თორის საერისთავოზე ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში ვკითხულობთ: "არს სასპასპეტო ესე შემკული მთითა და ბარითა, პირუტყვითა, ნადირითა, ფრინველითა.. მოსავალნი მრავალნი ნაყოფიერებს. კაცნი და ქალნი მშვენიერნი, მშვიდნი, მორჩილნი. ვიეთნი შფოთის მოყვარენი, მბრძოლნი, ძლიერნი... ყოფილან მრავალნი შენობანი და ეკლესიანი, გარნა აქ შემუსვრილნი".
მისივე ცნობით, თორისწყლის (ახლანდელი გუჯარეთისწყალი) აღმოსავლეთით "არს კიმოთისმანს მონასტერი, გუმბათიანი კეთილშენი, მშვენიერს ადგილს".
ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 15 კმ-ის დაშორებით, წაღვერიდან 4 კმ-ზე, თორისწყლის მარჯვნა ნაპირზე, სავარაუდოდ ძველი მონასტრის ნანგრევებზე, თორის მმართველმა ერისთავთ ერისთავმა შალვა ახალციხელმა ააშენა გუმბათიანი ტაძარი.
1947 წელს ბორჯომის ხეობაში იმოგზაურა ნიკო ბერძენიშვლმა და აღწერა ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსი. მათგან საყურადღებოა დღემდე შემორჩენილი პატარა ერთნავიანი დარბაზული ეკლესია, რომლის დასავლეთ კედლის ფანჯრის ზემოთ იკითხება წარწერა: "ქრისტე, ადიდე სულითა შალვა ერისთავთ ერისთავი".
ნიკო ბერძენიშვილს სჯერა, რომ წარწერა გაკეთებულია XII-XIII სს-თა მიჯნაზე და ლაპარაკია მხედართმთავარ შალვა ახალციხელზე, რომელიც მოწამებრივად აღესრულა 1226 წელს.
ნიკო ბერძენიშვილი იხსენებს განძანის ეკლესიისა და ვაჩიან-ქუმურდოს სტელაზე შემორჩენილ წარწერას, სადაც შალვასთან ერთად მოიხსენიება მისი ძმა ივანე. ამ წარწერით ის ასკვნის, რომ ტიმოთესუბნის კომპლექსი იყო თორელების საგვარეულო მონასტერი, ხოლო ძირითადი ტაძრისგან ჩრდილოეთით მდგარი ერთნავიანი ბაზილიკა, შესაძლოა, თავის დროზე მათი საგვარეულო სამარხებისათვის ყოფილიყო გამიზნული. ცნობილია, რომ ამ რეგიონს მართავდნენ შალვა და ივანე ახალციხელები, თორის ერისთავთერისთავები. განსაკუთრებით გამოირჩეოდა შალვა, რომელიც იყო თამარ მეფის მეჭურჭლეთუხუცესი, მეფის კარის მანდატურთუხუცესი და თორ-ჯავახეთის ერისთავთერისთავი. შალვა ახალციხელის გმირობა ჯერ კიდეც 1195 წელს გამოჩნდა, როდესაც მან შამქორის ბრძოლის დროს წარიტაცა ხალიფას სეფე დროშა და დიდძალ ნადავლთან ერთად თამარ მეფეს მიართვა. თამარმა ეს დროშა შემდგომ გელათის მონასტერში დავანებულ ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირა.
შალვა ახალციხელი მოწამებრივად აღესრულა და დღეს წმინდანად არის შერაცხული. მისმა მეომრულმა და მოწამებრივმა სულისკვეთებამ განაპირობა ის, რომ ტაძარში უდიდესი ადგილი აქვს დათმობილი ქრისტეს სარწმუნოებისათვის იმ წამებულთა და მარტვილთა გამოსახულებებს, რომლებიც მხედრები იყვნენ.
წმინდა მოწამე შალვა ახალციხელის ხატი დაბრძანებულია ტიმოთესუბნის ტაძარში, მისი სახელობის სამლოცველო იქვე, ეკლესიის მარჯვენა ეკვდერშია. ტიმოთესუბნის ტაძრის ფრესკები შესულებულია 1205-1215 წლებში, შალვა ახალციხელის მმართველობის პერიოდში. ცნობილია, რომ იმდროინდელი ხატმწერები სამუშაოს დაწყებამდე 40 დღე მარხვასა და ლოცვაში ატარებდნენ, რათა მიეღწიათ იმ სულიერი მდგომარეობისთვის, რომელიც ამ განსაკუთრებული მისიის შესრულების ღირსს გახდიდა. ხატმწერები ხელს არ აწერდნენ თავიანთ ნამუშევარს, რადგან ითვლებოდა, რომ "ხატზე გამოსახული წმინდანი თვითონ გამოსახავს თავის თავს სულიწმინდის მადლით და ღვთის შეწევნით. მადლი ისე გადმოედინება ხატიდან, როგორც სინათლე ფანჯრიდან" (არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)). ამ თავმდაბლობის გამო უცნობი დარჩა შესანიშნავი ქმნილებების ავტორების სახელები.
ისტორიული წყაროები გვაფიქრებინებს, რომ ჯერ კიდევ XVIII ს-ის I ნახევარში აქ ფუნქციონირებდა მონასტერი, რომელსაც სათავეში ედგა წინამძღვარი (ბოლო მათგანი ჩვენთვის ცნობილია - მღვდელმონაზონი პახუმი (ფაფერაშვილი)). XIX ს-ში მონასტერი განადგურების პირამდე მივიდა, ტაძრის კედლებზე წყალმა გამოჟონა, დაზიანდა ფრესკები.
1998 წელს მონასტრის წინამძღვრის არქიმანდიტ იერომიელის (ფილიშვილი) მოსვლასთან ერთად მონასტერმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. მისი და მონასტრის საძმოს ლოცვა-კურთხევითა და ძალისხმევით აღდგა სამონასტრო ცხოვრება, აღდგენილია ძირითადი ტაძარი და მის გარშემო ნაგებობები (მათგან აღსანიშნავია ტაძრის ჩრდილოეთით მდებარე VI ს-ის ერთნავიანი ბაზილიკა, რომელიც დღეს წმინდა ბარბარეს სახელს ატარებს), გაიწმინდა ფრესკები, რეგულარულად აღევლინება წირვა-ლოცვა.
***
მამა იერომიელი: - საქართველოს ერთ-ერთ ძირძველი კუთხე, თორი, ერთ დროს სამცხე-საათაბაგოს ნაწილიც გახლდათ. თორის ხეობა განსაკუთრებით დაწინაურდა შალვა და იოანე ახალციხელების გამგეობის პერიოდში, რომლებიც იყვნენ ამ კუთხის შვილები - თორელები. ტიმოთესუბანიც მათი აშენებულია. საკურორტო ზონის გარდა, ამ ხეობაში მრავალი ისტორიული ძეგლია, რომელთაგან დღეს თითქმის ყველა მოქმედი ტაძარია. რაც მთავარია, ამ ხეობაში გაცოცხლდა სამონასტრო ცხოვრება. გვაქვს მამათა, დედათა მონასტრები. ტიმოთესუბნის მამათა მონასტრის გარდა გვაქვს მწვანე მონასტერი, ბერისაყდრების, ციხისჯვრის მამათა მონასტერები. ფოთოლეთშია ახალგახსნილი მამათა მონასტერი, სადგერში - დედათა მონასტერი, პლატოზე - წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის დედათა მონასტერი. მონასტრებია დაფუძნებული საკირესა და ტაძრისში. არის კიდევ პატარ-პატარა მონასტრები, სადაც ბერ-მონაზვნები ცხოვრობენ... ღვთის შეწევნით, კიდევ არიან ბერმონაზვნური ცხოვრების მსურველნი. ეკლესია არის სული, გული ერისა და როდესაც სულიერება აღორძინდება, ერსაც, თუნდაც მატერიალური თვალსაზრისით, დაეტყობა ხოლმე. ეს ხეობა, როგორც ბევრი სხვა რამ საქართველოში, შეიძლება ზოგან ჩქარი, ზოგან ნელი ტემპით, მაგრამ აღორძინდებას მაინც განიცდის. უპირველეს ყოვლისა, ეს თვალში საცემია ეკლესიურ ცხოვრებაში. ***
ჩვენი მონასტერი თამარ მეფის დროინდელი გახლავთ. შალვა ახალციხელს შამქორის ომის შემდეგ დაუწყია ამ ტაძრის მშენებლობა, დასრულებულა XIII ს-ის დასაწყისში. ჩვენი ტაძარი ყინწვისის, ოზაანის, ბეთანიის ტოლია, შეიძლება ერთი და იმავე ხელოსნების აგებულიცაა. თავის დროზე ამ ტაძარში მრავალი სასულიერო პირი მოღვაწეობდა. სამწუხაროდ, განადგურებულია არა მარტო ამ ტაძრის ისტორია, მოღვაწეთა შესახებ ცნობები, პატერიკები, არამედ მთელი მოსახლეობა ამოწყდა და მთელი ისტორია დაიკარგა. მაგრამ ეს ნაშთი ღაღადებს ძველ დიდებულებაზე. აღმოსავლეთის მხარეს ქვის დიდ სარკოფაგებს მივაკვლიეთ. ალბათ იქ განისვენებენ სასულიერო პირები, შეიძლება თორელთა საგვარეულოს წარმომადგენლები. არის მოსაზრება, რომ შალვა ახალციხელი მონასტრის ტერიტორიაზეა დაკრძალული. ***
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია 1995 წელს დაარსდა. თავიდან მოიხსენიებოდა ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიად. შემდგომში გაიყო და ახლა იწოდება ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიად. მოიცავს ერთ რაიონს - ბორჯომის ხეობას. ტიმოთესუბანში 1998 წლიდან ვართ, 14 წელია, რაც მამათა მონასტერი დაფუძნდა. ჩვენამდე აქ დედათა მონასტერი იყო და მოღვაწობდა ხონის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია). ტიმოთესუბანში მონასტრული ცხოვრება მათ დაიწყეს. მონასტერში ექვსი მუდმივი წევრი ვართ - ოთხი ბერი და ორი მორჩილი. მე გახლავართ არქიმანდრიტი, არის ერთი მღვდელმონაზონი - მამა ანტონი, ბერი იოანე, ბერი ლაზარე, მორჩილი თეოდორე და მორჩილი ტიტე. ტიტე 19 წლის გახლავთ. Gგარკვეული პერიოდი ამერიკაში ცხოვრობდა, განათლებაც იქ მიიღო. მამა სქემმღვდელმონაზონი ჰყავს და ინვალიდობის გამო ამჟამად შინაა. ვცხოვრობთ ისე, როგორც შეეფერება მონასტრულ ცხოვრებას. მონასტრული ტიპიკონით ვშრომობთ, ვლოცულობთ, ვაახლებთ და ვამკობთ ტაძარს. დავიწყეთ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მონასტრის მშენელობა. ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. დილა ცისკრის ლოცვებით იწყება და დღეს პირველი ჟამნით ვამთავრებთ. შემდეგ მოდის მორჩილებები - გალავნის აღდგენა, კეთილმოწყობა. მონასტერში მრავალი რამ არის გასაკეთებელი.
არქიმანდრიტი იერომიელი მონასტრის წევრებთან ერთად
- რა მნიშვნელობა აქვს ლოცვას და შრომას?
- ლოცვა უმთავრესია. თავიდათავი მონასტრული ცხოვრებისა ლოცვა გახლავთ. ასეთი ამბავი მახსენდება: ათონზე აშენებდნენ მონასტერს, ბერების სენაკებს. მამა პაისიმ ურჩია ძმებს, - იმუშავეთ ნაწილმა, მაგრამ ერთმა მაინც სკვნილზე უნდა ილოცოს და საწვიმარი ღრუბლები შეაკავოსო. მართლაც დაიწყეს სკვნილზე ლოცვა. ვიდრე არ გადახურეს, არ გაწვიმებულა. როდესაც ერი შრომაშია, ამით მოიპოვებს პურს არსობისას. მონასტრები გარკვეულწილად ერიდან ვიკვებებით. მონასტერს, ბერ-მონაზვნებს აკისრია ის ფუნქცია, რომ ერის ადამიანებს განსაცდელი არ მოუვიდეთ. ბერები სულ უნდა ვლოცულობდეთ. გვაქვს პირადი კანონები, სადაც ვიხსენიებთ იმ ხალხს, ვისაც უჭირს, ვინც შემომწირველია, ვინც მოსახსენიებლებს გვიტოვებს და ასე შემდეგ. მონასტრის არსებობის თავიდათავი გახლავთ ღვთისმსახურება, ერის ადამიანებისთვის უნდა იყოს შეზავებული ლოცვა და შრომა, მაგრამ ეს არის ჯვრის განაწილება. ერისკაცის ჯვარია ოჯახური ცხოვრება, ზრუნვა ოჯახის თითოეული წევრისთვის, ზრუნვა მოყვასისთვის, მეგობრისთვის. არსებობს საბერო და საერო გზა, რომელიც ორივე სათნოა უფლისათვის. ადამიანმა თავად უნდა აირჩიოს, რომელი გზით იაროს. ღმერთმა უწყის, ვინ უკეთესად ვემსახურებით უფალს - იქაც ჯვარია საზიდი და აქაც.
ვიცით, რომ ავაზაკობით მოსულან მამები მონასტერში და დიდი სინანულისთვის მიუღწევიათ, არის შემთხვევები, რომ პირდაპირ ღვთის მოწოდებით მოსულან და ვერ გაუმართლებიათ. გარკვეულწილად თითქოს შენელდა მონასტრებში მომსვლელთა რიცხვიც და ხარისხიც. ამ ბოლო დროს უფრო ისეთები გამოჩნდებიან, ვისაც რაიმე განსაცდელი აქვს. მონასტრებში მოდიან ნუგეშისთვის, ფეხზე დადგომისთვის. მერე საღვთო გზას პოულობენ.
- როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა განსაცდელების გადალახვა?
- "ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა". ალბათ უფალზე სასოებით, უფალზე მინდობით, თავმდაბლობით. რამდენადაც დიდ წინააღმდეგობას უწევ, იმდენად გაგიტანს და დაგანგრევს. როცა ვმადლობთ უფალს თითეული განსაცდელისთვის, ის ძალიან მალე აღმოიფხვრება ხოლმე. თუ ამპარტავნულად ვეწინააღმდეგებით და ვამბობთ, ამის ღირსი არ ვიყავი, ეს არ დამიმსახურებია, ცოდო ვარ ამისთვის, ან რატომ, ღმერთო, რატომ ჩამაგდე ასეთ დღეშიო, ამით უფრო ხანგრძლივდება განსაცდელი და შეიძლება ვერ გამოვიდეს ადამიანი მდგომარეობიდან. ეს არის პირველ რიგში უმადურობა ღვთის წინაშე.
მამაჩემი სიმსივნით გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლოს იმდენად მძიმედ იყო, რომ მეუფე სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით ბერად აღვკვეცეთ და სერაფიმე ვუწოდეთ. მამა მეუბნებოდა, - შვილო, რა ღვაწლი უნდა მქონდესო. ვუპასუხე, - შენ თუ შეძლებ, მიუხედავად ასეთი ტკივილებისა, რომ მადლობა უთხრა უფალს ყველაფრისთვის, ამაზე დიდი ლოცვა არ არის-მეთქი. მიუხედავად განსაცდელებისა, სულ ღვთის მადლობით გავიდა ამ ქვეყნიდან. მიფიქრია, მე თუ შევძლებდი ამ მძიმე ტკივილების გადატანას... მადლიერებით უნდა გადავიტანოთ ყოველგვარი განსაცდელი.
- მამაო, თანამედროვე ადამიანები სულიერ შიმშილს უფრო მეტად განიცდიან თუ მატერიალურს?
- რა თქმა უნდა, არის სულიერი შიმშილი. ძალიან კარგია მთესველის იგავი. მე დავალებაც კი მიმიცია ხოლმე მრევლისთვის. გახსოვთ ის იგავი, რომ გამოვიდა მთესველი თესვად და ზოგი თესლი შარაგზაზე დავარდა, ზოგი ეკალბარდებში ჩავარდა, ზოგი კლდოვან ადგილას დავარდა, ზოგი მოკვდა ფერდობზე? ასეთი დიფერენციაცია ხდება ადამიანებშიც. ზოგს ესაუბრები და როგორც შარაგზაზე დათესილი, არ ამოდის. ერთ ყურში შედის, მეორეში გადის. ზოგი კლდოვანზე ეცემა და უცბად ვითარდება, იმიტომ რომ თბილი ადგილია, მაგრამ პატარა ფესვი აქვს და მალევე ჭკნება. ბევრი აღფრთოვანებით იღებს, - რა კარგი ყოფილა ქრისტიანობაო და უცბად ჩაქრება ხოლმე. ზოგი ეკალბარდოვანში დავარდა და ამ ქვეყნის საზრუნავებმა შეაშთო და ნაყოფი ვერ გამოიღო. ტაძარში მოდის ასი კაცი და რჩება ათი. ადამიანს თუ არ აქვს წინააღმდეგობის გადალახვის უნარი, ვერ დარჩება ბოლომდე ერთგული უფლის სიყვარულისა. ამიტომ უნდა გამოვიცადოთ. ზოგჯერ არის ტკივილი, ზოგჯერ შეიძლება ლოცვის სურვილიც არ გქონდეს, ზოგჯერ შეიძლება საწუხარი ან სევდა მოაწვეს ადამიანს, მაგრამ თავს ძალა უნდა დაატანოს და რაც წესი და რიგია, ის შეასრულოს. უფალი ამ ერთგულებას უფასებს ადამიანს და მერე აძლევს იმ მადლს, რისთვისაც ვიღვწით. ჯვრის ზიდვა, ერი იქნება თუ ბერი, ყოველთვის დიდ შემართებას და თავდადებას მოითხოვს.
ყველას ვურჩევდი და ვაკურთხებდი, რომ იყვნენ დედა ეკლესიის ერთგულები. სულიერებაც მზარდია. მამები ამ გზას მეცნიერებათა მეცნიერებას ეძახიან და ვინც მიჰყვება, დაუსრულებელ სიხარულს იპოვის. ეკლესიურობა ზოგიერთი ერის ადამიანისთვის მხოლოდ ტაძარში მოსვლა, სანთლის დანთება და პირჯვრის გადაწერაა. თუ ადამიანი სწორად ვითარდება, უნდა ხედავდეს თავის გუშინდელ და გუშინწინდელ დღეს. იზრდება ადამიანი, ჩნდება სულიერი მოთხოვნილებები და მისი დაკმაყოფილება ხდება. მამათა ყველაზე დიდი შენაძენი არის ღმერთი. უნდა ვიყოთ დედა ეკლესიის ერთგულნი. ცხონება მხოლოდ ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი.
ტაძარში მოსულ თითოეულ ადამიანს თავისი საზომის მიხედვით უნდა მისცე საკვები. ზოგს რძე სჭირდება, ზოგს - უფრო მაგარი საკვები. სულიერებაშიც ასეა. ყველას თავისი საზომისდა მიხედვით უნდა გაუნაწილო ლოცვაც, შრომაც, დარიგებაც, დატუქსვაც, მოფერებაც... ყველა ადამიანს თავისებური მიდგომა სჭირდება. მოძღვარმა უნდა გაითვალისწინოს თითოეულის სულიერი საზომი და საღვთო გზაზე დააყენოს. როცა ადამიანი ცხოვრებაში ნელთბილია, სარწმუნოებაშიც ნელთბილია. როცა ადამიანს დიდი განსაცდელები შეემთხვევა, რთულ გზას გაივლის, თუნდაც საპყრობილეში ყოფნას, უფრო მხურვალე, ერთგული, მოშურნე და მორწმუნე მრევლი დგება.
წინამძღვრის პასუხისმგებლობა გახლავთ ის, რომ თითოეულ მრევლის თუ მონასტრის წევრს სათანადო დარიგება და სულიერი საკვები მისცეს.
ერშიც და ბერშიც გვაქვს მცნებები და მათი შესრულება გვმართებს. მერე უფალიც შეგვეწევა. უფლის შეწევნის გარეშე ამ მცნებებს ვერც ერში შევასრულებთ და ვერც მონასტერში. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ შევძლოთ ღვთის მცნებების შესრულება.