბლებული, რომ ის ჭვრეტს არა გარეგნულს, არამედ შინაგანს. კაენის ძღვენი რომ ფარისევლობის ნაყოფი იყო, მალევე გამოვლინდა - იგი მკვლელი გახდა. ადამის განდგომამ ღვთისგან საშინელი შედეგი გამოიღო; ფაქტობრივად, მან შექმნა ნოყიერი საფუძველი ცოდვის გამრავლებისა და შედეგად მიიღო მკვლელი და მოკლული შვილი. ვიმეორებ: კაენს მაინც ჰქონდა გადარჩენის საშუალება - სინანულით და მცნებების დაცვით, მაგრამ მანაც "სამოთხისეულ ბუჩქებში" მიმალვა არჩია. ასევე ვემალებით ჩვენც უფალს "ბუჩქებში": მოძღვარი და მრევლი - უსიყვარულოდ, მხოლოდ გარეგნული მსახურებით, პოლიტიკოსი - უსიყვარულოდ, ექიმი - უსიყვარულოდ, ჩინოვნიკი - უსიყვარულოდ, სამხედრო პირი - უსიყვარულოდ, მეწარმე - უსიყვარულოდ, ბიზნესმენი - უსიყვარულოდ... და ისევ გვავიწყდება, რომ ღმერთს ვერსად დავემალებით.

ფარისევლობის მკაფიო გამოხატულებაა ბაბილონის გოდოლის მშენებლობაც. აქაც ღვთის გარეშე განღმრთობის პრობლემაა; გარეგნული ცხოვრების წესისა შინაგანის გარეშე. ერთი შეხედვით, დიდებული ქმნილება მეცნიერებისა, ხელოვნების ნიმუში, საოცრება... მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. ბაბილონის გოდოლი საუცხოო მაგალითია იმისა, რომ სამეცნიერო მიღწევები შეიძლება ღვთისთვის სათნო არ აღმოჩნდეს, თუ მას საფუძვლად უფალთან მიახლება არ უდევს, თუ ის ადამიანთა ამპარტავნული სულით არის გაჟღენთილი, თუ მისი შემქმნელნი ამ აღმოჩენით, მიღწევით მოისურვებენ, მოიპოვონ დიდება და უფლის გარეშე მიაღწიონ მწვერვალს. ეს ყოველთვის კრახით დასრულდება, თუ ამსოფლად არა, იმ სოფელში მაინც. უფალი არ დაუშვებს ადამიანთა ამგვარ საქციელს, ისე როგორც არ დაუშვა ეს ბაბილონის გოდოლთან მიმართებაში. სადაც ღვთისგან შინაგანი განდგომილებაა, უფალი არ დაუშვებს იმ საქმის წარმართვას.

ფარისევლობას ემსხვერპლა იოანე ნათლისმცემელიც. გახსოვთ, ალბათ, როგორ მოიხიბლა ჰეროდე სალომეას როკვით, როგორ აღუთქვა ნებისმიერი სურვილის ასრულება. საინტერესოა, როცა სალომეამ იოანეს თავი მოითხოვა, ჰეროდე საგონებელში ჩავარდა. მან იცოდა, რომ იოანე იყო წინასწარმეტყველი, ხალხს ძალიან უყვარდა. იმასაც ხვდებოდა, რომ მისი მოკვლით თავის ხელმწიფებასაც საფრთხე შეექმნებოდა. დამწუხრდა ჰეროდე, მაგრამ ამპარტავნება, დაუფიქრებელი ნათქვამი მისთვის წინასწარმეტყველის სიცოცხლეზე მეტი აღმოჩნდა. ჰეროდეს პიროვნება ფარისევლობის სხვა სიღრმეებს გვიხსნის. იგი ფარისევლობს - ხალხს თავს ყოვლისშემძლე მონარქად აჩვენებს, თუმცა შინაგანად ძრწის და ეშინია მსჯავრის.

ძე შეცდომილის იგავში საინტერესოა უფროსი ძმის პოზიცია. იმის ნაცვლად, რომ გაიხაროს დაკარგული ძმის დაბრუნებით, პირიქით, დრტვინავს და განრისხებული მამას საყვედურობს. აქ ნათლად მჟღავნდება ფარისევლობა. რა კარგი, მორჩილი ჩანს ეს შვილი, მაგრამ გულით შურს, უსიყვარულობას ატარებს. მისი საქმეები მხოლოდ მოჩვენებითია.

ცხადია, უნდა შევეხოთ იუდასაც. როცა ლაზარეს სახლში მარიამმა ქრისტეს ფეხებზე ნელსაცხებელი სცხო და თმით შეუმშრალა, იუდა გაბრაზდა - აჯობებდა, ნელსაცხებელი გაგვეყიდა და ფული გლახაკთათვის დაგვერიგებინაო. თითქოს გლახაკთა ბედი აწუხებდა. იოანე მახარებელი ამბობს, რომ ის იყო მეგვადრუცე, ანუ ფული, რომელსაც მოციქულებს სწირავდნენ არსებობისთვის, იუდას ხელში იყო, ის კი თავისთვის იპარავდა. მარიამის საქციელით მან წილი დაკარგა. აი, როგორი მოჩვენებითობაა. თითქოს გაჭირვებულებზე ზრუნავდა, გული კი ბინძური ზრახვებით ჰქონდა სავსე. როცა იუდამ ამბორისყოფით გასცა ძე ღმრთისა, მან უკიდურესი ფორმით გამოხატა და დაგვანახა ფარისევლობის არსი.

გავიხსენოთ პილატეც, მეტად საინტერესო და ჭკვიანი პიროვნება. მან ქრისტეს დანაშაული ვერ უპოვა და ცდილობდა, მისთვის სასჯელი აერიდებინა. ხალხი კი ჯვარცმას მოითხოვდა. აქ პილატესთვის სასწორზე დაიდო სიმართლე და პატივი. ამ უკანასკნელმა სიმართლე გადაწონა. პილატემ ხალხში დამდაბლებას უდანაშაულო კაცის სიკვდილი არჩია. მაგრამ სინდისი მაინც აწუხებდა და ნახეთ, რა მოიმოქმედა - ხელი დაიბანა, თითქოს სუფთა ხელებით აღსრულებული დანაშაული დანაშაული არ არის. როგორი ფარისევლობა და ურწმუნოებაა, ეს იგივეა, როცა ადამი ბუჩქებს ამოეფარა.

- ე.ი. ფარისევლობა, პირველ რიგში, ღვთის დავიწყებაა და არა მარტო პირფერობა, როგორც ეს უმეტესად ესმით ხოლმე?

- ამგვარი მოსაზრება ფარისევლობის გამარტივებაა. პირფერობა ფარისევლობის მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილია. ფარისევლობა გაცილებით ღრმა და ფესვგადგმული ვნებაა. ეს არის პოზა სარწმუნოებისა, ვატყუებთ ყველას და ყველაფერს, თვით უფალსაც კი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არც პირფერობაა უმნიშვნელო ცოდვა. ქრისტიანის აზრები, სიტყვები და ქცევები ერთი უნდა იყოს. ადამიანი ერთნაირი უნდა იყოს სახლშიც, სამსახურშიც, საზოგადოებაშიც და ეკლესიაშიც. ტრაგედია იწყება მაშინ, როცა პიროვნება გარემოების მიხედვით იცვლება. ჩვენი ამოცანაა, მეტ-ნაკლებად შევინარჩუნოთ მთლიანობა, რომელიც ღვთის წინაშე დგომის განცდით მიიღწევა. არ შეიძლება, ადამიანს პირში ვუცინოთ, ვეფეროთ და ზურგს უკან ვლანძღოთ და განვიკითხოთ.

- გასაგებია, რომ პირფერობა ცოდვაა, მაგრამ როცა ადამიანის მიმართ გულში ცუდი ზრახვები გვაქვს და ამას მასთან არ გამოვხატავთ, ესეც ცოდვად გვეთვლება? როგორ დავიცვათ ზღვარი თავაზიანობასა და პირფერობას შორის?

- თავაზიანობა კულტურაა, პირფერობა კი ცოდვა. ის, რომ არ შეგვიძლია სიმართლე ვუთხრათ ადამიანს, ჩვენი სულიერი ნაკლოვანებაა. თუ მხილება ადამიანს მხოლოდ ჭრილობას აყენებს, მალამო კი არ გაგვაჩნია, რადგან დაშრეტილნი ვართ, ეს ჩვენი პრობლემაა. კარგი ქირურგი ოპერაციას აკეთებს და კურნავს ადამიანს, არაპროფესიონალი კი ავადმყოფს კიდევ უფრო უმძიმებს მდგომარეობას. ამიტომ, თუ არ შეგვიძლია, სჯობს, თავი შევიკავოთ და ვილოცოთ ამ ადამიანზე.

KARIBCHE

- ისევ ფარისევლობას დავუბრუნდეთ. ვიცით, რომ ფარისევლები იუდეველთა ერთ-ერთ სექტას წარმოადგენდნენ. ვინ იყვნენ ისინი, რატომ მიიღო ამ ცოდვამ მათი სახელი?

- ფარისევლების სექტა იუდეველებს შორის ბაბილონის ტყვეობიდან გამოსვლის შემდეგ წარმოიშვა. მისი წევრები მიიჩნევდნენ, რომ იყვნენ გამორჩეულნი ღვთის წინაშე, ჰქონდათ პრეტენზია ღვთის უმანკო, უნაკლო მსახურებისა. მარხულობდნენ, ლოცულობდნენ, შესაწირავს გაიღებდნენ და აღასრულებდნენ უფლისგან დადგენილ კანონებს. ამ სექტამ დიდი ავტორიტეტი მოიპოვა და იუდეველთა სახელმწიფოში სერიოზულ ძალას წარმოადგენდა. მაგრამ მათი მსახურება იყო მხოლოდ გარეგნული. მათ ვერ იცნეს ქრისტე და მის ჯვარცმაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს.

ფარისეველთა ასეთი მოძრაობა, გამოცალკევება, "მოშურნეობა" ჩამოყალიბდა როგორც ნიშანი, სიმბოლო გარეგნული მსახურებისა, შინაგანი სიცარიელისა, უგულობისა, შეუწყნარებლობისა, უსიყვარულობისა.

- რომელი ვნებები უწყობს ხელს ფარისევლობის განვითარებას? თქვენს მიერ მოყვანილი მაგალითებიდან ამ ცოდვის სათავე ამპარტავნებაა.

- ჩვენ ვთქვით, რომ ფარისეველი სჯულის მხოლოდ გარეგნული შესრულებით შემოიფარგლება. რატომ აღასრულებს ის ამ სჯულს? იმისთვის, რომ ხალხს თავი მმარხველად, მლოცველად, კეთილად მოაჩვენოს. აქ ქებისმოყვარეობა ჩანს, ქება კი ამპარტავანს სიამოვნებს. ფარისევლობა წარმოიშობა ღვთის დიდებისა და საკუთარი უსუსურობის არცოდნიდან და ვერშეგრძნებიდან. ამპარტავნება კი სწორედ უფლის და ჩვენი ძალების ჯეროვანი შეუფასებლობაა. ამპარტავნება განკითხვას წარმოშობს, რადგან ამპარტავანი სჯის და განიკითხავს ყველას, საკუთარი თავის გარდა; ცდილობს, სხვები დააკნინოს, რათა მათზე უკეთესი გამოჩნდეს. ზოგჯერ მოყვასზე ტყუილსაც კი იგონებს, თავსაც ირწმუნებს, რომ ეს მართლაც ასეა. ასე მივდივართ ცილისწამებამდე, შურამდე... საერთოდ, რომელიმე ცოდვას ცალკე ვერ გამოვყოფთ, ისინი ერთ ჯაჭვს ქმნიან, რომლის რგოლებიც ისეა გადაჯაჭვული, რომ გამოცალკევება შეუძლებელია. თითოეული მათგანი მეორეს წარმოშობს. ისე კი, თავიდათავი ამ ვნებისა ამპარტავნებაა.

- ამპარტავნება ყოველ ჩვენგანშია. ფარისევლობასაც ასე ღრმად აქვს ჩვენში ფესვი გადგმული?

- რა თქმა უნდა. განა ყოველი ჩვენი საქმე მოჩვენებითი არ არის, განა ისეთი ღრმაა ჩვენი რწმენა, როგორიც უნდა იყოს? საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ გარეგნულ წესებს ვასრულებთ, შინაგანად კი ყველანი ცარიელნი ვართ. ნებისმიერ სახარებისეულ იგავსა თუ ბიბლიურ ეპიზოდში, სადაც ფარისევლობაზეა საუბარი, ჩვენს თავს ამოვიცნობთ. გავიხსენოთ ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. როგორი აღფრთოვანებით შეხვდა მას ხალხი. "ოსანას" უგალობდნენ, პალმის რტოებს უფენდნენ, თაყვანს სცემდნენ. მაგრამ ხუთ დღეში "ოსანა" "ჯვარს აცუ"-მ შეცვალა. რატომ მოხდა ასე? რატომ მიაგებდა ხალხი მას პატივს იერუსალიმში შესვლისას? სასწაულების გამო. განსაკუთრებით - ლაზარეს აღდგინებისთვის, რამეთუ ამ სასწაულმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე. მხოლოდ სასწაულებზე, ეფექტებზე დაფუძნებული რწმენა კი იქით იდრიკება, საითაც სიო დაუბერავს. სასწაულზე (რაც უნდა ძლიერი იყოს ის) დაფუძნებული რწმენა რწმენა არ არის, ეს არის ეიფორია, რომელიც მალე გაივლის. მერე რა უნდა ვქნათ? ხუთ დღეში შეეცვალათ მათ რწმენა და ქრისტე ჯვარს აცვეს. ასე მხოლოდ იუდეველები არ მოქცეულან, ასე ვფარისევლობთ ჩვენც ყოველდღე. განა ჩვენი გულის კარიბჭეში არ შემოდის უფალი? განა თავიდან სიხარულით არ ვიღებთ მას და მერე, როცა ეიფორია გაივლის, ისევ არ გვავიწყდება და ძველ ვნებებს არ ვემონებით? ვნებებს დამონება კი იგივე უფლის ჯვარცმაა. ასე რომ, სამწუხაროდ, ჩვენც თანამონაწილენი ვართ ამ საშინელებისა და ეს გულით უნდა მოვინანიოთ.

- ქრისტეც იმიტომ ვერ იცნეს ფარისევლებმა, რომ გული ცარიელი, ამპარტავნებით დაბნელებული ჰქონდათ?

- ცხადია. ისინი ყველაზე "წმინდად" ცხოვრობდნენ იუდეველთა შორის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არც მწიგნობრობა და განათლება, არც კანონთა უბადლო აღსრულება არ იყო საკმარისი უფლის მისაღებად. მთავარი აკლდათ - არ ჰქონდათ ღვთის სიყვარული, რომელიც ეძლევათ მდაბალ, მორჩილ ადამიანებს.

- მაცხოვარმა, რომელიც კურნავდა მეზვერეებს, მეძავებს, ცოდვით დაცემულებს, რატომ არ განკურნა ამ ცოდვისაგან ფარისევლები?

- იმიტომ, რომ მეძავთა, მემრუშეთა მსგავსად შეწევნას არ ითხოვდნენ. ქრისტე ამბობს: "არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად". "მართლებში" ისინი იგულისხმებიან, ვინც თავს მართლად თვლის. ასეთები იყვნენ ფარისევლები. ფარისევლებს შინაგანი განწყობით ღმერთი არ სჭირდებოდათ, ანუ ისინი ფიქრობდნენ, რომ შეეძლოთ ცხონება ქრისტეს დაუხმარებლად, განღმრთობა ღვთისაგან დამოუკიდებლად. აქ ისევ ადამს, ბაბილონს ვუბრუნდებით. სამწუხაროდ, ასე ვართ ჩვენც...

- თუ დავუკვირდებით, ვნახავთ, რომ არც ერთი ჩვენი საქმე წრფელი გულით აღსრულებული არ არის, ყოველ მათგანს საფუძვლად ცოდვა უდევს. მოწყალებას უმეტესად სხვების დასანახად გავცემთ. ესეც ხომ ფარისევლობაა?

- ცხადია, ამ დროს გინდა ვინმემ დაგინახოს, შეგაქოს და ასეა ყოველი კეთილი საქმისას. ძალიან რთულია კეთილი საქმის დაფარულად აღსრულება. ამიტომ უნდა ვევედროთ ღმერთს, რომ მოგვცეს ამის ძალა.

- მაგრამ როცა უფალთან ვრჩებით, ხშირად არც მაშინ ვაღიარებთ თავს ცოდვილად, ჩვენი ლოცვა ზოგჯერ ყალბი და არაგულწრფელია. ფაქტობრივად, ღმერთს ვეფარისევლებით.

- მართალია. ეს ჩვენი სულის მეტად მძიმე მდგომარეობაა. ერთი პატერიკი გამახსენდა: ბერმა, ფრიად წარმატებულმა იესოს ლოცვაში, აივნიდან მეშუშე დაინახა, რომელიც ყვიროდა და ბერს ლოცვაში ხელს უშლიდა. განრისხდა და მეშუშეს ფეხსაცმელი ესროლა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ბერის მთელი ღვაწლი ერთ წამში დაიკარგა. ჩვენც ვლოცულობთ, მაგრამ მეორე წუთს შეიძლება ისე მოვიქცეთ, ურწმუნოსაც რომ არ შეეფერება. ქრისტე ამბობს, სასუფეველს ისინი კი არ დაიმკვიდრებენ, ვინც "უფალო, უფალოს" მეძახის, არამედ ისინი, ვინც ჩემს ნებას აღასრულებსო. რასაც ამბობ, თუ გულით არ განიცადე, რა აზრი აქვს სიტყვების კითხვას?! წარმოიდგინეთ, ღმერთს, სამყაროს შემოქმედს ვესაუბრებით, ჩვენ კი გვეზარება, გვეძინება, გვშია, ვფიქრობთ ყველასა და ყველაფერზე, უფლისა და ლოცვის გარდა. სწორედ აქ ვლინდება ყველაზე კარგად ჩვენი ფარისევლობა. ვის ვატყუებთ, ღმერთს? სამწუხაროა, მაგრამ ასეა. ეს არის ადამის ბუჩქებში დამალვა, პილატეს ხელბანა. არც მიზეზი გველევა და როგორც ადამმა ევას გადააბრალა ყველაფერი, ისე ვიქცევით ჩვენც. ამით იმის თქმა მსურს, რომ ადამი, ევა, კაენი, იუდა და "ოსანას" მღაღადებელი იუდეველები არ არიან მხოლოდ კონკრეტული პიროვნებები და ეს ყველაფერი არ მომხდარა ერთხელ, საუკუნეების წინ, არამედ მეორდება დღესაც, თითოეული ჩვენგანის გულში, ცხოვრებაში.

- შეიწირება კი ასეთი ლოცვა, მოწყალება, მარხვა?

- იცით, გარკვეულწილად ესეც შეიწირება. თავიდანვე იმ სიწმინდეს, ცხადია, ვერ მივაღწევთ, რომ სიკეთე ფარულად ვაკეთოთ, ლოცვა ჭეშმარიტი იყოს და ა.შ. ღმერთს დახმარება ვთხოვოთ. თუ ქრისტე ჩვენს მონდომებას დაინახავს, აუცილებლად მოგვანიჭებს მადლს კეთილ საქმეთა აღსასრულებლად.

- ზოგი, იმ მოტივით, რომ ასეთ ლოცვას აზრი არა აქვსო, საერთოდ წყვეტს მას. ზოგიც ყველანაირ გარეგნულ წესს უარყოფს: განა ქრისტემ სწორედ ეს არ დაგმო - მთავარი გულის განწყობააო. რას ეტყვით მათ?

- გარკვეულწილად ამ კითხვას პასუხი უკვე გავეცით.

თუნდაც ის, რომ ქრისტემ 12 მოციქული და სამოცდაათი მოწაფე გამოარჩია და მათი საშუალებით ეკლესია დააფუძნა, მეტყველებს იმაზე, რომ აუცილებელია ლოცვაც, მარხვაც, მეტანიაც, ტაძარში სიარულიც და სხვა. უბრალოდ, ჩვენ უნდა მივუჩინოთ ყველაფერს სათანადო ადგილი. არ შეიძლება მთავარი - გულის გაწმენდა - დავივიწყოთ და გვეგონოს, მხოლოდ წესების გარეგნული აღსრულებით გადავრჩებით. უპირველესად შინაგანზე უნდა ვზრუნავდეთ. მაგრამ თუ გარეგნული არ განვწმინდეთ, შინაგანს როგორ მივხედავთ? შეუძლებელია, სული და ხორცი ერთდროულად გავახაროთ; იმისთვის, რომ სულმა იზეიმოს, ხორცის მოუძლურებაა საჭირო, ეს კი სწორედ მეტანიით, დგომით, მარხვით მიიღწევა.

- ფარისევლობასთან ბრძოლა, ისევე როგორც სხვა მრავალ ცოდვასთან, მეტად რთული და საფრთხილოა. რა არის ბოროტის მთავარი იარაღი ამ ბრძოლაში? როგორ შეეცდება ჩვენს ცდუნებას და რა შეცდომას უშვებს უმეტესად ადამიანი ამ უხილავი ომის დროს?

- ცოდვის არსი ადამის დაცემაში მდგომარეობს. ჩვენ ამ ცოდვის მემკვიდრეობით მატარებლები ვართ. რა ცოდვა უნდა ჰქონდეს ჩვილს, რომელსაც ნათლობისას ვეუბნებით: "გამოვედ ამისაგან სული მაცდურებისა, უკეთურებისა, კერპმსახურებისა, ანგარებისა, ტყუილისა"? ეს არის სწორედ ის ადამისმიერი, მემკვიდრეობითი ცოდვა, რომლითაც ყველა იბადება. ჩვენი მთავარი სისუსტე ისაა, რომ არ გვაქვს განცდა ამ ცოდვის მემკვიდრეობისა. ნათლისღებით ცოდვები კი მოგვეტევება, მაგრამ რჩება მიდრეკილებები. სწორედ ამ მიდრეკილებებს უნდა ვებრძოლოთ. ამიტომაც ჰქვია ჩვენს ეკლესიას მებრძოლი. ეშმაკი კი ცდილობს, ბრძოლისუუნარო გაგვხადოს. ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ ეს ბრძოლა არ არსებობს, თითქოს ყველაფერი სპექტაკლია, მალე მოვიხდით ნიღაბს, გავიხდით მსახიობის სამოსს და ყველაფერი კარგად იქნება. დღეს კაცობრიობა სწორედ ამგვარ ხაფანგშია გაბმული. სამკვდრო-სასიცოცხლო ომში ვართ ჩაბმულნი, ბრძოლის ეპიცენტრში ვიმყოფებით და თამაში გვგონია. გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ტელევიზია, ინტერნეტი, თანამედროვე მუსიკა, ნარკოტიკები ხელს უწყობს ჩვენს ილუზიის ტყვეობაში ყოფნას. თავად ვერ გაგვიგია ტყუილ-მართლის თავი და ბოლო. გარემოა მთლიანად ფარისევლური. სრული ილუზია, მოჩვენებითი წარმოდგენა ჩვენს ყოფაზე და ღვთისგან განდგომა. ეს კი სხვა არაფერია თუ არა ფარისევლობა. აქა-იქ თუ შემორჩა ქრისტიანობა. ჩვენც სიბნელეში ხელებს ვაფათურებთ და გამოსავალს ვეძებთ, რომელიც ეკლესიის წიაღშია მხოლოდ.

რა არის ნარკომანია? ეს ხომ იგივე ფარისევლობა, რეალობიდან გაქცევაა, შექმნა ილუზიისა, რომ ყველაფერი კარგად არის. დღეს ადამიანი ცდილობს, ხელოვნურად - ნარკოტიკის საშუალებით მიიღოს ის, რაც ფარისევლებს ეგონათ, რომ ჰქონდათ (ბედნიერი ცხოვრება, ღმერთთან მყოფობა). მაგრამ მარტო ნარკოტიკით ხდება ადამიანი ნარკომანი? არა. მაგალითად, მეოცნებე ადამიანს რად სჭირდება ნარკოტიკი, ის მთელი დღე რეალობიდან გაქცეულია. რეალობიდან განდგომა კი ღვთისგან განდგომაა, სირაქლემას პოზიციაა. ისიც გარბის, იმალება (ჰგონია ასე) ისე, როგორც ადამი. იმალება და ვერ აცნობიერებს, თუ სად ცხოვრობს. რა ხდება მის ირგვლივ.

რა ხდება ტელესერიალებით? ისევ რეალობიდან გაქცევა. სწორედ მაშინ შესთავაზეს ჩვენს საზოგადოებას სერიალები, როცა ქვეყანას უჭირდა, ამიტომ ხალხი მათ დაეწაფა. სერიალი ადამიანს სულიერ ენერგიას, პოტენციალს ართმევს. დღიდან დღემდე ელოდება, რა იქნება შემდეგ სერიაში. ეს ლოდინი არ მთავრდება ასი დღე. ასი დღე განიცდის, ტირის, უხარია. შეიძლება მეზობელი უკვდებოდეს, მაგრამ ვერ მოიცალოს, იმას კი, რაც ილუზიურია, რაც არ არსებობს, განიცდის. და ამ ასი დღით როდი მთავრდება ყველაფერი, მას მეორე ასი მოსდევს, მერე - მესამე, მეოთხე... არ მეგულება ადამიანი, ამ სერიალებით რაიმეს რომ იძენდეს. პირიქით, ყველა აღიარებს, რომ კარგავს. მაშ, რატომღა უყურებ, ეს ხომ საკუთარი ნებით, მცირე დოზით, მაგრამ მაინც საწამლავის მიღებაა? არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მას უცხო კულტურა და წესები შემოაქვს, სრულიად მიუღებელი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. ესაა ღმრთის მცნებებისაგან გათავისუფლების, მრუშობის, სისხლის აღრევის, ჰომოსექსუალიზმის, ძალადობის პროპაგანდა. ახლა კიდევ ამ სერიალების გვირგვინი - რეალური შოუები გადმოიღეს უცხოეთიდან... მოხდა საზოგადოების ენერგიის აკუმულირება და მიმართვა ერთი მიმართულებით. რომელია ეს მიმართულება? - მათთვის, ვისაც სერიალები ვერ დაატყვევებს, რადგან იქ მაინც თამაშია, ამ შოუებში რეალური პიროვნებები გამოდიან ასპარეზზე. აქედან გამომდინარე, დიდია ფსიქო-
ლოგიური ზემოქმედებაც საზოგადოებაზე. ადამიანები ძვირფას დროს კარგავენ და საათების, დღეების, თვეების განმავლობაში გულშემატკივრობენ რეალურ პიროვნებებს, რომელთაც ღირსება დაუკარგავთ და უწვრილმანეს ყოფით ელემენტებს აცნობენ საზოგადოებას. რა არის ამ რეალურ შოუებში სანახავი - ის, თუ როგორ შედის ადამიანი აბაზანაში, როგორ ჭამს? რისთვის? ვისთვის? ვის სჭირდება ეს? გამოადგება კი ეს ქრისტიანს? XXI საუკუნეში, სულიერად დაშრეტილებს, ეს ყველაფერი უკანასკნელ ენერგიასაც გვართმევს. "ქალაქთა უდაბნომყოფელნი" - ასე ვუწოდებდი მე მათ.

- მაშ, როგორ მოვახერხოთ თანამედროვე ყოფაში გადარჩენა?

- რადგანაც ღმერთმა ინება, ამ დროში დავბადებულიყავით, ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულ ჩვენგანში ჩადო გადარჩენის პოტენციალი. ნახეთ, რა ნდობა გამოგვიცხადა ღმერთმა - ამ საუკუნეში მოგვიყვანა, ეკლესიის წიაღში გვამყოფებს და გვენდობა, რომ არ ვუღალატებთ. ეს ბრძოლა წაგებული იქნება, თუ ჩვენს შინაგან განდგომას ღვთისკენ არ მივდრეკთ. თუ გულიდან ამპარტავნებას და მხოლოდ გარეგნული მსახურებისკენ მიდრეკილებას არ გამოვდევნით, ქრისტე არ შემოვა ჩვენში და, შესაბამისად, არც ჩვენ ვიქნებით უფალში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დავიღუპებით.

ნუ მოვიქცევით იუდასავით და ეკლესიაში სიარულის, ზიარების მიუხედავად, ჩვენი ცოდვებით ჯვარს ნუ ვაცვამთ უფალს. პირიქით, ჩვენ ვეცვათ ჯვარს ქრისტესთვის. რას ნიშნავს ჩვენი ჯვარცმა? განვიცადოთ რეალობა, ვიცხოვროთ ამ სოფელში, რომელიც სავსეა განდგომილებით, ღალატით, მრუშობით, ვერცხლისმოყვარეობით და არ ჩავეფლოთ ამ ცოდვის მორევში, არ დავემონოთ ვნებებს. ცოდვა "ტკბილია" და უფალთან გვაშორებს, ცოდვასთან ბრძოლა - ჯვარცმა - კი მწარეა, მაგრამ ღმერთთან გვაახლოებს და აღდგომისთვის გვამზადებს. ვეცვათ ჯვარს უფალთან ერთად, რათა მასთან ერთად დაფლულნი მასთან ერთადვე აღვდგეთ და ავმაღლდეთ, ამინ.

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat