სოფლის მაღაზიაში მოვიკითხეთ ტაძრის გასაღები. ტაძარში შესვლისთანავე უდიდესი მადლი ვიგრძენით. ტაძრის ფასადზე წარწერაა: "ტრაპიზონის პერიფერიიდან ბორჯომის რაიონის სოფელ ციხისჯვარში ბერძნების ჩამოსახლების 150 წლისთავის აღსანიშნავად 1861-2011 წლები". ტაძრის მოლოცვის შემდეგ სოფლის შესახებ ციხისჯვრის დეპუტატის, მაღაზიის მფლობელის, გვარად ილიევისგან გავიგე, რომ ციხისჯვარი ძირითადად თურქეთიდან, ტრაპიზონიდან მოსული ბერძნებით არის დასახლებული: - ჩვენმა წინაპარმა ეს ადგილი აირჩია სამოსახლოდ. მაშინ აქ სოფელი არ არსებობდა, ამ ადგილს მხოლოდ საძოვრებისთვის იყენებდნენ. პირველად 5-6 ოჯახი დასახლდა. მერე მოსახლეობა თანდათან გამრავლდა და 700 კომლამდე გაიზარდა. წმინდა გიორგის ეკლესია 1861 წელს აშენდა. წინანდელთან შედარებით მოსახლეობის რაოდენობა თანდათან მცირდება. ემიგრაციაში მიდიან, სოფლად მოხუცებულები დარჩნენ.
სკოლა ციხისჯვარში დავამთავრე. ჩემს დროს 300-400 მოსწავლე სწავლობდა. დღეს განსაკუთრებული გაჭირვება აქვს სოფელს. ჩვენთან სხვადასხვა გვარის ხალხი ცხოვრობს. ზოგმა შეინარჩუნა თავისი გვარი, ზოგმა - ვერა. ბაბუაჩემი გვარად ონოფრიადი იყო. ამჟამინდელი ჩემი გვარია ილიევი. ჩვენს სოფელში ცხოვრობენ ასევე პაპაილიევი, პაპაილიადი და ილიადი, მანდატუროვი, მირაფოროვი, აფანასიადი... ყველანი მართლმადიდებლები ვართ.
ძველი ბერძნული ენაც გვაქვს შემორჩენილი.
- რით ირჩენთ თავს?
- ძირითადად მეცხოველეობით. სოფელში სკოლა კი გვაქვს, მაგრამ მოსწავლეთა რაოდენობა მცირეა. აქ, ჩემს ქუჩაზე, სტალინის ქუჩაზე ვცხოვრობ (სტალინის ძეგლი შემოსასვლელში დგას), მხოლოდ ორი ბავშვია. ახალგაზრდობაც ნაკლებადაა. სოფელში ერთი წმინდა გიორგის მოქმედი ტაძარი გვაქვს. 15-მდე პატარა ეკლესიაა. მოძღვარი გვყავს მამა გაბრიელი. როგორც ვიცი, 1928 წლამდე ეს ეკლესია მოქმედი იყო. კომუნისტების პერიოდში საწყობად აქციეს. კომუნისტურმა წყობამ რწმენა ვერ მოსპო. ყველას შინ ჰქონდა სალოცავი კუთხე. ტაძრის ზარი კომუნისტებმა ჩამოხსნეს და გადაადნეს. თურმე, ტაძრის ზარს რომ დარეკდნენ, მეორე სოფლამდე მიდიოდა ხმა.
- როგორი გინდათ იყოს თქვენი სოფელი?
- უფრო გამოცოცხლებული. ბევრი ბავშვით. ხალხი მოძრაობდეს. სოფელს ვინ აშენებს - ახალგაზრდა, ხომ? ვინატრებდი რომ სოფელში მეტი ახალგაზრდა გვყავდეს.
მწყემსი კეთილი
მართლაც მწყემსი კეთილია ბაკურიანის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა მიქაელ ვაჩნაძე:- ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა შეგიწიროთ თქვენი შრომა. მე ახალი ნაკურთხი მღვდელი ვარ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში. ვმსახურობ ბაკურიანის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში. უფლის მადლით ყველა ადამიანს ეძლევა საშუალება მივიდეს უფალთან და ცხონდეს. სასულიერო პირის უპირველესი მოვალეობაა ქრისტეს გზაზე დააყენოს ყველა ადამიანი, ვისაც ცხონება და უფალთან მისვლა სურს. ერისკაცი გახლდით, როცა პირველად თბილისიდან ბაკურიანში სამუშაოდ ჩამოვედი. ერთ-ერთ კერძო სასტუმროში ვმუშაობდი. ეს იყო 1999 წლის 4 იანვარი. მოვიკითხე, თუ არსებობდა ბაკურიანში სალოცავი, რათა თავისუფალ დროს მევლო და მელოცა - თბილისში ქაშვეთის ეკლესიაში სტიქაროსანი გახლდით. მითხრეს, რომ ბაკურიანში ოთხივე მხარეს, ჯვარსახოვნად არის ტაძარი - წმინდა გიორგის, ილია თეზბიტელის, ღვთისმშობლის სახელობის პატარა სალოცავი და სამების სალოცავი. გამორჩეული სულიერი, დადებითი გრძნობით აღვივსე. რამდენიმე ხნის შემდეგ გავიცანი ახალნაკურთხი, იმდროინდელი მღვდელმონაზონი, ახლა უკვე არქიმანდრიტი ფოკა (მარკოზია), რომელთანაც დავდიოდი ტაძარში. ვიყავი სტიქაროსანი. მამა ფოკამ ახალქალაქში მონასტრის გახსნაზე დამპატიჟა. იქ გავიცანი მეუფე სერაფიმე. მღვდელმთავრის წირვაზე პირველად ვიმსახურე როგორც სტიქაროსანმა. მეუფემ დაგვლოცა, დალოცა მონასტრის კურთხევა...
სამი წლის წინ ბაკურიანში ოჯახი ჩამოვიყვანე დასასვენებლად. მამა ფოკა შემხვდა. გამარჯობის მაგივრად მკითხა, - ქრისტო, ისევ არ გახდი მღვდელიო? გუშინწინ მამა ღვთისომაც (ქაშვეთის ტაძრის მოძღვარია) ძალიან მკაცრად მითხრა ამის შესახებ-მეთქი. მიჰყევი უფლის ნებასო, - მიპასუხა. გადავიწერე პირჯვარი და მივყევი უფლის ნებას. ექვსი თვის შემდეგ მამა ფოკამ მეუფესთან წარმადგინა. მეუფემ 2011 წლის 15 იანვარს ბაკურიანის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში დამლოცა და მაკურთხა, - მოემზადე, სასულიერო პირი უნდა გახდეო. მეორე დღეს საკათედრო ტაძარში მეუფეს თან ვახლდი როგორც სტიქაროსანი. უწმინდესი ბრძანდებოდა მსახურებაზე. მეუფემ მასთან წარმადგინა - დალოცეთ, უწმინდესო, სამღვდლო კაციაო. ეს შეგრძნება არ დამავიწყდება, როცა მისმა უწმინდესობამ დამლოცა, მაკურთხა. რამდენიმე თვეში მამა ფოკამ მითხრა, გადაწყდა შენი მღვდლად კურთხევაო. 2011 წლის 30 იანვარს ხელი დამასხა მიტროპოლიტმა სერაფიმემ დიაკვნად ბორჯომის საკათედრო ტაძარში. იქ ცხრა თვე ვიმსახურე, მერე მამა ფოკას რეკომენდაციით გადმოვსახლდი ბაკურიანში. 2011 წლის 2 ოქტომბერს მღვდლად მაკურთხეს ბორჯომის ეპარქიაში.
ბაკურიანში შეგვეძინა მესამე შვილი, რომელიც ახლახან პატრიარქმა მოგვინათლა, რაც დიდი პატივია. ბედნიერი ვიქნები, თუ მივაღწიე და სულყოფილად ვემსახურე უფალს. ბათუმის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში წმინდა ნიკოლოზის ხატთან ასეთი წარწერა წავიკითხე: "ჰე, უფალო, მომეც ძალა, რათა გემსახურო გულით, სულით, მთელი ძალით. გემსახურო შენ, უფალო, ვემსახურო შენს ეკლესიას და ერსა ჩემსა". ეს სიტყვები გულში ჩამრჩა.
***
ბაკურიანში ცხოვრობენ ოსები, გერმანელები, პოლონელები, სომხები, რუსები, უკრაინელები, რა თქმა უნდა, ქართველები. მოსანათლად ძირითადად სომხები მოდიან. მათ ჩვენ ვუხსნით, - თქვენ იმიტომ კი არ უნდა მოინათლოთ მართლმადიდებლურად, რომ საქართველოში ცხოვრობთ, არამედ იმიტომ, რომ ძირძველი მართლმადიდებლები იყავითო. ვუხსნით და ვუქადაგებთ ქრისტეს და მოყვასის სიყვარულს. დანარჩენი, როგორც მთელ საქართველოში, პრობლემები ყველგან ერთნაირია - ეკონომიკური, სოციალური, ოჯახური და ასე შემდეგ. ათ წელიწადში სულიერი დონე ძალიან გაიზარდა და ეს არის არქიმანდრიტ ფოკას მოღვაწეობის შედეგი, რომელიც თავისი პირადი მაგალითით გვიჩვენებს, თუ რას ნიშნავს თავმდაბლობა, შენდობა, შემწყნარებლობა. უფლის სიყვარულით ემსახურება ბაკურიანს. ის მოღვაწე ბერია. არაერთი ეკლესია აქვს აღდგენილი. მისი ხელით აშენდა და აღდგა არაერთი მონასტერი. ის არის თვალსაჩინო მაგალითი თითოეული სასულიერო პირისთვის, თუ როგორ უნდა ილოცოს და იშრომოს სასულიერო პირმა. მამა ფოკას შუამდგომლობით დროებითი საცხოვრებელი გაუჩნდა ჩემს ოჯახს ბაკურიანში. ვცდილობ, ღირსეული მოძღვარი ვიყო უფლის, ეკლესიის და მრევლის წინაშე. წამოვედი ბაკურიანში მაშინ, როცა მთელი ბაკურიანი, მთელი პერიფერია მიდის დედაქალაქში საცხოვრებლად. მეუღლემ მითხრა, სადაც შენ იქნები, მეც იქ უნდა ვიყოო.
ვცდილობ, ადამიანებს ავუხსნა, რომ არ გაართულონ უფალთან მისასვლელი გზა. მრევლმაც მოიმატა. ძველი მეგობრებიც მოდიან. მათი შვილებიც. ყველა შევაგულიანე, - მოდით უფალთან, დაესწარით ღვთისმსახურებას და თქვენს სულს დრო დაუთმეთ-მეთქი. ვფიქრობ, მოძღვრის სიტყვა შედეგს გამოიღებს...
***
მოძღვრის პასუხისმგებლობა დიდია. რამეთუ ჩვენ პირად შეხედულებებს კი არ ვეუბნებით ადამიანებს ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით, არამედ ვეუბნებით იმას, რაც სულიერია, ხოლო გადაწყვეტილებას თავად იღებენ. ამას წინათ წავიკითხე, - ნამდვილი მასწავლებელი შეგირდს სწავლის გასაღებს აძლევსო. უფალმა სასუფეველი კი არ მისცა პეტრეს, არამედ გასაღები მისცა, რასაც გახსნი - გახსნილია, რასაც შეკრავ - შეკრულიაო. ადამიანი თავისუფალია ყოველდღიურ გადაწყვეტილებაში, ოჯახთან, სამსახურთან, მეგობრებთან მიმართებით, თავად წყვეტს, ვის ემსახუროს. თუ დაეცემა და რაიმე შეეშლება, ამისთვის არსებობს გამოსავალი. ეს არის სინანული, აღსარება, განწმენდა, ზიარება, რომელიც არის საკურნებელი სულისა და ხორცისა. უფალმა ზიარების საშუალება მოგვცა. ყოველ კვირას ჩვენთან ტარდება წირვა. მრევლთან ახლო ურთიერთობა მაქვს, სახეებითაც და სახელებითაც ვიცნობ. ***
სამი დედმამიშვილი ვართ. მორწმუნე ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. მამაჩემმა 1972 წელს ჩემს დას დაარქვა ქრისტინე, 1974 წელს მე დავიბადე და დამარქვა ქრისტო. ეს იყო პროტესტი კომუნიზმის და ათეიზმის წინააღმდეგ. მამა მუდამ რუდუნებით გვასწავლიდა, რა იყო სამშობლოს, უფლის სიყვარული. 80-იან წლებში ლოცვების წიგნი არ იშოვებოდა. მამაჩემმა საიდანღაც მოიძია და მე და ჩემს დას გვითხრა, ეს წიგნი ერთი დღით მოვიტანე და გადაიწერეთ რვეულშიო. დილის და ძილად მისვლის ლოცვები იყო. მერე განვიხილეთ, რა რას ნიშნავდა. დიდება და მადლობა უფალს, რომ მუდამ მინდობილი ვიყავი და ვარ მას. უფალი გვაძლევს ცხონების საშუალებას და ეს ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ.
უფალი ყოველთვის გველოდება, როდის გავუღებთ გულის კარებს გულწრფელი ლოცვით, რათაAშიგ დაისადგუროს უფლის მადლმა. დალოცვილები ვიქნებით მაშინ, როცა ვიქნებით ჭეშმარიტი მამულიშვილები და ჭეშმარიტი ქრისტიანები. ღმერთმა დაგლოცოთ.