საჩხეური, რომელიც ზემოაღნიშნულ წყაროში "საჩხეორად" მოიხსენიება, ისტორიულად ლეჩხუმის განუყოფელი ნაწილი იყო და აქედან გამომდინარე იგი ხან იმერეთის სამეფოს ქვეშევრდომი იყო, ხანაც სამეგრელოს სამთავროს პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდა. როცა საქართველოს სამეფო-სამთავროებმა ერთიმეორის მიყოლებით დაკარგეს დამოუკიდებლობა და ქვეყანაში რუსული მართვა-გამგეობა დამყარდა, საჩხეური იმერეთის გუბერნიის შემადგენლობაში აღმოჩნდა ცაგერის ანუ ლეჩხუმის მაზრაში შემავალ სხვა სოფლებთან ერთდ. საჩხეური ქვემო ლეჩხუმის შემადგენლობაში შემავალ 12 სოფელთან ერთად ხალხურ ზეპირგადმოცემებსა და ზოგიერთ წერილობით წყაროებში "კლდედაღმართის" მხარედაც მოიხსენიება. ეს სახელწოდება განპირობებულია რიონისპირა ხეობის სოფლების გეოგრაფიული მდებარეობით, რელიეფითა და ლანდშაფტით. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე საჩხეურს მოიხსენიებენ როგორც "იმერეთის გუბერნიის, ლეჩხუმის უეზდისა და დერჩის საზოგადოების" სოფლებს, - გვიამბობს საჩხეურის სკოლის დირექტორი, ბატონი გოჩა ძნელაძე, - გასაბჭოების შემდეგ იგი ერთხანს კვლავ ცაგერის მაზრაში იყო, შემდეგ ახალშექმნილი ოკრიბის რაიონს მიაკუთვნეს. 30-იანი წლების II ნახევარში კი, როცა სოფელში ჩამოყალიბდა კოლექტიური მეურნეობა, ქუთაისის რაიონის შემადგენლობაში აღმოჩნდა. ქუთაისის რაიონის გაუქმებიდან, 1959 წლიდან დღემდე წყალტუბოს რაიონის შემადგენლობაშია.
საჩხეურში სულ 60-მდე კომლი ცხოვრობს. გაუსაძლისი პირობების გამო (უგზოობა, დიდთოვლობა, უმუშევრობა, სამედიცინო მომსახურების არქონა) თანდათან იცლება და ძირითადად მოხუცების ამარა რჩება. საბაზო (ცხრაწლიან) სკოლაში დღესდღეობით 7-ოდე მოსწავლეა, რომელთა აღზრდას 8 პედაგოგი ემსახურება.
საჩხეურის ნამდვილი მშვენებაა მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესია, რომელსაც დასავლეთის კარიბჭიდან ეკვრის ქვის მონუმენტური სამრეკლო. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ არქივში დაცული და ჩვენს მიერ მოძიებული წყაროებით, ეს ეკლესია აუგიათ 1840 წელს: "საჩხეურის მაცხოვრის ხის ეკლესია აღშენებულ არს 1840 წელს, ამავე ეკლესიისა მრევლის შრომით და ხარჯით. იგი არს ხისა, ცაი აქუს შეკრული ფიცრით, გადახურული ყავრითა. სამრეკლო ხის აქვს. თლილის ქვის ეხლა შენდება. ტრაპეზი მას შინა არის ერთი ქრისტეს... სახელზედ შემოსილი. ბარძიმ-ფეშხუმი თავის გაწყობილობით აქვს ერთი ხელი. სამღვდელო შესამოსელი აქვს ერთი ხელი. საღმრთო და საეკლესიო წიგნები აქვს სრულებით. კრებული ამა ეკლესიაზედ არის შემდგომი: ერთი მღვდელი და ერთი მედავითნე, რომელნიცა სცხოვრობენ თავ-თავის სკუთარ სახლში და აქვს თავ თავის სამოსახლო, საყანე, ვენახიანი და ტყიანი ადგილები. კრებულს აქვს შემოსავალი მრევლისაგან მცირე და განუსამზღვრელი, ამისათვის იგინი თავიანთს თავს ირჩენენ მუშაობით და სხვა საშვალებით. ამ ეკლესიას აქვს ადგილები, რომელთაგან წელიწადში შემოდის სამი მან. ამ ეკლესიაზედ არის ზედმიწერილი ეკლესია ერთი. აღწერილობა ამა ეკლესიის ქონებისა შედგენილ არს 1873 წელსა და ხელმოწერილ არს კრებულისამებრ და სტაროსტისა.
მეტრიჩესკის წიგნების შავები 1847 წლიდამ აქვს სრულებით ნაწარმოები 1858 წლიდამ კარგი. აღსარებითი სიების შავები 1847 წლიდგან აქვს სრულებით ნაწარმოები. ჰყავს მრევლი 59 კომლნი, მათ შორის მღვდელნი ერთი კომლი, თავადნი და აზნაურნი 8 კომლნი და გლეხნი 50 კომლნი. წიგნი შესავალ-გასავლის ფორმასა მიერ მოცემულ არს დამოწმებულ არს ეპარხიის მთავრობისა მიერ 1873 წელს ჩასაწერათ შეწირულობათა და ხარჯისა და ასრეთი წარმოებულ არს.
* * *
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ არქივში დაცულ რუსულ ენაზე შედგენილი წყარო (თარგმნეს გიორგი ასათიანმა და ლუდა ჩოგოვაძემ) გვაუწყებს: საჩხეურის მაცხოვრის ხის ეკლესია აგებულია 1870 წელს თვით მრევლის ძალებით და კურთხეულია მაცხოვრის აღდგომის სახელზე, შენობა ცივია, ერთი ტრაპეზით, საკურთხევლით, ხის მოძველებული სამრეკლოთი. კანკელი ძველია უვარგისი. შესამოსელი, ჭურჭელი, საეკლესიო-სასამსახურო წიგნები ადგილზეა და საკმაოდ დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. დაბადების მოწმობათა ასლები და სააღმსარებლო ჩანაწერები თარიღდება და ინახება 1847 წლიდან. ეკლესია ერთშტატიანია. 1859 წლის საშტატო დებულების თანახმად მასთან არსებობს ორნახევრიანი კრებული, რომელიც ახლაც არსებობს. ხელფასს, ჯამაგირს ხაზინიდან წელიწადში ღებულობდნენ მღვდელი ლუკა ასათიანი - 300 მანეთს, დიაკვანი (მედავითნე) ალექსანდრე ხვადაგიანი - 100 მანეთს, რამის საშემოსავლოს მღვდელი ღებულობს 120 მანეთს, დიაკვანი - 40 მანეთს, კურთხევის აღსრულებისათვის მღვდელი ღებულობს 75 მანეთს, დიაკვანი 25 ს. ეკლესიას გააჩნია მიწის ორი ნაკვეთი - სახნავ-სათესი სახელწოდებით "სვანური", ზომით წრიულად 150 საჟენი, მეორე ნაკვეთი ვენახით სახელწოდებით "სასახლის ბოლო" ზომით წრიულად 28 საჟენი. ეს ორი ნაკვეთი არ არის გაცემული საიჯაროთ, თვით ეკლესია იყენებს მათ. ამ ეკლესიას არ გააჩნია საკრებულოს სათავსოები (საცხოვრებელი გ.ძ), ის ცხოვრობს საკუთარ სათავსოში (ბინაში). სამძებრო წიგნი (აღწერის წიგნი) წესრიგშია. ამ ეკლესიასთან არ არის შექმნილი საეკლესიო-სამრევლო სკოლა. ამ ეკლესიას არ გააჩნია ბიბლიოთეკა, დავრდომილთა თავშესაფარი და არც საეკლესიო-სამრევლო სამზარეულო. ამ ეკლესიას მიეწერება ლეხიდრისთავის ხის ეკლესია, რომელიც აგებულია მრევლის მიერ 1800 წელს და კურთხეულია წმინდა სამების სახელზე. იგი ცივია, აქვს კანკელი, ახლავს ხის სამრეკლო. ახალი სამრეკლო მიშენებულია ეკლესიაზე. მიკუთვნებულ ეკლესიას გააჩნია მიწის სამი ნაკვეთი: სახნავი "დედანის ბოლო". "ორკლდესშუა" და "კლდის ძირა". ეს მიწები გაცემულია იჯარით გლეხ ბიჩინა (თუ ბიჭინა) მანავაძეზე წელიწადში 3 მანეთსა და 60 კაპიკად. ჭაშლეთის მომიჯნავე ეკლესია მოშორებულია, ხოლო დღნორისისა 2 ვერსით. მამასახლისად ითვლება გლეხი მელიტონ ძნელაძე 1907 წლიდან.მღვდელი ლუკა ასათიანი, დიაკვანი ალექსანდრე ხვადაგიანი.
საჩხეურის მაცხოვრის ეკლესიის კრებულის სამსახურეობრივი სია 1908 წ.
* * *
ერთ-ერთ დაუთარიღებელ საეკლესიო საბუთში ვკითხულობთ: "სოფლის საჩხეურის მაცხოვრის ეკლესია ფიცრისა აღშენებულ არს 1840 წელს. ყავს სამრევლო 22 კომლი, ხოლო სული ორივე სქესისა - 213. ეკლესია ესე სიმაგრესია. უძრავი ქონება აქვს 80 საჟენი საყურძნე მამული და 17 სანამუშევრო ადგილი და მათგან ყოველს წელს შემოდის 3 მანეთი და სალოცველო შესაწირავი 1 მანეთი.ზედმიწერილ ლეხიდრისთავის წმინდა სამების ეკლესია ფიცრისა აღშენებული არს 1835 წელს. ყავს სამრევლო 25 კომლი, ხოლო სული ორისავე სქესის 162. ეკლესია ესე მაგარია. უძრავი ქონება აქვს 50 საჟენი საყურძნე მამული და მისგან ყოველ წელს შემოდის 7 აბაზი და შესაწირი სალოცავად 4 აბაზი. ამა ეკლესიებზედ შტატით სდგას მღვდელი გრიგოლ გიორგის ძე ასათიანი 41 წლის. ყავს ცოლი 35 წლის. შვილი მათი, ფებრონია 14 წლის, ლუკა 10 წლის, ეფროსინე 5 წლის.
პრიჩეტნიკი ოქროპირ ბაკურას ძე მანავაძე 32 წლის. ყავს ცოლი პირველის ქორწინებით სოფიო იოანეს ასული 29 წლის. შვილი მათი ანნა 9 წლის, პავლე 6 წლის".
თუ საარქივო მასალებიდან პირველი წყაროს მიხედვით ვიმსჯელებთ, მაშინ XIX ს-ის ბოლოს 80-იან წლებში, ხოლო თუ უხუცესთა ნაამბობს დავეყრდნობით, მაშინ XX ს-ის დასაწყისში დღის წესრიგში დამდგარა ახალი, უფრო თანამედროვე ქვის ეკლესიის აშენების საკითხი. როგორც გადმოგვცემენ, ეკლესიის ასაშენებლად გადაუზომავთ მანძილი სოფლის ბოლოში მცხოვრები გლეხის ჭიჭიკო ძნელაძის სახლიდან სოფლის თავში მცხოვრები გლეხის გერასიმე მანაგაძის სახლამდე და ზუსტად შუა ადგილზე გადაუწყვეტიათ ეკლესიის მშენებლობა. როგორც გადმოგვცემენ, მშენებლობა ბერძენ კალატოზებს დაუწყიათ. მშენებლობისათვის საჭირო თანხა უნდა გადაეხადა სოფლის გლეხობას. თითოეულ ოჯახზე მაშინდელი 10-15 მანეთი ყოფილა განაწილებული. ხალხს ძალიან გაუჭირდა აღნიშნული თანხის გადახდა. ამბობენ, რამდენიმე ოჯახი თანხის გადაუხდელობის გამო სოფლიდან გაასახლესო. გადახდისუუნარო სოფლის მოსახლეობამ თურმე ვერ მოახერხა ხელოსნებისთვის შეპირებული თანხის შეგროვება და ბერძნებსაც ნახევრად აშენებული ეკლესია მიუტოვებიათ.
ეკლესიის მშენებლობის განახლების მერე მოუწვევიათ განთქმული კირითხუროები - ძმები ბერეკაშვილები სოფელ კურსებიდან (ტყიბულის რაიონი, ოკრიბა), რომლებმაც წარმატებით დააგვირგვინეს ამ ბრწყინვალე არქიტექტურული ძეგლის აგება. ეკლესიის კამარა დახურული ყოფილა სპეციალური მსუბუქი სპონდიოს ქვით. გუმბათის ქვებად გამოუყენებიათ სოფლიდან ორიოდე კმ-ში მდებარე ძველთაძველი სალოცავის - ანკაროულის ეკლესიის ნანგრევები.
ერთ დღეს, სავარაუდოდ, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად გუმბათი ჩამონგრეულა და უგუმბათოდ დარჩენილ ახლადაშენებულ ეკლესიას დანგრევის საფრთხე დაემუქრა. სოფელი, მიუხედავად ეკონომიკური ხელმოკლეობისა, ფეხზე დადგა და დაიწყო ბჭობა, თუ როგორ ეშველათ სალოცავისათვის. ჩვენ ხელთა გვაქვს 1909 წლის 22 მარტით დათარიღებული ეგრეთ წოდებული "პრიგოვორი", რომელიც საჩხეურელი გლეხის ნიკიფორე ანტონის ძე ძნელაძის ოჯახში ინახება. მასში ვკითხულობთ: 1909 წელს მარტის 22 დღესა ჩვენ ქვემორე ამისა ხელის მომწერელნი ლეჩხუმის უეზდის დერჩის საზოგადოების და სოფლის საჩხეურის მცხოვრებნი აზნაურნი და გლეხნი შევიკრიბენით ერთად ადგილობითი მღვდლის თანდასწრებით და დაგაყენეთ კომიტეტათ შემდეგი გლეხნი: ალექსი გაბრიელის ძე ფრუიძე, ნიკო ოქროპირის ძე მანაგაძე, გიორგი სვიმონის ძე ხვადაგიანი, ნესტორ იაკობის ძე გუგავა, ნიკიფორე ანტონის ძე ძნელაძე, პეტრე ივანეს ძე ძნელაძე. მას შინა, რომლებიც დაგნიშნეთ შესახებ ჩვენის ეკლესიის დასახურათ, ლამფის გასაკრავათ და ცის გასაკეთებლად, რომლებიც რიგიანათ უნდა გააკეთებიო, რომელიც უნდა იქნეს უმიზეზო ნაკეთები და მართველებიდან მოწონებული. საუკეთესო ხმელის მასალით და თეთრი კრასკით გაუსვით და შეღებეთ, რომლებთაც ჩვენი მომწერ მცხოვრებთ ვალდებული ვართ უთქმელად შევასრულოთ და უკეთუ ვინმე პირმან არ მოგიწყოთ ხელი, იმ შემთხვევაშიდ თითოეულმან მეკვამურმან ოცდახუთ ხუთი მანეთი მოგცეთ ჩვენდა სასარგებლოდ და მას შინა ხელს ვაწერთ გლეხნი: ოქროპირ ძნელაძე, ნესტორ გუგავა, ავთანდილ გუგავა, ივანე მანაგაძე, ანტონ მანაგაძე, ანდრია ფრუიძე, სვიმონ ფრუიძე, ილარიონ ფრუიძე, ივანე ფრუიძე, გიორგი ხვადაგიანი, ნიკიფორე ძნელაძე, პეტრე ძნელაძე, ანტონ გუგავა, იაკოფ გუგავა, ნიკოლოზ ძნელაძე, ისე ძნელაძე, იაკოფ მანაგაძე, დავით ფრუიძე, სამსონა ძნელაძე, პავლე ძნელაძე.
* * *
საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ საჩხეურის ეკლესიაც განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. კარგა ხანს ვერავინ ბედავდა ეკლესიისა და მისი სიწმინდეებისათვის ხელის ხლებას, მაგრამ ბოლშევიკების აგიტაციამ ზოგიერთს ჭკუა ისე გადაუგვარდა, რომ ერთ-ერთი სამრეკლოზე აიჭრა და უნიკალური ჟღერადობის ზარები ძირს გადმოყარა, მეორემ სამხრეთის კარიბჭეზე ამოკვეთილი ჯვარი ჩამოთალა, მესამემ ხატებს გაშალაშინება დაუწყო. მერე შეკრებილთაგან ვიღაცას აზრად მოუვიდა, რომ ეკლესიაში სოფლის სამკითხველო მოეწყოთ და კლუბად აქციეს. აქვე იმართებოდა პარტიული კრებები და სხვადასხვა საქმიანი შეხვედრა. ყოფილა შემთხვევები, როცა პლანტაციებში მოკრეფილი ჩაის ფოთლის ოფურჩხეთის ჩაის ფაბრიკაში გადატანა შეფერხებულა და ეკლესიაში დაუფენიათ. 1991 წლის დიდთოვლობამ ეკლესიის სახურავი ჩაანგრია. სოფლის მაშინდელი თავკაცის შალვა ფრუიძის ხელმძღვანელობით, ქუდზე კაცი გამოვიდა და ადგილობრივ ხელოსანთა ძალისხმევით (ჯიმშერ, ენვერ, მურად, ვლადიმერ, ბიქტორ (ბუჭუ) ძნელაძეები) ეკლესია კიდევ ერთხელ გადაურჩა დანგრევას.სოფლის ახალგაზრობის ინიციატივით ეკლესიის ტერიტორია შემოიღობა, დაანგრიეს სცენა, რომელშიც დიდი რაოდენობით აღმოჩნდა გუმბათის ქვები. მალე იმერეთის ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელშეწყობით მოხერხდა ეკლესიის კეთილმოწყობისათვის საჭირო საშენი მასალებისა და ღვთისმსახურებისათვის აუცილებლად საჭირო ყველა ნივთის შეძენა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ბესო ჩაკვეტაძეს, კარ-ფანჯრები სოფლის ცნობილმა დურგალმა მურად ძნელაძემ უსასყიდლოდ დაამზადა. 2004 წლის მაისში, გიორგობა დღეს, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, ამოქმედდა ეკლესია.
2009 წლის 26 აპრილს, ახალკვირა დღეს, ასევე სოფლის ახალგაზრდობის ძალისხმევით, უახლოეს წარსულში სცენაში ჩატანებული ეკლესიის გუმბათის ქვებს თავდაპირველი ადგილი მიუჩინეს და ანკაროულის სალოცავზე აიტანეს. ამ დღეს განსაკუთრებით აქტიურობდნენ: ზაზა, ბესო, რამინ, ვასილ, ომარ, გია, ბორის, მამუკა, მურად, შოთა კახა, ალეკო, ავთანდილ, თამაზ, ბუჭუ, პაპუნა, ზვიად და ტარიელ ძნელაძეები, მერაბ და ლევან გუგავები, შოთა, ავთანდილ და გიმზერ ჭოხონელიძეები, გია, ალექსანდრე, დავით და ალეკო ფრუიძეები, მამუკა, მიხეილ, ამირან, დურმიშხან, იმედა, აბო, გოდერძი და მიხო მანაგაძეები, ჯურხა, რეზო ხვადაგიანები, ნიკოლოზ გურეშიძე, აკაკი ადამია, გიგა, ნუგზარ და მერაბ ქობულაძეები, ავთანდილ და შალვა გაბადაძეები. სოფლის ახალგაზრდობას განზრახული აქვს, ანკაროულზე ისევ ააგოს პატარა სამლოცველო.
ანკარაულის მაცხოვარი
წყალტუბოს რაიონის მაღალმთიან სოფელ საჩხურთან, დღნორისისაკენ მიმავალ გზაზე, დაახლოებით 1-1,5 კმ-ში არის ერთ-ერთი უძველესი სალოცავი. სალოცავის შესახებ მოპოვებული მასალები მთლიანად ზეპირგადმოცემებს ემყარება, - თქვა ბატონმა გოჩა ძნელაძემ, - ერთი გადმოცემით, სალოცავთან თურმე ანკარა წყარო მოჩქეფს და ადგილსაც ამის მიხედვით "ანკარაული" ეწოდა. ანკაროული შემაღლებულ, თვალწარმტაც გორაკზე მდებარეობს. სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ტყიანია. იმ ადგილზე, სადაც წირვა-ლოცვა სრულდება, დღესდღეობით არის ქვის მოზრდილი ნიში, რომელშიც გამოკვეთილია სანთლების ასანთები და მონეტებისა და სააღდგომო კვერცხების დასაწყობი ადგილი. იქვე დევს მომლოცველთა მიერ სხვადასხვა დროს მოტანილი ხატები და ჯვრები. ამ ბოლო წლებში იქ შედარებით დიდი ზომის ჯვარიც აღიმართა და დაიდგა შესაწირის ყულაბა. ამ ადგილზე ძველად ეკლესია ყოფილა, რომელიც მდინარე დონოულის ხეობაში მოპოვებული სპონდიოს ქვით აუგიათ, რადგან ხეობიდან ეკლესიამდე გზა მიუვალი ყოფილა, ხალხს გაუბამს ცოცხალი ჯაჭვი და ასე აშენდა ანკაროულის ეკლესია. ეს ეკლესია საჩხეურისა და დღნორისის სალოცავი ყოფილა. რა მიზეზით ან როდის დაინგრა ეკლესია, არავინ იცის. იქ ნანგრევების არსებობა კი წინაპართა მეხსიერებამ ნათლად შემოინახა. ზოგიერთი გადმოცემა გვაუწყებს, რომ თითქოს საჩხეურისა და დღნორისის მაცხოვრებლებს ეკლესიის ნანგრევები შუაზე გაუყვიათ და ქვები თავ-თავიანთ სოფლებში მშენებარე ქვის ეკლესიების ასაშენებლად გამოუყენებიათ, უფრო სარწმუნოა შემდეგი გადმოცემა: სოფელ საჩხეურში XIX ს-ის ბოლოსათვის სოფლის შუაგულში 1840 წელს აგებული მაცხოვრის აღდგომის სახელობის ხის ეკლესიის მშენებლობას მიახმარეს ანკაროულის ნანგრევების ქვები. მთელ სოფელში ქუდზე კაცი გამოსულა, დაუტვირთავთ ურმები და დაუწყიათ საშენი მასალის გადმოზიდვა. ამ დროს დაწყებულა საშინელი ჭექა-ქუხილი, რასაც მოჰყოლია კოკისპირული წვიმა. პატარა ქვერეს ღელე ისე ადიდებულა, რომ მასზე გადმოსვლა და გზის გაგრძელება შეუძლებელი გამხდარა. შეშინებულ გლეხობას ეს ღვთის რისხვად მიუჩნევია და საშენი მასალა, ურმებიანად, დაუტოვებია. რამდენიმე ხნის შემდეგ სოფლის მაცხოვრებლებს წაუყვანიათ შესაწირი და ლოცვა-ვედრებით მოუბოდიშებიათ ანკაროულის მაცხოვრისათვის, საშენი მასალა კი წამოუღიათ და ეკლესიისათვის მოუხმარებიათ. როგორც ჩანს, ეს ქვები, იმის გამო, რომ შედარებით მჩატე იყო, მშენებლებს ეკლესიის გუმბათისათვის გამოუყენებიათ.ანკაროულის სალოცავი მორწმუნეთათვის უდიდესი ღვთიური ძალისა და მადლის მქონე სალოცავად არის მიჩნეული. აქ ყველაზე დიდი ხალხმრავლობა ახალკვირის ორშაბათსაა. სწორედ ამ დღეს უკავშირდება სოფლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული "ანკაროულობა". ყველა საჩხეურელის ოჯახში ამ დღისათვის საგანგებო სამზადისია. სოფლიდან წასული ადამიანები მშობლიურ კერას უბრუნდებიან და სალოცავზე წასასვლელად თადარიგს იჭერენ.
ანკაროულის სალოცავთან დაკავშირებით ამგვარ სასწაულსაც ყვებიან: ერთ-ერთი გოდოლაძის გვარის კაცი უცნაური სნეულებით იყო შეპყრობილი, წელს ქვემოთ მოწყვეტილა. იგი ხარ-ურმით ამოიყვანეს ანკაროულზე და სალოცავზე ღამისთევისას თავმდგმური მიუჩინეს. ამ უკანასკნელს თურმე ძილი მოერია და ჩათვლიმა. როცა გამოფხიზლდა, რას ხედავს. საღ-სალამათი სნეული თავისი ფეხით მისულა ცეცხლთან და მინავლულ კოცონს შეშას უკეთებდა.
სტუმართმოყვარე საჩხეურელები ჩვეული გულღიაობითა და ტრადიციული სტუმართმოყვარეობით კვლავ ელოდებიან სტუმრებს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში