ხშირად მიფიქრია, გადამეხედა შორეულ წარსულში, იქ მის საიდუმლოებით მოცულ მდუმარებაში მემოგზაურა, უფრო ახლოს მივახლებოდი მათ, ვისი ფრესკული ხატებაც არ შემორჩენია ისტორიას, მეცხოვრა მათი ყოველდღიურობით, მივფერებოდი, მივალერსებოდი თითებით დიდ ბებიებსა და ბაბუებს, რომელთაც შექმნეს ისტორია ქართველთა, პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ მხრებით ზიდეს ჯვარი ქრისტესი, სამშობლო ქვეყნისა, მაგრამ არა, ისიც მაკმაყოფილებს და სიამაყის გრძნობით მავსებს, რომ ისტორიის ფურცლებიდან ვესაუბრები დიდ წინაპრებს, სიგრძე-სიგანეს ვუზომავ მათ მამულიშვილობას, უფლის სიყვარულს და ვგრძნობ, რომ დიდია, უსაზღვროდ დიდია მათი საქმენი და მიხარია, ბედნიერი ვარ, ვუქებ მკლავს ძლევამოსილს მტრის მზარავთა და მრისხველთ, ხან დიდი დავითის, აღმაშენებლის სისხლის ატეხილი ბუხუნი მიღვიძებს ყურთასმენას, დიდი დემეტრეს თავგანწირული გმირობაც მაღვრევინებს თვალთაგან ცრემლს სიამაყისას, ხან დიდებული და სათაყვანებელი ქეთევანის ტარიგად შეწირული სხეულის სიმხურვალე მედება გვამში და მეჩვენება, ისევე ვდგავარ გახურებული სარეცლის სასთუმალთან აწ დაკარგული, ჩემი წინაპრების სისხლით პოხილი მიწების სანაცვლოდ, როგორც საუკუნეების წინ რწმენა ქართველთა უდიდესი. მოვდივარ აწმყოში ისტორიის წარსულის ფურცლებთან ერთად და კვლავ მამულიშვილური სიყვარულით, ქრისტესმიერი სიყვარულით ზრდის ჩემს სულს მონარქიის ჩემი ბოლო წინაპარი, პატარა კახი, მეფე ერეკლე, მისი ხმალთაკვეთება სულს მიჩქროლებს, მისი ასულის - თამარისა და დავით ორბელიანის, სარდლისა და სწორუპოვარი ადამიანის შვილიშვილი, ამავდროულად დიდი სარდლის, გიორგი სააკაძის შთამომავალი, ელისაბედი, ბაბუას დედის ხაზით როსტომ რაჭის ერისთავის შვილიშვილს გიორგის ეწყვილა და ფავლენიშვილთა ფეოდალურ სახლს კიდევ მეტი კოლორიტი შემატა, - მიამბობს ქალბატონი ნატო ფავლენიშვილი.
ფავლენიშვილთა ფეოდალური სახლი ისტორიულად ცნობილ მხარგრძელთაგან იღებს სათავეს, რომელნიც გიორგი მესამისა და თამარ მეფის ეპოქის მნიშვნელოვან ფიგურებს წარმოადგენენ. გარდა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისა, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაშიც. მხარგრძელნი განკარგავდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ მაშინდელ ტერიტორიებს, სოფელში, სადაც ეკლესია-მონასტრებს აშენებდნენ და საძვალე-სამარხებადაც იხდიდნენ.
საგულისხმოა, რომ ამჟამინდელ სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე სანაინის ეკლესიაში თავად სარგის მხარგრძელია დაკრძალული, შვილი ზაქარიასი და შვილიშვილი დიდი ავაგისა. მნიშვნელოვანია ანისის, ახპატის, ქობერის წარწერები. ახტალა ზაქარიას ძმას, ივანეს აუგია, აქვე მისი შვილი ავაგია დაკრძალული.
მხარგრძელ-ფავლენიშვილთა ფეოდალური სახლი მრავალ საყმო სოფელს მოიცავდა. ამ მხრივ, პირველ ყოვლისა, საყურადღებოა სოფელი ფავნისი და წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც IX-Xსს-შია აშენებული. ის ქართლში, მდინარე თეძამის ხეობაში მდებარეობდა. სწორედ აქედან მიიღეს მხარგრძელ-თმოგველ-უჯარმელებად წოდებულთა შთამომავლებმა გვარი ფავლენიშვილი.
ნიქოზი - ფავლენიშვილთა საძვალე
ფეოდალ ფავლენიშვილთა ძირითადი საცხოვრისი ნიქოზი და ღვთაებისა და მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიები მე-5 საუკუნეში იხსენიება, მეფე ვახტანგ გორგასლის მეფობისას, რომელსაც აქ რაჟდენ წამებულის ნეშტი გადმოუსვენებია. ნიქოზის ღვთაების ეკლესია აღდგენილია და გადაკეთებულია XIV საუკუნის ბოლოსა და XVს-ის პირველ ნახევარში. ნიქოზში ფავლენიშვილები მე-16 საუკუნეში მოსულან და ტაძარიც თავიანთ სამარხად გადაუქცევიათ. აქ დღემდე არსებობს ფავლენიშვილთა წარწერიანი საფლავები, სადაც ფეოდალები და მათი მეუღლეები არიან დაკრძალული. საგულისხმოა, რომ აქ დაკრძალულ სოლომონ სვიმონის ძე ფავლენიშვილის ნათლია კირიონი იყო. მე-17 საუკუნეში კი ეპისკოპოსად დიდი ბაბუის - თმოგველის ძმა ნიკოლოზი მჯდარა.
დიდი პაპის, თმოგველის ძმის - იოთამის შტო მკვიდრობდა ერედვს, რომელიც მდინარე პატარა ლიახვის ხეობაში, ქალაქ ცხინვალიდან 7კმ მანძილზე მდებარეობს, - განაგრძობს ქალბატონი ნატო. ამ სოფლის შუაგულში, ხეობის გასწვრივ მიმავალი გზის მარჯვნივ აღმართულია მაღალი ბურჯებით შემაგრებული და კოშკების შემცველი ციხე-გალავანი. გალავნის შიგნით არის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც 906 წლით თარიღდება. შიგ შემორჩენილია მოხატულობის კვალი. სოფელშივე მდებარე წმინდა ელიას საყრდენი XVII საუკუნისაა, ციხე კი XVII-XVIIIსს-ისა უნდა იყოს. მას ბერუანთ უბნის ციხეს უწოდებენ. სოფელშივე არის ე.წ. წითელი საყდრის ნანგრევები და ქვაბთა ეკლესია. ამ ტაძარს სამხრეთი ფასადის მრგვალ სვეტზე აქვს სააღმშენებლო წარწერა. ეს არის უძველესი თარიღიანი და უმნიშვნელოვანესი წარწერა მთელ ამ მხარეში. გარდა ტაძრისა პატარა ლიახვზე მარჯვენა მხარეს, ქვევით, სამხრეთით დგას ერედვის ციხე, რომელიც ეკუთვნის თავად ფავლენიშვილს. ის მდებარეობს მთის შვერილზე და აქედან სამხრეთით ჩანს გაშლილი დაბლობი გორამდე, - წერს XVIIIს-ის გერმანელი მოგზაური გულდენშტედტი.
როგორც ერედვის ტაძრის სამარხები გვაუწყებენ, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ფავლენიშვილთა საძვალეს წარმოადგენდა. მეტად გულსატკენია, რომ დღეს ქართლის ეს დიდებული სოფელი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყნის ნაწილს წარმოადგენს.
ფავლენიშვილთა ძირითადი საცხოვრისიდან - ნიქოზიდან დიდი ბაბუა იორამ ფავლენიშვილის უფროსი ვაჟის - პაპუნას შთამომავლები შიდა ქართლში, მდინარე აღმოსავლეთ ფრონის პირას მდებარე სოფელ დვანში დამკვიდრდნენ. "რუისის დასავლით არს დვანის-წყალი, ეს გამოსდის თიხის მონასტრიდამ წარსულს მთას, დის ჩრდილოდამ სამხრით, ერთვის მტკუარს ჩრდილოდამ" - ვკითხულობთ ვახუშტის "ქართლის ცხოვრებაში".
სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთის მთის წვერზე დგას წმინდა გიორგის კლდის ქვით ნაშენი პატარა ეკლესია, რომელიც VI საუკუნით არის დათარიღებული. მას გალავანიც ჰქონია. ეკლესიის ცოტა მოშორებით, საკვირიკეში ყოფილა პატარა სამების ეკლესია, რომელიც მტერთა შემოსევების შედეგად გალავნიანად დანგრეულა. როგორც დვანელები გადმოგვცემენ, ერთ ქალს სიზმარში უნახავს, რომ ტაძარი უნდა აღდგენილიყო და აღადგინეს კიდეც. წმინდა გიორგის ტაძარი ფავლენიშვილთა საძვალეს წარმოადგენს.
გარდა ზემონახსენები სოფლებისა, ფეოდალ ფავლენიშვილთა სათავადოს ცხინვალიც წარმოადგენდა. მათ საცხოვრებელი ცხინვალშიც ჰქონდათ და ყმებიც ჰყავდათ.
ქალაქი XIV საუკუნემდე არ იხსენიება. იგი მდინარე დიდი ლიახვის ორივე მხარეზე მდებარეობს. სახელწოდება ქრცხინვალი ნაწარმოებია რცხილისაგან. ძველად ქალაქის მიდამო რცხილისა და მუხის ტყით ყოფილა დაფარული. ვახუშტი ცხინვალს მცირე ქალაქს უწოდებს. მას თურმე ციხე ჰქონია შემოვლებული. ცხინვალის ციხე ისეთი დიდი ყოფილა, რომ სამხედრო ათასეულები მოთავსდებოდა. ქალაქი ბროლის დროს სტრატეგიული ადგილი ყოფილა და ამიტომ მას ციხე-ქალაქს ან ქართლის დაბლობის გასაღებს უწოდებდნენ. აქ უღობავდნენ გზას დიდი ლიახვის ხეობით მცხეთა-თბილისზე მიმავალ საქართველოს მტრებს, აქ მაგრდებოდნენ ან თავს აფარებდნენ აღმოსავლეთიდან შევიწროებული ქართველი მეფეები. ცხინვალის გალავანს კოშკები ჰქონია. გალავანში დიდი სასახლე ყოფილა, რომელშიც ვახტანგ მეექვსესა და ერეკლე მეორეს უცხოვრიათ, ამიტომ მას სამეფო ქალაქსაც უწოდებდნენ.
ცხინვალში მრავალი ქართული ეკლესია არსებობდა, მათ შორის საყურადღებოა ძველ მოედანზე, ვახტანგ VI-ის დროს აგებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.
ზღუდერის ეკლესია ცხინვალის ერთ-ერთ უბან ზღუდერში მდებარეობს. იგი ლიახვის მარცხენა მხარეზე, მაღლობზეა და შორიდან თავდაცვის ნაგებობას წააგავს. მისი სახელწოდებიდან ვიგებთ, რომ იგი ძველად ქვითკირის გალავნით უნდა ყოფილიყო ნაგები, სამხრეთის კარის ზემოდან მთლიან ქვაზე აქვს წარწერა დედოფალთ-დედოფალ მარიამისა, ვახტანგ შაჰნავაზის მეორე ცოლისა.
ცხინვალის ზღულნე ანუ გალავანი მოსახლეობას იცავდა. 1757 წელს მეფე თეიმურაზი და მეფე ირაკლი მცირე ამალით ყოფილან იქ, როდესაც დაღესტნელი ჩონჩოლა-მუსა მივიდა ლეკთა ჯარით. 1772 წელს ცხინვალი ლეკებმა აიღეს და ეს გალავანიც მათ მოშალეს.
აღსანიშნავია ფავლენიშვილთა კიდევ ერთი საყმო სოფელი დგვრისი, რომელიც ცხინვალის ჩრდილოეთ ნაწილში, რკინიგზის სადგურიდან მდინარე დიდ ლიახვზე მიმავალ გზის მარცხენა მხარეზე, თამარაშენამდე მდებარეობდა. იგი უკვე ცხინვალს შეერწყა. დგვრისის მოსახლეობა გაშენებული იყო თითქმის კილომეტრნახევრის სიგრძეზე სოფლის მოსახლეობას ჰქონდა ბაღ-ვენახები და სახნავ-სათესი მინდვრები მუხნარის ტყით. დგვრისში ციხეც ყოფილა, კოშკიც და საყდარიც, პატარა ეკლესიაც მთავარანგელოზის სახელობისა, ჩრდილოეთით კი, სოფელ თამარაშენისკენ, მაჩაბლების აგებული წმინდა გიორგის წითელი ეკლესია.
ცხინვალიდან სამ კილომეტრზე მდებარე სოფელი ტბეთიც ფავლენიშვილთა სათავადოში შედიოდა. სახელწოდება ტბელი წარმოიშვა ტბეთიდან, რომელიც შავშეთში (ზემო ქართლში) მდებარეობდა. ლიახვის ხეობაში გადმოსული დიდგვაროვანი პირები მტბევრებად იწოდებოდნენ.
ტბეთში დამკვიდრებული ტბელნი ხელს უწყობდნენ თავიანთ სამფლობელოებში ეკლესია-მონასტრების მშენებლობას, რასაც მოწმობენ: ერედვის წმინდა გიორგი, ხეითს საბაწმინდა, ნიქოზის მცირე გუმბათიანი საყდარი, ტბეთის ბორცვის ჯვარი, დდოთის ცხრაკარა, ივანე ტბელის მიერ აგებული და სხვა. საყურადღებოა ტბეთის მინდვრის ბორცვზე მდებარე მოზრილი ზომის დარბაზული ეკლესიის გაშიშვლებული კედლები. ტბეთის ამ ეკლესიას ჰქონდა სამი კოშკურა. აქვე, ჩრდილო-დასავლეთით ხევის თავზე მაღალი კოშკი დგას. მის ძირში წმინდა გიორგის სხელობის ბაზილიკაა, შიგ ფრესკებიცაა შემორჩენილი. საყდარს სამხრეთიდან სამრეკლო ჰქონდა, რომელიც აგრეთვე ფრესკებით ყოფილა შემკული.
გარდა ზემოაღნიშნული სოფლებისა, ფავლენიშვილთა სათავადოში შედიოდა დირბი, იკორთა, ტყვიავი, ოქონა, დიდი გარეჯვარი, ფრისი, სარაბუკი, რომელთა ნაწილი, ჩვენდა სამწუხაროდ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
თუ წინაპართა ძახილი მისწვდება ჩვენს ყურთასმენას, თუ შევძლებთ პეშვით ავიღოთ და გავათბოთ მათი სისხლით ნაჟური მიწა ქართული, მამულიშვილობის უზადო სიყვარულის ხიბლით შევმოსოთ ჩვენი ცხოვრების გზა-ბილიკები, ვიგრძნოთ მათი ნასათუთევი და ნატერფალი ქართული მიწის მადლი და სიყვარული - შევძლებთ ვთქვათ, რომ ღირსეულად მოვიხადეთ ვალი წინაპრების, ერისა და ქვეყნის წინაშე.